რობაქიძე გრიგოლ
გაზიარება

ნიკო ფიროსმანი 

დიდი თამარ, წაზრდა სინამდვილის.

ლეგენდა ყვავილებით. კულტი მაღალი ქალწულობის თუ ქალურობის. ღვთიურობის ვაზა. იისფერი თვალები.

წმინდა ნინო. ასული უცხო. ჯვარი ვაზის. ჯვარი თმებით ქალისა (ნინოსი თუ მარიამის). უნივერსალური სიმბოლო. ჯვარი: ტანჯვა. ვაზი: ყვავილობა. თმები: სიტკბოს სირბილე. თემა ახალი ჰიუსმანსის, მარადი ნუგეში.

გიორგი მერჩულე. აღწერა წმინდა მამის გრიგოლ ხანძთელისა. ქრისტე და პანთეისტური დარბილება: ახალი მიწა. გენია ქართული სიტყვის. რასსიული სიწმინდე ფორმების. პრობლემა ქართული რენესანსის.

შოთა რუსთაველი. ლექსის თაური. უცნაური: ყოველთვის პრობლემა. წვალება. ბოლოს და ბოლოს? ფარდის უკან გახედვა.

თეთრი გიორგი. ღმერთი და ქალური ხაზი. ქართული დიონის. სათნო პროფილი. ქაშვეთი. ლოცვა და სინაზე. თეთრი ქვები.

გიორგი სააკაძე. გმირი შემმართებელი. ვერდატეული საქართველოში. გადავარდნა და მოვარდნა. ხმალი გადატეხილი. არმიღება ემპირიულ საქართველოსი. სიყვარული შორეულის. ბერი იოვან.

ვაჟა ფშაველა. ბარბაროსი რომელშიაც გენიამ გაიღვიძა. მუდამ უსინათლო ჰომეროს: თვალღია ზმანება. ქართული მითოს. გველის მჭამელი.

ნიკო ფიროსმან. ველური და ბავშვი. მიწა დედა. დაუმშრალი ძუძუები. ქართული ხედვა.

რვა ხაზი გენიალური. აქ იხსნება ქართული კულტურა. ასეთია ჩემი მიხვედრა (იხ. ჩემი დამზადებული წიგნი ”საქართველო”).

ამხანად მხოლოდ ფიროსმანზე.

***

ჯერ მოკლე ექსკურსი.

ევროპის კულტურას ახასიათებენ: ჰამლეტის მოწყვეტილობა და ფაუსტის ლტოლვა. ევროპაში თითქო გაქრა მიწის საშო. შვილი მოწყვეტილია მშობელს და თვითონ უშვილოა. მიწის სიკვდილს თანსდევს მარტოობა უკანასკნელი და ევროპის გუნება უმთავრესად მელანქოლია არის. არ არის საკვრველი, თუ იქ დაიბადა სასტიკი წყურვილი პირველყოფილისა ანუ პირველმიწისა.

რუსსო მოუწოდებს ”ბუნებასთან დაბრუნებას”. - თუმცა ეს მოწოდება სანტიმენტალურია. ტოლსტოი მოუხმობს ”გაუბრალოებისაკენ”, - თუმცა ეს მოხმობა რაციონალისტურია. ხოლო უფრო მნიშვნელოვანია ორი ფაქტი: პოეტი პოლ კლოდელ მიდის ჩინეთში და აღმოსავლური სიცოცხლის რიტმით ანოყიერებს თავის პოეტურ ხედვას. მხატვარი პოლ გოგენ მიდის ტაიტში და ველურებში ეზიარება მიწის სიქალწულეს. ორივეს შემოქმედება იღებს ახალ დენას.

ეს დენა მიდის გზით: პრიმიტივიზმი სირთულეს გაივლის შემდეგ. აქ არის რაღაც ისეთი, რაც ჯერ მიუღწეველია და რაც კიდევ გამოსაცნობი.

ყოველ შემთხვევაში ევროპამ შეიცნო, რომ ”ველურობა” არ არის უბრალო რამ. ”ველური” პირველ ყოვლისა ბავშვია და ბავშვთან ყოველთვის არის ღმერთი. ყოველ მის ნაკვეთს აზის ბეჭედი ”პირვანდელის”, უეჭვოსი, პირდაპირის, სწორის. აქ არის პირველ-თქმა, აქ არის გულახსნილობა, აქ არის ღმერთის სიახლოვე. ამისათვისაა, რომ ველურის ქმნილი ასეთი მძაფრი ეკსპრესიით მოქმედობს: როგორც დიდი ლოდი, როგორც წყარო მაჯის სიმსხო, როგორც ირემის ნაყარი რტოები. უკვდავი ჰომეროს: მარადი ბავშვი და მარადი ღმერთი. ველურის მიერ გამოჭრილი თევზის ძვალზე შველი თუ მამონტი - ეს არის პირველი სიუხვე შემოქმედების ჟინის. ცხადია: ამ სიქალწულეს დაეწაფებოდა ევროპის ხელოვნება.

ხოლო აღსანიშნავია: ეს არ არის სირთულის ”მოყირჭება”, როგორც ბევრსა ჰგონია, - თანაბარ თქმისა:

”თეთრი პური მომწყინდა და შავზე უნდა გადავიდე”. აქ უფრო სხვა ფენომენია: ნდომა უკანასკნელი გულახდის და მსოფლიოში შვილურად გადნობის: ბოლოს და ბოლოს ნდომა ზეკაცად ქცევის.

პრიმიტივიზმის გაძლიერებას არქეოლოგიურმა აღმოჩენებმაც შეუწყვეს ხელი. კრიტის კულტურა. ევანსის მიერ აღმოჩენილი, შთაგონებად გადაიქცა ევროპის ხელოვნებისათვის. მართლაც გადასარევია, რომ იხილო სამაჯური, რომელიც, ვინ იცის, შესაძლოა მშვენიერ ჰელენეს ხელს ამშვენებდა. კრიტის კულტურის რომელიმე ნაშთი არ არის ისეთი სისრულის როგორც პრაქსიტელის ჰერმეს, მაგრამ მასში ბავშვის ხელი ღმერთით არის მოქნეული: უდარდელი და სწორი. აქ არის მომაჯადოებელი დენა ქმედითი ენერგიის, რომელშიაც მოსჩანს ძველი ეგვიპტეცა და გადასული ქალდეაც. თვითონ კრეტი გადარჩენილ კუნძულათ იგულვება კატასტროფულად დაღუპულ ატლანტიდისა.

***

ნიკო ფიროსმან პრიმიტივისტია. არა იმ აზრით, როგორც მაგალითად გოგენ, მას არ უგემნია კულტურა. მას არ გაუვლია რომელიმე შკოლა. საეჭვოა, რომ მას რაიმე ტეხნიკა გაევლოს ხაზვისა თუ ხატვის. მით უფრო საცნაურია მისი ფენომენი. ეგვიპტის უსახელო ფრესკა, აფრიკის რომელიმე კერპი, ეტრუსკის ვაზა: ამ რიგში უნდა დავინახოთ ფიროსმანის ხატული. მაშინ მისი ხილვა ნამდვილს შთაბეჭდილებას გადმოსცემს.

მთავარი მოტივი ფიროსმანის არის ქართული ”მიწა”. მე არ შემიძლი მეორე სახელი დავასახელო, გარდა ვაჟა-ფშაველასი, რომელსაც ასე ეგრძნოს ამ მიწის ”დედობა”, დღეობა, ღრეობა, ყურძნის კრეფა, ქათმები, ბავშვები, ცხოველები, კალო -აქ არის ნამდვილი ფიროსმან. აქ არის მოცემული ქართული ტემპერამენტი: ხალასი, მზით დაფერილი. აქ თქვენ ვერ ნახავთ მელანქოლიას. აქ მხოლოდ სიცოცხლეა: ხალისით, გულახდით, ნადიმით.

ნიკო ფიროსმანის პრიმიტივი არის უკანასკნელი ”უშუალობა”. ეს არის ფრაზა. ეს არის ოტოლოგიური ფაქტი. ზეკაცობა თუ ღვთიურობა მხოლოდ ასეთს ”უშუალობაში” თუ მოიცემის. მისთვის არსი ასე მძაფრი ეკსპრესსი ფიროსმანის ხატულის ხილვის. ბავშვი ბატებთან, კრუხი წიწილებით, კალო, - რომელი სხვა ვთქვა, - ყველა ეს შთაგონების სხეულყოფაა თვითონ: აქ თითქო შუაგზა მოსპობილია შთაგონებისა და მის განსხეულების შუა.

ფიროსმან აქ ველურია და თან ნამდვილი ბავშვი. საკვირველი არაა, თუ ღმერთიც მასთან არის. ჭეშმარიტად დიდი ხელოვანი.

შესაძლოა ბევრი სთქვა ფიროსმანის ხატულზე როგორც ”ხატულზე”. ფაქტურა, პოზიცია, მური, ტონი და სხვა მისი ხატულის, არც ერთი ეს არ არის ”კულტურა” - გავლილი. მაგრამ აბსოლუტური უშუალობის გამო ”კულტურის” გარეშე გაუმართავი ხაზები თითქო იკარგებიან. რჩება მხოლოდ ”ბუნება” უკანასკნელი დაწურვით. ამისათვისაა, რომ ფიროსმანის ხატული მოქმედობს როგორც პირდაპირ ნატეხი ”ბუნების”: წყაროს თვალი თუ ირმის ჩლიქი. ერთი რამ აღსანიშნავია. ფიროსმან ხატავდა უმრავლესად კალენკორზე. ამისათვის მის ხატულს (მხატვარ დ. შევარდნაძის სიტყვით) განსაკუთრებული ფერი მიეცა. ეს ფერია ლადო გუდიაშვილის ნახატებში რომ შედის როგორც მთავარი ტონი.

უცნაურია თვითონ ბედი ფიროსმანის. თითქო იგი კი არ მოკვდა, არამედ დაიკარგა. თითქო მისთვის, რომ მისი ხატული ”უსახელოდ” დარჩენილიყო, როგორც ყოველი ნაყოფი დიდის პრიმიტივისა.

ხედავ ფიროსმანს -და გჯერა საქართველო.

??????