გრუზინსკი პეტრე
გაზიარება

* * * "თოვს..." 

თოვს...
თოვლია,
თუ თოლიამ
ჩამიქროლა გამალებით?!
ცა ირხევა, ცა მოლია
ღილისტოლა ზამბახებით.
თოვს... თოვლია
ბარში, მთაზე
ფიფქი ფიფქთან მოდის ერთად.
თოვდა მუდამ, მაგრამ ასე,
დღეს რომ ათოვს, ასე თეთრად
არასოდეს უთოვია,
ვგლოვობ მუდამ, მუდამ, მაგრამ
ასე მაგრა
ჯერ არავინ მიგლოვია...
ვისა ვგლოვობ მე ამაოდ?!
დავიღალე ამ ძიებით,
მსურს ჩავიკრა სათითაოდ
მკერდში თოვლის თოლიები.
ჰე, მეძავო სულო ჩემო,
გინდა თოვლის სიწმინდე და
სიქალწულეც დაიჩემო?!
ზნე მაქვს ავი,
ეს ველური სიჯიუტე,
სადაც წავალ სულ თან მახლავს,
მაგრამ გწამდეთ, ჩემი თავი
მე პოეტად სტამბაში არ მომინათლავს...
ასეთი ვარ, ასე გავჩნდი,
მზეს არ ვესვრი ბედის ბადეს,
ჩანს, ბრწყინვალე ბაგრატოვანთ
ერთი ლოთი დავებადე,
მაგრამ ჩემს გულს ასე დიდხანს
არავინ არ უგლოვია,
ასე თეთრად ქართულ ზეცას არასოდეს
უთოვია...
...თოვს... თოვლია,
თუ თოლიამ ქარიშხალი მომახარა?!
მართლა თოვს თუ ვინმემ შენი
სურნელება მომაყარა?!
უკვდავების ვეძებ წყაროს,
რომ განვაგრძო ჩემი ბრძოლა,
ვეჭიდები მთელ სამყაროს,
გული კი მაქვს ფიფქის ტოლა.
...თოვს,
თოვლია?!
თუ თოლიამ ჩამიქროლა გამალებით?!
ცა ირხევა, ცა მოლია
შენი ფერის ზამბახებით.
ნეტავ ასე თუ დაათოვს
მივიწყებულ იმ ჩემს საფლავს,
მეც სხვებივით ჩემი თავი სტამბაში
არ მომინათლავს...
ამ თოვლივით წმინდა იყო, ვიცი, ერთ დროს
ჩემი გული,
დღეს ზიზღით და სიძულვილით
შავად რომ მაქვს შერუჯული.
და მაშინაც ასე თეთრად,
ასე თეთრად არა თოვდა,
ასე ძლიერ რომ გაფითრდა,
ალბათ სატრფო გაუთხოვდა.
თოვს...
თოვლია?!
თუ თოლიამ ჩამიქროლა გამალებით?!.
ცა ირხევა, ცა მოლია
ღილისტოლა ზამბახებით...
თოვს...
თოვლია,
თუ თოლიას
შენი ფერი უთხოვია,
ასე თეთრად, ასე თეთრად
არასოდეს უთოვია.

??????