ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

რიხტერ 

გავიმეორო როგორც ყველამ : ”მამაო ჩვენო” ?!
რომელიც ხარ (ან კი ან არა) -
ხან  კი, ხან არა.
ამ მეწამული ალეგორიების ფართო მაგისტრალებში,
ახლა ბევრად უფრო ჭირს გაღწევა,
ვიდრე არსებული ბილიკების სივიწროვეში
და ამიტომაც, ალბათ ,გესმით, 
ჩვენ რატომ გვხიბლავს ესოდენი სიმარტოვე:
გავიხედოთ  გვირაბის ერთი ბოლოდან მეორეში -
დავანახოთ ერთმანეთს საკუთარი სიბნელე.
ნუ დაიჯერებ!
ყურდასაგდებიც არღარ არის სეისმოლოგების
ცნობა, რომლებიც ყოველ ღამით იუწყებიან
ჩამოვხსნათ დალუქული სულები ჩარჩოებიდან და
ზღურბლზე დავაწყოთ სხეულები,
რომ უფრო ნაკლებად შევიგრძნოთ რყევა,
რომ უფრო ნაკლებად შეგვაშინოს უხილავმა ბიძგებმა,
რომლებსაც ქვესკნელიდან გვიგზავნიან
(თუ ზესკნელიდან) საკუთარი ცოდვებისთვის,
ვერნანახი დაცემული სიზმრებისათვის.
...და სავსე მაქვს ხელისგულები ცოდვათა ნუსხით
რომელიც იწყება იუპიტერის ბორცვზე :” თავმაღლობით”
და მთავრდება მთვარის ველზე ”ოცნებით”.
იქნებ როგორმე გადავურჩეთ ნაშუაღამევს.
მაგრამ რათქმაუნდა ჩვენ ვერ გადავრჩებით-
მამამ დიდი ხნის წინათ ამოაშენა
ყველა, სივრცეში გამავალი საყრდენი კედელი.

დედა ზის არყით სავსე ბოთლით სავარძელში
და ჩვენ,მის ფეხებთან მუხლებზე დამდგარნი
რიგრიგობით ვიმეორებთ:
”მამაო ჩვენო, 
რომელი ხარ- ხან კი ხან არა 
და რომელიც ახლა უეჭველად ხარ”...
 

??????