მეტრეველი ლელა
გაზიარება

ცოლის პასუხი 

შემოგვეყარა ყივჩაღი,
ჩემზედ მოგიხდათ ცილობა...
ეს მერამდენედ დაგღუპა
ქართულმა ზნეკეთილობამ.
პური მოგთხოვა _ აჭმიე,
ღვინო მოგთხოვა _ შეასვი,
მანაც თავისად იგულა
შენი ყანა და ვენახი.
ხელ წამატანა ურცხვადა,
მეც მიმიჩნია თავისად.
ხმალი იშიშვლე _ დაგასწრო,
იქვე შენი მზეც ჩავიდა.
მაინც მოასწარ, უწვდინე,
სისხლი ჩანჩქერად დიოდა,
მიწა მოფხოჭნა ყივჩაღმა,
ცხრაგან ჭრილობა სტკიოდა.
ორივემ სული დალიეთ,
ცრემლი მილტობდა წამწამებს...
მე არავისთან წავსულვარ,
ცილი ტყუილად დამწამე.
სახე _ მზიანი, სამზეო _
შავი მანდილით ვიფარე,
ათასი წელი გიგლოვე,
მაინც ვერ გადაგიყვარე.
ათასი წელი გეძახდი,
ცაში ლეგენდად წასულო,
ახლა კი ეჭვი შემიჩნდა,
რაღაც ცუდ სიზმრებს ვნახულობ:
შემოგვეყარა ყივჩაღი,
საცაა, გამინაპირებს...
შენ კი სიკვდილის გეშინის,
ხმლის მოქნევას არ აპირებ.

??????