ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

გეძებენ ქალაქში 

გიჟების სამოსით, თავისუფლებით 
და კიდევ მრავალი უფლებით შემოსილმა,
გამოიარე რამდენი ქუჩა?!
სამასი.
და ითვლი ასე: ერთი... ათი... სამასი.
სანდლებიც გაგიცვდა.
იარე, იარე, იარე,
სამასი ქუჩა გადმოიარე.
გზადაგზა ეძებდი დაკარგულს,
გამვლელებს აფრთხობდი შეკითხვით :
შენ ხომ არა ხარ სულიკო ?
იფიქრეს: გიჟია?! სალოსი?!
სულელი ქალები, კაცები...
ვერ მიხვდნენ, უბრალოდ,
გიჟების გეცვა შენ სამოსი.

აქ არის სულიკოც.
ცივა სულ ოდნავ.
მოიცა !
მოისხამს სიგიჟის თავშალს
და გამოიქცევა მესამასე ქუჩის კუთხეში.
ქალაქის ყველაზე ბნელი ქუჩაა,
ცოტა საშიშიც,
მაგრამ რა არის შიში, როცა გიჟის სამოსი გაცვია
და იქეთ აშინებ სხვებს.

ეძებენ ქალაქში:
გიჟების სამოსით, თავისუფლებით
და კიდევ ბევრი უფლებით შემოსილ წყვილს.

ისევ ეძებენ სულიკოს!

??????