ჩალაბაშვილი თემურ
გაზიარება

შვილს, ბეჟანს 

ამოგიყვანა დედამ მკერდიდან
და მოხველ ქვეყნად ფერად სიზმრებით.
შენ მოგყვა შვილო, შენი ხვედრი და,
ბევრიც ეცადო ვერ ასცილდები.
 
ჯერ უმწეო ხარ, ”აღუც” არ იცი,
ხან უმიზეზოდ სტირი, იცინი,
ჯერ მამის მზერას შენ ვერ განიცდი
და გეშინია შენივ სიმცირის.
 
ისე მოგერგოს პაპის სახელი,
როგორც მეომარს ბეგთარ-ხალათი.
არაფერი სჯობს ცოდვას გამხელილს - 
შეგხვდება ბევრი შური, ღალატი.
 
ქვეყნად შეგხვდება ბევრი სიკეთეც,
საქართველოში ჩვენს ძველ მამულში,
არვინ გაჯობოს, შვილო, იცოდე - 
მიწის მოვლაში და სიყვარულში...
 
... იქნებ უაზროდ არც იღიმები,
ასეთნი იყვენ ძველი მოყმენი.
შენ უნდა გერქვას მამის იმედი
და მამის მკერდზე მიწის მომყრელი.
 
მინდა გაგზარდო ლომის ბოკვერად,
და არა მფრთხალი, როგორც კურდღელი,
- აჰა, სამშობლოვ, შვილი ერთგული,
დაადგი შენი მძიმე უღელი...

1980 წელი.

??????