კვიტატიანი ქეთი
გაზიარება

ჩუსტები 

- მგონი პატრონებს ყველაზე მეტად ჩუსტები და ძაღლები ემსგავსებიან. არც ისაა შემთხვევითი, ყველაზე ჭკვიანი და ერგული ძაღლი შინ დაბრუნებულ ოჯახის წევრებს ჩუსტებს რომ მიუცუნცულებს ხოლმე. უიმე, საყვარელი ძაღლები! ნეტავ რატომ ერჩიან მაიცდამაინც კატებს? თუმცა, ყველა ძლიერი ცხოველი ვიღაცას ერჩის: ლომი ირემს, ძაღლი კატას, კატა თაგვს და თაგვი ყველს... არა, ყველი უსულოა, თუმცა, არც თაგვი მყავს დიდი დევ-გმირი, რომ სულიერებს ერჩოდეს.

 

წრუწუნაა რა, რომელიც ყველაფერს ღრღნის და დაღრღნილს სოროსკენ მიაცუნცულებს... - მაკრინემ წუთით ფიქრი შეწყვიტა, თავის წრუწუნისთავიან ჩუსტებს დახედა და გაეღიმა: - რა საყვარელი გამოგონებაა! - ადრე ძაღლისთავიანიც ჰქონდა, ერთ პატარა ლეკვს ნამდვილი ეგონა, იმდენი უყეფა, უღრინა და უტრიალა, რომ ბოლოს ყური მოაჭამა... 
ამ ფიქრებში გართულ მაკრინეს, რატომღაც ტკბილი მოგონებების სადღეგრძელო გაახსენდა და გული დაწყდა პატარა ლეკვის საქციელის გარდა ტკბილი რომ არაფერი ჰქონდა ერთი წლის მანძილზე გასახსენებელი. სახე მოეღრუბლა, მიხვდა, რომ ცუდ ხასიათზე დგებოდა. სწრაფად შეწვა ლოგინში, საბანი თავზე წაიფარა და დაიძინა.
ღამე უცნაურმა წრიპინის ხმამ გამოაღვიძა. არა, ხმამაღალი არ ყოფილა, ჩუმი იყო, ოდნავ შესამჩნევი, მაგრამ მაინც გამოეღვიძა. სიბნელეში ფეხით მოძებნა ჩუსტები, ცალი ჩუსტი ოდნავ შეირხა და წინ წავიდა.

 

 

მაკრინეს გაეღიმა, რატომღაც გულუბრყვილობა მოეძალა და დაუშვა, რომ მისი ჩუსტები შეიძლებოდა ისევე გაცოცხლებულიყვნენ, როგორც ეს მულტფილმებში უნახავს, ან პატარა ამურები მოფრინდნენ და ეთამაშებოდნენ... წამით წარმოიდგინა, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა...
ჩუსტი ისევ გაჩოჩდა. სიბნელეში კარგად ვერ ხედავდა. მკაფიოდ მხოლოდ ხახუნი გაიგო. მერე ფეხი მოიმარჯვა და მეორე, ჯერ კიდევ ადგილზე რომ ეგულებოდა, იმ ჩუსტს დაადგა. ჩუსტი არ იძვროდა. უფრო დააჭირა თითები და გაიფიქრა: _ ახლა რომ ამომძახოს, „მეტკინა, გაწი ქალო ფეხიო!“ _ მაკრინემ გადაიკისკისა.

 

საბედნიეროდ (თუ სამწუხაროდ) ეს ჩუსტი არ ინძრეოდა, მეორე ჩუსტის გაჩოჩების ხმა კი ისევ გაიგონა. მაკრინე დაიბნა. უცებ თოვლის ბაბუა გაახსენდა და უკვე ასაღებად გამზადებულ საახალწლო ნაძვისხეს გახედა. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ბავშვობაში არ სჯეროდა თოვლის ბაბუებს, დიდობაში კი გული სწყდებოდა: ნეტავ რატომ ვიყავი ასეთი გონებამახვილიო?!. რადგან ამ პატარა ტყუილს, მართლა შეუძლია ყველა ბავშვს გაულამაზოს ახალი წელი, მიზანი გაუჩინოს, აგრძნობინოს, რომ მშობლების და ბებო-ბაბუს გარდა, წელიწადში ერთხელ, კიდევ ზრუნავს მასზე ვიღაც, რომელსაც შეუძლია ზუსტად შეურჩიოს საყვარელი სათამაშო. დედასთანაც კი შეგიძლია წაიბუზღუნო: არ დამსაჯო, თორემ თოვლის ბაბუასთან გადავცხოვრდებიო...

 

და ეს ზამთრის ბაბუ, შენს წარმოდგენაში ისეთია, რომ ზუსტად იცი მიგიღებს, გაგართობს და სიურპრიზებსაც არ მოგაკლებს. ეჰ, რამდენი რამე დააკლდა მაკრინეს ბავშვბაში იმის გამო, რომ თოვლის ბაბუების არსებობა არ სჯეროდა. ახლა კი, მგონი, ბედმა სიურპრიზი მოუწყო „ურწმუნო თომას“. „წავიდე, ერთი, შუქი ავანთო!“ _ ჩაილაპარაკა მაკრინემ და ფეხშიშველა გატანტალდა იატაკზე.
სინათლემ ოდნავ შეაკრთო პატარა, გრძელკუდიანი თაგუნა, რომელიც მაკრინეს მძიმე ჩუსტს სვენებ-სვენებით მიათრევდა. მაკრინე ჯერ უსიამოვნოდ შეცბა, მერე ეწყინა, ბოლოს გაეღიმა და თაგვს დააკვირდა. თაგვი იყო რა, ჩეულებრივი, ნაცრისფერი, წამალს დაუყრი მოკვდეწბა, მაგრამ ნახე, ჩუსტას რა მაგრა ექაჩება?!. 
- ეს არც იჭმევა და არც შენს სოროში შეეტევა! - შორიდან გასძახა წრუწუნას მაკრინემ.

 

- რას გადამეკიდნენ ეს ცხოველები, ლეკვის არ იყოს, ამასაც ცოცხალი თაგვი ხომ არ ჰგონია ჩემი ჩუსტი? იქნებ დედას ახსენებს ან ბებოს?.. ჰო, ბებო ჯობია. - წარმოსახვითი ტრაგედია შეამსუბუქა მაკრინემ. ცოტა ხანში თაგვმა უფრო მოხერხებულად ჩასჭიდა კბილები ჩუსტს და სწრაფად დაძრა ადგილიდან. მაკრინე ჩაფიქრდა. ძაღლებს ჩუსტები მოაქვთ ერთგულების ნიშნად, ამას კი მიაქვს. ჰმ, მოღალატე! ესეც ასე, დავრჩი უჩუსტოდ, ნათაგურ ჩუსტს ხომ არ ჩავიცვამ, ნეტა სად მიათრევს? წართმევა და გატანა აკლდა კიდევ ჩემს გაჭირვებას, ერთი შემომტანი გამოგეგზავნა ღმერთო ჩემთვის რა იქნებოდა, ასეთ დანჯღრეულ სახლში თაგვი კი არა მგელი რატომ ვერ შემოიპარება?!.

_ გულშეწუხებულმა მაკრინემ ხალათი მოიხურა და თაგვს გაჰყვა. თაგვმა აივანზე გაათრია ჩუსტი და შიგნით რაღაცეების ჩალაგება დაიწყო. - სორო არ აქვს ამ უბედურს, ჩემი ჩუსტი არ ეხმარა საკუჭნაოდ? - წაიბუზღუნა მაკრინემ და უცებ თვალი მოჰკრა, რომ თაგვი ოქროს ალაგებდა თავის ახალ საკუჭნაოში. მაკრინეს ბებიისგან ახსოვდა, რომ ზღვას, კაჭკაჭს და თაგვს უყვარს ოქრო და გპარავს როგორც შეუძლია. მაკრინე დაიხარა და ერთი მუჭა ძვირფასეულობა ამოიღო ჩუსტიდან. ცოტა ხანი გახარებული იდგა, მერე იფიქრა არ მეძგეროს ეს თაგვი, სად მიგაქვს ჩემი ოქროო და აივნის კარს ამოეფარა. წრუწუნა ორ ფეხზე იდგა და მაკრინეს მშვიდად უცქერდა.

 

მაკრინეს მოეჩვენა, რომ თაგვი ყველაზე ლამაზი, ერთგული, საყვარელი და რა ვიცი კიდევ როგორი გენიალური ცხოველია. 
მაკრინემ ძვირფასეულობა უკვე ასაღბად გამზადებულ ნაძვისხესთან დადო, გვერძე თაგუნა მიუსვა და თქვა: - დიდი მადლობა, თოვლის ბაბუ! - მერე თოვლის ბაბუის შიკრიკი სამზარეულოში შეიპატიჟა და საუზმედ ყველიანი საჭმელი მოუმზადა. თენდებოდა...

 

??????