ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ჩაბრუნებული მზერა 

/თებერვლის ეპისტოლე/

...იმ ქალს რა უნდა, 
ფანჯრიდან რომ გიყურებს?
ათი წელია აქ არ არის
და როგორ გიყურებს... 
სად მიგაცილებს მისი მზერა?!

.....................................

ივსები ბინდით, 
შეგატოვეს ღამის წვეთოვანს, 
თოვლია შენში და შენ ფიქრობ: 
შესაძლოა, ტანჯულ თვალებს ჩამოეთოვა
ამ მთაგორებზე და არა ზეცას,
ამინდის ნაცვლად მტკივნეული ჟამი ფეიქრობს,
გადაათეთრა შენი თვალები 
და ჰორიზონტის ყულფი შეიკრა.... 

ხვალამდე დროა, 
ელოდები სისხლნაკლულ დონორს _
იანვრის მზეს და ეფიცხები წუთს მოსალოდნელს,
უღიმი მედდას, 
ჩალურჯებულ ვენას უჩვენებ,
როგორც მკლავზე ამოსულ იას 
და გიხარია, დღეს რომ ტკივილს გაგიყუჩებენ.

რა საგრძნობია, რომ აქ ვიღაც დადის უჩუმრად
და შორი_ახლო ისევ ეთრევა, 
სწორედ აქ, სადაც სიყვარულია
და რაც გასავლელ დღეებს გამსჭვალავს 
ტკივილის მზეა, 
შიშის ხმაა და სიმკვეთრეა. 

ვერ იმალები ვერც სიტყვაში და ვერც დუმილში,
აღარც ღიმილში დარჩენილა შენი ადგილი,
აღარც ხმაში 
და თუ მიაღწევ მხოლოდ კვნესამდე,
და მთელი ღამე ისე გმარცვლავს წამოკვნესები,
თითქოს ხსოვნაში ატკივებულ წუთებს თესავდე. 

უცნობი ხედი ფანჯრებიდან და უცაბედი
ფიქრის სიმწარე, 
თავის დახრა და არიდება 
თვალის, რომელიც კარგავს დასაყრდენს 
და ჩაბრუნდება თავის სიღრმეში, 
რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე.

13. 2. 10. წ.

??????