რატიანი ზვიად
გაზიარება

*** 

ძილი ისევ შევიბრუნე, მაგრამ არ შველის:
რამდენჯერაც გავიღვიძებ, ყოველთვის სხვა ვარ.
ყოველ ჯერზე სხვადასხვა ვარ. ვინ არ ვიღვიძებ
გარდა იმისა, ვინც ვიყავი და მაქვს იმედი -
ისევ ვიქნები.
მე არ ვიცი, რამდენხანს მძინავს
ან რამდენჯერ გავიღვიძე. ყოველი ძილი,
რაც არ უნდა მოკლე იყოს, ერთ სიზმარს ყოფნის;
თითო ძილი-თითო სიზმარს. და ამ სიზმარშიც
ვიღვიძებ-სხვა ვარ. დავიძინებ. ისევ ვიღვიძებ
და ისევ სხვა ვარ. კვლავ ვიძინებ იმის იმედით,
რომ შემდეგ ჯერზე, შემდეგ ცდაზე, იქნებ დავემთხვე
ჩემს თავს, ჩემს სახელს. სულერთია, სად დავემთხვევი -
სიზმრად თუ ცხადში. მათ ისედაც ვეღარ ვასხვავებ
და აღარ ვიცი, როდის სად ვარ. მთავარია ვიყო ცოცხალი.
 
რაც შეიძლება მეტხანს მწამდეს, რომ ვარ ცოცხალი.

??????