სტურუა ლია
გაზიარება

თვალი გამჩხრიკავი და განმქიქებელი  

ჩემო ძვირფასო მეგობარო,

მე კარგად ვიცი, რომ შენ ოდესღაც

გამჩხრიკავი კი არ იყავი სიტყვის,

არამედ შეყვარებული მასზე,

მაგრამ უპასუხო სიყვარულმა

სასწორი ჩაგიშენა თვალისჩინებში,

როგორც ბავშვი ცის კედელში

და ახლა ვეღარ ეგუები

ვერავითარ უზომობას, უგონობას.

შენ იმასაც ვეღარ გაიგებ, რომ ტკივილი

ისეთივე ძნელი მოსაპოვებელია ჩემთვის,

როგორც სიხარული,

ამისათვის ძაღლად უნდა ვიქცე

დღის რომელიმე მონაკვეთში,

როცა იმდენი წიხლი მხვდება მეგობრებისაგან,

მოსისხლე მტერს რომ არ დაესიზმრება,

მდუღარეც რამდენი გადაუსხამთ,

ჩემს მოვლილ და პრიალა თავზე,

აკი ამიტომ მტკივა განუწყვეტლად

თავი და კეფა,

პირამიდონის ზვავით გატანილი...

ზოგჯერ დამიყვავებენ კიდეც,

მაგრამ, იშვიათად, ვინმემ შემითვისოს,

უანგაროდ, ბოლომდე

და თუ ზომიერების გრძნობამ არ დაამუხრუჭა,

ჩემი ტკივილიც დაინახოს,

სადაც

პირამიდონის თეთრი პეპლები დაფრინავენ...

თუ ამის ბადალი სიტყვა მოვახერხე,

ასე მეგონება,

რომ ძაღლს კი არა,

მინდორს გადავუსვი თავზე ხელი

და რაღა მნიშვნელობა აქვს მაშინ,

როგორ შემომხედავს

თვალი გამჩხრიკავი და განმქიქებელი. 

??????