მაღრაძე დათო
გაზიარება

პრემიერა 

მონაწილეობენ:
ჰამლეტი - დათო
ოფელია - ვენერა
( ჩემი ძველი შეყვარებული)
პოლონიუსი, იგივე იეფთაე -
ვენერას მამა
ლაერტი - ვენერას ძმა
ჰორაციო - ჩემი მეგობარი
სხვა აქტიორებიც ჩვენი უბნელები არიან
ერთი წელია, რა მინდა, ვიცი,
რადგან გმირი ვარ და არა მოწმე,
მთავარი როლი დანიის პრინცის
ბევრი ჭოჭმანის გარეშე მომცეს.
როლები მქონდა, მაგრამ ჰამლეტი
მეძახდა, როგორც ბარძიმს ზედაშე,
ხან ისე, როგორც აღმოსავლეთი
მუსლიმს მუდმივად უხმობს მექაში.
ასე მიხმობდა დანიის პრინცი
და გავხდი გმირი ყოფილი მოწმე,
წამართვეს ზეცა და ახლა ვიცი,
რა ცის სანაცვლოდ რა მიწა მომცეს.
წამართვეს ცა და მომცეს ბილეთი,
ციდან მიწამდე, ფიქრების ჭვარტლით,
და რეჟისორი არის იმედით,
ლამანჩელისგან რომ ჰამლეტს გავთლი.
და მელოდება როგორც საკანი
საკუთარ ეჭვის და ფიქრის სმენა
და შხამიანი იატაგანით
პროვინციული თეატრის სცენა.
სხვის სიმარტოვეს შემოვრჩი უძმოდ
და ძველი საძმოს ღამის ნარჩენებს
გზას გასავლელი კარისკენ უხმოდ
საჩვენებელი თითით ვაჩვენებ.
ფიქრს ვაფრთხობინებ რიჟრაჟის მამლებს
და მივაგენი ვიწრო ბილიკით,
რომ მე კი აღარ ვთამაშობ ჰამლეტს,
როლი მთამაშობს ახლა პირიქით.
და მონასტერში ვგზავნი ვენერას,
მას ოფელიას უნდოდა როლი...
აქ მირაჟია და ეფემერა,
- იქ მონასტერში წადი, ვენერა.
მე შენ მიყვარდი, მაგრამ, მერე რა,
პრინცსაც უყვარდა დიდი ხნის წინათ,
და ოფელიას, ანუ ვენერას
მსურს მონასტერში დავუდო ბინა.
ხოლო მისსა ძმას ლაერტა - "ლაყეს",
რომელიც მიმზერს თვალებით ავით, 
მინდა პირღია საფლავში ჩავყვე,
თუკი ვენერამ წყალს მისცა თავი.
და იეფთაე, ჩლახო ბებერო,
მე შენს ქალიშვილს ვეღარ ვეხვევი,
თუ ძველებურად ერთიც შევბერო,
გიჯობს, არ შემხვდე სადმე შემთხვევით.
რის სმოკტუნოვსკი, რა ოლივიე,
რამდენი მზერა ცეცხლის მკვესავი...
რადგან მე ერთმა რაც მოვილიე,
ვერავინ იტყვის ამას ჩემსავით:
- რომ დანიაში... სერ უილიამ,
გთხოვ, რომ შემინდო კერძო ჩურჩული,
- რომ საქართველო საპყრობილეა,
- რომ საქართველო არის ჯურღმული.
აქედან საით, ჟღალო გვრიტებო,
მიფრინავთ, რადგან ასეა ალბათ,
რომ დანიაში... გთხოვთ მომიტევოთ,
საქართველოში რაღაცა დალპა.
და მოვარდება წყალი სატივე,
- ცუდ ამბებს ვხედავთ,
ცუდს ველოდებით, -
ელსინორაში... ო, მაპატიეთ,
თბილისში ასე სვამენ ლოთები.
და მე ტუსაღი და პატიმარი
ბედნიერი ვარ ჩემი სასჯელით,
რადგან უბეში, როგორც ჩინარი
ჩაფენილი მაქვს დროშის ნაჭერი.
ჩაფენილი მაქვს ხმელი ფოთლები -
როგორც არსობის პური და შვრია,
თუ სიცხიანი გავიოფლები,
შუამთის ტყეში იწყებენ შრიალს.
და ჩაფენილი სატრფოს თავშალი,
რაც ყელზე ყულფად გავნასკვე შემდეგ,
თეთრი ხომალდის აფრად გავშალე...
თავისუფალი დავუხვდი ზემდეგს.
- სალამი ყველას! გმირო, ლაჩარო,
ძველო მსაჯულო, რკინის ხუნდებით,
ვარ, როგორც სიტყვა თქმული საჯაროდ
და ჩემს სხეულში ვეღარ ვბრუნდები.
ვარ დახლზე თევზი, თევზის ვაჭარო,
და ფასი მადევს მხოლოდ ნაპირზე,
მინდა ეგ ბადე უკან გაგჩარო,
გაგხადო ჩემი სიტყვის სამიზნე.
პოეტსაც ასე ედება ფასი,
როცა მოწყდება მზიან ტაროსებს,
როცა ეტყვიან შენდობას თასით
და შემოდებენ წიგნის თაროზე.
და გარდამოხსნა ქრისტესი როგორც
წიგნი გადმოვა ხელში თაროდან
და შეყვარებულ ბიჭსა და გოგოს
ის გაახარებს რაც გვიხაროდა.
მანამდე არც რას სიკეთე უჩანს,
ფუჭია ყველა ნატრაბახევი,
მოხალულ ნიგოზს მთავაზობს ქუჩა
ჩემი აფიშის კიდის ნახევით.
და ვტოვებ სცენას და უკვე ვიცი,
თეატრიც იქცა სულის საბაჟოდ,
და ვტოვებ ნიღაბს დანიის პრინცის,
მოვდივარ ხალხში და ცხოვრებაში.
მოვდივარ, თქვენკენ გამომაქანა,
საკეთილდღეოდ, თუ საზიანოდ
და მივუჯდები საბეჭდ მანქანას,
ვით საკონცერტო ფორტეპიანოს.
და პრემიერა ვარდება, რადგან
დასში არ არის მეტი ჰამლეტი,
თუმცა ჰგონია თითეულ მათგანს
შემთხვევით ასცდა ბედის ნაფლეთი.
და ჰორაციო, რასაც გიყვები,
თუ გყვარებივარ, ჩემი ამბავი
ამცნე ქვეყანას და ეს სიტყვები
არ დამიტოვო დაუსტამბავი:
-ცოცხალი უფრო გავცოცხლდი, ვფიცავ,
და რომ სამყარო ვიგრძენ სრულებით,
შევეხე ზეცას,
შევეხე მიწას,
მღვიძარე გრძნობის ხელისგულებით.
თეატრში ვტოვებ ჰამლეტის ნიღაბს,
ცხოვრება თავის საკმეველს აკმევს
და ვუბრუნდები საკუთარ იღბალს,
ვით შუაგზაში მიგდებულ საქმეს.

??????