მჭედლიშვილი შალვა
გაზიარება

* * * "ზამთრის შავი ქარებია" 

ზამთრის შავი ქარებია,
სულს მითოშავს ყინვა... თოვლი.
თურმე არვის ვყვარებივარ
არვის გარდა სიმარტოვის!
სულშიც ზამთრის ღამე ჩადგა _
ეჭვებს ვეღარ მოვერიე,
სიზმარეულ ყინვის გარდა
ზღაპარია ყოველივე?!
სულში მწუხრის ზარებია,
გულიც დარდით იწურება,
მეც არავინ მყვარებია?
ეს ხომ მტკნარი სიცრუეა!
სიყვარულიც, ვარდობისთვეც
ვით მზე, ისე ცხადად იყო...
მალვით მისთვის ვდარდობ ისევ,
რომ არ ძალმიძს დაგივიწყო!

??????