ნადირაძე კოლაუ
გაზიარება

მინაწერი 

ახლა, როდესაც ყველაფერი ისე ცხადია,
როგორც რომ შენი მარტოობა სასაფლაოზე _
(მე კიდევ მახსოვს ჩემს სხეულზე შენი ცრემლები
და შევედრება გადარჩენის და სასწაულის) _
მე აღარ მინდა ზამთრის დღეებს ვანდო ოცნება
და, როგორც ძველად,
დღესაც ვიფიქრებ ისევ შენზე, ძვირფასო ჩემო!
აქამდის მიყვარს შემოდგომის გამოხუნება
და მოლოდინი უეცარი ზამთრის თავდასხმის,
როს გაიღვიძებ და ფანჯრებში შემოზვავდება
თოვლის სპეტაკი ბრწყინვალება და სხივოსნობა _
(ხომ ხედავ ახლაც, როგორც ბრიყვი, შევხარი ამას!)
და სწორედ მაშინ, როცა გზები დაითოვება
და ძველ სკივრიდან ამოვაწყობ წარსულის ნიშნებს:
ბავშვობის პერანგს, პირველ რვეულს და სათამაშოს,
ისევ გიამბობ, როგორც ძველად, ჩემ გულის ამბავს,
უმანკო ბავშვო, მეოცნებევ სასწაულებზე,
ისევ გიჩვენებ განუკურნელ მწვავე იარას
და გეტყვი ჩუმად: "სასწაული აღარ არსებობს".

??????