მამა პეტრე (კვარაცხელია)
გაზიარება

* * * "ჩამოშლილი გუმბათი" 

ჩამოშლილი გუმბათი ჟამისწერამ ინება,
ყრუ და მიუსაფარი აჩრდილები ღელავენ,
და ნახევრად დაკაწრულ ფრესკას ჩაეძინება,
დასეტყვილი ქარები იებს გადათელავენ.
შუაღამე ლიტიას ემოსება მშვიდობა,
უგუმბათო საყდარში ზეცა ცრემლად იღვრება,
მახსენდება ადამთან ევას ჩუმი წინდობა,
მერე გველის მხარეზე მათი გადაბირება.
ედემისკენ ბილიკი მივიწყებამ დაფარა,
გუმბათი კი კლდის ქიმზე საცოდავად ქანაობს,
ახლა ისე ახლოა ოპიზა და საფარა,
დაფიქრება დიდი ხნით არ მინდება ამაო.
გადავივლი საფლავებს, გადახეთქილ ლოდებად,
მერე მასთან მიმიყვანს ჩვილი ბავშვის ქვაჯვარი,
იასამანს დავდებ და გული ისე ღონდება,
როცა დამენანება ცის და მიწის ნაჯვარი.
ჩამოშლილი გუმბათი მახსენდება ჭრილობად,
ტვინში ჩამისახლდება წარღვნამდელი ქაოსი,
უკვდავებას მივეცი, მახსოვს სადღაც პირობა,
ძვლებს მიმტვრევდა ყურება ჩემი სასაფლაოსი...

??????