ნონეშვილი იოსებ
გაზიარება

უსახელო ყვავილი 

დაილოცა საქართველო
ზღვიდან სერით სერამდი.
ყვავილები, ყვავილები
თეთრი, ათასფერადი.
ვკრიფე, მაგრამ რა დაჰკრეფავს,
რა თითები ეყოფა
ჰყოფილიყავ, წყება-წყება
გულზე დაგეყრებოდა.
კეკლუცებმა თითქმის მთელი
ველი შემომატარეს
ვკრიფე, ბევრი შენს ბაგეებს,
შენს თვალებსაც ვადარე
მხოლოდ ერთი პაწაწინა,
ოქროსფერი ყვავილი,
ვით ჩუქურთმა, ოპიზარის
ხელით გამოყვანილი,
სულ შენ გგავდა, ნაირფერად
ველად ჰფენდა სინათლეს,
მოვინდომე მისი ცნობა
და სახელიც ვინატრე.
ვინ მეტყოდა? საბაც ვსინჯე,
ქართულ სიტყვის თილისმა,
ვერც მან მითხრა, ვერც ყვავილმა,
ვერც ნიავმა დილისამ.
ვდუმდი ჩემს წინ გაზაფხულის
შუქად ამოყვანილი,
ირხეოდა, ციმციმებდა
უსახელო ყვავილი.
ბოლოს ასე პაწაწინას,
ბოლოს ასე უცოდველს,
დავაკონე ბაგე ფრთხილად
და ანუკი ვუწოდე.
 

??????