ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

სიბერის ჟამს საკითხავი  

ეს მერამდენედ,  ვეღარ ვითვლი გიყოფ სარეცელს,
ასობით კალო ღამეების სრულად ავლეწეთ.
დღეს, მერამდენედ ირმის ნახტომს ვუმზერთ ლორნეტით?!
ბნელი თეატრი, ვარსკვლავების უკრავს ორკესტრი.
დღეს მერამდენედ მიმეორებ გაცვეთილ ფრაზებს
და მერამდენედ ამბორს მიძღვნი გაცრეცილ ბაგით?!
ვიცი, რომ  არ ღირს!
(მაგრამ, მაინც ღირს!)
ეს მერამდენე ზამთარია გვერდი-გვერდ, წყვილად...
და მერამდენე წყვილი წინდა.
თეთრად ნათევი ღამეები: ხვრინვა და ხვრინვა!
მე ვფიქრობ, უკვე საკმარისად ვწიე უღელი,
დროა მოსული წყლის ნაპირას ერთად მიგვაბან
(უღელშებმული ხარებივით).
აუჩქარებლად, ზანტად, ოდნავ დაღლილი მზერით
მოგონებების ცოხნას მოვყვეთ გვერდისშექცევით.
ამ სიბერის ჟამს, ალბათ, უფრო გვეპატიება
ჩვენ, მცონარებით შეცოდება...
                                                  მივალ, გეყრები!

??????