ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

კანოე 

ხელები არის ნაპირები 
და მაჯებზე ვიწრო ზოლები,  
ჯებირებია სხეულის გასწვრივ.
ნუ შეიმჩნევ, რომ ჩვენ გადაგვივიწყა დრომ, 
რომელმაც ამოგვათრია დიდი ხნის წინათ 
რიფებზე გალახული სხეულებით
და მიგვატოვა მცხუნვარე მზის ქვეშ გამოსაშრობად.
მას მერე მოხდა ბევრი რამე 
ანუ გამოხდა ხანი. თმა გაგვიხუნდა, 
დაგვეწვა და უკვე ამდენჯერ
ჩვენს ტკივილებს გადაძვრა კანი. საოცარია,
ეს დაკარგვა, თან უიმედოც.
ერთადერთი ნუგეში დარჩა (ილუზიაა) - 
ქვებზე გულაღმა სახით წოლა და წარმოსახვა:
ღრუბლის კანოე  და ჩვენ - 
ცალ მუხლზე დამდგარი უჩინო მეზღვაურები
მარჯვედ რომ ვუსვამთ კაკლის ხმელ ნიჩბებს და
როგორ ვსერავთ თევზისსუნიან ზურმუხტის ტბას
უმისამართო მინიშნებით:
მარცხენა მხარეს მოსახვევია.

??????