ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

იყო, წავიდა 

აქ გაუვლია, აქ უცხოვრია

აქ ისვენებდა,

იყო, წავიდა,

ჩამოჯდებოდა მყუდროდ ყორესთან,

ტუჩს გაილბობდა პეშვი წყალითა.

წავიდა, ახლა უფრო მარტოა,

ბევრი იცოდა და ბევრს იცნობდა,

მართლაც, რამდენი რამე დატოვა,

რათა არავის არ დავიწყნოდა.

მაგრამ ამბობენ, _ იყო, წავიდა,

ახლა არაფერს აღარ ეტყობა

მისი სიმდიდრე და სიღარიბე,

მისი გლეხობა, მისი მეფობა.

იყო, წავიდა,

აღარ მოველით,

მაგრამ ისევე ბრუნავს ცხოვრება

და ვით იტყვიან, წუთისოფელი

ყოფილა თვალის ერთი მოვლება.

ჩვენ, ვისაც ბედი ჯერ არ გვიწყრება,

ვიმეორებდეთ ყოველ წამითა:

_ ნუ გვავიწყდება, ნუ გვავიწყდება,

ჩვენზეც იტყვიან: იყო, წავიდა...

 

1975

??????