სალვარიძე მზია
გაზიარება

საკუთარ ჭაში ჩავარდნილი 

                არა,მე არა ვარ ერთი,მე ვარ მრავალთა ერთობლიობა... 
                -არა,მე არა ვარ ერთგან,მე ვარ ყველგან და არსად მეგულება ჩემი ალაგი... 
                კალაპოტს აცდენილ ნაკადულივით მივრაკრაკებ დედამიწის ზედაპირზე და საკუთარ სიბრტყეს ვეძებ... 
                უკანასკნელი რომანტიკოსივით დავფრინავ ოცნებებში,თუმცა  ფრთები მაინც ვერ გამოვისხი, რადგან ფრენა არ ყოფილა ჩემი სტიქია. 
                ,,არის ჟამი ქვების შეგროვებისა და ქვების სროლისა“... 
                ...და მაშინ,როცა დგება ქვების შეგროვების ჟამი,მე დავდივარ ,დავეხეტები აქეთ-იქით და უმისამართოდ გაბნეულ საკუთარ მეს დავეძებ უსასრულობაში. 
                ,,ეძიებდე და ჰპოვებ!“ 
                ერთხელაც,როცა ძალიან ბევრი ვეძიე და ვიბრძოლე,როცა ერთად შევკარი ყველა მე,დავფრთხი... 
                -ნუთუ,ეს მართლაც მე ვარ?!-გავიძახოდი გაოცებული და რეტ დასხმული ვტრიალებდი საკუთარ ჭაში ჩავარდნილი...ვტრიალებდი და სიხარულთან ერთად მაშინებდა ჩემი უსასრულობა,ჩემი სიმრავლე და ამ სიმრავლეთა უკიდურესი ერთობლიობა. 
                  დიახ,ეს მე ვიყავი,ათასჯერ ათას ტყუპისცალად დანაწევრებული: 
                -შეშლილი და ბრძენი; 
                -მშიშარა და მამაცი; 
                -ვნებიანი და ფრიგიდული; 
                -ნოსტალგიური და ხალიასიანი; 
                -მეოცნებე და რეალისტი; 
                -დედოფალი და მონა... 
                დიახ,ეს მე ვიყავი: 
                -ათასფერ კაბაში გამოწყობილი შიშველი ნატურა; 
                -ფრდებდაჭრილი,დაცემული ანგელოზი,რომელიც ჯერ კიდევ არ მიეღოთ დემონთა რიგებში; 
                დიახ,ეს მე ვიყავი: 
                -ათასი შვილის უშვილო დედა; 
                -ულუკმაპუროდ დარჩენილი ნადიმის თამადა; 
                -მრავალჯერ წამხდარი და სფინქსივით სიკვდილზე ამაღლებული... 
                -ყრუ მუსიკოსი; 
                -კოჭლი მოცეკვავე; 
                -ბრმა მხატვარი... 
                დიახ,ეს მე ვიყავი: 
                -ალმოდებული არიელი,თმებმოკვეცილი დალი და ფრთებდაჭრილი ჯადოქარი, მისანი, მაგი,მედიუმი - შავიც და თეთრიც,ბნელიც და ნათელიც... 
                დიახ,ეს მე ვიყავი მე... 
                მაგრამ,არ იყავი შენ...შენ, ჩემი მჭვრეტელი და აღმომჩენი,ჩემი მომღერალი და მოარაკე,ჩემი არსებობის არსი... 
                დიახ,არ იყავი შენ და ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა ჟამი ,,ქვების სროლისა’’ და ამიტომაც ისევ დავრწვრილმანდი,ისევ გავიფანტე ნაცარტუტად და მთელს დედამიწაზე მიმობნეულმა დაგიწყე ძებნა. 
                დაგეძებდი ყველგან და ყველაფერში შენი სახება მელანდებოდა. 
                დაგეძებდი და დაგეძებ ისევ,რათა გიპოვო და ავისრულო ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნატვრა: ვითამაშო შენს სახელზე აგებული თეატრის სცენაზე მეოცნებე რეალისტისა და ფრიგიდული ნიღბით მოარული ვნებიანი დედოფლის მონობის დრამა... 
                ვითამაშო მთელი ჩემი არტისტიზმით,რათა პროფესიული თამაშით დაღლილს დამდო პატივი და სამუდამო სამყოფელი მიმიჩინო შენს გაოცებულ თვალებში... 
                ამიტომაც,მე ისევ გეძებ... 

??????