ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ქვითინით 

ჩემო ბერო მამულო, ბავშვო, გულუბრყვილოვ,
გულზე დაკიდებულო ცრემლის ცხელო ღილო.

ისევ ნაღალატევო, ისევ განაწირო,
სანამ უნდა გჩეხონ და სანამ განაწილონ?!

დაპირებულ-დაფიცულს ვიღა მოგცემს ნეტა,
ვერ გიკლავენ მაინც გულს შვილებმოკლულ დედას.

ვყვირი: _ ნუ ხარ საწყალი, უძელ, იდექ ტაძრად,
შენც უძლებ და, ჰა, ტყავი გაძლებაში გაგძვრა.

დღეს ყველანი გართმევენ, არვინ არას გაძლევს,
მეტირება, _ ქართველო, ასე სანამ გაძლებ?!
თუმც შენს უღელს ვეწევი და კიდევაც გავწევ,
ზოგჯერ ძმებიც მყვედრიან მე, სამასჯერ ნაწყენს.

რაფერიც ვარ, აგერ ვარ, მხარჯოს შენთვის მინდა
შენი ცქერით ნაკერმა დღემ და ღამის ბინდმა.

გმირი, გმირი გჭირდება, ჩემო საქართველოვ,
უფრო მოჭირნახულემ, უფრო გაგათენოს.

ნუთუ იმ გმირს კვლავ სძინავს,
მის ნაქნარს და ნათქვამს,
ბაზალეთის ტბის ძირას რომ ურწევდი აკვანს?!

ჩემო ბერო მამულო, ბავშვო გულუბრყვილოვ,
გულზე დაკიდებულო ცრემლის ცხელო ღილო!

 

1996 

??????