ლორთქიფანიძე ალექსანდრე (ხვიარა)
გაზიარება

შენ უკეთ იცი 

შენ უკეთ იცი,
ტალახიანი გზების გასწვრივ,
ნაცრისფერ ტროტუარზე, ჩვენგან ათ მეტრში,
ბავშვი რომ დგას სველი თვალებით
და ხელში ყინვით,
რატომ გავს ასე ჩვენს შორის მანძილს, როცა ვიკარგებით..
უფრო რთულია შენი გატაცება დედამიწიდან
და თურმე უფრო რთული ყოფილა შენი შესწავლა,
როგორც ანბანის,
ან საღვთო წიგნის გადაკითხვა შენს მზერაში და იმის იქით..
შენ უკეთ იცი,
ტალახიანი გზების გასწვრივ,
მწვანე ბალახზე, თითქმის ახლოს,
დაგორავენ სხეულები უმისამართოდ
და ბაცილებივით ეხლებიან მიწის ცივ კედლებს,
არ შეუძლიათ გაჩერება ჰაერის გვერდით და მით უმეტეს
მასში შიგნით შეღწევა უჭირთ,
რადგან ეს სივრცე, უფრო მთვრალი, ვიდრე უმიზნო
ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვიხვევს თვალებს ბინტით
და გვისაფრდება დისტანციაზე ჩვენს თვალებს შორის..
შენ უკეთ იცი,
არითმიაა ჩვენი წარსულის ფოტოალბომი,
ამოვარდნილი კლავიშებით და თითქოს წლობით ხელშეუვლები
სანოტო ნიშნებით,
რომლებსაც წერდნენ უსასრულო თეთრ ღამეებში
შენი ტუჩები
და ჩემი მხრები..
რატომ არ მიაქვთ გაჩერებული საათები ნაგავსაყრელზე
ლურჯფრთებიან ანგელოზებს,
შენ მე მიხსნიდი მოკლე ღიმილით, ტკივილის ზიდვით
და მე გისმენდი გაყუჩებული მთვარის ყურებით,
როგორც მდინარეს ცივ ზამთარში ტალღებგაყინულს,
რაც უფრო მეტად გვშორდებოდა ათასწლეული,
უფრო მიჭირდა
ზიდვა ჩვენი უცოდველობის
და უმიზეზო, უსამყაროო ვაკუუმებთან,
შენ უკეთ იცი,
მე მიყვარდა კოცონთან ჯდომა
და კოცნა მისი ანარეკლის შენს ბაგეებზე..
ტალახიანი გზების გასწვრივ,
ჭუჭყიანი ზღვის ნაპირას, ჩვენს ქვეშ და ზემოთ,
დასრიალებდნენ ქვის ღრუბლები გაუთავებლად
და იყო შუქი, უფრო შენგან ვიდრე ელექტრო,
მე ნაპირიდან მომქონდა თაფლი,
შენ მახვედრებდი ჩაის, ცეცხლისფერს
და მაწყურებდი შენი ტუჩებით გასაბრუებლად..
შენ უკეთ იცი,
კივილნარევი ჩემი ლოცვა
რატომ გავდა შენს თვალებში სიმწრის რექვიემს
და არ არსებობს ალტერნატივა,
უნდა გიპოვო სხვა პლანეტა განსაახლებლად,
უნდა ჩავიცვა სხვა სხეული, უფრო ყოფითი
და მთვარის ხიბლით უარი ვთქვა გალაკტიკაზე,
უნდა გაჩუქო სხვა თვალები, უფრო მეტყველი
და მზერა მეტი, უფრო მეტი და კიდევ უფრო,
რომ აღარასდროს დაკარგოს მან ათვლის წერტილი
და შენ ეს იცი,
შენ უკეთ, თითქმის ყველაზე უკეთ გესმის,
რომ ჩემი უთავბოლო ანომალია ლექსის წერისას
მხოლოდ და მხოლოდ შენსკენ გზების ძებნის მცდელობა
და უფრო მეტად ამ იმედის ფრთების შესხმაა..
შენ უკეთ იცი,
ტალახიანი გზების გასწვრივ,
ნაცრისფერ ტროტუარზე, ჩვენთან სულ ახლოს,
ბავშვი რომ დგას ცრემლებშემშრალი,
ანარეკლია ჩვენი ორი პატარა მზერის,
რომელიც..
მოკლედ, შენ უკეთ იცი..

??????