შამათავა ირაკლი
გაზიარება

კაენი და სახარება 

 

„რწმენით შესწირა აბელმა  უკეთესი მსხვერპლი ღმერთს, ვიდრე კაინმა; მისითვე მიიღო მოწმობა, რომ მართალია, როგორც იმოწმა ღმერთმა მისი მსხვერპლისთვის; და, სიკვდილის შემდეგ, მისითვე მეტყველებს კვლავაც“. 

ებრაელთა მიმართ,

თავი 11, 4.


„მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“. 

 ადამმაც თითქოსდა ევა შეიცნო, თავისი დედაკაცი, ევა დაორსულდა და შვა კაენი – მიწის მუშაკი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისგან.  

გამოხდა ხანი და „ბოროტისკენ მიდრეკილმა ადამიანის გულისთქმამ“ მიართვა უფალს ძღვნად მიწის ნაყოფი. ამაოებით გაჟღენთილ ნიადაგთა მონაგები არ ისურვა შემოქმედმა, რისთვისაც თაკილობდა კაენი, რომ თავის შემქმნელზე გაცილებით პატარა და უსუსური იყო; ნაყოფიერი ბაღის წიაღში აკრძალული ხილი ეგულებოდა და პიროფლიანი ჭამდა სიმაძღრემდე. იბერტყავდა მტვრიან სამოსს, თავადაც მტვრისგან შობილი.

 იგი იყო სიმრუშისა  და სიყვარულის თავდაპირველი მინარევი, ამიტომაც ყველაფერში პირველობა მოუნდა. 

სწორედ, ბიბლიის კითხვისას წამოსტკივდა დედას მუცელი. შუაღამეზე გამაღვიძა ჩემი „ნახევარძმის“ ძახილმა. მუცლადყოფნის ბოლო სამი საათი და დაბადების პროცესი გაჭიანურდა. წარმავლობა და ვნება, ექიმის თითებში დაკლაკნილი, გამალებით ასრულებდნენ საკლავესინო  ეტიუდებს ...

„ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი“, რომელიც ხელებზე გადაეფინა მამაჩემს და მწარე ტკივილით შეწუხებულ დედაკაცს მიარბენინებდა საავადმყოფოსკენ.

,,ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ“,  –  ცხარობდა მოსალოგინებელი, რომლის  ილაჯწართმეულ   საშოში ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები.

ექიმი კმაყოფილებით აკვირდებოდა ქალის ოფლდაწურულ თვალებს და პროცესის დასაჩქარებლად პაციენტს სამშობიარო წამლებს სთავაზობდა. [ანალგეზია]. 

ასე ხელოვნურად, – ცხრის ცამეტ წუთზე – გაჩნდა ჩემი ძმა, რომელსაც ეკლესიური სახელი [ლაზარე]  დაარქვეს. 

„სულ მთლად წითელია და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი. ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად. ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით, რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ – რვალი“.  ამ თვისების აღმოჩენა მოვასწარი ხანმოკლე თანაცხოვრებისას. ერთადერთი, რაც მომწონდა მასში ცხვრისფერი ყვრიმალები და ზედმეტად ალერსიანი გამომეტყველება გახლდათ. ლამის შემიყვარდა, ღმერთმანი!..

გარედან მომესმა სასოწარკვეთა, მინორული ჩხავილი. მას „დიდება და ღირსება დაადგეს გვირგვინად“, მე კი შეშინებულს უფრო მიმძიმებდნენ დაბადებას. გინეკოლოგის ხრინწიანი ხმა იდუმალ მომეპარა და ჩურჩულით ჩამესმა ყურში – „მეორეც მოდის“-ო და წყეული წინასწარმეტყველებით შეცბუნებულმა ვიგრძენი, როგორ დაურბინა მწუხარებამ დედაჩემს ფეხებშორის და ბასრი ინსტრუმენტის შეხებისას გამისისხლიანდა პირსახე. (მას შემდეგ სახეზე იარა დამრჩა). 

„შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა“. ასე ვიშვი [სიავის მხვნელი და სიცრუის მთესველი], შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა. რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული,  რადგან ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან შეკერილ შესამოსელში მოათავსეს უფროსი ძმა“.

წინასწარ მოფიქრებული სახელიც მას დაარქვეს. დაბადებიდან მეორე დღეს, მეზობელი ქალის გულისხმიერებით, სახელი მეც გამომიძებნეს. (აღმოჩნდა, რომ ჩემთვის ჯერაც არ დაერქვათ).

სწორედ, იმ დღიდან დაიწყო პირველობისთვის ბრძოლა! შეჯიბრი ძუძუს წოვებისას, ბურთის თამაშისას, დავალების შესრულებისას.

„როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, ზედ ეფოფრება თავის მართვეებს, ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით, ასე მარტო დაატარებდა მას უფალი“, მე კი... 

ღამღამობით წიგნებს გადმოვალაგებდით კარადიდან. ლაზარეს თხოვნით მამა სახარებას კითხულობდა. თვალცრემლიანი, კითხვაუცოდინარი ვიხვეწებოდი ბიბლიის წაკითხვას. (ასე ინტერესთა კონფლიქტმა საბოლოოდ დაგვაშორა პირველსაწყისს). მამის მრისხანე გამოხედვით შეცბუნებული ვთმობდი ჩემს ახირებას და ზერელედ ვათვალიერებდი ბიბლიის ფურცლებს. (რა ვიცოდი, რომ „უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს კი შური კლავს“). 

რიგითობის დაცვით ლამის დავრწმუნდი, რომ ის პირველი შვილი იყო, მე კიდევ ტყუპისცალი... სამწუხაროდ, რაც მე დამაკლდა, მისთვის საგანგებოდ გაამზადა ბედისწერამ. 

სადილობისას, თეფშების რაოდენობას შეუმჩნევლად გადავითვლიდი და ვხედავდი, რომ ერთით ნაკლები იყო ყოველთვის. (ჩემი არსებობა ავიწყდებოდათ). 

ძილისპირულზე, ფეხშიშველი გამოვიპარებოდი საძინებლიდან სამზარეულოსკენ, სადაც ჯერაც გაურეცხავ ჭურჭლეულზე ცოტა საჭმელს დავისხამდი და მალულად ვჭამდი დანაყრებამდე.

ალიონზე ცხვრის სამწყემსად წავიდოდა მამა და თან გაიყოლებდა ლაზარეს.

– შუადღეზე კოკით წყალი მოგვიტანე, მიწაც საგულდაგულოდ დაამუშავე! დამიბარებდნენ და გუთანს ეზოს კართან დააგდებდნენ, რომ არ დამვიწყებოდა საქმე. „ყმაწვილსაც შეიცნობ თავის საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს“ , - იტყოდა ლაქარდიანი ენით. განმარტოებით გადავყურებდი მათ საქმიანობას და ვფიქრობდი: „მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში...“ 

მთიდან ჩამოტანილ  „ძროხის ნაღებს, ცხვრის რძეს და ნოყიერ პურს ვჭამდი, და ღვინოს ვსვამდი, ყურძნის სისხლს“. დამავიწყდა, რომ „ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება უგუნურია“. ამ დროს მომესმა: „გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი, დაივიწყე ღმერთი, შემოქმედი შენი და არად ჩააგდე შენი გადარჩენის ბურჯი...“ ხომ გახსოვს, რაც გითხარი: „თუ ივლი ჩემს წესებზე, დაიცავ ჩემს მცნებებს და შეასრულებ მას, თავის დროზე მოგცემ წვიმას და მიწაც მოგცემს ნაყოფს. თუ დაივიწყებ: ორმოს გამთხრელი თავად ჩავარდება შიგ, ხოლო კედლის დამანგრეველს გველი დაშხამავს“.

და იმ დღიდან მოგვენატრა წვიმა. ხრიოკ მიწაზე გახმა ბალახი და მომესმა ლაზარეს საყვედური: შენს გამო ცხვრები შიმშილით გვეხოცება!.. განგებისგან ,,გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?“ 

ჩემი გუთნით მოხნულ მიწას ამოაღრმავებდნენ და მკვდარ პირუტყვებს მარხავდნენ. სნეულებამაც იმატა და ვიუბნე: „რას არგებს მაშვრალს შრომა მისი?“ ან ,,მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან ადამიანები?“ და „უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ“. რომ „სიბეჯითე ყველა საქმეში, მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული“ და მე მუდამ მშურდა ტყუპისცალის. 

– „აბა, შეირტყით ჯვალო,  იგლოვეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი“. ამის თქმაზე სიცილი წარმსკდებოდა ბაგიდან და დამწუხრებულ მამას და ძმას ვაჯავრებდი. ლაზარე კი მეტყოდა: 

– ცოდვაა კაცი, ვისაც „ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება...“ 

ზედმეტად გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა, ღმერთმანი. ო, როგორ მახსოვს ეს მდუმარება მუცლად ყოფნისას, როცა ჩემგან შევიწროებული უგუნებოდ იჯდა და თავს არ უმხელდა მარტოობას.

„მეფის უფლებებს აჭარბებ და მტარვალზე სასტიკად იქცევი“-ო, – გააცხადებდა უკიდურესობისას.

პირველი ცხრა თვე ერთად გვეძინა. მეჩვენებოდა, რომ „ნესტოებიდან კვამლს უტევებდა, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი“. მერე ინება ძმისთვის სასთუმლის წართმევა, სიყვარულის და თანაგრძნობის საზიარო უფლებად გადაქცევა. 

ბოლო დროს, ლაზარეს მოკვლაზე ფიქრი ამეკვიატა. სწორედ ისე, ბიბლიურმა კაენმა რომ დაუპირა აბელს. ვცდილობდი ტყისკენ გამეტყუებინა და წყალში დამეხრჩო.

 ცოდვა ჩასაფრებულია კართან და შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზეო.

 ხრიოკ მიწაზე დავსხედით. ლაზარე მიწას ეფერებოდა... ოდნავ ცერებზე შემართულიყო, რადგან შიშობდა, მეტისმეტი სიმძიმით წელში არ გაეწყვიტა დედამიწა. მერე მოულოდნელად მომეხვია და სევდანარევად მითხრა: 

– ჩვენ უკვე დავიხოცეთ!!! ¬

– რატომ? – ვკითხე გაკვირვებულმა. 

– შურის, სიზარმაცის და უფლის გმობისთვის! რომ ჩვენ არც კი ვიცით რა გვსურს ერთმანეთისგან. ვისწავლეთ ღალატი ერთგულების სანაცვლოდ და ბრაზი წავიკიდეთ. ვიხოცებით ცხვართა და პირუტყვთა მსგავსად. კერპები ყველა მთაზე და მათ შორის, სულშიც დავიდგით. „გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე“, რადგან ყოველწამს მახსოვს, რომ თიხად შექმნილები მტვრად ვიქეცით. განა ძვლებითა და ძარღვებით არ მოგვქსოვეს და რძესავით არ გადმოგვღვარეს? მაშ, რად შევდედდით? საერთო სასუნთქი აპარატით განვითარებულნი, მიზანსწრაფვამ დაგვაშორა ერთმანეთს. რომ ბედნიერება ცხვრის ძოვებასა და მიწის დამუშავებაში კი არა, ჯიბრსა და კამათში ვპოვეთ... მაგრამ გეკითხები, განა შესძლებდი ერთდროულად მიწის დაბარვას და ცხვრის საძოვარზე გაყვანას? თესლის ჩაყრას და მატყლის ჩეჩვას? ბზის ამოძირკვას და მგლის თვალთვალს? ნუთუ პატრონი არ უნდა გარეულ ვირს, რომელიც ყროყინებს საბალახოზე ან ხარს, რომელიც ბღავის თივის წინ? ჭეშმარიტად „მარტოკაცი უფრო ცოდვა არაა, ვიდრე რამეში მოზიარე?“ ყველაფერში ვერ იქნები პირველი, ზოგჯერ უნდა იყო მეორე, მესამე, მეათე... რომ რიცხვები არაფერს ცვლიან მანამ, ვიდრე თვლას არ მოუნდომებენ. 

„ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა და თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს“.

ამგვარი ნაკლის მქონე ვარ მეც...

მაშინ, როცა იალაღზე გაშლილ ცხვარს ვწყემსავ, ამეკვიატება საზარელი ფიქრი წარმავლობის სევდაზე. იმაზეც, რომ გაივლის დრო და არ ვიქნებით ერთმანეთის ნუგეშისმცემელნი. რომ სხვათა უბედურებაზე პილატე პონტოელივით ხელებს დავიბანთ, ჯვარზე ერთმანეთის გრძნობებს აღვმართავთ და სიამოვნებას მოგვანიჭებს ძე კაცის წინაშე ფარისევლობა...

ჩუმად ვიჯექი და კაჟზე ხახუნით დანის პირს ვლესავდი. იარაღის გაპირულ წვერს ოდნავ ნერწყვით ვასველებდი... მაინც დახრჩობა აჯობებდა, ალიბიც უკეთესი მექნებოდა თავის გასამართლებლად.

რადგან ვიცოდი, შინმისულს მამა უსათუოდ მკითხავდა, „სად არის შენი ძმა“ და მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობისთვის დამსჯიდა...

უკვე ასაღამოვდა. ნათელი ღამის პიჟამაში გამოეწყო და [დღე] დასაძინებლად ისრესდა თვალებს. ბუს კივილი გაისმა და ღამურას გზააბნეული ფართხალი. მერე ხიდზე გავიარეთ, რომელიც საქანელასავით ირწეოდა და ქარის ზუზუნს ტანს აყოლებდა ლაზარეც. 

უცებ, მას ფეხი აუთრთოლდა, მუხლებში ძალა გამოელია და წონასწორობადარღვეული აზვირთებულ წყალში გადაეშვა.

ცურვა არ ვიცოდი ღმერთმანი, თორემ როგორ არ მივეშველებოდი, რადგან მსმენოდა: „წაქცეულს სჭირდებოდა წამოდგომაში დახმარება, თორემ ფეხზე მდგომი თავადაც გაიკვლევდა გზას“.

  წყლის დინებამ გაიტაცა ლაზარე. ხელებს იქნევდა და ცურვის ოსტატობას ეუფლებოდა. წუთიც და თვალსაწიერს მიეფარა იგი...

  თვალთ დამეხატა მისი გარდაცვალება. აჰა, წევს მკვდარი და გლოვის ზარები რეკავენ... ჩვენ ორს შორის საფლავიც პირველი მას ერგება, მშობლებიც მისგან იგემებენ პირველად „ჭირისუფლობას“, მოუწევთ ქვის აღმართვა, ქელეხის გადახდა და ეს „სამიცვალებულო პატივიც“ დამენანა მისთვის. 

  ხალისიანად ჩავუყევი ტყის საცალფეხო ბილიკს და ვფიქრობდი: „შექმნა კი ღმერთმა კაცი თავის ხატად?!“

და მომესმა ზურგსუკან მამაკაცური ექო: 

– „განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი – ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. და შევიძულე მე ეს ცხოვრება“.

მორიდებით შევაღე კარი. (რადგან მარტო დავბრუნდი სახლში). 

ბამბუკისგან დაწნულ სკამზე იჯდა დედა და ჩოხას ქსოვდა. შავ ძაფზე ძოწისფრად ამოეტვიფრა ჩემი თიკუნი. დიახ, ჩემი და არა ლაზარესი!.. რატომღაც, ვიგრძენი, რომ ისევ მის ორგანოებს ვიყავი სასუნთქი აპარატით მიმაგრებული. ზუსტად ისე, როგორც მუცლადყოფნისას... (ეს იყო პირველკაცობით გამოწვეული სიხარული).

ჩავიმუხლე, მწარედ ავტირდი და ვითხოვე, ლაზარესთვისაც მოექსოვა ამგვარად!!!

შევისწავლე ესე ცხოვრება და ვცანი: „მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი, სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისგან“. 

„მხილების მოძულე ცოდვის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს!“ –  ცხარობდა სინდისი, რომელსაც დედისთვის სამძიმრის თქმა გასძნელებოდა.

მის კალთებს ვემთხვიე და ოდნავ ჭაღარაშერეულ თმაზე ხელი გადავუსვი.

მოტრიალდა მწუხარედ  და თქვა: 

– ასე მხოლოდ დანაშაულისას იქცევი!

ნერწყვი გადამცდა სასულეში, ხველება ამივარდა, ნერვიულობისგან ვკანკალებდი.

დედა ყველაფერს მიხვდა. უნუგეშობა არ იგრძნოსო და ფორმალობისთვის მაინც გადამეხვია.

სახარება გადაშლილად იდო, საიდანაც ხმამაღლა ამოვიკითხე: 

– „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“.

სახლში მოძღვრის ხმა გაისმა: „აღდგება შენი ძმა“. (ამ სიტყვებმა დამზაფრა, სასო წარმეკვეთა და ვინატრე: „ნეტა ინებდეს ღმერთი და დამლეწავდეს“, რადგან ძლივს მოპოვებული პირველკაცობა ხანმოკლე და დროებითი გამოდგა). ვიჯექი ჩემთვის, ძალად დამწუხრებული, პირფერ-ლიქნობით, მაცდური  მიმიკით აღჭურვილი და ვუცდიდი განგების სასწაულთმოქმედებას...

კარებზე კაკუნი მოგვესმა. 

სავარძლიდან ბარბაცით წამოდგა გაუბედურებული ქალი და ზღურბლთან სიცივისგან გათოშილი ვაჟიშვილი დახვდა. 

– დედა, ცურვაც ვისწავლე! – თქვა ლაზარემ და საწყალობლად გადმომხედა. ეს იყო მზერა ხიდსქვეშეთიდან, დახრჩობისთვის გამიზნული მსხვერპლის მსგავსი. სიმორცხვისგან თავჩაქინდრულს აღსარებასავით წამომცდა:

– მდინარის წინააღმდეგაც მან პირველმა გაცურა ჩვენ ორს შორის!.. „ნუთუ ისევ მაჯობა?!“

ძმის ქუსლებთან დავიჩოქე, ისევ მოვეჭიდე მგრძნობიარედ და მომაგონდა დაბადება.

„იდუმალის შეცნობად აღიძრა გონება, ოღონდ ისე, რომ ვერ გაიგო ღვთის ნამოქმედარის თავი და ბოლო“.

და ვცანი: ვერაგობა ყოფილა პირველკაცობისთვის ძმის სიძულვილი...


 

??????