ჭკადუა ეკა
გაზიარება

ნიკუშას თავგადასავალი 

ის დღე რომ არა, არაფერიც არ იქნებოდა მოსაყოლი. უფრო სწორად, ვინმეს ნიკუშასთვის ყურადღება რომ მიექცია და ბებიამისს ბრინჯით სავსე კოლოფი მაგიდაზე რომ არ დაეტოვებინა, ნიკუშას კი ბრინჯის მარცვლები ძირს რომ არ დაეპნია და ერთ-ერთი არ აბრჭყვიალებულიყო და არ გადაეყლაპა, არაფერიც არ მოხდებოდა...

ვინაა ნიკუშა?..

ერთი პატარა, ცელქი და მოუსვენარი ბიჭია. ისეთივე, როგორც მისი ტოლი უამრავი სხვა. თუმცა, ბევრისგან ალბათ განსხვავდება კიდეც. რატომ?.. მაგრამ, მოითმინეთ... ახლა ღამეა და სძინავს. უფრო სწორად, დედიკოს და მამიკოს შუაში მოქცეულს თვალები დახუჭული აქვს.

მამიკო პირდაპირ მის ყურთან ხვრინავს, დედიკოს ხელი მის მუცელზე უდევს. ნეტავ რა ჰგონიათ?.. სად გაექცევა?.. თუნდაც რომ ჩამოვარდეს, იატაკს ხომ ვერ აცდება?.. მოიცადეთ, გაიზარდოს!.. თვალებს ახელს და მამას ცხვირზე ეპოტინება. მამა არც ინძრევა, ალბათ, ბუზი ჰგონია.

კედელზე ვარსკვლავები მიუწებეს _ როცა შუქს აქრობენ და ოთახში ბნელა, ვარსკვლავები ნათდებიან. ოჰ, რომ იცოდეთ, როგორ არ უყვარს სიბნელე. თუმცა, არ ეშინია. ის ხომ უკვე დიდია. შეცქერის ვარსკვლავებს ძალიან დიდხანს და თვალები ნელ-ნელა ეხუჭება. აი, უკვე მამიკოს ხვრინვაც იავნანასავით ჩაესმის, სულ ცოტა და... ძილი მასთანაც მოვა...

 გათენდა... 

 

ნაწილი I

ონავარი ნიკუშა

 

_ რა გესიზმრა? _ მეკითხება ნამძინარევი ეკა.

ის, როგორც ამბობენ, ჩემი მამიდაა, მაგრამ მე ვერ გავიგე რატომ არის მამიდა, უბრალოდ ეკაა და მორჩა. რად უნდათ უფროსებს ეს ორი სახელი?..

_ არაფერი არ მესიზმრა... მაშინ დამეძინა, როცა უნდა დამსიზმრებოდა, _ ვპასუხობ და ვიზმორები.

ეკა გულში მიკრავს და მკოცნის.

მოკლედ, დღე ასე იწყება _ ირინა დედიკოს და კოტე მამიკოს ოთახიდან ვეპარები და ეკას მაღვიძარა ვხდები... მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია...

დავრბივარ წინ და უკან ფეხშიშველი.

_ ახლა უნდა ვისაუზმოთ, _ ამბობს დედიკო, _ რას შეჭამ?

რა თქმა უნდა, ისეთი რაღაც მინდა, რაც გამზადებული არ არის. ბებია უკვე მესამენაირ საუზმეს აკეთებს. მე ფეხებში ვებლანდები და ვცდილობ მის მდგომარეობიდან გამოყვანას.

ცოტა მიწყრება.

_ ცუდი ბებე ხარ, _ ვამბობ გაბრაზებული და კარს ვაჯახუნებ.

მამასთან შევრბივარ საძინებელ ოთახში. ისევ სძინავს. დიდი კალათიდან სათამაშოებს ვყრი იატაკზე და მამიკოს ვეჯაჯგურები, თამაში მინდა.

_ ნუ ხმაურობ. გადი ოთახიდან, _ თავი წამოწია ბალიშიდან და შემომიბღვირა.

ახლა ბაბუას ოთახის კარს ვაღებ. `დინამო ბაბუკას~ ვეძახი ხოლმე, ბევრ ბურთებს მჩუქნის. ოთახში არავინაა.

_ ბაბუა სად არის? _ ვეკითხები ბებეს.

_ ბაბუა სამსახურშია, _ მპასუხობს მოკლედ.

აი, სულ ასეა... რომ ჰკითხოთ, ყველაზე მეტად მე ვუყვარვართ.

არადა, არასდროს სცალიათ ჩემთვის. კიდევ უფრო მეტად ვბრაზდები. და კიდევ, იცით, რაშია საქმე? _ ამას წინათ ყური მოვკარი _ ბაღში უნდათ ჩემი წაყვანა. ნეტავ, რატომ უნდა წავიდე? არ მინდა! არ წავალ! თმაც კი შემაჭრეს. ჩემი კულულები.  მე ვინ მკითხა რამე? მაკრატელი ააღუღუნეს და... კრიჭი...…კრიჭი... კრიჭი...

სარკეში ვიხედები და ვმღერი:

`ნიკას შეაჭრეს თმებიო

ვეღარ მოეფერებიო~

აჰა, კარზე ზარია. ალბათ, ლიდა მემაწვნე მოვიდა. თუმცა არა, შემეშალა... ტატუნაა. ერთი ლამაზი გოგოა. უუფ, მართლა ძალიან ლამაზია. კალთაში ჩამისვა და მომეფერა.

 

_ რა საყვარელი ხარ? _ მერე ბებეს მიუბრუნდა, _ როგორი ჩუმი და წყნარია. ნეტავ ასეთი იყოს ჩემიც... _ გამიღიმა.

_ რა მომიტანე? _ მეც გავუღიმე.

მერე უფრო გავთამამდი და შიშველ ფეხზე ვუჩქმიტე, თმებიც ავუწეწე.

_ უი, ჩემს ნანკას ჰგავს, _ უკან წაიღო თავისი სიტყვები ტატუნამ.

ჩამოვხტი მისი მუხლებიდან.

ახლა რა ვქნა?.. მოიცა, მოიცა... ცოტა ხნის წინ სამზარეულოში ბრინჯით სავსე ქაღალდის კოლოფს მოვკარი თვალი. როგორც ჩანს, ბებეს დაავიწყდა მისი მაღლა შემოდება.

რა მოხდება, რომ დავაპნიო?.. აქეთ-იქით მიმოვიხედე. ჩემთვის არავის ეცალა და...

_ ნიკა, სად ხარ? _ მომესმა დედიკოს ხმა.

ჰოო, ახლა, მგონი, ცუდადაა ჩემი საქმე, _ გავიფიქრე. ასეც მოხდა.

_ შე საძაგელო, ცუდო ბიჭო, არსადაც არ წახვალ, იქნები სახლში, _ მომაძახა ირინამ და ჩემს ტრაკოს გამოუწერეს ქოთები, _ რატომ, რატომ მოიქეცი ასე?

_ სულელი ვიყავი და იმიტოომ... _ ვყვიროდი მეც ხმამაღლა.

მოგავეს იქაურობა, კარი მომიხურეს და დავრჩი ისევ მარტო, აღნავლებული.

_ სხვა ბებესთან და სხვა ბაბუკასთან მინდაა, _ ვზმუოდი ბოლო ხმაზე.

_ არსადაც არ წახვალ. ყველგან ცუდად იქცევი შენ.

ისე, დედიკო მართალია: მახსოვს, მეორე ბებემ, ჩემი ცელქობით ჭკუიდან კინაღამ რომ შევშალე, თავზე პლასტმასის ღრიჭოიანი თეთრეულის ჩასალაგებელი კალათა წამოიმხო და ასე ცდილობდა აეცდინა ჩემგან ნასროლი სათამაშოები...

არც მეორე ბაბუკასთან დავრჩი ვალში. ეზოში, დიდი ხის ქვეშ მიწაში ჩაფლული უამრავი ქვევრი აქვს ბაბუს. იმ დღეს მეზობლები მოვიდნენ. ბებია სუფრას შლიდა. ჩემთვის არავის ეცალა. მივირბინე ერთ-ერთ ქვევრთან, შარვალი ჩავიწიე და... უჰ, ძალიან გამიბრაზდა ბაბუა.

აბა რა უნდა მექნა?..

_ მაშინ, ბიმუშა მომენატრაა... _ გავაგრძელე ღნავილი.

ბიმუშა ჩემი ძაღლია. სულ ერთად ვთამაშობდით, მაგრამ ერთხელ იმანაც გააბრაზა ბაბუა. წიწილები დაგლიჯა და ასე მითხრეს, ვასიკო პოლიციელმა წაიყვანაო. შენც თუ ცუდად მოიქცევი, შენც წაგიყვანსო. რა ცუდი კაცია ეს ვასიკო პოლიციელი.

როცა მახსენდება, ბიმუშა როგორ გააქრო და თუ ცუდად მოვიქცევი, მეც იგივე რომ მელის, _ შიშით ვკანკალებ.

_ მაშინ თიკასთან და გიგისთან მინდაა, _ კიდევ ვცადე დედიკოს შემორიგება.

თიკა და გიგი მარი დეიდას შვილები არიან. შენი დაიკო და ძამიკოაო, მითხრა ერთხელ დედამ.

_ არ ხარ შენ არსად წასაყვანი, _ ისევ მომესმა დედიკოს მკაცრი ხმა.

მაინც არავის ვეცოდებოდი და თან ღნავილითაც დავიღალე. რა უნდა მექნა? იატაკზე გავწექი, ენაზე დასველებული თითით იატაკიდან მტვერს ვიღებდი და თითს ისევ პირში ვიდებდი. იქნებ მუცელი ამტკივდეს, ცუდად გავხდე და ასე მაინც მომაქციონ ყურადღება-მეთქი. უცებ მაგიდის ქვეშ რაღაც აბრჭყვიალდა. რა უნდა იყოს? შევფოფხდი მის ქვეშ და ბრინჯის უცნაური მარცვალი დავინახე. მერე ცოტა მოშორებითაც აბრჭყვიალდნენ მისნაირები.

 

ერთი ცალი ხელისგულზე დავიდე, დანარჩენები ჯიბეში ჩავიტენე და იმ ერთ ცალს დიდი ინტერესით მივაჩერდი. რა მოხდება, რომ შევჭამო? მეც ავბრჭყვიალდები? გავკვნიტე. უგემური იყო, მაგრამ უცხო გემო ჰქონდა და მაშინვე გადავუშვი მუცელში...

 

ჯადოსნური გზის დასაწყისი

 

ბრინჯის უჩვეულო, ბრჭყვიალა მარცვალმა სასწაული მოახდინა. ნიკუშა მისი დახმარებით ჯადოსნურ ქვეყანაში მოხვდა. და იცით რატომ?.. მან ხომ თავისი პატარა ძაღლი _ ბიმუშა _ განსაცდელისგან უნდა იხსნას. მის საძებნელად წასულს კი _ თავს უამრავი უჩვეულო ამბავი გადახდება...

 

აი, ასე დაიწყო ყველაფერი...

 

_ სად ვარ? _ მიმოიხედა. გარშემო უღრანი ტყე იყო. მთვარის შუქი მკრთალად ანათებდა ხშირფოთლოვან ხეებს. უცებ ბიჭის გვერდით რაღაც შეინძრა. უცნაური და მრგვალი იყო. პატარამ ხელი შეახო და...

_ ვაი, ვაი... ხელიიი...

ვინ ხარ, რატომ მატკინე? _ საყვედურით დახედა უცნაურ არსებას.

_ ზღარბი ვარ ქაცვია... მეც გადავყლაპე შენსავით ბრინჯის მარცვალი და აი, უკვე აქ ვარ.

ზღარბს დირიჟორივით მოემარჯვებინა ხის პატარა ჯოხი.

_ მანამდე სად იყავი?

_ მანამდე შენს წიგნში. არ გახსოვარ?

_ კი, გამახსენდი, _ გაეღიმა ნიკუშას, _ რატომ მიკბინე?

_ სულაც არ მიკბენია, ეს შენ დამადე შენი პაწაწინა ხელი. მე შენთან მეგობრობა მსურს, სხვა არაფერი.

_ მერე ვიმეგობროთ, ვინ გვიშლის... თან ამ დაბურულ ტყეში მარტო გზას ვერ გავაგნებ. ის მაინც თუ იცი, რატომ გავჩნდი აქ?

_ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ გეტყვი, რომ ვიცი. ბიმუშა მეც ძალიან მომენატრა, _ შეხედა ქაცვიამ ღიმილით.

_ მართლა? _ გაეხარდა ნიკუშას.

სწორედ ამ დროს გაისმა ბუჩქებში მძიმე საგნის დაცემის ხმა.

_ უი, გიგი? აქ როგორ გაჩნდი?

_ შენ თვითონ როგორ მოახერხე?

_ ბრინჯის მარცვალი გადავყლაპე.

_ მეც...

_ თიკა იქ დატოვე?

_ ჰო...

საუბარი დამთავრებული არ ჰქონდათ, თიკა მათ შუა რომ გაჩნდა.

გაუღიმა ბიჭებს.

_ აუ, იცით, დედას ბრინჯი დაეპნა, ერთი მარცვალი აბრჭყვიალდა, გადავყლაპე და აი, თქვენთან ვარ.

_ რა ლამაზი ხარ? _ ზღარბმა თავი ასწია და თიკას გაუღიმა.

_ უი, შენ ვინ ხარ?

_ ქაცვიაა... არ გახსოვს, ჩემს წიგნში რომ იყო, ის... _ ქაცვიას მაგივრად უპასუხა ნიკამ.

ახლაღა შეავლო თიკამ თვალი იქაურობას. დაბურულმა ტყემ შეაშინა და აზლუქუნდა:

 _ დედასთან მინდაა, მეშინიაა...

_ რას მორბოდი, თუ გეშინოდა? _ გაუჯავრდა გიგი დას, _ ღორმუცელა რომ ხარ... ვინ გთხოვა მარცვალი გადაყლაპეო?

_ თორემ შენ არ გადაყლაპე, _ გაიბუტა თიკა.

პატარა გოგოს შოკოლადით ჰქონდა პირი მოსვრილი.

_ რაღაც გაცხია, _ ზღარბმა მოთხუპნულ პირზე მიუთითა.

თიკამ თითი მოისვა ტუჩებზე და შოკოლადის ნარჩენი პირში იტაკა.

_ ნუთუ ასეთი გემრიელია?

_ კი, ძალიან, _ პირი ააწკლაპუნა პატარამ, _ მგონი კიდევ მაქვს.

ჯიბეში ხელი ჩაიყო და შოკოლადი ამოაძვრინა.

_ მეც მინდა, მეეც, _ დაიყვირა ნიკამ.

_ მეც მინდა, _ გიგიც აყვა.

_ არა, ჩემია, მარტო ჩემი, _ თქვა თიკამ და შოკოლადის გახსნას შეუდგა. მაგრამ უცებ საოცრება მოხდა. შოკოლადი ფერადი ქაღალდიდან ამოხტა და მათ გვერდით მიწაზე დახტა.

_ ვაი, გაცოცხლდა, შეხედეთ, _ გაკვირვებული თვალები მიაშტერა თიკამ მოხტუნავე შოკოლადს.

ქაცვიამ რაღაც გაურკვეველი სიტყვები წარმოთქვა, ჯადოსნური ჯოხი აამოძრავა და მუხის ხისკენ გაიშვირა.

პატარა რკოები ლამაზ ქაღალდში გაბანტულ შოკოლადებად გადაიქცნენ და წვიმის წვეთებივით ჩამოცვივდნენ ხიდან.

ბავშვებმა გული იჯერეს ჭამით, მაგრამ როგორც ჩანს, ზედმეტი მოუვიდათ. თიკა ატირდა კიდეც, მუცელი მტკივაო, მაგრამ დარჩენილ შოკოლადებს მაინც დასწვდა და ჯიბეში ჩაიწყო. არც ბიჭები ჩამორჩნენ.

მუხის ქვეშ ბალახზე იწვნენ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ და თავისუფლებით ტკბებოდნენ.

წუთით ქაცვია სადღაც გაუჩინარდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა. დაგორგლილ პატარა წითელ ხალიჩას მოათრევდა. ხელში დირიჟორის ჯოხი ისევ ეჭირა.

მათ თვალწინ ხალიჩა გაშალა, მის შუაგულში დადგა და ბავშვებს მჭექარე ხმით მიმართა:

_ მეც დაგეხმარებით ბიმუშას პოვნაში... თქვენ კი თავს უამრავი რამ გადაგხდებათ და ბევრ რამესაც ისწავლით. მაგრამ გახსოვდეთ, ფრთხილად უნდა იყოთ...

_ ჯადოქარი ხარ? _ გაუფართოვდა გიგის თვალები.

პასუხად ქაცვიამ მხოლოდ გაუღიმა. ჯოხი დაიქნია და ბავშვების თვალწინ ფარატინა ძველი ფურცელი ციდან ნარნარით დაეშვა.

_ ეს რა არის? _ იკითხა ნიკუშამ.

_ ჯადოსნური წიგნის ფურცელია. პირველი მინიშნება.

_ რა წერია? _ გიგიც დაინტერესდა.

_ აი, წაიკითხე...

_ `ნწი ბტა ეგშდეხვათბ, უანდ ცუგაროთდა~.

_ დამარცვლა გიგიმ გაუგებარი წინადადება.

_ აკი კითხვა ვიციო? _ ნიკუშას სიცილი წასკდა.

პატარა ჭკუისკოლოფას ყურადღება არავისთვის მიუქცევია. ყურები თითებით დაიცო და ფურცელს დიდი ინტერესით დააჩერდა. რამდენიმე წუთით ასე გაირინდა და ბოლოს გამარჯვებული იერით თიკას და ნიკუშას მიუბრუნდა.

_ ამოვხსენი. აი, შეხედეთ, უბრალოდ ასოები უნდა გადააადგილოთ და ყველაფერი გამოგივათ _ წინ ტბა შეგხვდებათ, უნდა გადაცუროთ... აი, რა წერია აქ...

ნიკუშა და თიკა დააჩერდნენ ფურცელს, მაგრამ ვერაფერი გაუგეს.

_ თქვენ ხომ კითხვა არ იცით, _ ახლა გიგის წასკდა სიცილი.

_ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? _ დაღონდა თიკა.

_ მოიცა, ნუ ნაღვლობ, ერთად ყველაფერს შევძლებთ... _ ჩაეხუტა ნიკუშა და შემდეგ ქაცვიას მიუბრუნდა:

_ შენ როგორღა გიპოვით მერე?

_ აი, _ ხელში შეაჩეჩა ქაცვიამ პატარა საყვირი, _ თუ რამე განსაცდელს გადაეყრებით, ჩაბერე და იმ წამსვე თქვენთან გავჩნდები.

 

_ ყველაფერი გასაგებია! _ საქმიანად მიუგო ნიკუშამ.

_ იქნებ ქაცვიასთან დარჩე? _ შეხედა გიგიმ დას.

თიკა პასუხად ატირდა.

_ ჰო, კარგი, კარგი, ნუ ტირი. წამოდი ჩვენთან ერთად...

თიკასაც მეტი რა უნდოდა. ჯერ ერთს ჩაეხუტა, მერე მეორეს და სულ მალე სამივენი დაადგნენ გზას. ტყის ბინადრების ხმა შიშის ზარს სცემდათ, მაგრამ მაინც გაბედულად მიიწევდნენ წინ. მათ ხომ ერთი მიზანი ჰქონდათ _ ბიმუშა უნდა გამოეხსნათ ბოროტი პოლიციელისგან.

_ მივაგნებთ, ვუშველით.

აბა, რა მეგობრები ვართ, _ გზადაგზა ამხნევებდა ნიკუშა გიგის და თიკას.

 

ტბის გადალახვა

 

მალე მათ თვალწინ უზარმაზარი ტბა გადაიშალა...

_ ახლა რაღა ვქნათ? როგორ გადავცუროთ ამხელა ტბა?..

ვინ გადაგვიყვანს მეორე ნაპირზე? _ ჩაიდუდღუნა გიგიმ.

_ ვაი, შეხედეთ, რამხელაა, წყლიდან ამოყო თავი. შეხედეთ, შეხედეთ, _ ხელს იშვერდა თიკა. უკვე მოესწრო ფეხების დასველება.

_ აბა სად? ვინ? _ გვერდით ამოუდგა ნიკუშა.

ტბის შუაგულიდან მათკენ უშველებელი ცხოველი მოცურავდა. ბავშვები შიშისგან აკანკალდნენ და ერთმანეთს მიეკვრნენ.

_ ნახე, რამხელა პირი დააღო, როგორი ეშვები აქვს, კუდს როგორ იქნევს. ნეტავ, რა ქვია? _ დაკვირვებით მიაჩერდა ნიკუშა.

_ სულელო, ნიანგია. ვერ იცანი? ზოოპარკში ხომ გინახავს? ძალიან ბოროტია. სხეული მაგარი ჯავშანით აქვს დაფარული.

ისარივით სწრაფია და უხმაუროდ სრიალებს წყალში. ახლა, როგორც ჩანს, მშიერია. ძალიან საშიში ვინმეა. ერთ ლუკმადაც არ ვეყოფით. რა გვეშველება? _ შეწუხდა გიგი.

_ მისთვის პატარა შოკოლადებივით ვიქნებით? პირში ჩაგვიდებს და ჩაგვატკბარუნებს? _ ჩაერთო საუბარში თიკაც.

_ ჩუუ! _ გააჩუმეს ბიჭებმა.

როცა ნიანგი ახლოს მოცურდა, ნიკუშამ ჯიბიდან საყვირი ამოიღო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ჩაბერა. ქაცვია რამდენიმე წამში მათთან გაჩნდა. შეშინებულ ბავშვებს გადახედა და თქვა:

_ როგორც კი პირში ჩავუხტები, იცოდეთ, უკან, იქითა ნაპირისკენ იბრუნებს პირს.

იმავე წუთს ზურგზე შეახტით და სამშვიდობოს გახვალთ.

_ მერე შენ? _ ცრემლები ჩაუდგა თვალებში თიკას.

_ ჩემზე ნუ იდარდებთ, მის ეშვებს როგორმე დავაღწევ თავს. ჩემი ჩხვლეტია ეკლები ნიანგს ისე გაამწარებს, არა მგონია ჩამყლაპოს. ასე რომ წინ, მეგობრებო, _ დააწყნარა ქაცვიამ ბავშვები, _ ჩემს ნიშანს დაელოდეთ. მალე ისევ გამოვჩნდები, ხოლო თუ განსაცდელში ჩავარდით, საყვირში ერთი ჩაბერვა ჩემთვის საკმარისი იქნება. იმავე წამს თქვენთან გავჩნდები.

...

კარის ხმაზე გამეღვიძა, მაგრამ თვალები არ გამიხელია. სამზარეულოში დედიკო შემოვიდა. უი, ჩასძინებია ჩემს პატარას, _ თქვა.

ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა. შუბლზე მაკოცა და საბანი გადამაფარა...

 

ნაწილი II

სტუმრად თიკა და გიგისთან

 

შუადღეს აღარ მაძინებენ, მე ხომ უკვე დიდი ვარ. მაგრამ დღეს იმდენი ვიტირე, დავიღალე ალბათ. დედიკომ კარგი ჭამისთვის საჩუქარი გამიკეთა. ამ ჯერზე ჯილდო თიკასა და გიგისთან სტუმრობა იყო. ახლა უკვე მათ ოთახში ვარ. თიკას ძინავს.

ორი წუთის წინ მარი დეიდამ შემოაღო კარი, _ ბავშვი არ გამიღვიძოთ, ნუ იხმაურებთ, ჭკვიანად იყავით, _ გვითხრა და გაუჩინარდა...

რომ იცოდეთ, როგორი ჭკუისკოლოფა ძამიკო მყავს. ჩემზე სულ რაღაც ორი წლით დიდია და უკვე კითხვა იცის. ინგლისურს და რუსულსაც სწავლობს, კომპიუტერში დიდების თამაშებს თამაშობს...

 მახსოვს, ერთხელ, მეორე ბებემ მუყაოს უშველებელი ფურცელი მოუტანა სახატავად. გიგი ადგა და მასზე კომპიუტერი დახატა, ღილაკებიც მიუხატა. შემდეგ სხვა ფურცლიდან მაუსი გამოჭრა და დიდი გულმოდგინებით და სერიოზული სახით რაღაცის თამაშს შეუდგა.

ახლა უკვე დიდია და ოთო მამიკო ნამდვილ კომპიუტერსაც ანდობს.

ახლაც შიგნითაა შემძვრალი.

_ რას აკეთებ? _ ვკითხე ინტერესით.

_ ქაუნთერ სთრაიქს ვთამაშობ, _ ჩემთვის არც შემოუხედავს, ისე მიპასუხა.

_ ეგ რაა?

_ შენ ვერ ითამაშებ, ტვინი უნდა გქონდეს ცოტა მეტი.

_ უფ, კაი ერთი, მე და თიკა უფრო მაგრები ვართ, _ ვუპასუხე გაბრაზებულმა.

ყურადღება კიდევ დიდხანს არ მომაქცია.

_ კარგი რა, წამო, რამე გავაფუჭოთ, _ ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას.

_ არა, ახლა ზღაპარი უნდა წავიკითხო, _ ტახტზე წამოგორდა და წიგნი გადაშალა.

მოვიწყინე და მეორე ოთახში გავედი. ირინა და მარი ყავას სვამდნენ. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავთ. რამდენიმე ცალი მოხარშული წაბლი ავიღე და სანამ გონს მოეგებოდნენ, ყავის ფინჯნებში გავაქანე შორიდან. ყავის წვეთები ფინჯნებიდან ამოხტნენ და დედიკოს და დეიდას მაისურები იმავე წამს დაკოპლეს. ძალიან გავმხიარულდი.

 

_ გადი აქედან, არ დამენახო, _ შემომიბღვირა ირინამ. არც დეიდამ დამაკლო საყვედური. არადა, ცხვირწინ ედგათ ყავის ფინჯნები. მე რა შუაში ვარ?.. ეჰ, ნეტავ თიკამ მაინც გაიღვიძოს მალე...

როგორც იქნა, თიკამ გაიღვიძა და მაშინვე გამოვიგონეთ ახალი თამაში _ `ოთო ბიძიას წიგნებიდან ფურცლების ამოხევა~. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვე.

გიგი კი გვეხვეწებოდა, _ არ ქნათ, მაგრად მიგტყიპავენო, _ მაგრამ აბა ვინ დაუჯერა?! სწორედ ამ დროს შემოვიდნენ მარი და ირინა ოთახში. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რაც მოხდებოდა. დაგვაყენეს კუთხეში, დაგვიწელეს ყურები. მერე ირინამ სახლში წამიყვანა და მამიკოს მოუყვა ყველაფერი. მე კი თავჩაღუნული კუთხეში ვიდექი, ყურებზე ხელები მქონდა აფარებული და მამას შორიდან ვუყურებდი... გადავრჩი... შემდეგ ჩემს მდგომარეობას ცოტა გავუთამამდი, _ რას ვაშავებ ნეტავ? სულაც არ მგონია ცელქობა ცუდი, _ ვფიქრობდი.

მაღალ სკამზე ავძვერი და ფეხებს ჰაერში ვიქნევდი. დედიკოს და მამიკოს დასმულ კითხვებს არ ვპასუხობდი... ხმას არ გავცემ ამათ მთელი ცხოვრება, მერე ვნახოთ, როგორ ინერვიულონ. წავალ ცხრა მთას იქით, წავალ და გადავიკარგები. მე, გიგი და თიკა ბიმუშასაც ვიპოვით და ვიცხოვრებთ ერთად. იმას გავაკეთებ, რაც მომესურვება. თუ მომინდება, მთელი მსოფლიოს წიგნებს დავხევ, _ ვფიქრობდი გაბუტული...

 

საწოლში ჩამაწვინეს.

შუქი ჩამიქრეს. ვარსკვლავები ისევ აციმციმდნენ ჩემს თავს ზემოთ. მალე ძილიც მოვა, თუმცა, მოიცა... შარვლის ჯიბიდან ირინასგან მალულად ბრინჯის მორიგი მარცვალი ამოვაძვრინე და...

  

ციყვების მორთმეული ნუგბარი

 

ბავშვები მშვიდად გადავიდნენ მეორე ნაპირზე. მაგრამ მანამდე, როცა ნიანგს შეახტნენ ზურგზე, ნიკუშას ჯიბიდან საყვირი ამოუვარდა და წყალში მოადინა ტყაპანი. ტყუილად ფიქრობდნენ საყვირის დაბრუნებაზე. ამხელა ტბაში მისი პოვნა შეუძლებელი იყო.

ახლა რა უნდა ექნათ? ქაცვია აღარ იყო მათთან. კი დაჰპირდა, ჩემს ნიშანს დაელოდეთო, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ძალიან  დაღონდნენ. ფრთხილად ადგამდნენ მიწაზე ფეხს. შიში ჯერ კიდევ განელებული არ ჰქონდათ, რომ მოიხიბლნენ იქაურობით.

ათასნაირი ფერის ფრინველების მხიარული ჟღურტული და გალობა ახალისებდათ. ციყვები და თრითინები დიდი ზარ-ზეიმით დახტოდნენ ხიდან ხეზე.

ალბათ მტაცებელი ცხოველებიც დაძრწოდნენ  ბუჩქებში მსხვერპლის მოსანადირებლად, მაგრამ ამას ბავშვები ვერ ამჩნევდნენ. თიკა გულმოდგინედ დასდევდა პეპლებს და ლამაზ, უცნაურ ყვავილებს აგროვებდა. უცებ წამოიყვირა.

_ შეხედეთ, რამდენი თმის სამაგრი ყრია ბალახებში. თან ცოცხლები არიან. უი, უი, ჩემს თავზე უნდათ ამოცოცება, ნახეთ რა ლამაზები არიან, _ ტიტინებდა შეუჩერებლად.

თმის სამაგრები კი პატარა ჭიამაიები აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, ჭიამაიებს მოეწონათ თიკა და ძალიანაც გაუთამამდნენ. გოგონას თავზე მოკალათებულებმა სასწაულიც კი მოახდინეს.

თიკას ჰაერში არწევდნენ. ხან ერთ ყვავილს, ხან მეორეს დააყნოსინებდნენ და ისევ მიწაზე სვამდნენ.

_ დავფრინაავ, მაგარიაა, _ ჭყლოპინებდა პატარაც გახარებული. თან პირი შოკოლადით ჰქონდა გამოტენილი. 

ნიკუშა და გიგი კი საკუთარ შოკოლადებს ციყვებს და თრითინებს უნაწილებდნენ. მალე მოშივდათ, მაგრამ ჯიბეები უკვე გამოცარიელებული ჰქონდათ და რაიმე გემრიელის ჩამოვარდნის იმედით, დაღვრემილები მიაჩერდნენ ხეებს.

_ ამაზე ადრე უნდა გეფიქრათ! _ აუციმციმდა თიკას თვალები.

სწორედ ამ დროს, პატარა ციყვი ხიდან ჩამოხტა და ბიჭებს ერთი კაკალი დაუგორა. ამ ციყვს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და სულ მალე მათ გვერდით კაკლის და თხილის პატარა გორა დადგა. თვალებს არ უჯერებდნენ, სიხარულისგან ყიჟინებდნენ. იქვე ქვაც იპოვეს, კაკლის გასატეხად რომ გამოდგებოდა ისეთი და შეუდგნენ გემრიელი ნაყოფით პირის ჩატკბარუნებას.

თიკასაც მოუნდა კაკლის გაკნატუნება, მაგრამ... სულ ცოტა ხნის წინ გიგის და ნიკუშას ხომ ცუდად მოექცა. ჰოდა, ახლა ცოტა მოწყენილი იდგა მათ შორიახლოს და ნერწყვს ყლაპავდა. ჭიამაიებმაც აღარ მოისურვეს მასთან თამაში. ბოლოს ერთი, ყველაზე პატარა ჭიამაია, უფროსებს გამოეყო და თიკას პატარა ხელისგულზე დააფრინდა. ყველამ მიბაძა მას. სათითაოდ ააცოცდნენ ხელზე, მწყობრში ჩადგნენ და ერთმანეთის მიყოლებით მისი ჯიბისკენ გადაინაცვლეს.

თიკამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, დარჩენილი ორი შოკოლადი ამოიღო და ბიჭებს გაუწოდა. ბიჭებმაც გაუნაწილეს თიკას დამტვრეული კაკალი. შემდეგ დანაყრებულები ხის ძირას წამოგორდნენ და გაირინდნენ ახალი თავგადასავლის მოლოდინში...

 

მზის სხივი

 

_ წადი რა, ნუ მაწვალებ, ნუ მიღიტინებ, ჯერ კიდევ მძინავს, ვერ ხედავ, ძლივს ვახელ თვალებს, _ მზის სხივს ვუჯავრდები.

მიმოვიხედე. დედიკო და მამიკო არსად ჩანდნენ.

_ ნუთუ მარტო დამტოვეს? სად წავიდნენ ყველანი ასე ადრიანად? ნუთუ სიტყვა შეასრულეს, როცა მითხრეს, თუ ბაღში არ ივლი, სახლში მარტო მოგიწევს ყოფნაო. არა, ალბათ, ასე არ გამწირავდნენ. მე ხომ ჯერ კიდევ არც ისე დიდი ვარ.

სანდოც არ ვარ. ხომ შეიძლება რაღაც გავაფუჭო _ სახლში ხანძარი გავაჩინო, პატარა წყალდიდობა მოვაწყო, ან სულაც დენის ჩასართველში მავთულები ან ლურსმნები შევარჭო... არსაიდან არ ისმის ჩამიჩუმი...

საწოლიდან წამოვხტი და მათ მოსაძებნად უნდა გავსულიყავი საძინებლიდან, როცა შარვალში ჩარჩენილი ბრინჯის მარცვლები გამახსენდა. მაგრამ სადღა იყო შარვალი.

_ დედიკოო... _ გავვარდი ოთახიდან.

_ აქ ვარ, აქ, სააბაზანოში, _ შემომესმა მისი ხმა.

ირინა ჩემს ტანსაცმელს რეცხავდა. ორი წუთიც რომ დამეგვიანა, შარვალიც ქაფიან წყალში აღმოჩნდებოდა.

_ დედიკო, გეხვეწები, არ გარეცხო რა... ჯიბეში რაღაც მიდევს, _ ვეხვეწებოდი ირინას სასოწარკვეთილი.

_ ამას ეძებდი? _ მითხრა გაკვირვებულმა და ჯიბიდან ბრინჯის მარცვლები ამოყარა.

_ რად გინდა? იცოდე, არ გადაყლაპო, თორემ მუცელი აგტკივდება, _ გამაფრთხილა.

_ არ გადავყლაპავ, ჩემია, ჩემი, მომეცი, _ ჯიუტად ვიმეორებდი, _ სადმე შევინახავ.

_ კარგი, წაიღე, _ მენდო დედიკოც და ბრინჯის მარცვლები ხელისგულზე დამიყარა.

გახარებული გავვარდი საძინებელში. ფარდიდან მზის სხივმა ისევ შემოიჭყიტა და გამიღიმა.

_ კიდევ კარგი, რომ არსებობ, კიდევ კარგი, რომ ჩემს ოთახშიც შემოხვედი და გამაღვიძე, თორემ ხომ დავიღუპებოდი? ალბათ, კიდევ გავაგრძელებდი ძილს და ჩემს ჯადოსნურ მარცვლებს დედა სანაგვეში მოისვრიდა... მაგრამ... ვაი თუ, აღარ აბრჭყვიალდნენ, რაღა მეშველება?.. ბიმუშას როგორ ვიპოვით? _ ვაგრძელებდი ფიქრს.

შიშით დავიდე ერთი მარცვალი ხელისგულზე.

_ აბრჭყვიალდი რა, გთხოვ, აბრჭყვიალდი... აი, ნახავ, ოღონდ შენ აბრჭყვიალდი და სულ კარგად მოვიქცევი, აი, ნახავ, _ ვეხვეწებოდი ბრინჯის მარცვალს და საოცრება ისევ მოხდა. მზის სხივმა ჩემს ხელისგულზე გადაინაცვლა და ბრინჯის მარცვალი ისევ აბრჭყვიალდა...

 

ახალი თავგადასავლის მოლოდინში

 

ხის ქვეშ წამოგორებულები ისევ ნებივრობდნენ და ხალისიან ამბებს ყვებოდნენ, მაგრამ მალე მოიწყინეს.

ქაცვია კიდევ არ ჩანდა. მისი დახმარების გარეშე კი ბიმუშას საძებნელად ვერ დაიძვრებოდნენ. ნიკუშამ იქვე ამოსულ პატარა ხეს ტოტი მოამტვრია, ქაცვიასავით გაიჯგიმა, ჯოხი ჰაერში აათამაშა, მაგრამ სასწაული არ მოხდა.

_ რას აკეთებ? _ დაინტერესდა გიგი.

_ როგორ თუ რას. იქნებ მინიშნება-ფურცელი ჩამოფრინდეს ციდან, _ უპასუხა ნიკუშამ.

_ და კიდევ შოკოლადები ხიდან... _ გააგრძელა თიკამ.

_ რა სულელები ხართ. ეგ მხოლოდ ქაცვიას შეუძლია... ტყუილად ვკარგავთ დროს.

სჯობს სახლებში დავბრუნდეთ და ქაცვიას ნიშანს დაველოდოთ.

_ სულაც არ მინდა სახლში. რა უნდა ვაკეთო? _ გაიბუტა თიკა.

_ მე მივდივარ და თქვენ თუ გინდათ, დარჩით. თუ რაიმე განსაცდელს გადაეყარეთ, თქვენ თავებს დააბრალეთ. მე სახლში მინდა, უამრავი ზღაპარი მაქვს წასაკითხი. იქნებ, იქ რამე ისეთსაც გადავაწყდე, ბიმუშას კვალს რომ გვაპოვნინებს, _ თქვა გიგიმ და ფეხზე წამოდგა.

_ ჰო, კარგი, მეც მოვდივარ, _ უპასუხა თიკამ და ძმას დაედევნა.

მარტო დარჩენილი ნიკუშა ისევ ცას მიაჩერდა, მაგრამ ამაოდ. უცებ იქვე მოხტუნავე ციყვმა პატარა ტოტზე  მიმაგრებული სამთავა კაკალი ძირს დაუგორა. ნიკუშა ქვას დასწვდა, კიდევ მოუნდა კაკლის გაკნატუნება, მაგრამ ციყვმა გულისგამაწვრილებელი წრიპინი მორთო.

ნიკუშა ვერაფერს მიხვდა.

_ აბა, რა უნდა ვქნა? არ უნდა ვჭამო? _ გაკვირვებით შეხედა ციყვს.

ციყვმა თავი დაუქნია და აქეთ-იქით ხტუნვას მოჰყვა.

შემდეგ ხის ფუღუროში შეძვრა, მერე ნიკუშას ფეხებთან დახტა, სამთავა კაკალს წრე შემოურბინა და ისევ წრიპინს მოჰყვა.

_ ნეტავ, რა გინდა? რომ არაფერი მესმის? რა უნდა ვქნა? გინდა რომ ეს პატარა ტოტი ფუღუროში შევინახო? და გგონია რამეში გამომადგება?

ციყვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მხარზე ააცოცდა, ფუმფულა კუდით ლოყაზე მიუალერსა. ნიკუშამ კაკალი ფუღუროში შეინახა, ისევ ხის ქვეშ წამოგორდა და თვალები დახუჭა...

 

ქაცვიამ ბავშვებს ნიშანი მისცა

 

_ ნიკა, ნიკუშა, _ გამომაღვიძა დედიკოს ხმამ.

თვალი გავახილე. ხალიჩაზე ჩამძინებია.

_ თუ კიდევ გინდოდა ძილი, საწოლში ვერ ჩაწექი? ისე, რა დროს ძილია. ადექი, ისაუზმე. მალე მარი დეიდა მოვა და გიგის და თიკას მოიყვანს შენთან...

...

გიგი დივანზე მოკალათდა და ჩემი ზღაპრების წიგნი გადაშალა.

 

_ გეყო რა ამდენი კითხვა. მოდი, ვითამაშოთ რამე, _ ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას.

_ არ მინდა თამაში, კითხვა მირჩევნია. თუ გინდა, ხმამაღლა წავიკითხავ _  `წიქარას~ ვკითხულობ.

_ არა, არ მინდა! შენი წაკითხული როგორ გავიგო?.. თუ რამე საინტერესოა, მითხარი და მერე დედიკოს ვთხოვ, რომ წამიკითხოს, _ ვუპასუხე და გარშემო მიმოვიხედე. სამზარეულოს კარადაზე აფოფხებულ თიკას მოვკარი თვალი.

_ მანდ რას აკეთებ?

_ ბრინჯის მარცვლებს ვეძებ. მგონი, ირინამ აქ შეინახა.

_ მერე რა უნდა ქნა?

_ რა სულელი ხან, ნიკუშა. აღარ გახსოვს სად ვიყავით? ბიმუშას საძებნელად ხომ ისევ უნდა წავიდეთ.

_ კი მაგრამ, ქაცვიამ ხომ გვითხრა _ ჩემს ნიშანს დაელოდეთო?

_ ჰოდა, ნიშანი რომ მოგვცა, იმიტომაც მინდა ბრინჯის მარცვალი გადავყლაპო.

_ რა ნიშანი მოგვცა?

_ დადექი კედელთან, მაგრად დახუჭე თვალები და ქაცვიას დაუძახე.

ის შენს დახუჭულ თვალებში გაჩნდება და თავისი დირიჟორის ჯოხს ზღაპრების წიგნს დაადებს.

თიკა მართალი აღმოჩნდა. გაკვირვებულმა გვერდზე გავწიე, თვითონ ავძვერი სამზარეულოს კარადაზე და კოლოფიდან ბრინჯის სამი მარცვალი ამოვაძვრინე. ჩამოხტომა დავაპირე, მაგრამ ისევ შევყავი ხელი კარადაში, კიდევ სამი მარცვალი ამოვიღე და ერთ წამში თიკას გვერდით გავჩნდი.

_ ამდენი რად გინდა? _ გაუკვირდა, როცა ხელისგული გავშალე.

_ რა ვიცი აბა! უკან დაბრუნება რომ მოგვინდეს უცებ, მერე რა ვქნათ?

_ ჰო, მართალი ხარ... _ თქვა თიკამ და მეორე წამს გიგისთან გავჩნდით.

_ აბა დროზე, პირი გააღე, _ მივვარდი გიგის.

_ პირი რატომ უნდა გავაღო? _ დაიბნა.

_ ბრჭყვიალა ბრინჯის მარცვლები უნდა გადავყლაპოთ. ქაცვიამ ნიშანი მოგვცა...

აი, შეხედე, ერთი მე, ერთი შენ და ერთი თიკას. უკან დასაბრუნებელი კიდე ერთი, ერთი და ერთი ჯიბეში მაქვს.

გიგის გონზე მოსვლაც არ ვაცალეთ, ისე ჩავჩარეთ პირში ბრინჯის მარცვალი, თავადაც ენაზე დავიდეთ და მუცელში სწრაფად გადავუშვით...

 

ნაწილი III

თიკა ბიჭებს აოცებს

 

წიქარას თავი დაბლა დაეხარა და ბალახს წიწკნიდა. დიდ, ბრიალა თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა. უცებ, მის გვერდით სამი პატარა არსება მიწას დაენარცხა. სამივენი სწრაფად წამოდგნენ ფეხზე, მიწა და ბალახი ჩამოიფერთხეს ტანისამოსიდან და ინტერესით დააკვირდნენ ხარს.

_ ვინ ხართ? აქ საიდან გაჩნდით? _ ასწია თავი წიქარამ.

_ ჩვენ ბიმუშას ვეძებთ. ვასიკო პოლიციელის კლანჭებისგან უნდა დავიხსნათ. ჯადოსნური ბრინჯის მარცვალი გადავყლაპეთ და აი, აქ გავჩნდით.

შენ ხომ არაფერი იცი მასზე?

_ სულ ცოტა ხნის წინ ზღარბი-ქაცვია შემხვდა ტყეში. თქვენ ის ბავშვები ხართ, ვინც ბიმუშას ეძებს?

_ კი, ჩვენ ვართ! _ ამაყად მიუგო გიგიმ.

_ ბიმუშაზე ვერაფერს გეტყვით, ქაცვია კი, აი, ამ ბილიკს გაჰყვა, _ თვალებით ერთ-ერთი ბილიკისკენ მიანიშნა ბავშვებს, _ მაგრამ სანამ გზას განაგრძობდეთ, გთხოვთ დამეხმაროთ.

_ მაინც რაში უნდა დაგეხმაროთ? _ იკითხა ნიკუშამ.

_ ნუთუ ჩემზე ზღაპარი არ წაგიკითხავთ?

_ ახლა დავიწყე `წიქარას~ კითხვა. უკვე ვიცი, რომ ბოროტი დედინაცვალი ბიჭის გულ-ღვიძლის ჭამას მოინდომებს... _ უპასუხა გიგიმ წიქარას.  

_ დიახ, მართალია... უნდა შევაჩეროთ ბოროტი კაცი და ბიჭი გადავარჩინოთ.

სწორედ ამ დროს ბიჭის ფეხის ხმაც გაისმა.

დაღონებული ჩანდა _ მამამ ხომ უთხრა, წიქარა უნდა დავკლათო. ბიჭს წიქარა ძალიან უყვარდა. მის გარდა მეგობარი არავინ ჰყავდა და ამიტომაც იყო დაღონებული და გზას თავჩაქინდრული მოუყვებოდა. უცებ მისი ყურადღება მინდორში მოხტუნავე პატარა გოგონამ მიიქცია.

_ რა ლამაზი ხარ. ვინ ხარ? აქ საიდან გაჩნდი?

_ მე თიკა მქვია. აქ გიგისთან და ნიკუშასთან ერთად მოვედი, რომ სიკვდილისგან გიხსნათ. აი, ისინიც, _ თქვა თიკამ და ბიჭებისკენ ხელი გაიშვირა.

_ სიკვდილისგან უნდა მიხსნათ? მერე და ვინ მემუქრება სიკვდილით?

_ როგორ თუ ვინ? იცი, რა უთხრა შენმა დედინაცვალმა მამაშენს?

_ რა უთხრა?

_ მარტო შენი შვილის გულ-ღვიძლი თუ მომარჩენსო.

მამაშენი დანას წიქარას დასაკლავად კი არა, შენთვის ლესავდა.

_ ვაი ჩემს თავს, _ ატირდა ბიჭი.

_ ნუ დაღონდები. წიქარა შეგისვამს ზურგზე და სამშვიდობოს გაგიყვანს. ჩვენ კი ყველანაირად ვეცდებით შენს დახმარებას.

_ ეს ყველაფერი საიდან იცი? _ გაოცებული თვალები მიაშტერა გიგიმ დას.

_ დედა მიყვებოდა გუშინ ძილისწინ.

_ მერე რა მოხდა? _ დაინტერესდა ნიკუშაც.

_ თუ ყველაფერი გითხარით, რაღა გამოვა. მოდი, დავეხმაროთ წიქარას და იქნებ ბიმუშაზეც გავიგოთ რამე, _ დოინჯი შემოირტყა თიკამ და ბიჭებს ამაყად გადახედა.

_ ახლა როგორ მოვიქცეთ? _ გახალისდა მორიგი თავგადასავლის მოლოდინში ნიკუშა.

_ ახლა, ჩემო პატარა მეგობრებო, სალესი ქვა, ბოთლი წყალი და სავარცხელი გვჭირდება სასწრაფოდ. თქვენი გამბედაობის იმედი მაქვს. მანამდე ბიჭი ჩემთან დარჩება...

 

დამსხვრეული სარკე

 

დაღონებული და შეშინებული ბიჭი წიქარასთან დარჩა. იქვე ახლოს, ხის ფუღუროდან თავისი სანუკვარი ზღაპრების წიგნი ამოიღო და გადაშალა.

თან გზისკენ იყურებოდა _ გიგის, თიკას და ნიკუშას გამოჩენას გულისფანცქალით ელოდა...

ბავშვები ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ ბიჭის სახლს. სალესი ქვა, სავარცხელი და დედინაცვლის საწოლთან დადგმული ბოთლი წყალი როგორმე ხელში უნდა ჩაეგდოთ, მაგრამ ეს ადვილი საქმე როდი იყო.

სახლის წინ, კოცონზე დიდი ქვაბით წყალი დაედგათ. გალესილი დანებიც იქვე ეწყო, სალესი კი არსად ჩანდა. ნიკუშა ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფანჯარას, ფეხის ცერებზე დადგა და ოთახში შეიხედა. ბოროტი დედინაცვალი სარკის წინ იჯდა და თმას ივარცხნიდა.

_ სარკეო, სარკეო, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი? _ შესცინა ბოროტი ღიმილით სარკეს.

სარკე, თითქოს ცეცხლი წაეკიდაო, ალისფერი გახდა, ზედაპირზე ტუჩები ამოებურცა და ქალს მიმართა:

_ ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი შენ ხარ, თუმცა...

_ რა თუმცა?.. _ გაანჩხლდა ქალი.

_ ჯადოსნურ ქვეყანაში ერთმა პატარა გოგონამ შემოაღწია, რომელიც  ყველაზე, ყველაზე ლამაზია.

გოგონა შენი გერის დახსნას ცდილობს განსაცდელისგან.  ჩემო ქალბატონო, ფრთხილად იყავი. პატარა გოგონას თან ორი ბიჭიც ახლავს. ისინი აქ ჯადოსნური ბრინჯის მარცვლების დახმარებით მოხვდნენ. სავარცხელს, სალესს და წყალს გაუფრ...

სარკემ სათქმელი ბოლომდე ვერ დაასრულა. გაანჩხლებულმა ქალმა სარკე კედელს მიანარცხა და ნაკუწებად აქცია.

_ სავარცხელი... სალესი... ბოთლი წყალი...

_ საცოდავად ხრიალებდნენ სარკის ნატეხები, მაგრამ დედინაცვალს უკვე არაფერი ესმოდა. ღმუოდა, კვნესოდა და დასახმარებლად ქმარს უხმობდა. შემდეგ იქვე, მაგიდაზე სალესი დაინახა, ხელში აიღო და სარკის ნამსხვრევები კიდევ უფრო დააქუცმაცა.

ნიკუშა ფანჯარას მოსცილდა და ბუჩქნარში თიკასთან და გიგისთან დაბრუნდა.

_ რა მოხდა? ასე გააფთრებით ვინ ყვირის? _ იკითხა გიგიმ.

ნიკუშამ მათ სარკის ამბავი მოუთხრო. თიკა ძალიან შეშინდა და ტირილი მორთო.

_ წავიდეთ აქედან, დედასთან მინდაა...

_ ახლა გაგახსენდა დედა?! თვითონ არ წამოიწყე ეს ყველაფერი? _ შეუტია თიკას ძმამ.

_ მეშინია, სახლში მინდაა... _ არ ჩერდებოდა პატარა.

_ ჩუუ! ვიღაც მოდის, _ დაცქვიტა ყურები ნიკუშამ.

ბავშვები ბუჩქნარში ჩაიმალნენ. სახლს კი დაჩეხილი შეშით სავსე ურიკით კაცი მიუახლოვდა.

 

უჩინმაჩინად გადაქცევა

 

_ გაჩუმდი, თიკა, რა დროს ტირილია.. ხომ არ დაგავიწყდა, რატომ ვართ აქ? _ ისევ დატუქსა გიგიმ და.

_ არ დამავიწყდა, მაგრამ არ მინდა...

მეშინიაა, _ უმატარა ტირილს თიკამ.

_ ახლა რა ვქნათ?.. სავარცხელიც, სალესიც და ბოთლი წყალიც ხომ დედინაცვლის ოთახშია? _ დაღონდა გიგი.

_ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, სხვა გზა არ არის, _ მტკიცედ თქვა ნიკუშამ, ღრმად ამოიოხრა და თიკას მკაცრი თვალებით გადახედა.

_ არ მინდა აქ, არ მინდა, _ ისევ დაისლუკუნა პატარამ და თვალებიდან ცრემლები წასკდა. ერთი ცრემლი იქვე, ბალახის წვერზე დაეცა. ბალახის ღერმა უცებ ზრდა დაიწყო, ხედ გადაიქცა, გაიფურჩქნა, ბავშვების თვალწინ ტოტები გაშალა და რაღაც უცნაური, კოპლებიანი ნაყოფით დაიხუნძლა.

თიკა გამხიარულდა, დასწვდა წვნიან ნაყოფს და პირი ჩაიტკბარუნა. ბიჭებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ თიკა გაქრა.

_ უი, რა გემრიელია, _ ისმოდა თიკას წკრიალა ხმა, მაგრამ ახლა გიგიმ მორთო ღრიალი.

_ სად ხარ?..

_ აგერ ვარ, სად უნდა ვიყო? _ უპასუხა დამ.

სწორედ ამ დროს პატარა ხის ტოტი ალაპარაკდა.

_ ჩემი ნაყოფი ჯადოსნურია. იცით, რამდენი ხანი ველოდი ამ წუთს? ნაყოფი რომ გამომესხა, სწორედ ასეთი ლამაზი გოგონას ცრემლი უნდა დაცემულიყო ჩემს ტოტზე.

თიკა თქვენ გხედავთ, თქვენ კი ვერ ხედავთ მას, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ახლა დროა წიქარას დავალება შეასრულოთ. შემდეგ კი ჩემი ნაყოფით თიკამ ისევ უნდა ჩაიტკბარუნოს პირი, რომ თქვენს გვერდით გაჩნდეს.

_ ჩვენ რომ შევჭამოთ, ჩვენც უჩინარები გავხდებით? _ კითხვა დასვა გიგიმ.

_ არა, სამწუხაროდ, მხოლოდ თიკასთვის შემიძლია ამ სასწაულის გაკეთება, _ უპასუხა გიგის მოლაპარაკე ტოტმა.

_ ყველაფერი გასაგებია, _ მიმოავლო თვალები ნიკუშამ იქაურობას, ერთი ნაყოფი მოწყვიტა, ჯიბეში ჩაიდო და თიკას მიუბრუნდა: _ აბა, თიკ, შენ იცი, ვერავინ დაგინახავს, შეიპარე დედინაცვლის ოთახში და ფანჯრიდან მოგვაწოდე ბოთლი წყალი, სალესი და სავარცხელი...

_ აუ, რა მაგარია... მართლა არ ვჩანვარ?... აბა, ახლა რას ვაკეთებ? _ იკითხა თიკამ და ნიკუშას ლოყაზე უჩქმიტა.

_ ვაი, ვაი, მგონი კოღომ მიკბინა, _ მოისვა ხელი ნიკუშამ სახეზე.

_ ესე იგი, მართლა არ ვჩანვარ, _ გახალისდა თიკა, _ მე გიჩქმიტე მსუქან ლოყაზე.

_ თავი დაანებეთ სისულელეებს. დრო არ ითმენს. შევასრულოთ დავალება, _ თქვა გიგიმ და ნიკუშასთან ერთად ფეხაკრეფით სახლისკენ გასწია.

უჩინარი თიკაც მათ გვერდით იყო. შემოსკუპდა ფანჯარაზე და ორ წამში დედინაცვლის ოთახში აღმოჩნდა. ქალი ტახტზე მიწოლილიყო და ბოროტი კაცი გაბურძგნულ თმაზე ხელს უსვამდა.

_ გულ-ღვიძლი, ბიჭის გულ-ღვიძლი მინდა სასწრაფოდ... _ შფოთავდა ქალი.

_ აუცილებლად, აუცილებლად გექნება, _ აწყნარებდა კაცი.

თიკა უჩუმრად ჯერ წყლიან ბოთლს დასწვდა, სალესი და სავარცხელიც ჩაიდო ჯიბეში და ბიჭებს გადასცა. შემდეგ ფანჯრიდან გადმობობღდა, ნიკუშამ ჯადოსნური ხის ნაყოფი გაუწოდა, უჩინარმა სწრაფად გადასანსლა და ბიჭებს გვერდით ამოუდგა...

 

გამომშვიდობება

 

სამივენი რამდენიმე წუთში გაჩნდნენ ბიჭთან და წიქარასთან.

_ არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, _ სიხარულით ხტოდა ბიჭი.

_ კი მაგრამ, ახლა, როცა წყალი, სალესი და სავარცხელი გაქვთ, როგორ უშველით თავს? _ ჰკითხა ნიკუშამ წიქარას.

_ როცა წიქარას ზურგზე შემჯდარი ბიჭი უკან წყალს გადაასხამს, მათსა და ღორზე შემჯდარ ბოროტ კაცს შორის თვალუწვდენელი ზღვა გაჩნდება, _ ატიტინდა თიკა.

_ მერე? _ ისევ იკითხა ნიკუშამ.

_ მერე?..

მერე ბიჭი სავარცხელს გადააგდებს და მათ შორის უღრანი ტყე გაჩნდება...

_ მერე?

_ მერე ბიჭი სალესს გადააგდებს და უზარმაზარი მთები აღიმართება.

_ მერე? _ არ ჩერდებოდა ნიკუშაც.

_ მერე, ჩემო პატარა მეგობარო... მერე დედას თხოვე და მოგიყვება ყველაფერს. ახლა კი ჩვენი წასვლის დროა. მე და ბიჭმა ცხრა მთა და ცხრა გზა უნდა გადავიაროთ... _ თიკას მაგივრად წიქარამ გასცა პასუხი ნიკას და ბიჭი ზურგზე შეისვა. შემდეგ ისევ ბავშვებს მიუბრუნდა:

_ ამ ბილიკს ბოლომდე გაჰყევით.

იქ ნახავთ ქაცვიას.

წიქარა წასასვლელად გაემზადა, მაგრამ წამით ისევ შეჩერდა.

_ იცით, თქვენი გამბედაობით გაკვირვებულმა ნიანგმა ქაცვიას სიცოცხლე აჩუქა, თუმცა გააფრთხილა, რომ თუ ხმას ამოიღებდა, სიკვდილით დასჯიდა, _ თქვა ეს და ბიჭთან ერთად მოპირდაპირე მხარეს გაუყვა...

 

კვალში ჩადგომა

 

ქაცვიას ბავშვების დანახვა ძალიან გაეხარდა.

თავის ქაცვებში გაეხვია, ბურთივით დამრგვალდა და მათ შორიახლოს წინ და უკან დაიწყო გორაობა.

_ როგორ გვიხარია შენი ნახვა, როგორ გვიხარია, _ მის ბასრ ქაცვებზე წაპოტინება სცადა თიკამ, მაგრამ ძმამ განზრახვაზე ხელი ააღებინა, _ ხმას რატომ არ იღებს? _ გაუკვირდა თიკას.

_  დაგავიწყდა წიქარამ რა გვითხრა? თუ ხმას ამოიღებს, ნიანგი სიკვდილით დასჯისო. ესეც ჩვენი ბრალია. ახლა რა უნდა ვქნათ, როგორ გავიგებთ ბიმუშას ამბავს? _ დაღონდა ნიკუშა.

ქაცვიას გაეღიმა. მის ხელში უცებ ჯადოსნური ჯოხი გაჩნდა.

ერთი მოქნევით ბავშვების თვალწინ მინდორს წითელი ხალიჩა დაეფინა, ქაცვია ზედ წამოგორდა, შემდეგ ცისკენ მიაპყრო თვალები, კიდევ ერთხელ გაიქნია ჯოხი და ზევიდან ლივლივით ფურცელი ჩამოვარდა.

გიგი ფურცელს დასწვდა და ისევ გაუგებარი სიტყვები ამოიკითხა: `ეხმადარეთ თალმარ ცაკს~.

_ ახლა რაღას გვეტყვი ჭკუისკოლოფავ? _ მოუთმენლად ჰკითხა გიგის ნიკუშამ.

_ `დაეხმარეთ მართალ კაცს~, _ გვეუბნება მინიშნება.

ბავშვებმა ქაცვია იქვე დატოვეს და წინ გასწიეს. წარმოდგენა არ ჰქონდათ ვის ან როგორ უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ ერთ ადგილას აბა რა გააჩერებდათ. ჩასჭიდეს ხელი ერთმანეთს, ბილიკს გაჰყვნენ და უღრან ტყეში შევიდნენ...

უცებ მალე მათი ყურადღება რაღაც ხმამ მიიპყრო. უცნობი კაცი ბალახებში ჩამჯდარიყო და ხარბად ითვლიდა ფულს, თან მალულად იყურებოდა აქეთ-იქით. შემდეგ ზურგზე გუდა-ნაბადი აიკიდა და გზა განაგრძო. ბავშვები მის კვალს გაჰყვნენ.

_ იქნებ ბოროტი კაცია, რატომ მივყვებით უკან? _ შეშფოთდა თიკა.

_ და იქნებ სწორედ მისგან უნდა ვიხსნათ ვინმე, ამაზე არ ფიქრობ? _ გაუწყრა ნიკუშა.

_ მართალია.

უნდა გავყვეთ და ვნახოთ რას მოიმოქმედებს. ისეთი შესახედავია, კარგი კაცი არ უნდა იყოს.

 

სიმართლემ გაიმარჯვა

 

მალე უღრანი ტყე დამთავრდა და სოფელი გამოჩნდა. მგზავრი პირველივე სახლს მიადგა და კარზე სამჯერ დააკაკუნა. ბავშვები ჭიშკარს ამოფარებულები ადევნებდნენ თვალს. კაცი კი თითქოს ბრმა ყოფილიყოს, ისე იქცეოდა. ხელში ჯოხი ეჭირა და თვალები ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა.

_ შეხედე, ბრმას თამაშობს. დიდი გაიძვერა ვინმე ჩანს.

ნეტავ არავინ გაუღოს კარი, _ ჩურჩულით უთხრა ნიკამ თიკას და გიგის.

მეორე წამს კარი გაიღო და ჭაღარათმიანი, კეთილი სახე გამოჩნდა.

_ შემიფარე ბრმა კაცი, წყალი დამალევინე და ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ, _ ემუდარებოდა გაიძვერა აკანკალებული ხმით მასპინძელს.

_ მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა, ჩემო ბატონო, _ მიუგო მოხუცმა და კაცი სახლში შეიპატიჟა.

ცოლიც კეთილი ჰყავდა მოხუცს. სტუმარს წყალი დაალევინა, ვახშამი მოუმზადა, მტვრიანი ტანისამოსი გახადა, გაუწმინდა და საწოლიც გაუმზადა.

სახლის კედელს მიყრდნობილ ბავშვებს მალე ხვრინვაც მოესმათ.

_ მგონი დაეძინათ. აქ მთელი ღამე ხომ ვერ გავჩერდებით, წავიდეთ აქედან, _ თქვა გიგიმ.

_ დაგავიწყდა როგორი უღრანი ტყე გამოვიარეთ? ღამით იქ ფეხს როგორ შევდგამ. თან აქ, ალბათ, რაღაც მოხდება და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ხომ უნდა დავეხმაროთ? _ უპასუხა ნიკუშამ.

ბიჭებს საუბარი დამთავრებული არ ჰქონდათ, სახლის კარმა რომ გაიჭრაჭუნა და იქიდან `ბრმა კაცი~ ქურდულად გამოიძურწა. ახალი ტანისამოსი ეცვა. თავისი გუდა-ნაბადი მოიკიდა და გზას გაუყვა.

ბავშვები ისევ გაყვნენ მის კვალს.

ამასობაში გათენდა კიდეც.

როცა მასპინძელმა გაიღვიძა, ყველაფერს მიხვდა. იფიქრა, _ ქურდი ჯერ ისე შორს ვერ წავიდოდა, რომ ვერ დავეწიოო და გაეკიდა. მეზობელ სოფელში წამოეწია კიდეც.

_ როგორ არ გრცხვენია, შეგიფარე, წყალი დაგალევინე და მოგასვენე. დამიბრუნე ტანისამოსი. ასე როგორ მოიქეცი, _ შესძახა ქურდის დანახვაზე მოხუცმა.

თიკა, გიგი და ნიკუშა შორიდან ადევნებდნენ მათ თვალს. ცრუ კაცმა ღრიალი მორთო, _ ვინ ხარ, არ გიცნობ. ბრმა კაცი მივდივარ ჩემთვის გზაზე და შენ ცილს მწამებო.

ჩემი გაქურდვა გიდევს გულშიო, _ ყვიროდა ხმამაღლა. ხმაურზე ხალხმა მოიყარა თავი მათ გარშემო, ბრმა კაცი ძალიან შეეცოდათ და  მოხუცს ცემა დაუწყეს.

_ რას აკეთებთ, რას, _ წინ გადმოდგა ნაბიჯი ნიკუშამ, _ მოხუცი კაცი მართალია. მისია ეს ტანისამოსი.

ნიკუშასთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მოხუცი კაცი კი ცემისგან უკვე სულს ღაფავდა. თიკამ ტირილი მორთო.

_ მოიცათ, მოიცათ, _ ახლა გიგი ჩაერია, _ ეს ზოლებიანი სამოსი, თან ასეთი სუფთა, როგორ შეიძლება იყოს ამ მაწანწალა კაცის?

_ შენ ვისი ტიკიტომარა ხარ, მიწას არ ასცილებიხართ არც ერთი და უფროსების საქმეში კი ყოფთ ცხვირს, _ ეს ერთი და მეორეც, _ ეს ტანისამოსი ზოლებიანი კი არა, შავია.

ხალხი დადუმდა. ყველა მიხვდა, რომ მათ წინაშე უბრალო გაიძვერა იდგა და არა ბრმა კაცი. თავგადასავლების პატარა მაძიებლებს გამბედაობისთვის და გამჭრიახობისთვის მადლობა გადაუხადეს.

თიკამ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, წყლით დაასველა და მოხუც კაცს დასისხლიანებული სახე მობანა.

_ გმადლობთ, ყველაფრისთვის გმადლობთ, _ ჩიფჩიფებდა მოხუცი, _ თქვენ აქ საიდან გაჩნდით, ბავშვებო? რით გადაგიხადოთ სამაგიერო?

_ ჩვენ ბიმუშას ვეძებთ, _ უპასუხა ყველას მაგივრად ნიკუშამ, _ იქნებ იცით რამე მის შესახებ? ან ვასიკო პოლიციელი თუ გაგიგიათ?

_ ეჰ, სამწუხაროდ არაფერი ვიცი, მაგრამ მიგასწავლით იმ კლდეს, სადაც ერთი კაცი ცხოვრობს და დღედაღამ სალამურზე უკრავს. ყური დაუგდეთ და მისი სიმღერებიდან ბევრ რამეს შეიტყობთ...

 

 

ნაწილი IV

ნიკუშა ბაღში მიდის

 

_ არ მინდა, არ მინდა, არ წავალ, _ ვღნაოდი ბოლო ხმაზე, _ არ დამტოვო მარტო, _ ვეხვეწებოდი ირინას, მაგრამ არაფერმა გაჭრა.

_ აბა, დროზე გამოადგი ფეხი, ვინ იქცევა შენნაირად, _ დამტუქსა ირინამ და კიბეზე ძალით ამაფორთხიალა.

განა მარტო მე ვტიროდი, სხვებიც ღნაოდნენ. უცებ დერეფნის ბოლოდან გამკივანი ხმა შემომესმა.

_ რა უბედური ვარ, რა უბედური, _ განწირული ხმით ყვიროდა პატარა გოგონა.

ღია კარში ფეხებგაფარჩხული იდგა და ხელები კარის კიდეებისთვის ჩაეჭიდა, რომ დედას შიგნით ვერ შეეყვანა.

_ წესიერად მოიქეცი, ვინ იქცევა შენნაირად, _ დედამ ისიც დატუქსა.

ნეტავ რა ხდება იმ ოთახში? რატომ ყვირის ასე? არა, მე იქ არასდიდებით არ შევალ, _ გავიფიქრე და სანამ ირინა გონს მოვიდოდა, დავკარი ფეხი და გასასვლელი კარისკენ გავიქეცი.

_ დაიჭირეთ, დაიჭირეთ ის პატარა ონავარი, _ იყვირა წითელთმიანმა მსუქანმა ქალმა.

უცებ ჩემს წინ, რაღაც ქაღალდებით ხელში მეორე სქელი დეიდა გაჩნდა და იმ წამსვე ქეჩოში მტაცა ხელი. ზუსტად ისე დავიწყე ყვირილი და ზლუქუნი, როგორც იმ პატარა გოგონამ, მაგრამ არავის შევცოდებივარ. შემაბრძანეს მეც იმ ოთახში.

_ მშობლებს ვთხოვ, გარეთ დაგველოდონ, _ თქვა წითელთმიანმა დეიდამ მკაცრად და დედებს ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.

 

გაცნობა

 

იმ გოგონას მივუჯექი გვერდით, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ მაგალითი ავიღე.

მეგონა, ზლუქუნს აქაც გააგრძელებდა, მაგრამ ახლა თითქოს არაფერიო, უდარდელი გამომეტყველებით კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს ათვალიერებდა და პირში შოკოლადს იტენიდა. უკვე მესამედ ჩაიყო ჯიბეში ხელი, მორიგი შოკოლადის ამოსაღებად, როცა შემამჩნია.

_ გინდა? _ მკითხა ღიმილით და გამომიწოდა.

_ მინდა, _ ვუპასუხე მეც ღიმილით და ორ წამში გადავსანსლე გემრიელი შოკოლადი. _ რა გქვია?

_ მაკრინე. შენ?

_ ნიკუშა, _ გავეცანით ერთმანეთს.

_ დღეს პირველად მოხვედი, არა?

_ კი, პირველად. როგორ, შენ აქ ადრეც ყოფილხარ?

_ კი... რამდენიმე დღეა დავდივარ, მაგრამ საშინლად არ მომწონს აქაურობა.

რაღაც სულელურ ლექსებს გვიტენიან თავში. როცა თვითონ უნდათ, მაშინ უნდა იმღერო, როცა უნდათ, უნდა იცეკვო, როცა უნდათ, უნდა დაჯდე და როცა უნდათ, უნდა ადგე. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, _ ატიტინდა მაკრინე.

_ უბედური ამის გამო ხარ?

_ ჰო, ამის გამო.

_ და ყოველდღე ასე შემოდიხარ ამ ოთახში?

_ კი, ყოველდღე. ბოლოსდაბოლოს ხომ მობეზრდებათ დედასაც და ამასაც ჩემი აქ ყოფნა, _ ხელი მასწავლებლისკენ გაიშვირა, _ ვიცი, მობეზრდებათ და აი, მაშინ გავხდები ბედნიერი. მერე შემოვჯდები ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე და მე და მთვარე ერთად ვიმოგზაურებთ ზღაპარ-ქალაქში.

_ ზღაპარ-ქალაქში?

_ ჰო... იქ იმდენი საოცრება ხდება... აი, დიდი რომ გავიზრდები, მეც ვიპოვი კონკიასავით სამთავიან კაკალს და სამი ყველაზე სანუკვარი სურვილიც ამისრულდება.

_ იცი, მეც ვმოგზაურობ ჩემს ჯადოსნურ ქვეყანაში.

არავის უთხრა და ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, _ მივიწიე მისკენ და ყურში ჩავჩურჩულე, _ იქ ჯადოსნური ბრინჯის მარცვლები მამოგზაურებენ.

_ აბა, ყურადღებით მომისმინეთ, _ დაიყვირა წითელთმიანმა დეიდამ და როიალზე ჯოხი დააკაკუნა. _ მაკრინე, აქეთ გადმობრძანდი, _ ჩემი ახალი მეგობრისკენ გამოიშვირა ხელი.

_ მეც გადმოვალ, მის გვერდით მინდა, _ ვთქვი, მაგრამ მკაცრად მითხრეს, იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიჯექი.

_ იაუ, უაუ, იაუ, უაუ, დღეს სოფელში მივდივარ... იაუ, უაუ... _ ისეთი ხმა ამოუშვა წითელთმიანმა პირიდან, რომ სკამზე შევხტი.

_ აბა, ამყევით, _ მოაყოლა მკაცრად და ჩემი მეგობრისა და ჩემს გარდა ცხვრებივით აყვნენ მის ხმას ყველანი.

მაკრინეს თითებით ყურები ჰქონდა დაცობილი. ამის გამო წითელთმიანმა კუთხეში მიუჩინა ადგილი.

მე კი თავი დავდე მაგიდაზე. ჯიბიდან ამოვაძვრინე ბრინჯის მარცვალი, გავკვნიტე და…

 

შეხვედრა აპოლონთან

 

ბავშვები უღრან ტყეში შევიდნენ. უცებ ყური მოკრეს უცნაურ, ძალიან ნაღვლიან სიმღერას.

მიჰყვნენ ხმას და მალე კლდესთან აღმოჩნდნენ. თიკამ ყური მიადო ცივ ქვას.

_ ხმა კლდის შიგნიდან მოდის. მოუსმინეთ, _ უთხრა ბიჭებს, _ ახლა რა უნდა ვქნათ?

ნიკუშა კლდეს გარშემო უვლიდა, თიკა მინდვრის ყვავილებს კრეფდა, გიგი იქვე ქვის ლოდზე ჩამოჯდა, სერიოზული სახე მიიღო და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, თითქოს გონება გაუნათდაო, აი, რა თქვა:

_ აბა, დამეხმარეთ! ხედავთ, იქ, შუაში, კლდის მარჯვენა მხარეს, პატარა ტოტი რომ არის ამოსული. ვფიქრობ, ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ცხრა ნაბიჯი ჯერ მარჯვნივ, შემდეგ ზემოთ უნდა გადავთვალოთ.

_ კი მაგრამ, მარცხნივ და ქვემოთ რატომ არა? _ ეჭვით შეხედა ნიკუშამ.

_ იმიტომ, რომ მარცხნივ და ქვემოთ უკვე მიწაა, ჩვენ კი კლდეზე უნდა ვიპოვოთ რაიმე ნიშანი.

_ ეს ცხრა საიდან მოიტანე? _ მიუახლოვდა თიკა ბიჭებს და კამათში ჩაერია.

_ საიდან და... დედა მიყვებოდა ამას წინათ ცხრა კარზე... კლდეში იყო ის ცხრა კარიც და ყველა ასე იღებოდა _ მარჯვნივ და ზემოთ, _ შეეცადა თავისი ვარაუდის დასაბუთებას გიგი.

_ კარგი, კარგი. ფიქრისთვის სულ არ გვაქვს დიდი დრო.

ვნახოთ რა გამოგვივა, _ თქვა ნიკუშამ, კლდეზე ამოსულ პატარა ტოტს ყურადღებით დააკვირდა და თვლა დაიწყო, _ ერთი, ორი, სამი ოთხი, ხუთი, შვიდი ცხრა...

_ არა, ხუთის მერე ოთხია, _ შეეპასუხა თიკა, _ ხუთი, ოთხი, შვიდი, რვა და ცხრა...

_ მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, _ გაეღიმა გიგის და ახლა სამივემ ერთად დაიწყეს თვლა და წარმოსახვითი ნაბიჯების გადადგმა მარჯვნივ და ზემოთ...

_ ვხედავ, ვხედავ, შეხედეთ, პატარა ნაპრალია, კარს ჰგავს, _ აჭყლოპინდა თიკა.

_ ჰო... მეც ვხედავ, მაგრამ იქამდე როგორ ავალთ?.. არც თოკი გვაქვს და არც რაიმე მსგავსი, ასვლაში რომ გამოგვადგეს, _ დაღონდა ნიკუშა.

უცებ პატარა ტოტმა მათ თვალწინ ზრდა დაიწყო, განიტოტა, ფოთლები მოისხა, მიწამდე ჩამოაღწია, შემდეგ ფრთხილად შემოეხვია თიკას წელზე, ჰაერში აიტაცა და ნაპრალთან დასვა. ასევე მოექცა ბიჭებსაც. ნაპრალი გაფართოვდა, კლდე ორად გაიყო და მათ თვალწინ ყვავილებით მოფენილი გზა გამოჩნდა. გზის ბოლოს, ფეხმორთხმით, სალამურით ხელში უცნობი მამაკაცი იჯდა და გარშემო ჯადოსნურ ხმებს აფრქვევდა.

_ რა საოცარი ხმებია.

ვინ ხარ? _ მიუახლოვდა უცნობს თიკა.

_ აპოლონი.

_ ვინ?

_ მუსიკის ღმერთი _ აპოლონი.

_ მერე და ამ კლდეში რა გინდა? აქ საიდან გაჩნდი? _ ახლა ნიკუშამ ჰკითხა.

_ მომბეზრდა ჩემიანების გაუთავებელი ჩხუბი... აქ მათ გამოვექეცი.

_ შენიანები სად არიან? _ დაინტერესდა გიგი.

_ ოლიმპოს მთაზე აქვთ საცხოვრებელი.

_ ააა... ჰო... კი მაგრამ, მარტო ყოფნა არ გბეზრდება?

_ არა, მარტო რატომ ვარ. ჩემი სალამური ხომ თან მაქვს.

_ კი მაგრამ, სალამურმა რომ ლაპარაკი არ იცის? _ გაოცდა ნიკუშა.

_ ჩემს ხელში ყველაფერი შეუძლია, _ გაეღიმა აპოლონს, _ ჩვენ ერთად ვუმღერით გარშემო ყველაფერს. ვისაც რაიმეს გაგება სურს, ყველა აქ იყრის თავს. თუმცა, ბოროტ ადამიანებზე ეს არ ვრცელდება.

მათ სამუდამოდ აქვთ დახშული ყურები და ვერაფერს გაიგებენ ჩვენგან... თქვენ კი... ვიცი, რომ კეთილი საქმე გააკეთეთ და სიკვდილისგან რომ იხსენით, იმ მოხუცმა ბერიკაცმა მოგასწავლათ ჩემსკენ გზა...

_ ეს საიდანღა გაიგე? _ გაუფართოვდა თიკას თვალები.

_ ჩიტმა მომიტანა ამბავი, _ გაეღიმა აპოლონს.

_ რომელმა ჩიტმა?

_ აი, ამან, _ გაიშვირა ხელი მუსიკის ღმერთმა კლდის თავზე შემოსკუპებული ჩიტისკენ ხელი.

იმავე წამს ჩიტი აპოლონის მხარზე მოკალათდა.

ნიკუშას ეჭვმა გადაურბინა სახეზე და შემდეგ აპოლონს გადახედა.

_ დავუშვათ, რომ მართლა მუსიკის ღმერთი ხარ...

ისიც დავუშვათ, რომ ჩიტების ენა გესმის. დავიჯეროთ, ისიც იცით, ჯადოსნურ ქვეყანაში რატომ ვმოგზაურობთ?

პასუხის ნაცვლად აპოლონი სალამურს დასწვდა და მეორე წუთს მომაჯადოვებელი ხმა ისევ გაისმა:

გზა ჯერ კიდევ წინ გაქვთ

ცხრა ზღვას გადაცურავთ

ცხრა მთას გადალახავთ

ცხრა ქარიშხალს ნახავთ

ცხრა მიდამოს იქით

ცხრა ფანჯარას გახსნით

ცხრაჯერ ატეხთ კაკუნს

ცხრაჯერ გაიღება კარი

იქ კი გელოდებათ ბიმი...

თქვენი პატარა ძაღლი...

_ გამოდის, რომ შენ ქაცვიას ადგილსამყოფელიც იცი, _ გაუხარდა ნიკუშას.

მუსიკის ღმერთმა ჩონგური გვერდზე გადადო და ბავშვებს მიუბრუნდა.

_ სულ მარჯვნივ იარეთ. თან უნდა იჩქაროთ.

მზის ჩასვლამდე უნდა მიაღწიოთ იმ ადგილს, სადაც ფუღუროიანი ხე დგას. ფუღუროში კი ის სამთავიანი ჯადოსნური კაკალიც გელოდებათ, შენ რომ დამალე, _ მიუბრუნდა ნიკუშას, _ ოღონდ გახსოვდეს, რომ ჯადოსნურ კაკლებს სასწაულის მოხდენა მხოლოდ ადგილზე შეუძლია. მისი დახმარებით ბიმუშას დაბრუნებას ვერ შეძლებთ, თუმცა მის საძებნელად მიმავალ გზაზე სამი სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ... მხოლოდ სამი... დაიმახსოვრეთ ეს კარგად და სანამ რამეს თხოვდეთ კაკალს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ... აბა იჩქარეთ, ქაცვია ხის ქვეშ უკვე გელოდებათ...

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მეჩონგურეს და დაემშვიდობნენ.

ხის ტოტმა ისინი ისევ მიწაზე ჩამოსვა...

 

დასჯის მოლოდინში

 

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს იაუ, უაუ...  თვალი რომ გავახილე, მაკრინე ისევ კუთხეში იდგა.

_ ორი წუთით გავდივარ. ისეთი სიჩუმე უნდა იყოს, რომ ბუზის გაფრენა ისმოდეს ოთახში, _ დაგვიბარა წითელთმიანმა მასწავლებელმა და გარეთ გავიდა.

ჩემი მეგობარი სწრაფად მოსწყდა კუთხეს, კედელთან სკამი მიიდგა, ზედ შედგა და კედელზე დაკიდებულ სურათს ორი ჭიკარტი მოხსნა. აი, ახლა მივხვდი, სურათებს რატომაც ათვალიერებდა ასეთი დაკვირვებით. ძალიან გავხალისდი. შემდეგ როიალთან მიირბინა და ჭიკარტები დადო მასწავლებლის სკამზე. ნეტავ ახლა რა მოხდება? _ გავიფიქრე და მასწავლებელიც იმ წუთას შემოვიდა ოთახში. ისეთი სიჩუმე იყო, მართლაც გაიგონებდით ბუზის გაფრენას.

_ კარგია.

ზუსტად ასეთი სიჩუმეა საჭირო, _ გაიღიმა და როიალის სკამზე დაჯდა.

იმავე წამს ფანჯრები ააზანზარა გამაყრუებელმა ყვირილმა, შეშინებული მშობლებიც შემოცვივდნენ ოთახში.

_ ვინ ქნა ეს, ვინ გაბედა, ახლავე მითხარით, _ ყვიროდა გამწარებული მასწავლებელი.

ძლივს ვიკავებდი სიცილს. მაკრინეს გავხედე. ისიც ჩემს დღეში იყო. მასწავლებელი კი ისე აბაკუნებდა ფეხებს და ისეთი სისწრაფით დადიოდა წინ და უკან, რომ იმის შიშით, რომ ხელში არ მოვხვედროდით, ერთ კუთხეში მოვიყარეთ ყველამ თავი. რა ეშველება ახლა მაკრინეს? _ გავიფიქრე და ჩემს გვერდით ერთი პატარა ბიჭი აზლუქუნდა.

_ მეშინია, ყველას დაგვსჯის, დაგვიწელავენ ყურებს, _ აგრძელებდა ტირილს თავჩაღუნული და ყურებზე ხელებმიფარებული. შემდეგ თავი ასწია და მაკრინესკენ გაიშვირა ხელი: _ აი, ამან, ამან დადო ჭიკარტები სკამზე.

გაცეცხლებული მასწავლებელი მაკრინესკენ დაიძრა.

არ ვიცი, რა ძალამ მათქმევინა ეს სიტყვები, მაგრამ წინ გადმოვდგი ნაბიჯი და ხმამაღლა განვაცხადე, რომ ჭიკარტები მე დავდე თქვენს სკამზე და ყველაფერი ჩემი ბრალია-მეთქი. წითელთმიანი ჯერ დაიბნა, შემდეგ ისევ ყვირილი მორთო.

_ გაეთრიეთ აქედან ყველანი, არ დამენახოთ არცერთი. ოცდაათი წელია ამ ბაღში ვმუშაობ და ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. როგორ ზრდით ამ ბავშვებს, გრცხვენოდეთ, გრცხვენოდეთ, _ მიუბრუნდა მშობლებს.

ბოლოს კარი გააღო და გარეთ გავარდა. შორიდან მომესმა მისი ხმა.

_ ხვალიდან იმ ორი საძაგელი ბავშვის ფეხი არ ვნახო აქ, _ უბრძანა მეორე სქელ დეიდას და გაუჩინარდა.

...

_ კაცურად მოქცეულხარ, _ მამიკომ დედიკოსგან უჩუმრად მომიწონა საქციელი, _ მაგრამ ასე არ უნდა მოექცე მასწავლებელს არასდროს, გასაგებია?

_ გასაგებია, _ გავუღიმე მეც კოტეს და თვალი ჩავუკარი.

აი, ესეც შენი ბაღი.

მგონი გაუქრათ მშობლებს ჩემი ბაღში ტარების სურვილი. ყოველ შემთხვევაში, ცოტახნით მაინც ვარ წითელთმიანი მსუქანა დეიდებისგან თავისუფალი. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული _ მაკრინეს რომ ვერ ვნახავ ვერასდროს, თუმცა რა ვიცი...

 

ნაწილი V

 

ნიკუშა პირველად მიდის ეკლესიაში

 

დედას ეკლესიაში მივყავარ. უნდა მაზიაროს. ეგ რა არის-მეთქი, ვკითხე. დიდი რომ გაიზრდები, გაიგებო. მერე განაგრძო _ ღვინოს დაგალევინებენ და პურს გაჭმევენო.

კი მაგრამ ბაბუკას ღვინის მეტი რა აქვს სახლში და თან რასაც მოვისურვებ ის ყველაფერიც ხომ მაქვს და მაქვს, რატომ უნდა წავიდე ეკლესიაში, თან მხოლოდ ღვინის დასალევად და პურის საჭმელად, ვერაფრით ვხვდები.

მოკლედ, მაინც წავედით.

_ ეს ხალხი ეკლესიაში იმიტომ დადის, რომ ისადილონ? _ ვეკითხები ირინას უკვე შიგნით შესული, _ ამდენ ხალხს არა აქვს სახლში ღვინო და პური?

_ ჩუუ, მოუსმინე, _ მაჩუმებს ირინა და კუთხეში მდგარი მომღერალი თავწაკრული ქალებისკენ იშვერს ხელს. შემდეგ ვიღაც წვერებიან კაცს უღიმის. შემდეგ ისევ მე მეჩურჩულება.

_ რაც გასწავლე, ხომ გახსოვს?

`მამაო ჩვენოს~ გულისხმობს, ანთებულ სანთელს მაწვდის და კედელზე ჩამოკიდებულ რომელიღაც ნახატთან ხელით მაჩერებს.

_ აქ დადექი და რაც გასწავლე, ის თქვი.

სამი თითით პირჯვარს ვიწერ და ბორძიკით ვიწყებ `მამაო ჩვენოს~. ირინა ყველა წინადადების პირველ სიტყვას მახსენებს. მე შეუცდომლად ვასრულებ.

_ ახლა, სულ მალე ამ წვერებიან ბიძიას მოუყვები შენი ცელქობის ამბავს, მოუსმენ მის დარიგებებს და მერე მოგცემენ ღვინოს და პურს, გასაგებია? _ ისევ მეჩურჩულება ირინა.

_ გასაგებია, _ ვპასუხობ და ანთებულ სანთელს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ვაქანავებ. იცით რატომ?..

ჩემს გვერდით ვიღაც დეიდას ძალიან ლამაზი, ვარდისფერი ფეხსაცმელები აცვია და სანთლის ნაღვენთით მინდა დავუწინწკლო. ვახერხებ და კმაყოფილი ვარ. ტყლუპ! _ ერთი წვეთი შიშველ კანზე ეცემა უცნობ დეიდას. ისე შეკუნტრუშდა, პატარა გოგონა გეგონებოდათ. ვსკდები სიცილით, თან შეპარვით ვიყურები ირინასკენ, მერე წვერებიანი ბიძიასკენ. ირინა სულაც არ არის სიცილის ხასიათზე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, წვერებიანი ბიძია იღიმის.

_ უკაცრავად, _ მოუბოდიშა ირინამ უცნობ დეიდას ჩემს მაგივრად და მერე მე მომიბრუნდა, _ მოისვენე და მოუსმინე.

 

ანთებული სანთელი წამართვეს და სხვა კუთხისკენ წამათრიეს.

წვერებიანი ბიძია კი შემაღლებული ადგილიდან ისევ განაგრძობს დევის ხმით სიმღერა-ლაპარაკს და თან ულვაშებში ისევ ეღიმება. სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორიც თავიდან მომეჩვენა. არადა, რომ იცოდეთ, როგორ მეშინია წვერებიანი ბიძიების. ერთხელ, _ ოღონდ ამან კი არა, სხვამ (მაშინ სულ პატარა ვიყავი), _  წყალში ისე ჩამაყურყუმელავა, მეგონა ჩემი დახრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი. საშინელი ღრიალი ავტეხე და სანამ ცეკვა-სიმღერა და ტაშ-ფანდური არ გამართეს ჩემმა ნათლიებმა (ოთხი მყავს), მანამდე არ გავჩერებულვარ... ეს წვერებიანი ბიძია კი იმ მეორეს სულაც არ ჰგავს, იღიმება და უფრო კეთილი სახე აქვს, მაგრამ რა ვიცი, ვენდო?.. ამას ვფიქრობდი, როცა თავად მოგვიახლოვდა.

_ ხომ კარგად იქცევი, ხომ უჯერებ დედას და მამას? _ მკითხა და თავზე ხელი გადამისვა.

_ კი, ხანდახან ვუჯერებ, ხანდახან არ ვუჯერებ, ხანდახან ვერ ვუჯერებ-მეთქი, _ ვუპასუხე.

_ ჯერ პატარა ხარ, მათ უნდა დაუჯერო, მერე შეიძლება ისეთი დრო მოვიდეს, _ პირიქით, შენ რომ დაგიჯერონ, _ მითხრა, ისევ გაიღიმა და პატარა თასიდან წითელი ღვინო დამალევინა.

მერე პატარა, სულ პატარა _ ხელისგულზე რომ დამეტია ისეთი _ მრგვალი პურიც მომცა.

პურიც და ღვინოც ძალიან გემრიელი მეჩვენა.

ეკლესიიდან გამოვედით.

ერთი პატარა ბიჭი კიბეზე თავჩაღუნული იჯდა, ძალიან მოწყენილი იყო, ხმას არ იღებდა. წინ, ფეხებთან ქუდი ედო. ყველა გამვლელ-გამომვლელი ქუდში ხურდას უყრიდა. ირინამ მეც მომცა ორი ხურდა და _ მიდი შენც დაეხმარეო _ მითხრა. ახლოს მივედი, მაგრამ ქუდში რომ ჩავიხედე, ჩემს ხურდებს ხელი კარგად მოვუჭირე, ჯიბეში გავაქანე და ირინასკენ გავტრიალდი.

_ ასე რატომ მოიქეცი? _ გამიწყრა ირინა.

_ როგორ თუ რატომ!..

იმ ბიჭს ქუდი სავსე აქვს ხურდებით, მე კიდევ სულ ორი ცალი მაქვს, დიახაც, ძუნწი ვარ, ძუნწი, _ შევხედე უკმაყოფილოდ.

_ იმ პატარას შეიძლება არავინ ყავს. მთელ დღეს ქუჩაში ატარებს, რომ პური იყიდოს. ან შეიძლება დედა ყავს ავად და მისთვის წამალი სჭირდება, _ მისაყვედურა ირინამ.

ცრემლები მომერია. მე ყველაფერი მაქვს რაც მომესურვება, მას კი _ არაფერი. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში. მოვბრუნდი უკან, ჯიბიდან ერთი ხურდა ამოვიღე და ბიჭს ქუდში ჩავუგდე, მეორე ჯიბეში ჩავიტოვე და ისევ ირინასთან მივირბინე.

_ დე, დედიკო, გთხოვ რა, ორი ერთნაირი ყულაბა მიყიდე?

_ რად გინდა. ყულაბა ხომ გაქვს?

_ კი, მაგრამ იმ ყულაბაში ხომ `თქვენ ფულებს~ მიყრით.

ეს ორი ყულაბა კიდევ... აი, რა მოვიფიქრე, _ შევხედე ირინას, _  თუ ყოველდღე ორ-ორ ხურდას მომცემ, ერთს ამ პატარა ბიჭისთვის ჩავაგდებ ერთ ყულაბაში, მეორეს, ჩემთვის _ მეორე ყულაბაში.

_ ჰმ, კარგად მოგიფიქრებია? _ ჩაეღიმა ირინას და გულში ჩამიკრა...

...

არ ვიცი, მერე თუ მომიწევს იმ ბიჭზე ლაპარაკი. ამიტომ, აქვე, ახლავე ვიტყვი. კეთილ ბიძიებს ის ისეთ სახლში წაუყვანიათ, სადაც ბევრი ბავშვია, სადაც უამრავი სათამაშოა, სადაც პურსაც აჭმევენ და კანფეტებსაც. _ იქ სიყვარული და სითბო არ მოაკლდებაო, _ ასე მითხრა ირინამ.

მე კი მისთვის ფულს მის ყულაბაში ისევ ვაგროვებ. მისი სახელიც არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ ოდესმე შემხვდა, თავის ყულაბას აუცილებლად გადავცემ...

ახლა?.. ახლა უკვე ღამეა და ვემზადები ჯადოსნურ ქვეყანაში წასასვლელად. ბრინჯის მარცვალს ვყლაპავ, თვალებს ვხუჭავ. ორი წუთიც და...

 

ალისფერი გზამკვლევი

 

ბილიკს სულ მარჯვნივ მიუყვებოდნენ... მზე უკვე კლდეებს ეფარებოდა, როცა უშველებელი ხე დაინახეს.

_ მგონი აქ ადრეც ვყოფილვართ, _ უცებ თვალები გაუბრწყინდა ნიკუშას, _ კი, კი, ეს სწორედ ის ადგილია, ციყვები კაკლით რომ გაგვიმასპინძლდნენ და ზუსტად ის ხე, სამთავიანი ჯადოსნური კაკალი რომ დავმალე... აგერ ქაცვიაც...

 

დოინჯშემორტყმული ქაცვია წინ და უკან ხის ძირას მიწას ტკეპნიდა. ბავშვების დანახვაზე ბურთივით დამრგვალდა და მათ ფეხებთან დაიწყო გორაობა. მერე სადღაც გაუჩინარდა და უკან ქაცვებზე მიმაგრებული უშველებელი ალისფერი ძაფის გორგალით დაბრუნდა, თან განუყრელ ჯოხს მოაქანავებდა. ხმას ისევ არ იღებდა.

_ დროზე, დროზე გვითხარი ახლა რა უნდა ვქნათ... ეს გორგალი რაღად გინდა? _ ვერ ისვენებდა თიკა.

ქაცვიამაც არ დააყოვნა. ჯოხი ჰაერში აათამაშა და მონარნარე ფურცელიც იმ წამს ციდან ჩამოფარფატდა. როგორც ყოველთვის, ახლაც პირველი გიგი დასწვდა ქაღალდს და ხმამაღლა წაიკითხა: `ეთმისდი ფაძის რგაგოლს~...

სულ ცოტა დრო დასჭირდა გიგის ამ სიტყვების ამოსახსნელად. `მისდიეთ ძაფის გორგალს...~ _ თქვა მშვიდად და გორგალიც იმავ წამს მათ თვალწინ კუნტრუშს მოჰყვა, შემდეგ დაბზრიალდა, ფუღუროიან ხეს გარშემო შემოურბინა, ნასკვი გაიკეთა და ბუჩქებში გაუჩინარდა. ბავშვები ხანდახან კარგავდნენ მხედველობიდან მოხტუნავე ბურთს, მაგრამ ალისფრად დატოვებულ კვალს ისინი მითითებულ მხარეს უშეცდომოდ მიჰყავდა... მალე მისი დანახვა შეუძლებელი გახდა. ჩამობნელდა. ახლა მხოლოდ ხელის შეხებით თუ გრძნობდნენ ბავშვები, ძაფი რომელ მხარეს იჭიმებოდა და საით უხვევდა. უჭირდათ გზის გაკვლევა და არც ის იცოდნენ, ეს გზა სად მიიყვანდათ.

მაგრამ ბიმუშას პოვნის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გაბედულად მიიწევდნენ წინ და არც ეკლიანი ბუჩქებისგან დაკაწრული ფეხები ადარდებდათ... თიკა ოდნავ მოშორებით მიჰყვებოდა ბიჭებს. ხელი ხის ტოტზე მოუხვდა და რაღაც რბილს და სურნელოვანს შეეხო.

_ ერთი წამით მოიცადეთ, რაღაც ვიპოვე, მგონი საჭმელად გამოდგება, _ გასძახა ბიჭებს.

გიგი და ნიკუშა სწრაფად გაჩნდნენ მასთან. ხელისცეცებით სამი ატმისხელა ნაყოფი იპოვეს ტოტზე. ხის სხვა ტოტებს არაფერი ესხა. ერთ ხელში ალისფერი `მოძრავი ძაფით~, ხოლო მეორეში ჩაბღუჯული წვნიანი ნაყოფით ისევ განაგრძეს გზა. მოშიებულები გემრიელად ილუკმებოდნენ.

_ უფ, რა გემრიელი იყო? უცხო გემო ჰქონდა, მაგრამ მგონი სადღაც გამისინჯავს, _ გააწკლაპუნა ბოლო გემრიელი ლუკმა თიკამ და გაუჩინარდა...

წამით შემობრუნებულმა გიგიმ თიკა რომ ვერ დაინახა, ყვირილი მორთო.

_ რა გაყვირებს? აქ ვარ.

_ აუფ, მგონი ეს ის ნაყოფია, წიქარას პატარა მეგობრის გადარჩენაში რომ დაგვეხმარა...

_ ჰო, ჰო, გამახსენდა, სწორედ იმის გემო ჰქონდა, _ უპასუხა თიკამ მხიარულად.

_ ნეტავ ვიცოდე, ასეთი მხიარული რატომ ხარ.

 

იმ ხეს რაც ესხა სულ შევჭამეთ და ახლა უჩინმაჩინად მოგიწევს ყოფნა, _ მიმართა გიგიმ  გამხიარულებულ დას.

_ არ მინდა, არ მინდა უჩინმაჩინობა! _ ტირილი მორთო თიკამ.

_ ტირილით ვერაფერს უშველი. სჯობს ჩვენს გევრდით იყო. ახლა უკან დავბრუნდებით და იქნებ ვიპოვოთ ხეზე კიდევ ერთი ნაყოფი, _ დაამშვიდა ძმამ.

_ არსადაც არ დავბრუნდებით, _ გაცხარდა ნიკუშა, _ გორგალი დაგავიწყდა?.. მივსდიოთ ბოლომდე. იქნებ თიკას `გაუჩინარება~ რაღაცაში დაგვეხმაროს კიდეც. ხომ გახსოვთ, მაშინ დედინაცვლის ოთახში რაც მოხდა.

თუ იმ ხეზე ნაყოფი არ აღმოჩნდა, სამთავიანი ჯადოსნური კაკალი ხომ გვაქვს? ერთი ჩაფიქრება, თავს უკან გადაგდება და ჰოპლა! _ თიკა ჩვენს გვერდით გაჩნდება.

_ კარგი, კარგი, თანახმა ვარ... მე რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ, _ გაისმა ამაყად ნათქვამი ხმა, რომელსაც კისკისი მოჰყვა...  

თიკა ხან ნიკუშას, ხან გიგის ჩქმეტდა და ისევ კისკისებდა.

_ მორჩი სისულელეებს, _ დატუქსა გიგიმ.

 

ბეკეკას გათავისუფლება

 

დარჩენილი გზა ჩუმად გაიარეს. მალე ოჩოფეხებზე მდგარი პატარა ქოხი გამოჩნდა და ძაფის გორგალიც დამთავდა. ქოხის პატარა სარკმლიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა, საკვამურიდან _ კვამლი. ბიჭებმა ფრთხილად შეიხედეს შიგნით. ფეხისწვერებზე აწეულებმა თავიდან მხოლოდ საშინელი შესახედაობის დედაბერს მოჰკრეს თვალი. ზურგით იდგა და შუაცეცხლზე დადგმულ ქვაბში მარილს ყრიდა.

მერე კუთხეში თოკით დაბმული პატარა ბეკეკა შეამჩნიეს. ბეე... ბეე... შემოანათა ბიჭებს ლამაზი თვალები საცოდავმა. დედაბერმაც გაიხედა მისკენ და შემდეგ სარკმლისკენ. ბავშვები სწრაფად მიეფარნენ კედელს. ბეე...

ბეე... არ ჩერდებოდა პატარა ბეკეკა. ალბათ, შველას ითხოვდა...

_ საწყალი... მგონი მოხარშვას უპირებს ეს დედაბერი, _ ჩასჩურჩულა გიგიმ ნიკუშას.

_ ჰო... ახლა თიკა გვჭირდება. თიკა... თიკა...

სად ხარ? _ მიმოიხედა ნიკუშამ.

თიკა ხმას არ იღებდა. ბიჭები ძალიან შეშინდნენ.

_ აქ ვარ, აქ... _ გაისმა ჩურჩული ქოხიდან.

_ თიკ, მანდ რას აკეთებ? _ უპასუხა ნიკუშამ და ისევ ფეხისწვერებზე დადგა, სარკმელს რომ მისწვდომოდა. დედაბერი ჯამში რაღაც ბალახებს ყრიდა და გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა. თიკა, რა თქმა უნდა, არსად ჩანდა, მაგრამ ბეკეკას ყელზე თოკი ნელ-ნელა იხსნებოდა და ბიჭები ყველაფერს მიხვდნენ.

_ თიკ, თიკ, არ ქნა ეგ, მოდი, ჯერ შევთანხმდეთ, _ ისევ შეეხმიანა ჩურჩულით ნიკუშა და კედელს მიეყრდნო, რომ მოტრიალებულ დედაბერს არ შეემჩნია.

ბიჭებმა და უჩინარმა თიკამ მოითათბირეს და აი, რა მოხდა:

_ ბეე... ბეე... _ ეს თიკა გამოსცემდა ამ ხმებს.

დედაბერი კარისკენ შემოტრიალდა და გააღო.

უჩინარ ხმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა. თან ბუტბუტებდა თავისთვის _ ერთს ორი სჯობს... ნეტავ აქ საიდან გაჩნდა ასეთი ტკბილი ლუკმა?.. როცა საკმაო მანძილით მოშორდა ქოხს, ბიჭები ქოხში შევიდნენ, ბეკეკას თოკი მოხსნეს და თიკას მოლოდინში დედაბრის მსხვერპლთან ერთად ბუჩქებში გაინაბნენ. შორიდან ისმოდა დედაბრის გაბრაზებული ხმა და ტოტების ტყლაშა-ტყლუში. ბოლოს, როგორც ჩანს, კუდიანს მობეზრდა უხილავი ბეკეკას დევნა და უკან დაბრუნდა. მაგრამ ქოხში ბეკეკა აღარ დახვდა და გაბრაზებულმა კედლებს დაუწყო ჩხუბი...

ბავშვებმა ცოტაც შეიცადეს ქოხის მახლობლად და მკრთალად ირიჟრაჟა კიდეც.

გზამკვლევი _ ალისფერი ძაფი _ ბუჩქებს შორის უკვე მოჩანდა და ბიჭებიც ბეკეკასთან ერთად სწრაფად დაადგნენ ფუღუროიანი ხისკენ მიმავალ გზას. უჩინარი თიკაც თან მიჰყვებოდათ. დროდადრო მხოლოდ მისი და ბეკეკას ხმა ისმოდა...

ქაცვია ისევ ხესთან ელოდათ. ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით, ალისფერი გზამკვლევი კვლავ დაიგორგლა და ქაცვიასთან ერთად გაქრა. შემდეგ ნიკუშა ფუღუროში შეძვრა. სამთავიან კაკალს ერთი მარცვალი მოამტვრია, თვალები დახუჭა, თავს ზემოთ გადაიგდო და თიკაც მეორე წამს ბიჭების გვერდით გაჩნდა...

 

ეკა თავის ბავშვობას იხსენებს

 

_ არ მეძინება, არ მეძინება, არ მეძინება, დიდი ვარ უკვე, _ დავრბივარ ოთახიდან ოთახში.

_ შენი ძილის დროა, _ მიმეორებს ეკა უკვე მეასედ.

_ შენი ძილის დრო რატომ არ არის, ვითომ?

პასუხი ისევ ისეთია, როგორც ყოველთვის, _ მე დიდი ვარ!

მაინც არ ვეშვები.

_ გახსოვს, ერთხელ რომ მითხარი, მეც ვიყავი შენხელაო.

აი, მაშინ რას აკეთებდი? _ ავაცოცდი მუხლებზე.

_ კი, გითხარი... ისიც გითხარი, შენც გახდები ჩემხელა-მეთქი, _ მპასუხობს.

_ მერე?

_ რა მერე? დიდი რომ გახდები, მაშინ დაიძინებ, როცა მოგინდება. ახლა კი...

_ ახლა კი... _ შევაწყვეტინე, _ გთხოვ, აი, ჩემხელა რომ იყავი, შენ როგორი იყავი და რას აკეთებდი, ის მომიყევი.

_ კარგი, ერთი პირობით... მერე უთქმელად ჩაწვები ლოგინში და დაიძინებ.

_ ჰო, კარგი, კარგი, _ ლოყაზე ვკოცნი და ვიტრუნები.

_ შენხელა, ან შენზე ცოტათი უფროსი ვიყავი მაშინ. ძილი მეც არ მინდოდა შენსავით. ჰოდა, აი, რა გავაკეთე: შუშაბანდში გავედი, ჩუმად ავიღე თეთრეულის დასანამი ბოთლი, ავძვერი როიალზე და შიგ ჩასხმული წყალი მთლიანად მივასხურე ყვითლად შეღებილი კედლის კიდეებს.

მერე ჩამოვხტი და მამასთან მივირბინე _ მგონი მეზობელმა წყალი ჩამოგვიშვა-მეთქი. ორი კვირით ადრე ჩვენგან ჩაუვიდა წყალი ქვედა მეზობელს. მახსოვს, გაგიჟებული ამოვარდა კაცი _ რემონტი ახალი გაკეთებული მქონდაო. მამამ გაუკეთა ყველაფერი თავიდან. ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ეს ჩემი მორიგი ცელქობა-ხუმრობა იყო. დასველებული კედლებისთვის წესიერად არც შეუხედავს, ისე გაიქცა ზედა მეზობლისკენ. ორ წუთში კი დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა სველ კედელს ორი ზრდასრული მამაკაცი.

კედელი თითქმის გაშრა, მაგრამ საშინელი ლაქები დარჩა. აი, მაშინ კი ცოტა შემეშინდა _ ვიფიქრე, ახლა კი გამჟღავნდება ყველაფერი და მაგრადაც გავიტყიპები-მეთქი და თავის დასაცავად ის სიტყვები გამოვიყენე, მამა ხშირად რომ მიმეორებდა.

_ მაინც რა? _ ვერ მოვითმინე და ვიდრე თხრობას გააგრძელებდა, მანამდე ვკითხე.

_ რა და, შენი მოსატყუებელი კბილი, დიდი ხანია ამოვიღეო, _ ასე მეუბნებოდა, როცა მინდოდა, მომეტყუებინა. აი, იმ წამს გამახსენდა ეს სიტყვები და ვუთხარი, _ აბა პირი გააღე, უნდა ვნახო, ის კბილი ისევ ხომ არ ამოგივიდა-მეთქი. მან კი მიპასუხა _ ახლა რა დროს ეს არისო... რა უნდა მექნა? შუშაბანდიდან ჩემი გამჭრიახობით აღფრთოვანებული გამოვედი.

შორიდან ვუყურებდი მათ და სიცილს ძლივს ვიკავებდი. რა თქმა უნდა, ჩემი ძილის დროც უკვე დიდი ხნის გასული იყო და ეს ყველაზე მეტად მახალისებდა.

არც დედა ჩამორჩა კაცებს. ისიც ჩაება `კედლის სისველის გამომწვევ მიზეზებზე~ საუბარში. ჩემს სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა. წარმოგიდგენია?.. მე, თითისტოლა ბავშვმა სამი უფროსი ადამიანი სერიოზულად გავაბრიყვე.

_ აუ, რა მაგარია, რა მაგარი, გთხოვ რა, განაგრძე, _ ვეღარ ვისვენებდი ერთ ადგილას.

_ მეტი რაღა გავაგრძელო. ამ დავიდარაბაში კიდევ ერთი საათი გავიდა. დედას, როდის როდის გავახსენდი.

მომხვია ხელი და საწოლში ჩამაწვინა. მეორე წუთს კი დაღლილს, გაკვირვებულს და ხალისიანს ღრმა ძილით მეძინა... ახლა კი, პირობა უნდა შეასრულო. აბა, საწოლისკენ...

_ კი, კი, პირობა მახსოვს, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? _ ვკითხე დაფიქრებულმა.

_ მაინც რა?

_ ესე იგი, გამოდის, რომ შენი მოსატყუებელი კბილი მამას ისევ პირში ჰქონდა.

_ არა, რას ამბობ, დიდი ხნით ადრე ჰქონდა ამოღებული. ჩემი ასეთი საქციელი სულ სხვა რამის ბრალი იყო.

_ მაინც, რისი ბრალი?

_ იმის, რომ წინა დღეს თავის დროზე დავიძინე. ძილში მოვიკრიბე ძალები და გონება იმაზე მეტად გამინათდა, ვიდრე ველოდი.

_ მართლა?.. ახლავე მივდივარ დასაძინებლად...

 

გულში ჩავეკარი ეკას, ჩემს ოთახში შევედი, საბნის ქვეშ ჩემივე ნებით შევძვერი, ბრინჯის მარცვალიც გადავუშვი მუცელში და თვალები დავხუჭე...

 

ამალთეას იეროგლიფები

 

_ რა საყვარელი ხარ. სახლში მინდა წაგიყვანო. წითელ ბაფთას შეგაბამ და ჩემს ლოგინში ჩაგაწვენ. ბეე... ბეე... _ გაუღიმა თიკამ ბეკეკას და ისიც გამოეხმაურა.

_ კი, როგორც შენ იტყვი.

ეგღა გვაკლია, _ შეეპასუხა თიკას ძმა.

_ ვითომ რატომ არ უნდა წავიყვანოთ?

_ რატომ და...

ნიკუშამ მოშიშვლებული მდელოსკენ გაახედა თიკა, სადაც უამრავი ცხვარი ძოვდა ბალახს. ბეე... ბეე... შეეხმიანა თავისიანებს ბეკეკა და თიკას ხელებში აფართხალდა. ცხვრებმაც შეამჩნიეს ბავშვები და მათკენ გამოსწიეს.

_ გაუშვი, წავიდეს თავისიანებთან, _ მკაცრად უთხრა გიგიმ დას.

_ არსადაც არ გავუშვებ... ჩემია, ჩემი, _ გულში იხუტებდა თიკა ბეკეკას.

სწორედ ამ დროს, ცხვრის ფარას მეთაური _ თხა გამოეყო და დინჯი ნაბიჯებით ბავშვებს მიუახლოვდა. ბეე...

ბეე... თავს ხრიდა მადლობის ნიშნად, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა.

_ რა უნდა? _ შეხედა გაკვირვებით ნიკუშამ.

თხა ფეხებს აბაკუნებდა და ბავშვებისგან რაღაცას ითხოვდა...

_ ეს მგონი ამალთეაა, ამალთეა... ვინც ნიმფებთან ერთად ზევსი გაზარდა... მადლობის ნიშნად, ალბათ, თავის რძეს გვთავაზობს, _ აღფრთოვანდა გიგი თავისი აღმოჩენით.

_ უი, თხის რძეს როგორ დავლევ, _ აიბზუა ტუჩი თიკამ.

თხამ, თითქოს რაღაც გაიგოო, თიკას წყრომით შეხედა, მაგრამ მეორე წუთს გიგის გაბრწყინებული თვალები შეანათა. მიწის ტკეპნვას მოჰყვა. უცნაურად მოძრაობდა და მიწაზე თავისი ჩლიქებით რაღაც იეროგლიფებს წერდა...

_ მადლობა... მონადირეები...

შველი... განსაცდელი... _ გამოცდილი მეცნიერივით ჩაჰკირკიტებდა გიგი მიწას და ერთმანეთთან დაუკავშირებელ სიტყვებს ხმამაღლა ახმოვანებდა.

ამალთეამ ბეკეკას მიუალერსა. ამის შემხედვარე თიკამაც დათმო ბეკეკა. მალე ორივენი შეუერთდნენ თავიანთ ფარას...

 

ნაწილი VI

სისხლის აღება

 

აი, ხომ გახსოვთ, ეკამ რაც მომიყვა თავის პატარაობაზე. იმის მერე ორი დღე გავიდა. მე კიდევ, არაფერი გამიკეთებია და არც რამე უცნაური მომხდარა.

არადა, დედას გეფიცებით, მართლა იმ დროს ვიძინებ, როცა მესმის სიტყვები: _ ნიკუშა შენი ძილის დროა!.. მოწყენილი ვარ. როდის უნდა მოხდეს რამე?.. დღეს კიდევ ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დედიკოებს სისხლის ანალიზის ასაღებად მივყავართ. ესაო, ისაო, ცუდი ფერი გაქვთო... რატომ მაქვს ცუდი ფერი? _ ამაზე პასუხს არავინ მცემს. გახეხილ ვაშლს კი გვატენიან და გვატენიან ყოველ დილით...

ასე გვითხრეს: დღეს თუ სისხლს აიღებთ, ხვალ ბევრ საჩუქარს მიიღებთო... მოკლედ, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. აი, კარზე ზარია. მოვიდნენ გიგი და თიკა. ხუთი წუთიც არ გვაცადეს თამაში დედიკოებმა, ჩაგვჭიდეს ხელები აქეთ-იქიდან და გავუყევით გზას. სამივეს ტირილი გვინდა.

_ სულაც არ არის მტკივნეული, აი, ნახავ, _ მიმტკიცებს გიგი, მაგრამ თავისი სიტყვების თვითონაც არ სჯერა.

_ აი, ნახავ, _ აყვა თიკაც (ვითომ თვითონაც იგივე დღეში არ იყოს), ერთი ჩხუტ და მორჩა...

სამაგიეროდ, ხვალ უამრავ საჩუქარს მივიღებთ... _ იღიმება.

_ ჰო, ალბათ სულაც არ არის საშიში, _ ვპასუხობ ორივეს, მაგრამ ფიქრით კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობ...

...

მთელ შენობაში წამლის სუნი ტრიალებს. ცხვირზე ხელი წავიჭირე, მაგრამ მალე პირის გაღება დამჭირდა და უარესი დამემართა.

_ აბა, აქეთ მოდით, _ გვიღიმის დეიდა-ექიმი და სამივენი თავის ოთახში შევყავართ, _ დედიკოებო, თქვენ აქ დასხედით, _ მიუთითა დერეფანში დადგმულ გრძელ სკამზე მარის და ირინას.

  გიგიმ ერთი კი შემოგვხედა მე და თიკას, მერე სკამზე დაჯდა და თვალები მაგრად დახუჭა. აბა რა ექნა, უფროსი ხომ ის არის. სულ ერთი წამით გაგრძელდა მისი ტანჯვა. მეორე წუთს კი დიდი ინტერესით ვადევნებდით სამივენი თვალს სისხლის წვეთის წვრილ მილში გატარებას.

_ ნახე, როგორი ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ, _ შეაქო ექიმმა გიგი და სპირტიანი ბამბა ნაჩხვლეტ თითზე დაადო, _ აბა, შემდეგი ვინ იქნება? _ შემოგვხედა მე და თიკას.

_ მე ვიქნები, _ მშვიდად თქვა თიკამ.

თიკასაც უჩხვლიტეს ნემსი პატარა თითზე და ახლა მისი სისხლის წვეთიც წვრილ მილში უნდა გაეტარებინათ, როცა კარი გაიღო და სხვა ექიმი შემოვიდა.

უფროსი გიბარებთო, თქვა და კარი მიხურა.

_ ოჰ, რომ იცოდეთ უფროსო, რა კაცი ხართ, _ ჩავილაპარაკე და იმ წამს ძალიან მაგარი აზრი მომივიდა თავში. მიხაროდა, რომ გუშინ ღამით დროზე დავიძინე და ძილში აღვიდგინე ძალები _ როგორც ეკა ამბობს. _ აი, სად გამომადგა, _ გავაგრძელე ფიქრი. მაგრამ ახლა ფიქრის დრო აღარ იყო... ამ ჩვენმა ექიმმა, მეორე ექიმს თხოვა საქმის გაგრძელება...

ახლა თიკას სისხლის წვეთს ეს მეორე ატარებდა წვრილ მილში და მერე შუშის მსუქან ბოთლში ასხამდა. გიგისთან ახლოს მივედი, თითიდან სპირტიანი ბამბა ავწაპნე და ჩემს თითზე დავიდე. მერე ისეთი სახე მივიღე, რომ თავადაც მეგონა, აი, ახლა ცრემლებით დამისველდება სახე-მეთქი...

 

მალე სამივენი გამოვედით დერეფანში.

_ ახლა ნაყინიც დაიმსახურეთ, _ გაგვიღიმეს დედიკოებმა და სკამიდან წამოდგნენ.

გარეთ გამოვედით. რაც უფრო ვშორდებოდით ამ საზიზღარ შენობას, მით უფრო თამამი ვხდებოდი. თიკას კითხვას _ თითი კიდევ გტკივაო? _ ცოტათი-მეთქი, _ ვუპასუხე და სწორედ იმ წამს ირინას თვალებს შევეფეთე.

_ აბა, მაჩვენე, _ მითხრა მკაცრად.

ხელი უკან წავიღე, მაგრამ აბა, რაღა მიშველიდა?.. სპირტიანი ბამბა თურმე სხვა თითზე მქონდა დადებული...

დედიკომ შენობაში მიმაბრუნა. მეც ხმისამოუღებლად ავიტანე ყურის აწევაც და თითზე ჩხვლეტაც... შემდეგ ნაყინიც ვჭამეთ, ზოოპარკშიც ვიყავით და ასე გავიდა დღე...

ხვალინდელი დღე უფრო მაგარი იქნება _ უამრავ საჩუქარს ველოდები.

...

ახლა უკვე ღამეა. დასაძინებლად ვემზადები. არ მინდა ძილი დამაკლდეს. მე ხომ გონების გასანათებლად ძალები ისევ დამჭირდება... მაგრამ მანამდე ბრინჯის მარცვალს ისევ ვყლაპავ...

 

შვლის ნუკრის გადარჩენა

 

ბავშვები მორიგი დავალების შესასრულებლად გაუდგნენ გზას. გიგიმ ქაცვიას ჯადოსნურ ფურცელში ასობგერები გადაანაცვლა და აი, რა ამოიკითხა: `განსაცდელისგან იხსენით პატარა შველი~.

უღრან ტყეში შევიდნენ. მალე მონადირეების ხმაც შემოესმათ _ ალყა შემოერტყათ შვლისთვის და მშვილდ-ისრები მოემარჯვებინათ.

_ რა უნდა ვქნათ? _ ცრემლები მოერია თიკას.

_ მოვიფიქრებთ რამეს... _ ჩურჩულით უპასუხა ნიკუშამ.

პატარა შველი, იმის მაგივრად, რომ ტყეში შესულიყო, მეჩხერ ადგილებში ჩნდებოდა. შეშინებული აქეთ-იქით დახტოდა. ნატყორცნი ისრებისგან ახლა მხოლოდ ბუჩქები იფარავდა.

_ შედი, სულელო, ტყეში შედი, _ თვალს ვერ აშორებდა შველს თიკა. 

_ შეჩერდით! _ ბრძანა მეთაურმა. ქამარზე ჩამოკიდებული თოკი მოიხსნა, ჰაერში წრე მოხაზა და შველს კისერზე გადააცვა. შველი მიწაზე მოწყვეტით დაეცა.

ნიკუშა თვალის დახამხამებაში მის წინ გაჩნდა.

_ ნუ მოკლავთ, გთხოვთ, ის ხომ ჯერ სულ პატარაა...

 

მონადირეებს ნიკუშას დანახვაზე ხარხარი აუტყდათ. პატარა ბიჭს ხელით ეხებოდნენ, თმას უწეწავდნენ, აქეთ-იქით ატრიალებდნენ.

_ ჰმ, კარგი, ასე იყოს, _ გაუღიმა მეთაურმა, _ რადგან ასეთი თამამი ხარ და შველი სიკვდილს გადაარჩინე, მის მაგივრად შენ მოგიწევს ჩვენთან ერთად სასახლეში წამოსვლა. შვლის ხორცზე მეტად შენნაირი სათამაშო უფრო გაახალისებს ჩვენს ხელმწიფეს... _ შემდეგ თავისიანებს მიუბრუნდა, _ ხედავთ?.. ამ ტყეში მხოლოდ ირმები კი არა, პატარა ბიჭებიც დაკუნტრუშობენ თურმე...

ნადირობას თავი ანებეს. შველს თოკი მოხსნეს და ის თოკი ახლა ნიკუშას გამოაბეს წელზე. ბოლოს ყველანი ერთად, _ ზოგი ცხენზე ამხედრებული, ზოგიც _ ქვეითად მყოფი, გზას გაუდგნენ საკუთარი ქვეყნისკენ...

 

მორიგი სასწაული

 

_ ახლა რა უნდა ვქნათ? შველი კი ვიხსენით სიკვდილისგან, მაგრამ ნიკუშა რომ შეიპყრეს? სახლში როგორ დავბრუნდეთ, რა ვუთხრათ ჩვენებს?..

_ მიუბრუნდა თიკა გიგის.

სწორედ ამ დროს საშინელ განსაცდელს არიდებული პატარა შველი მათთან გაჩნდა. ერთი წაიკუნტრუშა და თიკას მიეალერსა.

_ ნახე როგორი დაწინწკლულია, რა ლამაზია, ნეტავ, დედა სად ყავს?..

_  სად ყავს, სად ყავს?.. შენნაირი გაუგონარია, როგორც ჩანს. დედისთვის რომ დაეჯერებინა და შორ გზაზე მარტო არ წამოსულიყო, განსაცდელს ასცდებოდა და არც ჩვენ მოგვიწევდა მისი შველა... _ გიგიმ გაბრაზებით უპასუხა დას და მოახლოებულ შველს ხელი აუქნია. შემდეგ განაგრძო.

_ სულ ამის ბრალია ყველაფერი.

თანაც უკვე ღამდება. ახლა მიდი და ეძებე ამ უღრან ტყეში ის ფუღუროიანი ხე. ვინ გაგვინათებს გზას? _ ბუჩქის ძირას დაღონებული დაჯდა და თავი ჩაღუნა.

თიკა დიდად არ ნაღვლობდა. შველს დაუმეგობრდა და ახლა ორივენი ერთად დარბოდნენ წინ და უკან მინდორზე.

მალე სრულიად ჩამობნელდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. ბავშვებს შესცივდათ და ერთმანეთს მიეკვრნენ. შველიც მათ შორიახლოს მოკალათდა მიწაზე და თვალები დახუჭა...

თიკასაც მალე ჩაეძინა... გიგი კი ფიქრებმა გაიტაცა: ნეტავ მალე გათენდებოდეს, ნეტავ მალე ვიპოვიდეთ იმ ფუღუროიან ხეს, ნეტავ მალე გავათავისუფლებდეთ ნიკუშას და ნეტავ მალე წავიდოდეთ სახლში... ჩემს ლოგინში მინდა ძილი... ჩუმად, თავისთვის ტირილიც კი მოუნდა, მაგრამ მძინარე დას რომ გადახედა, თავს მოერია...

უცებ სასწაული მოხდა. ციდან ერთი ვარსკვლავი ჩამოვარდა, მის გვერდით დაეცა და ოქროს მშვილდ-ისრით დამშვენებული საოცარი სილამაზის ქალი გაჩნდა... უცნაურმა, ჯადოსნურმა ხმებმა თიკაც გამოაღვიძა.

ჯერ შეშინდა, მაგრამ მალე ქალს გაუთამამდა და მის მშვილდს ხელითაც შეეხო.

_ რა ლამაზი ხარ?.. ვინ ხარ?

_ არტემიდე, _ გაუღიმა უცნობმა ბავშვებს.

_ ვარსკვლავი ხარ? _ კლავდა ცნობისმოყვარეობა თიკას.

_ ნადირობის ქალღმერთი ვარ... ნადირობის ქალღმერთი არტემიდე... მოვიხიბლე თქვენი გამბედაობით. ვიცი, რომ ეს პატარა შვლის ნუკრი განსაცდელს თქვენ აარიდეთ... ისიც ვიცი, რომ ნიკუშა შეიპყრეს და ისიც, რომ ამ გვიან ღამით, ფუღუროიან ხეს სხვის დაუხმარებლად ვერ მიაგნებთ...

_ მოიცათ, მოიცათ, ისიც იცით, ბიმუშა სად არის?..

 

არტემიდემ ამ კითხვაზე მხოლოდ გაიღიმა და შემდეგ ისევ განაგრძო.

_ აი, ჩემი ნატყორცნი ისარი გაგინათებთ გზას და სამთავიან ჯადოსნურ კაკალსაც ადვილად მიაგნებთ... შემდეგ უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ, _ თქვა და ისარი გასტყორცნა _ დღე ღამეს მოერია და ირგვლივ ყველაფერი განათდა... ნადირობის ქალღმერთი უცნაურად აბრჭყვიალდა და დაუთვლელ ვარსკვლავებად გაიფანტა ჰაერში. ბავშვებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, რომ ვარსკვლავები შეერთდნენ და მათ წინ ახლა ოქროს რქებიანი ირემი გაჩნდა. ირემი შველს მიეალერსა და მეორე წუთს უკვე ნავარდზე გადასული ორი მშვენიერი არსება ტყემ შეიფარა...

 

ნაწილი VII

ლისის ტბისკენ ჰერი, ჰერი...

 

_ ჰერი, ჰერიიი... _ თავი მაქვს გაყოფილი მანქანის ფანჯარაში და ხელით ჰაერს და თვალებით მზეს ვეთამაშები.

_ თავი შემოყავი, _ მეუბნება საჭესთან მჯდომი კოტე.

_ საიდან მხედავ? შენ ხომ ზურგით ზიხართ? _ მიკვირს და მამიკოს კეფას ვუთვალიერებ, _ აქ რომ არ გაქვს თვალები?

ამ დროს მანქანის შუაში წინ დამაგრებულ სარკეს ვაწყდები.

მიკვირს, აქამდე რომ არ მქონდა შემჩნეული.

ფეხის წვერებზე ვიწევი და მამას ვეჭყანები.

_ ახლაც მხედავ?

_ ნიკუშა, მოისვენე. მივალთ მალე ტბასთან და იქ იცელქე რამდენიც გინდა.

მომწონს მამიკოს სიტყვები. აღარ ვცელქობ და სავარძელზე გატრუნული ვჯდები. ლისის ტბაზე თურმე წყალში ჭყუმპალაობის უფლებას მაძლევენ. უფროსებს კი თევზაობა აქვთ გადაწყვეტილი... ჩემს ფეხებთან ღვინით სავსე დიდი კოკა-კოლას ბოთლები წინ და უკან გორავენ.

ყველას სათითაოდ დავწვდი, _ თავსახურის მოხსნა მინდოდა, ცოტა რომ მეწუწავა მანქანაში, მაგრამ ვერაფრით მოვერიე. აჰა, გასაგებია, _ გავაგრძელე ფიქრი, _ ბევრი უნდა ვჭამო, რომ ღონიერი გავხდე.

_ ირინა, ბანანი მომაწოდე რა, უნდა მოვღონიერდე, _ ვეუბნები დედას.

შევჭამე და მეორე მოვითხოვე.

_ კიდევ ერთი, რა?..

ისევ მაწვდიან ბანანს.

უკვე მუცელი მტკვდა, მაგრამ კიდევ ერთს ვითხოვ.

_ რა დაგემართა? ამდენი არასდროს გიჭამია, _ უკვირთ.

რა იციან, რაში მჭირდება ძალ-ღონე. აბა, ამათ ჩემი ფიქრი რომ გავანდო, სამ ბანანს კი არა, ერთსაც აღარ მომცემენ.

მესამე ბანანი სულ ძალით ვჭამე. სუნთქვა მიჭირს. იმის მაგივრად, რომ ძალა მომმატებოდა, ვეღარ ვმოძრაობ. მუცელი უფრო მეტად ამტკივდა. ვუყურებ ღვინით სავსე კოკა-კოლას ბოთლებს და ვხვდები, რომ მათი გახსნა ახლა მხოლოდ სასწაულს შეუძლია.

შარვლის ჯიბეში ბრინჯის მარცვალს ვპოულობ...

_ ნიკუშა, ნიკუშა, რა დროს ძილია... _ მესმის ირინას სიტყვები და...

 

უცხო ქვეყნის ამბები

 

...მალე ნიკუშაც შეუერთდა გიგის და თიკას და ართობდა მათ თავსგადამხდარი ისტორიებით.

_ იცით, რა მაგარ ქვეყანაში მოვხვდი? პატარა პრინცესები გავიცანი.

_ პრინცესები?.. ლამაზები იყვნენ? _ დაინტერესდა თიკა.

_ კი, შენსავით ლამაზები იყვნენ _ ნინიაც და ელენიკოც, თან შენსავით მოუსვენრები.

_ მართლა?.. რას აკეთებდით? _ ახლა გიგიმ იკითხა.

_ ოდისევსთან და მის ამალასთან მოვხვდით გამოქვაბულში.

_ რაო?.. გვატყუებ? _ ეჭვით შეხედა ნიკუშას გიგიმ.

_ არა... რატომ უნდა მოგატყუოთ?.. პრინცესებს ერთი ჯადოქარი მასწავლებელი ჰყავდათ.

მასთან მივიდნენ და თხოვეს ის ჯადოსნური სიტყვები გვასწავლე, გამოქვაბულიდან ქვას რომ გადააგორებსო.

_ მერე?

_ მერე ის, რომ ქვა გადაგორდა და გამოქვაბულში შევედით. მის შესასვლელში ბრჭყვიალა ლამაზი ყუთი დავინახე. ვთხოვე პრინცესებს, _ მაჩუქეთ, ჩემს ქვეყანაში წავიღებ-მეთქი.

_ მერე?.. სად არის?..

_ არ გამომატანეს. შენს ქვეყანაში ამ ყუთის ადგილი არ არისო. მაინც რატომ-მეთქი, _ ვიკითხე...

 

_ ვიცი, რა ყუთზეც ლაპარაკობ, _ ჩაურთო გიგიმ.

_ რა იცი? _ არ მოეშვა თიკა.

_ ერთხელ უკვე გახსნეს ეს ყუთი!

_ მერე?

_ მერე ის, რომ... იქიდან ათასი სნეულება ამოფრინდა და ქვეყნიერებას მოედო. როცა ყუთს თავი დააფარეს, მასში მხოლოდ ერთადერთი სიკეთე _ იმედი დარჩა... 

_ ჰო... იმედი... და იცით რომელი? _ განაგრძო ნიკამ, _ ჩვენ რომ ბიმუშას ვიპოვით, ის იმედი...

_ ბიმუშას ამბავი პრინცესებმაც იცოდნენ? _ ისევ იკითხა თიკამ.

_ კი, იცოდნენ... თუმცა ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი.

უცებ საშინელი ხმა გაისმა. უშველებელ დარბაზში ცალთვალა გოლიათი დავინახეთ.

_ მერე?

_ მერე ის, რომ გოლიათი ოდისევსის ამალას ემუქრებოდა _ ერთ ლუკმად არ მეყოფითო...

_ მერე... მერე რა მოხდა?

_ ოდისევსი ხომ უძლეველი იყო... ჰოდა, იმ ცალთვალა გოლიათს ის ერთი თვალიც შუბით ამოთხარა და თავის ამალასთან ერთად სამშვოდობოს გავიდა. საცოდავი გოლიათი გამოქვაბულის კედლებს აქეთ-იქით აწყდებოდა და ყვიროდა: უცხო, მომავლიდან მოსული ადამიანის სუნი მცემსო. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა. პრინცესები ძალიან შეშინდნენ.

სწრაფად უნდა გაგიყვანოთ აქედანო, _ მეუბნებოდნენ.

_ მერე?

_ მერე ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან. გოლიათმა ხელი გამოიშვირა ნაპრალიდან, მომწვდა ფეხზე და ჰაერში ამათამაშა.

_ ახლავე დასვი ძირს, ეგ მამაჩვენი-მეფის გემრიელი ლუკმააო, _ გაუბრაზდა ნინია.

ბრმა გოლიათმა ძირს დამსვა და უკანმოუხედავად გაბრუნდა გამოქვაბულში. მე კი ეჭვის თვალით შევხედე პრინცესებს. ნუთუ მართლა მიპირებდა ამ ქვეყნის მეფე გადასანსვლას?

_ გეხუმრეთ, გეხუმრეთ, _ თვალი ჩამიკრა ელენიკომ, _ მამა ჩვენი ხათრით ამას არასდროს გააკეთებს და რომც მოინდომოს, ჩვენი ჯადოქარი-მასწავლებლისგან ისეთი სიტყვები ვიცით, შენ არაფერი დაგემუქრებაო, _ მითხრა.

მერე ნინიამ განაგრძო საუბარი.

_ ჰო... ვიცი, ბიმუშაზეც გინდოდა გეკითხა რამე და მეც გიპასუხებ... ჩვენი ქვეყნიდან ცხრა მთას იქით, არის ერთი ყინულის ქვეყანა.

იქ არავინ მეფობს, არც ჩვენნაირი პრინცესები არიან. იქ მხოლოდ ერთი მოქანდაკე ცხოვრობს _ პიგმალიონი, რომელიც ულამაზეს ქანდაკებებს ქმნის. იქ ნახავ შენს ბიმუშასო, _ ასე მითხრა.

სწორედ ამ დროს იყო, რომ რაღაც უცნაურად ვიგრძენი თავი. ძალიან მსუბუქი გავხდი...

_ თითქოს ბუმბულივით იყავი და ცაში აფრინდი, არა? მეც იგივე დამემართა, _ შეაწყვეტინა თიკამ.

_ ჰო, ასე იყო, _ უპასუხა ნიკუშამ და ამოიოხრა, _ მერე თქვენს გვერდით დავეცი მიწაზე.

_ რაღაც გულდაწყვეტილი ჩანხარ. მგონი დარჩენა გინდოდა, არა? ჩვენ კი აქ როგორ ვნერვიულობდით.

_ არა, რას ამბობ... უბრალოდ, პრინცესები ისეთი საყვარლები იყვნენ, ცოტახნით კიდევ დავრჩებოდი სიამოვნებით მათ ქვეყანაში, _ თქვა ნიკუშამ და ისევ ამოიოხრა...

 

ხვლიკებზე ნადირობა

 

თვალი რომ გავახილე, წყალში ჭყუმპალაობა კი არა, მინდორზე ვიყავი წამოგორებული.

და არა მარტო მე და ჩემიანები, მინდორი სავსე იყო უცხო ხალხით.

_ გაიღვიძე? მოდი ჩვენთან, _ გამიღიმა კოტემ.

_ ახლავე, _ ვუპასუხე, გავიზმორე და თავი წამოვწიე, მაგრამ რაღაცამ შემაჩერა. რაამ?.. ახლავე ვიტყვი.

ჩემგან ოდნავ მოშორებით ვიღაც უცნობი კაცი ხეს მიყრდნობილი გაზეთს კითხულობდა. ქუდი იქვე, გვერდით ედო. ამ დროს მიწაზე რაღაც გაფაჩუნდა და ჩემი ყურადღებაც სწორედ ამან მიიქცია. პატარა მწვანე ხვლიკი ბალახებში სწრაფად გასრიალდა და უცნობი კაცის ქუდში შესრიალდა. მივირბინე ჩემიანებთან და ეკას ყურში ჩავჩურჩულე.

_ ხვლიკები იკბინებიან?

_ არა.

რატომ მეკითხები? _ შემომხედა ეჭვით.

_ ისე, უბრალოდ, მაინტერესებდა, _ გავუღიმე და ისევ ჩავწექი ბალახებში.

თვალს არ ვაცილებდი ხვლიკს.

მგონი კარგად იგრძნო თავი ქუდში და იქიდან სულაც არ აპირებდა გამოსვლას. რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა?.. ავდექი და უცნობი კაცის წინ დავდექი.

_ რაო, პატარავ? _ გამიღიმა.

_ ბიძია, ხვლიკების გეშინიათ? _ გავიკრიჭე სულელივით.

უცნობმა გაზეთი გადადო და ძალიან სერიოზული სახით მიპასუხა.

_ არა. სულაც არ არიან საშიშები.

_ მართლა? შეგიძლიათ დამიჭიროთ?..

აი, იქ არიან. ორნი არიან, იმ ქვასთან, _ იმ წუთს დანახული ქვისკენ გავიშვირე ხელი.

_ კი, შემიძლია, მაგრამ ისინი ისეთი სწრაფები არიან...

_ აი, თქვენი ქუდით ხომ შეიძლება... _ გავიკრიჭე ისევ.

_ მართალი ხარ, _ თქვა და...

...

_ ვაიმე, რა მოხდა? _ ერთდროულად გაისმა რამდენიმე ხმა და იმავე წამს მე და უცნობი ბიძიას გვერდით ჩემიანებთან ერთად სხვებიც გაჩნდნენ.

_ ხვლიკმა, ხვლიკმა შემაშინა, კაცო, ამხელა კაცი, _ ჩაეღიმა უცნობს და  მე შემომხედა.

ეს მზერა ეკას არ გამოპარვია და ჩუმად, ისე რომ არავის გაეგო, მკითხა.

_ რა ჩაიდინე?

_ მე არაფერ შუაში ვარ, _ თავი დავხარე.

_ მართლა?.. არ გეშინია ცხვირი რომ გაგეზარდოს?

_ ცხვირი რატომ უნდა გამეზარდოს? _ აღვშფოთდი.

_ ტყუილს რომ ამბობენ, ცხვირი ეზრდებათ. ამხელა ბიჭი ხარ და ეს არ იცოდი? _ ჩურჩულით თქვა ისევ.

_ არ ვიცოდი... _ ვუპასუხე და ცხვირზე მოვიკიდე ხელი. თითქოს უფრო გრძელი მომეჩვენა და ძალიან შევშინდი.

არა, ძალიანაც არ მინერვიულია.

მე ხომ თავიდანვე ვკითხე ბიძიას, ხვლიკების ხომ არ გეშინიათ-მეთქი...

 

ნატალიკო და მისი მეზობელი მიშიკო

 

აი, შემდეგი შაბათ-კვირაც მოვიდა. ისევ მივდივართ ლისის ტბაზე. რა თქმა უნდა, გაფრთხილებული ვარ, რომ `ხვლიკებზე ნადირობას~ მოვეშვა, `ღვინით წუწაობასაც~, ცხვირის სიგრძესაც გავუფრთხილდე და უფროსებს ყური ვუგდო. კარგი, ბატონო, ასე იყოს... თანახმა ვარ... მაგრამ... მაგრამ აბა, რა ვაკეთო?..

დიდხანს არ მომიწია ფიქრი... ჩემს შორიახლოს მანქანა გაჩერდა. ვიღაც ბიძია გადმოვიდა მანქანიდან ანკესით ხელში და ტბას მიაშურა. მეგონა, მარტო იყო, მაგრამ მანქანიდან მალე ბავშვების ხმა მომესმა. ახლოს მივედი.

_ აქ რატომ ზიხართ?..

_ ჩემმა მამიკომ მითხრა, აქ იყავიო, _ მომიგო პატარა გოგონამ, _ შენ ვინ ხარ? _ ამომხედა უცებ.

_ ნიკუშა... შენ?..

_ ნატალიკო...

_ ეს ვინ არის? _ ვკითხე გვერდით მჯდომ პატარა ბიჭზე.

_ მიშიკოა, ჩემი მეზობელი, _ ისე მომიგო, თითქოს უკვე დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით...

_ არ გინდათ გარეთ გამოსვლა?.. აქ როგორ ჩერდებით!..

 

_ გამოვალთ!.. ახლა სწორედ ამას ვაპირებდით.

_ როგორ?

_ ჰმ, _ ჩაიცინა პატარა გოგომ, _ აი, ნახავ. ხელი მომაშველე, _ თქვა და ისე გადმოფოფხდა ნახევრადღია ფანჯრიდან, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.

_ მიშიკო, რას უზიხარ? დროზე, _ მიუბრუნდა თავის მეგობარს და მერე ისევ მე შემომხედა, _ გაიწიე, ხელს გვიშლი.

გავიწიე...

ნატალიკომ ხელი მოკიდა მიშიკოს და ნაპირისკენ წაათრია.

შორიდან ვადევნებდი მათ თვალს. უცნობ ბიძიას არ გაკვირვებია მათი გამოჩენა. გაუღიმა ორივეს და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა...

...

სხვა ამბავს აღარ დავსწრებივარ... მაგრამ მერე, ერთი კვირის მერე, ნატალიკო ისევ ვნახე ლისის ტბაზე... აი, თურმე რა მომხდარა...

_ მამამ უშველებელი კიბორჩხალა დაიჭირა, _ მხიარულად მეუბნებოდა ნატალიკო.

_ მერე?

_ მერე ის, რომ ქილაში ცოტა წყალი ჩავასხით და შიგ ჩავაგდეთ.

_ მერე?

_ მერე, სახლში რომ მივედით, მამიკომ კიბორჩხარა ტაფაზე შეწვა...

_ მერე?

_ გაციება დავაცადე და ხელში დავიჭირე.

მიშიკოს დავსდევდი ამიანად. ის კიდევ წრეებს ურტყამდა ჩვენს უშველებელ მაგიდას... ძალიან შეშინებული იყო.

_ მერე?..

_ მერე, მეც დავიღალე დევნით და გავჩერდი...

_ მერე?..

_ მერე დავინახე, რომ მიშიკო მამაჩემს რაღაცას ეჩურჩულებოდა.

_ მერე?..

_ მერე მეც გავჩნდი მათთან და ყველაფერი გავიგე...

_ მაინც რა?..

_ მიშიკო ეხვეწებოდა მამას, გთხოვ, რომ შემეშინდა და ნატალიკომ მაგიდის გარშემო რომ მარბენინა, მამაჩემს არ უთხრაო...

ვხითხითებდით ორივე...

 

ნაწილი VIII

ნიკუშას ზამთარი ენატრება

 

ჩუმად ვზივარ ჩემთვის კუთხეში, გაბუტული და მოწყენილი.

_ ნიკუშა, ხმას რატომ არ იღებ, რა დაგემართა? _ უკვირს ირინას.

_ არაფერიც არ დამემართა... _ ვპასუხობ ბრაზიანად.

_ არა, მაინც?.. გაწყენინა ვინმემ?

_ კი... მაწყენინა.

_ ვინ?

_ აი, ამ ცამ, ამ მზემ, მერე ვარსკვლავებმაც და საერთოდ ყველაფერმა!

_ კი მაგრამ, ასეთი რა ჩაიდინეს? _ გაეღიმა ირინას.

_ რა და... სურვილი არ ამისრულეს.

_ რომელი? ან ასეთი რა ინატრე?

_ თოვლი მინდა და გუნდაობა...

კიდევ... კიდევ ახალი წელი... თოვლის ბაბუა და ბევრი საჩუქრები... _ წავიზლუქუნე.

დედამ გაიცინა. ვითომ რა ვთქვი ასეთი?

_ იცი, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი დრო აქვს?.. _ მითხრა სერიოზული სახით და ალერსიანად გადამისვა თავზე ხელი.

_ კი მაგრამ ეს ჩემი დრო როდის უნდა მოვიდეს?.. როდის უნდა ამისრულდეს ყველა სურვილი...

ან როდის უნდა გავხდე დიდი? _ შევჩივლე ისევ.

_ გინდა, ზღაპარი მოგიყვე... _ თავზე ისევ გადამისვა ხელი, _ თოვლის ბაბუაზე და ახალი წლის ღამეს მის თავგადასავალზე, ან კიდევ, ყინულის სამეფოზე?..

_ მინდა, მინდა, _ უცებ გავმხიარულდი, _ მაგრამ ერთი წუთით მაცადე... _ მივაყარე სხაპა-სხუპით და სამზარეულოს კარადაში ბრინჯის ბრჭყვიალა მორიგი მარცვლის გასაკვნეტად გავიქეცი.

დივანზე წამოვწექი, დედას მუხლებზე დავადე თავი და თვალები დავხუჭე.

_ იყო და არა იყო რა... თეთრი ჯადოსნური ქვეყანა გადაიშალა შენს წინ... _ ძილბურანში მესმოდა ირინას ხმა...

 

პიგმალიონის გადარჩენა

 

ბავშვების წინ ყინულის მთები აღმართულიყო.

_ ეს, მგონი, სწორედ ის ადგილია, პრინცესებმა რომ მიმასწავლეს, _ გაუნათდა ნიკუშას თვალები.

_ შიგნით როგორ უნდა მოვხვდეთ? _ იკითხა თიკამ და იქაურობას დაკვირვებით მიმოავლო თვალები.

უცებ რაღაც ხმაური შემოესმათ. მათ თვალწინ თოვლის პატარა გორა ამოძრავდა და მალე თეთრად გადაპენტილი შავი ქაცვებიც გამოჩნდა.

 

წამსვე იცნეს ბავშვებმა მეგობარი-ქაცვია.

_ უჰ, თქვენ რა გითხარით... ვინ მოიფიქრა აქ მოხვედრა. არ გცივათ მაინც? _ ამოხედა ქაცვიამ ბავშვებს.

_ როგორ, ლაპარაკი უკვე შეგიძლია?.. ნიანგის აღარ გეშინია?..

_ არამგონია აქ ყოფნა ეპიტნავებოდეს. თანაც სულ რაღაც ერთი უგემური ლუკმის გამო... ისე, მართლა რატომ მოგინდათ ზამთარში ყოფნა?

_ რა ვიცი... ნიკუშას უნდოდა აქეთ წამოსვლა.

ძალიან მოენატრა თოვლი და გუნდაობა და ჩვენც გამოვყევით... თან რაღაც გავიგეთ ბიმუშაზეც, მაგრამ აქ მის კვალს ვერ მივაგენით. ამ ყინულის ბუმბერაზ მთებს ვერაფერი გავუგეთ. შესასვლელი არსად აქვს, არც რამე მინიშნება ჩანს მის ზედაპირზე... ახლა უკვე წასვლას ვაპირებთ სახლებში, _ უპასუხა ყველას მაგივრად გიგიმ.

_ მოიცათ, მოიცათ... მოქანდაკე პიგმალიონზე გაიგეთ რამე?..

_ კი... სწორედ მას ვეძებთ, _ გახალისდა თიკა.

ქაცვია ისევ ბურთივით დამრგვალდა და თოვლის გორაში შევარდა.

დიდხანს იფათურა და ბოლოს ჯოხით ხელში ბავშვებთან ისევ გაჩნდა. ჯოხი აიქნია და მეორე წამს მოფარფატე ქაღალდი თოვლზე დაეშვა.

_ აბა, ჭკუისკოლოფავ, გაანდე შენიანებს მორიგი დავალება, _ გადახედა გიგის.

_ `ნითსეიხ ქანდამოკე განვისჯანტ~ _ წაიკითხა გაუგებარი სიტყვები გიგიმ.

_ რაო, რა გვინდაო? _ დაინტერესდა ნიკუშა.

_ რაო და... მაცადე ორი წუთი... აჰა, გასაგებია... რაო და... იხსენით მოქანდაკე ტანჯვისგანო...

აი, რა წერია აქ...

სანამ ბავშვები ქაცვიას მოქანდაკის ადგილსამყოფელზე რამეს დაეკითხებოდნენ, შორიდან უცნაური გრუხუნი გაისმა. ეს, როგორც ჩანს, ყინულის მთებმა დაიგრგვინეს. შეშინებული თიკა ბიჭებს ამოეფარა და ცალი თვალით უყურებდა ამ სანახაობას. ყინულის კლდე ორად გაიპო და მათ თვალწინ ლამაზად მოჩუქურთმებული კიბე გამოჩნდა. ირგვლივ ყველაფერს ლაპლაპი გაჰქონდა და შორიდან ჩაქუჩის კაკუნის სუსტი ხმაც აღწევდა. ქაცვია უკვე აღარსად ჩანდა.

ბავშვები ფრთხილად აუყვნენ კიბეს. მათ ირგვლივ ყინულის დარბაზები უამრავი ყინულისვე ქანდაკებით იყო მორთულ-მოკაზმული. ბოლოს ვიღაც კაციც დაინახეს. ბავშვებს ერთი წამით შეავლო თვალი და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა _ მის ხელში ყინულის სვეტს უკვე ულამაზესი ქალწულის გამოსახულება მიეღო. ბავშვებმა წრე შემოარტყეს მოქანდაკეს და განცვიფრებით უმზერდნენ ყინულის ქალს.

_ ეს ვინ არის? _ იკითხა თიკამ.

_ ის, ვინც აქ ყველაზე ლამაზი და მშვენიერია... _ უპასუხა მოქანდაკემ.

_ და შენ თავად ვინ ხარ?..

_ ის, ვინც ამ ყველაფრის ბატონ-პატრონია.

_ ეს ყველაფერი შენ გააკეთე?..

აქ მარტო ხარ? _ ატიტინდა თიკა, _ და გინდა თქვა, რომ სულ აქ ცხოვრობ?..

_ კი... სულ აქ ვცხოვრობ და არსად ვაპირებ აქედან წასვლას, _ უპასუხა მოქანდაკემ.

_ შეხედეთ, შეხედეთ, _ დაიყვირა უცებ ნიკუშამ და დარბაზის ერთ-ერთი კუთხისკენ სირბილით გაექანა.

_ რა მოხდა? _ დაედევნენ გიგი და თიკა.

ყინულის ძაღლი ნაღვლიანი თვალებით უმზერდა პატარებს.

_ ეს ხომ... ეს ხომ ბიმუშაა, _ კისერზე ეხვეოდა ნიკუშა თავის საყვარელ ძაღლს.

_ ჰო, ბიმუშაა, ჩვენი ბიმუშა, _ ხტუნვას მოჰყვა სიხარულით თიკაც.

_ ჰო, მაგრამ ის ხომ ნამდვილი არ არის... ყინულისაა...

_ მერე რა... გავაცოცხლებთ... აი, ნახავ... გავაცოცხლებთ...

_ როგორ?..

_ ჩვენ ხომ ჯადოსნური კაკალი კიდევ დაგვრჩა...

_ აღმოხდა თიკას.

_ მართალი ხარ. ეს სულ დამავიწყდა, მაგრამ ახლა მოდი, რადგან ბიმუშა ვიპოვეთ და მისი გაცოცხლებაც შეგვიძლია, დავალებას მივუბრუნდეთ. ეს დავალება რომ არა, ხომ ვერასოდეს ვიპოვიდით მას... თუნდაც ყინულისას, _ თქვა ნიკუშამ.

სწორედ ამ დროს ჩაქუჩის კაკუნის ხმა შეწყდა. მოქანდაკე სიამაყით შესცქეროდა თავის ქმნილებას და თვალს ვერ აცილებდა. ეჩურჩულებოდა, ყინულის თმაზე ხელს ფრთხილად უსვამდა. ნაბიჯის გადმოდგმას ეხვეწებოდა, მაგრამ ყინულის ქანდაკება, მართალია ღიმილიანი სახით, მაგრამ გაუნძრევლად იდგა მის წინ და ადგილიდან დაძვრას არც ფიქრობდა.

მოქანდაკე ძალიან დაღონდა. ცრემლები წამოსცვივდა. წვეთები იატაკზე ხმაურით ცვიოდნენ და სულ მალე ყინულის ზედაპირზე პატარა ღრმულები გაჩნდა. პიგმალიონი ვიღაც უხილავს თხოვდა, მისი უკანასკნელი ქანდაკება გაეცოცხლებინა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. ბავშვებიც დაღონდნენ ძალიან. მოქანდაკე კი ოხრავდა, გმინავდა და სასწაულს ისევ ითხოვდა. მერე ბავშვებს გადმოხედა:

_ მე ის მიყვარს, ძალიან მიყვარს, თუ ის არ გააცოცხლეს, ტირილს ვერ შევწყვეტ და მთელი ჩემი სამფლობელოც სულ მალე დადნება...

ყველა ჩემი ქანდაკება წყლად გადაიქცევა... _ ტიროდა გულამოსკვნილი...

_ რა ვქნათ? _ დაღონდა თიკა.

_ რა უნდა ვქნათ... სასწრაფოდ უნდა მოვხვდეთ ფუღუროიან ხესთან და მესამე კაკალს ვთხოვოთ პიგმალიონის უკანასკნელი ქანდაკება გააცოცხლოს, _ უპასუხა ნიკუშამ.

_ კი მაგრამ ბიმუშა? _ შეეპასუხა თიკა.

_ თუ პიგმალიონმა ტირილი არ შეწყვიტა, ჩვენი ბიმუშაც დადნება. რა არის აქ გაუგებარი, _ გაფიცხდა ნიკუშა და კლდისგან გამოსასვლელი ნაპრალის გზას გაუყვა. თიკა და გიგი უკან გაჰყვნენ.

_ გიშველით, აუცილებლად გიშველით, _ შემობრუნდა გიგი მოქანდაკისკენ.

პიგმალიონმა ბავშვებს იმედიანი მზერა გააყოლა...

 

ნაწილი IX

`მივლინება~

 

_ გამარჯობა... დიახ, დიახ, ირინა მივლინებაშია. ჯერ არ ვიცი, რამდენ დღეს დარჩება...

დიახ, აუცილებლად გადავცემ, _ მესმის მამიკოს ხმა. ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრება.

თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ. `ირინა მივლინებაშია~ _ ვიმეორებ ამ სიტყვებს. ნეტავ, რა უნდა იყოს ეს `მივლინება~? საწოლიდან ვდგები, ხმას არავის ვცემ და ირინას ოთახებში დავეძებ...

ტელეფონი ისევ წკრიალებს...

_ კი, ახლა გაიღვიძა... დაელაპარაკე, _ კოტე ტელეფონს მაწვდის.

_ დე, როგორ ხარ? _ მესმის ყურმილში დედიკოს ხმა.

_ კარგად... მივლინება რა არის?

ყურმილში გაბმული სიცილია.

_ მალე ჩამოვალ და საჩუქარს ჩამოგიტან... _ შემდეგ განაგრძო, _ იცი, თუ ერთ დღეში მოიწყენ და ჩემი ნახვა მოგინდება, მაშინ პატარა საჩუქარს მიიღებ, თუ ორში _ უფრო დიდს...

_ მართლა? _ ვამბობ და ცოტა ხნით ჩუმად ვარ, _ კარგი...

ხუთი დღე იყავი და ყველაზე დიდი საჩუქარი ჩამომიტანე, _ მშვიდად ვეუბნები ბოლოს.

_ კარგი, ეგრე იყოს... ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ. აბა, შენ იცი, დაუჯერე ყველას.

...

 

ბებეს პარკში მივყავარ. თავიდან ფეხებამდე ამოვიგანგლე წითელ სილაში. გოგონები ქვიშისგან ნამცხვარს ამზადებენ _ ზოგს ჭიამაიას ფორმა აქვს, ზოგსაც პეპლის. ბიჭებს გვთავაზობენ.

_ ჯერ თქვენ შეჭამეთ! _ ვიღიმები და ბიჭებს თვალს ვუკრავ.

_ არა, ჯერ სტუმრებმა უნდა გასინჯონ, _ მპასუხობს პატარა ნანუკა.

_ რას მელაპარაკები?! ქვიშის ნამცხვრის ჭამა ვის გაუგია?..

_ ჩვენი გამომცხვარია, გემრიელია, _ აგრძელებს თავისას.

ვბრაზდები და გოგონების `სუფრას~ ფეხებით ვთელავ.

ბიჭებიც მეხმარებიან. ცოტაც და ნანუკა ატირდება. ნანუკასი არ მეშინია, მაგრამ, აი, მისი ბებე ახლა ჩვენსკენ, ბიჭებისკენ მოემართება.

_ ვითომ დავიღუპეთ? _ ამბობს სანდრო.

_ რატომ დავიღუპეთ?.. აბა, თუ კარგია, ბებიამისმა ჭამოს ქვიშის ნამცხვარი, _ გაბრაზებული ვარ.

დოინჯი შემოვირტყი. ყველა ბიჭი გვერდით დამიდგა. ნანუკას ბებესგან სულ რაღაც ორი ნაბიჯი გვაშორებს. თითქოს გაბრაზებული არ ჩანს.

იღიმება.

_ გამარჯობა, ნიკუშა, როგორ ხარ? _ მეკითხება.

_ კარგად, _ ვპასუხობ მოკლედ.

არაფერს ამბობს `ქვიშის სუფრაზე~ და სულ სხვა რაღაცას მეკითხება.

_ ბაღში დადიხარ?

_ კი, _ ვიტყუები.

ხელით ცხვირს ვისინჯავ. არ გაზრდილა. ვმშვიდდები და შემდეგ კითხვას ველოდები.

_ რა წრეზე დადიხარ?

_ ოვალზე, _ ვპასუხობ.

ბიჭები ხითხითებენ. ნანუკას ბებე ცოტა დაბნეულია. ვერაფერი გაიგო და ახლა იგივე კითხვას სხვანაირად მისვამს.

_ რომელი წრე მოგწონს?

_ ნული, _ ისევ მოკლედ ვპასუხობ და ახლა მეც ვხითხითებ.

ნანუკას ბებე უსიტყვოდ გაგვშორდა.

_ რატომ მოიქეცი ასე? _ ახლა ჩემი ბებე მისვამს კითხვას.

_ არ მინდა, არ მინდა დიდი საჩუქარი... ირინა მენატრება... _ ვყვირი და პარკის გასასვლელისკენ გავრბივარ, რომ ჩემი ცრემლიანი თვალები არავინ დაინახოს...

 

არავისთან აღარ ვთამაშობ... რა ცუდი რამე ყოფილა ეს `მივლინება~...

 

პარკში დატრიალებული ამბავი

 

დღეს ირინას და მარის ბომბორას პარკში  მივყავართ. უფ, რა დღე გველის?.. ერთი კვირაა გვპირდებიან და აი, ახდა ჩვენი ოცნებაც. ალბათ, ყველა ატრაქციონს მოვივლით და ბევრ ნაყინსაც შევჭამთ, _ ვფიქრობდი და ასეც მოხდა. დედიკოებიც ავიყოლიეთ ცელქობაში (რამდენიმე საქანელაზე ჩვენთან ერთად ისხდნენ). თიკამ მეგობარიც კი გაიჩინა _ ლურჯთვალება და ვარდისფერქუდიანი გოგონა.

მასთან ერთად დაკუნტრუშებდა წინ და უკან. მერე ისევ ჩვენთან მოვიდა, მაგრამ ძალიან დაღონებული ჩანდა.

_ თიკა, რა დაგემართა? სად არის შენი მეგობარი? _ ჰკითხა ნიკუშამ.

უცებ ერთ-ერთ შენობაზე მიმაგრებული უზარმაზარი რადიოდან ბოხი ხმა გაისმა:

_ ყურადღებას გთხოვთ ყველას. დაიკარგა პატარა გოგონა _ სალი. მას ვარდისფერი კაბა და თეთრი ფეხსაცმელები აცვია, თავზე ვარდისფერი ქუდი ახურავს. გოგონას დედა პარკის გასასვლელთან ელოდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და თუ სადმე ნახავთ პატარა სალის, დედასთან მიიყვანოთ.

სად უნდა წასულიყო? ბავშვებმა პოლიციელებთან ერთად ყველა ბუჩქი და ხე შემოვირბინეთ, მაგრამ სალი არსად ჩანდა. ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.

თიკამ ტირილი მორთო.

_ რა გატირებს? მალე ვიპოვით, ნუ გეშინია, _ აწყნარებდა გიგი.

თიკამ ტირილს უმატა.

_ ჩემი... ჩემი ბრალია ყველაფერი... ჯიბეში ბრინჯის ერთი მარცვალი მქონდა შენახული. სალის ვუყვებოდი ჩვენს თავგადასავალს... ხის ძირას ვიჯექით. სალის ძილი მოუნდა.

ვუთხარი, აი, ბრინჯის ამ მარცვალს თუ გადაყლაპავ, ჯადოსნურ ქვეყანაში მოხვდები-მეთქი. არც დაფიქრებულა ისე გადაყლაპა...

სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ხის ძირას დაგდებული ვარდისფერი ქუდი იპოვა. ამის შემხედვარე სალის დედას ცრემლები წასკდა.

_ გთხოვთ, მაპოვნინეთ ჩემი გოგონა, _ ტიროდა გულამოსკვნილი.

ახლა თიკას დატუქსვის დრო არ იყო. სწრაფად უნდა გვემოქმედა. დედიკოებს ვთხოვეთ, რომ ერთ-ერთ ატრაქციონზე მარტო გავეშვით. მერე უშველებელ ხეს ამოვეფარეთ, ბრინჯის მარცვლები გადავყლაპეთ, თვალები დავხუჭეთ და იმავე წამს უღრან ტყეში აღმოვჩნდით...

 

სალის კვალს მიაგნეს

 

ბიჭები დიდხანს დახეტიალობდნენ ტყეში.

 

_ სალი... სალიიი... _ ყვიროდნენ ხმის დაკარგვამდე, მაგრამ ამაოდ. სირბილისგან არაქათგამოცლილებმა დასვენება გადაწყვიტეს და ბუჩქის ძირას ცოტა ხნით მიწვნენ.

_ არ ვიცი თიკას რას ვუზამ, _ იმუქრებოდა გიგი.

_ მაგარი გასატყეპია, _ არც ნიკუშა ჩანდა გიგიზე ნაკლებ გაბრაზებული, _ სალი რომ ვერ ვიპოვოთ, რა გვეშველება?.. ან ეს ქაცვია სად დაიკარგა?..

საუბარი უცნაურმა ხმებმა გააწყვეტინათ. ბიჭები სწრაფად წამოხტნენ და ხმას გაჰყვნენ. მალე მათ თვალწინ ტრიალი მინდორი გამოჩნდა.

თვალებს არ უჯერებდნენ... წიქარაზე ამხედრებული ბიჭი, თხა-ამალთეა და პატარა ბეკეკა, მუსიკის ღმერთი აპოლონი, ნადირობის ქალღმერთი-არტემიდე და შვლის ნუკრი, პრინცესები _ ნინია და ელენიკო, მოქანდაკე-პიგმალიონი გაცოცხლებულ ქანდაკებასთან ერთად, ციყვები და თრითინები და რა ვიცი, კიდევ ვინ... _ ყველას ერთად მოეყარათ თავი. ყველანი გარს შემოეხვივნენ ნიკუშას და გიგის. ბიჭებმაც უამბეს თავიანთი გასაჭირი. ჯადოსნური ქვეყნის ბინადრები საგონებელს მიეცნენ. პატარა ბეკეკა კი მათ შორის დაკუნტრუშებდა.

ბეე... ბეე... _ არ ჩერდებოდა და ფეხების ბაკუნით, ერთ-ერთი ბილიკისკენ წასვლას ითხოვდა. არტემიდე გაუძღვა ჯადოსნური ქვეყნის ბინადრებს. ყველამ ოჩოფეხებზე აწოწილი ქოხისკენ აიღო გეზი. არც შემცდარან. მალე სალის ტირილი შემოესმათ.

ბოროტ დედაბერს პატარა გოგონა თოკით ყავდა მიბმული ქოხის ერთ კუთხეში, თვითონ კი შუაცეცხლზე დადგმულ ქვაბში რაღაც ბალახებს ყრიდა და გაუგებარ სიტყვებს ჩიფჩიფებდა...

...

ალბათ, ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ სალი გადარჩა. დედაბერიც, სათანადოდ დაისაჯა, თუმცა ბიჭები ამ ამბავს არ დალოდებიან. მაგრად ჩასჭიდეს ხელი პატარა გოგონას და სულ მალე ბომბორას პარკი სიხარულის შეძახილებმა შეძრა. თიკა, ნიკლი, საბა, გიო, ტატო, ელენიკო, ლუკა, ქეთო, ზუკა, მარიამი, გვანცა, დიანა, ანასტასია და კიდევ ვინ მოსთვლის ვინ, მშობლებთან ერთად ულოცავდნენ სალის დედას გოგონას გამოჩენას და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ მისთვის...

 

სანამ ბიჭები სალის ეძებდნენ...

 

როცა ბომბორას პარკში სალის ქუდი იპოვეს, პოლიციელები ძაღლებთან ერთად გამოჩნდნენ.

ერთ-ერთი გერმანული ნაგაზი თიკას მიუახლოვდა და დაყნოსა. თიკას მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

_ ბიმუშა, ჩემო ბიმუშა, რამხელა გაზრდილხარ, _ გაუბრწყინდა თვალები და  გარშემო ყველა გაკვირვებული დატოვა.

პოლიციელი თიკას მიუახლოვდა.

_ საიდან გიცნობს ჩემი ბიმი?..

_ ეს თქვენი ბიმი კი არა, ჩემი, გიგის და ნიკუშას ბიმუშაა...

_ ცრემლებით აევსო პატარას თვალები და ძაღლს მიუალერსა, _ თქვენ ალბათ ვასიკო ხართ! ბოროტი ვასიკო პოლიციელი... არ მიყვარხართ, არ მიყვარხართ, ცუდი ბიძია ხართ! _ ტიროდა უკვე გულამოსკვნილი.

თიკას და ნაგაზის შემყურე, წამით ყველას მიავიწყდა დაკარგული სალი.

_ სულაც არ ვარ ბოროტი, _ გაიღიმა პოლიციელმა და თიკას თავზე გადაუსვა ხელი, _ მე და თქვენი ბიმუშა მხოლოდ დაკარგულებს ვეძებთ, ადამიანებს ვეხმარებით. ბიმუშა ძალიან ჭკვიანია და კარგი მეგობარია... ეს მისი სამსახურია...

_ მართალს ამბობთ?..

_ რა თქმა უნდა... აბა, სად გაგონილა, პოლიციელები იტყუებოდნენ?

თიკა ერთ ხანს აკვირდებოდა ვასიკო პოლიციელს და შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა, _ კი... მართალს ამბობს, ცხვირი არ გაზრდია!

_ ახლა მოდი, დაწყნარდი და სალის მოძებნაში დაგვეხმარე. იქნებ რამე იცი მის შესახებ? _ ისევ გაიღიმა პოლიციელმა.

თიკამ ერთი ამოისუნთქა და გრძელი ისტორიის მოყოლას შეუდგა.

ბიმუშაც, თითქოს რაღაც ესმისო, ყურადღებით მიაჩერდა...

_ სალი აქ გავიცანი... ერთად ვთამაშობდით... მერე ბიმუშაზე და ჯადოსნურ ქვეყანაში ჩვენს თავგადასავ...

სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, როცა ვიღაცის ხმა გაისმა _ იპოვეს, გოგონა იპოვეს! _ ყვიროდა გახარებული.

სულ მალე ყველამ დაინახა ორ პატარა ბიჭს შორის მოქცეული სალი და ბომბორას პარკი სიხარულის შეძახილებმა შეძრა...

...

მეორე წუთს, გახარებული და თვალცრემლიანი დედა თავის ცეროდენა სალის უკვე გულში იკრავდა...

 

ქაცვია წიგნში ბრუნდება...

 

გადამრევს რა ეს ხალხი... ოღონდ მე არ მეთამაშონ და თუ გინდათ, მთელი მსოფლიოს წიგნებს წაიკითხავენ ტახტზე წამოწოლილები.

აი, ახლაც, ირინა რაღაცას კითხულობს... კი მაგრამ, მე იმდენჯერ მინახავს მის ხელში ეს წიგნი... რად უნდა, იზეპირებს ნეტავ?.. ეს ბაბუც მახსოვს წიგნის ყდაზე...

_ საოცარია, საოცარი, _ შემომხედა და ისევ წიგნს მიუბრუნდა.

_ საოცარი რა არის? _ ვითხოვ პასუხს.

_ საოცარია ის, რომ წინ ისეთი ბედნიერება გელის...

_ ისეთი როგორი? _ არ ვაცლი ბოლომდე თქმას და ვაგრძელებ _ ეგ ვინ თქვა?

_ კეჟერაძემ.

_ კეჟერაძე ვინ არის?

_ კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა...

ახლა ვიცი, დაელოდება ჩემს შემდეგ კითხვას _ ლიტერატურა რა არის? _ მაგრამ ხმას აღარ ვიღებ და ჩემს ოთახში გავრბივარ. მეც ტახტზე წამოვგორდი და ჩემი პირველი ლექსების წიგნი გადავშალე. იქ სადაც ქაცვია ეხატა, ცარიელი ადგილი დამხვდა.

_ ღმერთო, სად უნდა იყოს, _ ავღელდი. სათითაოდ გადავშალე წიგნის ფურცლები, მაგრამ არსად ჩანდა.

ალბათ, რაღაც შეემთხვა. ახლავე უნდა გავიგო ყველაფერი, _ ჯიბეები ამოვიტრიალე, ბრინჯის მარცვალი ვიპოვე, გავკვნიტე და სასწრაფოდ დავხუჭე თვალები...

...

ნიკუშა პირდაპირ ფუღუროიან ხესთან დაეცა მიწაზე. იქვე ბალახებში რაღაც ფართხალებდა.

_ რა კარგია რომ დაბრუნდი, რა კარგი ბიჭი ხარ, რომ არ დამივიწყე, _ შეანათა სიხარულით სავსე თვალები ალისფერი ძაფის გორგალში გაბლანდულმა ქაცვიამ.

_ ეს რა დაგმართნია, _ ახლოს მივიდა ნიკუშა.

_ ჰო, დაუდევრობით მომივიდა. აი, ჩემს ჯადოსნურ ჯოხს ხომ ხედავ, _ ქაცვიამ ნიკუშა უკან მიახედა.

_ მერე?.. _ ბალახებში მოკრა თვალი ჯოხს, _ ახლა რა ვქნა?

_ ჩემი წიგნში დაბრუნება ითხოვე.

_ კი მაგრამ, ეს ჯოხი ჯადოსნური ხომ მხოლოდ შენს ხელშია.

_ ჰო, მაგრამ, თუ მთელი გულით და სულით ინატრებ ჩემს დაბრუნებას, აუცილებლად გამოგივა.

_ ახლავე ვცდი! _ უპასუხა სწრაფად.

_ მოიცა, ნუ ჩქარობ. მანამდე სხვა რამეზე უნდა შევთანხმდეთ.

_ მაინც რაზე?

_ პირობა უნდა დადო, რომ ბაღში ივლი, დედას და მამას დაუჯერებ, წერა-კითხვას ისწავლი და საერთოდ, ჭკვიანად მოიქცევი...

_ გპირდები... _ გაიღიმა ნიკუშამ, _ ერთ-ერთი პირობის ასრულება უკვე დავიწყე.

_ მართლა?..

_ ჰო, მართლა...

არავისთან წამოგცდეს და გიგი წერას მასწავლის. ხუთი ასო უკვე ვიცი, _ თქვა ნიკუშამ და ჯადოსნური ჯოხი ჰაერში აათამაშა...

 

მე ისევ მოვალ... ვიცი...

 

ფანჯარაში ვიყურები...

ბედნიერი ვარ...

ბიმუშა ვიპოვეთ...

ქაცვიაც თავის ადგილს დაუბრუნდა...

სავსე მთვარე თვალს მიპაჭუნებს... ვიცი, რატომაც. ამ ღამით ყველაზე ლამაზ სიზმარს მპირდება...

კიდევ ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები ჯადოსნურ ქვეყანაში...

მერე ისევ ვიცელქებ... ისევ გამიბრაზდებიან... ისევ შემაქებენ და ისევ მომეფერებიან...

მეტი რაღა უნდა ვინატრო?!. კიდევ... კიდევ, ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

ახლა, ამ წამსაც ვიცი რა მოხდება. გავიგონებ ხმას _ `ნიკუშა, ძილის დროა...~...

და სანამ გავიგონებ, მანამდე ვწვები ჩემი ნებით ლოგინში. ვარსკვლავები მალე ჩემს ოთახშიც აციმციმდებიან... თვალებს ვხუჭავ და...

...ჯადოსნურ ქვეყანაში ვარ. რა თქმა უნდა, თიკა და გიგიც აქ არიან. დიდი ფუღუროიანი ხის გვერდით უზარმაზარი მაგიდაა გაშლილი. ჩემიანები მაგიდის გარშემო სხედან. თვალებს არ ვუჯერებთ.

ამათ აქ რა უნდათ?.. დავიჯერო, ბრინჯის მარცვლები გაკვნიტეს?.. ყველანი აქ არიან, ყველანი. ჩვენს გარშემო პეპლები დაფრინავენ, ციყვები ხიდან ხეზე დახტიან, ბიმუშა მხიარულად წკმუტუნებს და ყეფს, ვასიკო პოლიციელიც აქვეა და როგორც თავად ამბობს, ბიმუშასთან ერთად ბოროტი მხეცებისგან გვიცავს... ქაცვია... ქაცვია სადღაა?... აგერ არის, თავისი ჯოხით.

ერთი ხელის აქნევა და ფუღუროიანი ხიდან კანფეტების წვიმა მოდის. თიკას უკვე პირი აქვს მოსვრილი გემრიელი შოკოლადით.

_ წიქარას ზღაპარი იცი? _ მეკითხება ბებე.

_ ვიცი!

_ ნადირობის ქალღმერთის სახელი იცი? _ ახლა მეორე ბებე სვამს კითხვას.

_ ვიცი!

_ მუსიკის ღმერთს რა ქვია იცი? _ კითხულობს ბაბუა.

_ ვიცი!

_ მოქანდაკე-პიგმალიონს თავს რა გადახდა, ისიც იცი? _ არ ჩამორჩა არავის  მეორე ბაბუაც.

_ ვიცი!..

მოკლედ, კითხვები არ ილევა.

არც ჩემი ერთადერთი პასუხი _ `ვიცი~... შემდეგ ჯერ სკამზე, მერე მაგიდაზე ვდგები. ცალ ხელში დაგორგლილი ფურცელი მიჭირავს. სულ მალე ნახავთ რა წერია შიგნით. თვალი ირინასკენ გამირბის.

ვიცი, რომ არ მოსწონს ჩემი საქციელი, მაგრამ საყვედურამდე ვასწრებ ხმამაღლა და გამოთქმით _ აი, ამის თქმას:

_ ვიცი, ვიცი, დიახაც ვიცი, რომ ჯერ კიდევ პატარა ვარ, მაგრამ დიდი რომ გავიზრდები, დიდი ვიქნები... ისიც ვიცი, რომ ძალიან მეყვარება მზე, მთვარე, ყვავილები, მიწა და კიდევ უფრო ძალიან ის, რაც კიდევ უფრო ძალიან იქნება შესაყვარებელი... არ გჯერათ? ნახეთ, აი... ვადასტურებ ხელმოწერით, _ ვამბობ ახალ ნასწავლ სიტყვებს ამაყად და დაგორგლილ ფურცელს ვშლი.

უსწორმასწორო, დიდი ასოების დანახვაზე ყველას ეღიმება...

??????