გრუზინსკი პეტრე
გაზიარება

* * * "შენ ალბათ" 

შენ ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავს
და საახალწლო სუფრაზე მღერი;
მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას,
ღამეა ჩემი ფიქრების ფერი...
ნაბადზე მათოვს...
და გაყინული თოფის ლულები
ამ ბნელ ღამეში
ძმადნაფიცის სითბოთი მათბობს...
ნაბადზე მათოვს...
დღეს არაგვია საოცრად მღვრიე.
შენ არ გეგონოს,
ისევ შენზე ფიქრი მტანჯავდეს _
არა, უბრალოდ მენანება ჩემი ოცნება
ასე უწყალოდ რომ შეგალიე;
გულდასაწყვეტი აბა თითქოს რა უნდა
მქონდეს?
შენი ალერსი არ დამკლებია
და როცა მარტო გიგულებდი
თბილს და ვნებიანს,
ქვეყნად არავინ არსებობდა ჩვენ ორის
გარდა,
და მოპარული საათები სიგიჟეს ჰგავდა.
და მე სულელი
გაშიშვლებულ ქალის სხეულში
(სიშიშვლის გარდა) სულსაც ვეძებდი,
უფრო წმინდის,
ამაღლებულის მსურდა მონება _
ამას ვერ შესწვდა
შენი გონება.
და ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავს
და საახალწლო სუფრაზე მღერი;
მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას,
ღამეა შენი თვალების ფერი,
ღამეა ჩემი ფიქრების ფერი,
ნაბადზე მათოვს...
და გაყინული თოფის ლულები,
ამ ბნელ ღამეში,
ძმადნაფიცის სითბოთი მათბობს...
ნაბადზე მათოვს...

??????