რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

მიმართვა ქართველი ახლაგაზრდობისადმი 

მამული გულით გიხმობთ შორეთიდან ახალგაზრდებო! თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი. შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე, „ხალხური დემოკრატია“  ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური ხალხო-კრატია“. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ: „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ეს არაა ხუმრობა. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია - ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ... სიტყვებით: „ტრუპოლოჟესტვა“. ყურები გვაქვს გამოჭედილი, ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო; ამავე დროს, ხალხს, როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან. ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უხვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი. დილითგან შუაღამემდე გაისმის: „დავეწიოთ, გავუსწროთ!“ ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპან-წყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი - ნაკელი, ეგრეთ წოდებულ: „სოციალისტური მშენებლობისათვის“. ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი-ბნელი და უსახელო. ხალხისთვის რჩეული თავითავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით. საბჭოეთში ქანცმორეული „სტახანოვეცი“, კოლექტივისათვის განწირული, ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისთვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება.

მცენარე იზრდება; ქართველთა გენია იტყვის: მცენარე ხარობს. არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში? ძველად გლეხი, თითქოს მზის თესლებით სავსე, სიყვარულით უახლოვდებოდა მიწას, ვითარ ქმარი, რათა გაენაყოფიერებინა მისი საშო. მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით, გლეხი სიხარულით თვრებოდა. თუ მონახავთ ასეთ გლეხს რომელიმე კოლმეურნეობაში, თუგინდ ერთადერთს, სიტყვა უკან წამიღია. ვერ მონახავთ. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ. ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლისი არაა. იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა. დამხვრეტთ გუშინდელი მბრძანებლისა შიშის ქარი ურბენთ სახსრებში; ფიქრობენ: მათაც არ ხვდეთ ეს ბედი. არის ეს დემოკრატია? შესაძლოა, შემედაოთ ამ დებულების გამო, გარნა ვიცი სადღაც მიმალულ კუნჭულში თქვენი არსისა დამეთანხმებით. თანხმობას მყისვე მიჩქმალავთ, რადგან შიში აგიყვანთ, მალული აზრი თქვენი, რომ არ იქნას ყურადღებული. საბჭოეთში კაცს შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედამიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემლიანი. ვფიქრობ, თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის განმხრწნელი ძალა. თანვე ამასაც ვიგულვებ, რომ ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვენული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, რა ძალის არიან ძირა ფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით.

გულწრფელად იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდგანაა წამოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი; იქაა განმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვრით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი - ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, მეფე თამარ, მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი - წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვრისათვის... იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა; წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა, იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვილნო გულებში, ახალგაზრდებო! ხალასო ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარდათ აქვს ამართული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ საქართველო!

??????