ფუტკარაძე ოთარ
გაზიარება

იოსებ იმედაშვილი - პუბლიცისტი, რედაქტორი, გამომცემელი... 

იოსებ იმედაშვილი 1876 წლის 23 მარტს კახეთში, ახლანდელი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში დაიბადა. დედა უჯარმელი იყო, გვარად ჭიჭინაძე, თბილისში ცნობილ (პავლიაშვილების, ჭრელაშვილების, დოდაშვილების) ოჯახებში აღზრდილი და, ბუნებრივია, შვილის სწავლა-განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
მამა – ზაქარია იმედაშვილი სამების ეკლესიის გლეხი იყო.
იოსებმა ბავშვობა მწყემსობაში გაატარა და მშობლიური მხარის საფუძვლიანად გაცნობაც მოასწრო. ადრე დაობლდა. 12 წლისა წერა-კითხვას მოეკიდა და თბილისს ჩასული საზეინკლო-სახელოსნო სკოლაში ჩაება. აქვე მოწინავე მუშებს დაუკავშირდა და რევოლუციურ მოძრაობას ეზიარა. სახელოსნო სკოლაში თვითგანათლებას დაეწაფა. გადაიკითხა “ძველი დროება,” “მნათობი,” “კრებული,” “იმედი,” “ივერია.” სასწავლებელში ხელნაწერი ჟურნალი “თარი” დააარსა, რაც მეორე კლასიდან მისი გარიცხვის მიზეზი გახდა.
ბედმა ყველა გაჭირვებულისა და მიუსაფარის გულშემატკივარსა და გამკითხავ ზაქარია ჭიჭინაძეს შეახვედრა. სწორედ მან შეიკედლა უსახლკარო ბიჭი. იოსებ იმედაიშვილმა აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა იმ დროს თბილისს გამომავალ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთის რედაქციასთან. მისი წერილები იბეჭდება “ივერიაში,” “ჯეჯილში,” “კვალში,” “ნაკადულში,” “მოგზაურში,” “ცნობის ფურცელში.” ასე ნელ-ნელა ყალიბდება პუბლიცისტად და რედაქტორ-გამომცემლად.
იოსებ იმედაშვილი მეტად მრავალმხრივი მოღვაწეა.
არალეგალური პრესისა და სამხედრო ორგანიზაციის მონაწილე 1905 წელს გარეკახეთის რევოლუციური თვითმმართველობის მამასახლისთმამასახლისად აირჩიეს. იგი თბილისში გარეკახეთის შეიარაღებულ დეპუტაციას ჩამოუძღვა და მეფინაცვალ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის გურიიდან გაყვანა მოითხოვა. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
1910 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის 4 წელი მიესაჯა.
იოსებ იმედაშვილი – გამომცემელი: ხალხში განათლების შეტანის და მოწინავე იდეების პროპაგანდის მიზნით 1895 წლიდან ხელმისაწვდომ ფასებში ბეჭდავს წიგნებს.
იოსებ იმედაშვილი – ლექსიკოგრაფი: 1904 წელს გამოსცა თავისვე შედგენილი “უცხო სიტყვათა ლექსიკონი.”
მანვე შეადგინა “ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი – IV საუკუნიდან 1952 წლამდე,” მაგრამ გამოცემა ვერ მოასწრო.
ჭაბუკობიდან იყო დაკავშირებული ქართულ თეატრთან, როგორც რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი. წერდა რომანებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს.
ვფიქრობ, ერთი კაცისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი ტვირთია.
იოსებ იმედაშვილმა 1909 წელს საკუთარი პერიოდული გამოცემის დაფუძნება გადაწყვიტა და ამ საქმეს მარტოდ შეება. არ ჰქონდა სახსრები, საჭირო იყო შენობა, ქაღალდი, სასტამბო ხარჯები...
ჟურნალის პირველი ნომრისათვის ქაღალდის ფული ნ. ქართველიშვილსა და პ. გოთუას მიუციათ. ასოთამწყობის დაქირავების საშუალება რომ არ ჰქონდა, ყველა მასალა თავად ააწყო.
“1909 წლის დეკემბერი იყო. განვიზრახე ჟურნალის გამოცემა, სათაური შევურჩიე “თეატრი და ცხოვრება” და სათანადო თხოვნა შევიტანე თბილისის გუბერნატორის სახელზე.” – იგონებს იოსები. პასუხისათვის ორი თვის შემდეგ დაიბარეს, არადა, ეჩქარებოდა: 1910 წლის ორ იანვარს ქართული თეატრის აღდგენის დღესასწაული იმართებოდა და სურდა – ჟურნალის გამოცემა ამ დღისთვის დაეკავშირებინა.
ნებართვას არ დალოდებია. ჟურნალისათვის მასალები შეარჩია, მოწინავე წერილი თვითონ დაბეჭდა და ამობეჭდილი ტექსტებით, ახალი წლის წინა დღეებში, კანცელარიის მმართველს პირდაპირ ბინაში მიადგა, ორი იანვრისთვის ჟურნალის გამოცემის დიდი სურვილი გაანდო და დახმარება სთხოვა. მმართველი გუბერნატორს ტელეფონით დაუკავშირდა, მასალების შინაარსი გააცნო და დასტურიც მიიღო.
შრომისმოყვარეობამ, მონდომებამ და სიჯიუტემ შეუძლებელი შეაძლებინა – 1910 წლის ორ იანვარს “თეატრი და ცხოვრებას” პირველმა ნომერმა დღის სინათლე იხილა. 
მეთაური წერილი, ბუნებრივია, თეატრის დაარსების დღეს მიეძღვნა. მასში ჟურნალის იდეური მრწამსი და მიზანმიმართულებაა ჩამოყალიბებული. “ჩვენთვის რომელიმე განკერძოებული პარტია და წოდება არ არსებობს. მთავარია ერი და ეროვნული კულტურა, ეროვნული ერთიანობა... ხელოვნების უმაღლესი მოთხოვნილებაა – მისწრაფებათა დაცვა და განვითარება.” – წერდა იგი. 
ჟურნალი, ძირითადად, იმ აზრს მისდევდა, რომ ხელოვნებას სამშობლო არ აქვს – მთელი ქვეყანაა მისი აკვანი. ხელოვნება, შემოქმედება თავისუფალია.
პირველივე ნომერმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი დღეგრძელობა არავის სჯეროდა.
რედაქტორმა გარს შემოიკრიბა ძველი და ახალი თაობის მწერლები – ა. წერეთელი, ნ. ლორთქიფანიძე, ვ. გუნია, დ. ნახუცრიშვილი, გ. ტაბიძე, ი. გრიშაშვილი, ალ. აბაშელი და სხვები.
“თეატრი და ცხოვრება” საყოველთაო ყურადღების ცენტრში მალე მოექცა, თუმცა ჟურნალმა წლის ბოლომდე ვერ გაძლო... 
იოსებ იმედაშვილი იგონებს:
“დავბეჭდე ტრ. რამიშვილის, ი. გოგებაშვილის წერილები და სხვა. 1910 წლის ერთერთი ნომერი მანქანაზე გავუშვი. მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, სტამბაში დასაბეჭდად რომ უნდა მივსულიყავი, შუაღამესვე ჟანდარმერიის სამწყვდეველში აღმოვჩნდი.”
იმ დღეს ჟურნალის მეორმოცე ნომერი უნდა გამოსულიყო. იმედაშვილს რევოლუციური საქმიანობა გაუხსენეს და ციხეში გაუშვეს.
პატიმრობიდან 1913 წლის ნოემბერში გათავისუფლდა, მაგრამ ვისაც კი სამსახურისთვის მიმართა, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს, ყველამ ზურგი შეაქცია. ოჯახიც თითქმის დაქცეული დახვდა – სახლი და ავეჯი გაეყიდათ, ორი შვილი – გიზო და თამარი “პრიუტში” მიებარებინათ. დანარჩენი ოთხი შვილი და მეუღლე, მისივე დის სახლიდან გამოყრილი, გოცირიძეს შეეფარებინა.
სამსახურისათვის “ახალი კლუბის” დირექტორ დუმბაძესთან მისულა, მეკარის ან ტანისამოსის შემნახველის ადგილი უთხოვია, მაგრამ ეჭვით შეუხედავთ. უარით გაუსტუმრებია გ. დიასამიძესაც.
ჟურნალის განახლება მათ ჯინაზე გადაწყვიტა.
აკაკიმაც წააქეზა:
“ჭირგამოვლილი უფრო მხნედ ემსახურები შენს მიზანს. არცერთი საქვეყნო საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდება.” – უთქვამს მგოსანს.
ნაპატიმრალს ჟურნალის აღდგენის ნებართვას არ მისცემდნენ, ამიტომ განცხადება მეუღლის სახელზე დაწერა. სანებართვო ვიზისათვის მანეთნახევარი იყო საჭირო და არც ეს თანხა ჰქონდა. ამჯერად მიტროფანე ლაღიძემ გაუწოდა დახმარების ხელი. რომ გაიგო, ჟურნალის განახლებას აპირებსო, განცხადებაზე დასაკრავ მარკასთან ერთად (მარკებს სულ ჯიბით ატარებდა თურმე), ორი ნომრის გმოსაწერი თანხაც – ორი ოქროს ხუთმანეთიანიც წინასწარ გადასცა.
ახლა სტამბა გაუხდა საზრუნავი.
სადაც კი მასალებით მიადგა, შეკვეთების სიმრავლე მოიმიზეზეს და ჟურნალის დაბეჭდვაზე უარი უთხრეს.
ისევ სიჯიუტემ უშველა – მესტამბეებზე განაწყენებულმა დაიქადნა, თქვენს ჯინაზე კვირისათვის ნიმერს მაინც გამოვუშვებო და “გერმესის” სტამბაში მივიდა. იქ ადრე მისი ჟურნალი იბეჭდებოდა. ამ სტამბაში ძველი ნაცნობი – ავლაბრის სახალხო თეატრის სცენისმოყვარე ლევან პოღოსოვი შეხვდა, რომელმაც დახმარება აღუთქვა. ასე, რომ 1914 წლის 9 მარტიდან “თეატრმა და ცხოვრებამ” საქმიანობა განაახლა.
მას იოსების მეუღლე ანა ჟურული აწერს ხელს.
1914 წლის ნომრებს ქალბატონ ნინო ნიჟარაძის არქივში მივაკვლიე. მასთან ინახება აგრეთვე 1915 და 1917 წლების ზოგიერთი ნომერი.
ჟურნალი იბეჭდებოდა თაბახის ფურცელზე დიდი ზომის ქაღალდზე და 16 გვერდს მოიცავს. ღია ნარინჯისფერ გარეკანზე შავი მხატვრული ასოებით გამოყვანილია სახელწოდება. სათაურის ქვეშ აწერია “სათეატრო – სალიტერატურო ჟურნალი.” რედაქტორ-გამომცემელი ანნა ჟურული.
ჟურნალს არ ჰქონდა დაფინანსება, ებრძოდა ცენზურა, აწუხებდა უქაღალდობა. და მაინც, ყოველ კვირას დაუბრკოლებლად გამოდიოდა.
სათეატრო კითხვების განხილვა-გარკვევა, თეატრის წარსული და აწმყო, ისტორია დრამისა და სცენისა – ასეთია ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების თემატიკა. იბეჭდება თეატრალური წერილები, კრიტიკული განხილვანი, ისტორიულ-ბიოგრაფიული ცნობები, მოთხრობები, ლექსები, იუმორისტული ნაწარმოებები, სცენისმოყვარეთა, ხელოვანთა, მსახიობთა, დრამატურგთა პორტრეტები. 
პირველი მსოფლიო ომის წლებში “თეატრი და ცხოვრება” ომის მონაწილე სარდლების, რუსი გენერლების, დაღუპული ოფიცრებისა და ჯარისკაცების ფოტოსურატებსაც ბეჭდავდა, სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების ამბებს კი თითქმის ყველა ნომერში აშუქებდა. საამისოდ სპეციალური რუბრიკაც ჰქონდა შემოღებული – “ომის ამბები.”
ჟურნალში ფართო ადგილი ეთმობოდა აგრეთვე საქართველოსა და უცხოეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს. რუსეთსა და უცხოეთის ზოგიერთ ქვეყანაში მას სპეციალური კორესპონდენტებიც ჰყავდა.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ სცენისმოყვარეთა საქმიანობას.
1914 წლის ერთ ნომერში ვკითხულობთ:
“შ. დადიანმა, ბათუმის დასის რეჟისორმა, შეადგინა ახალი სახელმძღვანელო წიგნი “მსახიობის ხელოვნება,” რომლის ბეჭდვასაც ჟურნალი მოკლე დროში ჰპირდება.”
იმავე წლის მეჩვიდმეტე ნომერში “თეატრი და ცხოვრება” გვაუწყებს, რომ “ბათუმის დრამატულმა საზოგადოებამ საბოლოოდ გადაწყვიტა 1914-1915 წლების სეზონში დასი იყოლიოს. საჭირო მსახიობთა მოსაწვევად თბილისს ჩამოვიდა ბათუმის დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე ივანე მესხი. მოელაპარაკა ზოგიერთ მსახიობს. ჯერჯერობით მიწვეულნი არიან – რეჟისორად კ. ანდრონიკაშვილი, თანაშემწედ ალ. გუგუშვილი, მსახიობები: ქალბატონები გ. ქილარჯიშვილი, ჰ. გამრეკელი-თორელი, ვ. ციმაკურიძე, ბატონები ნ. გვარამაძე, ი. ჟივაძე, ნ. ჩაგუნავა.”
სამწუხაროდ, ამ განზრახვის ასრულებას ხელი ომმა შეუშალა.
“ომიანობის გამო ბათუმი წელს დასს ვერ იყოლიებს.” – იმავე წლის 31-ე ნომერში გამოქვეყნებულ ამ მოკლე ფრაზაში რედაქციის დიდი გულისტკივილი იგრძნობა.
საერთოდ, “თეატრი და ცხოვრება” აჭარას დიდ ყურადღებას უთმობდა. ეს არცაა გასაკვირი – ი. იმედაშვილი ხომ აჭარის ერთგული ქომაგისა და გულშემატკივრის – ზ. ჭიჭინაძის აღზრდილი და თანამებრძოლი იყო. მასთან ერთად არაერთხელ სწვევია ჩვენს კუთხეს.
1915 წლის ერთი ნომერი (# 26) მთლიანად აჭარას დაეთმო. მას “ქართველ მაჰმადიანთა ნომერი” ეწოდა.
მეთაურ წერილში რედაქტორი იმ აზრს ავითარებს, რომ სარწმუნოებით მაჰმადის მომდევარი ქართველნი ეროვნულად მაინც არ ჩამკვდარან და საქართველოსკენ იწევენ. სულმა სული იცნო. ამას ი. იმედაშვილი საკუთარი შთაბეჭდილებით წერს. მას მოვლილი ჰქონდა მთელი აჭარა და ამ კუთხის მკვიდრ თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელთან მეგობრობდა. იგი ხაზს უსვამს ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლს, რომელსაც აჭარაზე უამრავი წერილი დაუწერია. ჩამოთვლის პიროვნებებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს აჭარაში უმოგზაურიათ და საინტერესო მასალებიც გამოუქვეყნებიათ.
წარსული საუკუნის ათიანი წლების შუახანებში აჭარელთა ერთ ჯგუფს ცილი დასწამეს და სამშობლოს ღალატი დააბრალეს. მათ გაციმბირება და ჩამოხრჩობა ელოდათ, ამიტომაც 1916 წლის მარტში თბილისს აჭარიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ისინი მეფისნაცვალს ესტუმრნენ და მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის თანადგომით თანამოძმეთა უდანაშაულობა ადვილად დაამტკიცეს.
ქართველმა საზოგადოებამ, 1916 წლის სამ მარტს, ეს ამბავი დიდი ზეიმით აღნიშნა.
აჭარის წარმომადგენლებს “ახალი კლუბის” დარბაზში გაუმართეს დიდი ნადიმი, რომელსაც გიორგი ყაზბეგი თამადობდა. მის გარდა წვეულებაზე მგზნებარე სიტყვებით გამოვიდნენ მ. მაჩაბელი, ე. თაყაიშვილი, ნ. ნიკოლაძე, გრ. დიასამიძე, ი. მაჭავარიანი, გ. გვაზავა. აჭარელთაგან მემედ აბაშიძე, რეჯებ ნიჟარაძე და სკენდერ ცივაძე.
ამ ისტორიულ ნადიმს იოსებ იმედაშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ნადიმობის თაიგული სკენდერ ცივაძე იყო. ყველა აღტაცებაში მოიყვანა მისმა სიტყვამ: 
“უზენაესის განგებით გათიშული ძმანი კვლავ ერთად ვართ... რაფიელ ერისთავი გვასწავლიდა: “როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა,” ერთია ჩვენი სამშობლოც და ურთიერთს საქმით დავეხმარნეთ მის აღსადგენად.” – წარმოუთქვამს სკენდერს (# 11). 
ქართველთა ერთობის მოძულეთა მეცადინეობის მიუხედავად აჭარელთა საქართველოში “დაბრუნება” სინამდვილედ იქცა და სამუსლიმანო საქართველოს გამათავისუფლებელი კომიტეტისა და ქართველ მუსლიმანთა წარმომადგენლების ყრილობაზე ოფიციალურად გაფორმდა.
ამ ფაქტს “თეატრი და ცხოვრება” ფართოდ გამოეხმაურა.
1920 წელს ი. იმედაშვილმა თავის ჟურნალს ათი წლის იუბილე გადაუხადა, 1925 წელს კი 15 წლისა. საიუბილეო კომისიას ცნობილი მოღვაწენი და მსახიობები შეადგენდნენ.
ამ კომისიის ერთერთი სხდომის დროს ვასილ ბარნოვმა აღნიშნა – “თეატრი და ცხოვრება” და იოსებ იმედაშვილი ვის გაუყვიაო. ასე, რომ ჟურნალის იუბილე მისი გამომცემელ-რედაქტორის იუბილედ გადაიქცა.
1917 წელს ჟურნალის თაოსნობით შედგა ქართველ მომღერალთა კავშირი. იმავე წელს მისივე ინიციატივით შეიქმნა ქართული თეატრალური მუზეუმი.
1925 წელს ჟურნალის მეთაურობით, აკაკი წერეთლის გარდაცვალების ათ წლისთავთან დაკავშირებით, მთაწმინდაზე მწერლის პანაშვიდი გადაიხადეს.
იოსებ იმედაშვილის ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” საქართველოს ყველაზე შორეულ კუთხეშიც აღწევდა. 15 წელიწადს იარსება, თუმცა, მთავრობისაგან უბრალო სუბსიდიაც არ მიუღია. გამოდიოდა რედაქტორის ხარჯზე და, როგორც იოსებ იმედაშვილის გარდაცვალების ათ წლისთავზე  გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” აღნიშნავდა, “ყველას დიდ სულიერ საზრდოს აძლევდა.”
“თეატრი და ცხოვრება” საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მთელ ქვეყანაში ერთადერთი კერძო გამოცემა იყო.  რომ არ ხურავდნენ, ჩემი აზრით, ამას სერგო ორჯონიკიძესთან რედაქტორის პარტიული მეგობრობა განაპირობებდა, მაგრამ იმის შიშიც იყო, რომ სოციალისტური სისტემა კერძო გამოცემას დიდხანს არ მოითმენდა.
ხელისუფლებას ჟურნალის დახურვის საბაბი იოსებმა თავად მისცა – 1925 წელს არზიანის პასკვილ “დეზერტირკის” წინააღმდეგ გაილაშქრა. პიესა აიკრძალა, მაგრამ ავტორმა რედაქტორი სამხარეო კომიტეტში დაასმინა. ეს ჟურნალის დახურვის მიზეზი გახდა და მან 1926 წლის მარტში არსებობა შეწყვიტა.
ჩემი აზრით, არზიანის ბრალდება ხელისუფლებამ, უბრალოდ, საბაბად გამოიყენა, რათა იოსებ იმედაშვილისათვის ჟურნალის გამოცემის გაგრძელებაზე უარი ეთქვათ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელი ს. ორჯონიკიძე და ი. იმედაშვილი თანამებრძოლები იყვნენ.
როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა მთელ კავშირში ერთადერთი კერძო პერიოდული გამოცემის არსებობა და გააუქმა.

2002.

საქართველოს მეცნიერებათა აცადემია
ბათუმის აბუსერისძე ტბელის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
იოსებ იმედაშვილის დაბადების 125 _ ე წლისთავისადმი ნიძღვნილი სამეცნიერო სესიის მასალები, ბათ., 2002, გვ., 26 _ 31.
 
ლიტერატურა:

1. ი.იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ., 1978.
2. გ. იმედაშვილი, იოსებ იმედაშვილის ცხოვრების გზაზე, თბ., 1984.
3. ჟურნ. “განთიადი,” 1976, # 5.
4. გაზ. “ახალგაზრდა კომუნისტი,” 1962, # 55.
5. ჟურნ. “თეატრი და ცხოვრება,” 1914 – 1916 წ.წ. ნომრები.

??????