ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ფიქრი ნაზიმ ჰიქმეთის სახლთან, პერედელკინოში 

თოვლიანი ის დღე თეთრი,

ყინვიანი ის დღე შორი,

დღე სხვაგვარად გამითენდა

ამ ლურჯ არყის ხეებს შორის.

ჯდა მგოსანი დერეფანში,

გარს მოსკოვი ჩანდა მთელი

და წარსულთან ვკამათობდით

ის _ თურქი და მე _ ქართველი.

სახელებს რად იცვლით? _ მკითხა

და თვალს თვალით შევეყარე,

ფიქრებს იქით მომელანდა

ნაწვალები ჩემი მხარე.

ვკადრე: _ ნაზიმ, მეგობარო,

მწყინს, ასე ბჭობ შენაც, თურმე,

სახელი არ შემიცვლია,

მე სახელი დავიბრუნე.

 

1978

??????