მამფორია ოთარ
გაზიარება

სააკაძის ძახილი 

ქართლის მიწა ჩოხის კალთით დამქონდა,
მისთვის ღამე მითევია თეთრადა.
სხვა მიწაზე შავი მერნით დავქროდი
და ჩემს მკერდში საქართველო ფეთქავდა.
მარჯვენა და ხმალი ერთად მიჭრიდა,
წინ მიძღოდა ჩემი მიწის ხატება,
განსაცდელში ჩავარდნილს თუ მიჭირდა,
მასზე ფიქრი ძალას მომიმატებდა.
მაგრამ როცა დამილეწეს ბექთარი,
ჩემი ხელით გადავტეხე მახვილი.
ო, გული კი მანდ დავტოვე მფეთქავი,
დაჭრილი ვარ, გესმის ჩემი ძახილი?
ნოსტეს ციხევ! ნისლი მოგიხვევია,
სამშობლოში გშვენის მხარგაშლილობა.
ღრუბელი რომ ციდან მოგიხევია,
მაგ ღრუბელით დამიფარე ჭრილობა.
დაისრული ორჯერ ცრემლით გაგშორდი,
გამწირეს და მოღალატეს მადარეს.
ჩემი ხმალი, სისხლიანი, ნაბრძოლი,
სამშობლოში ორბებს გამოვატანე.
მხოლოდ ქარი არის სევდით მდაფნავი,
გვერდით ძმები სისხლით შენაფიცარი,
სხვა მიწაში მტანჯავს ჩემი საფლავი,
არ მეცემა საქართველოს ცის ნამი,
ამომიღეთ, მთები გადამატარეთ,
მკერდზე მწველი ამაცალეთ ისარი,
ქართლის მიწა გულზე გადამაყარეთ,
იქ წაიღეთ ჩემი კუბოს ფიცარი.

??????