შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

ძველ ლექსებს 

მე ის ლექსები ვინ მაპატიოს, 
გონჯად ნაშობნი სიჭაბუკეში, 
ცხოვრების ღამე სად გაათიონ, 
ჩემგან განწირულთ 
ვინ სცეს ნუგეში?. . .

ჩემგან განწირულთ ვინ შეივრდომებს, 
ვიღა აუნთებს თვალის სინათლეს, 
მათ წამოფრენა ადრე ინდომეს, 
გაშლილი ფრთები ადრე ინატრეს... 

შვილნი პირველი ცოდვის და თრობის, 
ჩემი უზრდელი სიყრმის შვილები - 
დაუბრუნებელ ახალგაზრდობის 
ჩრდილში მოსთქვამენ თავდახრილები! 

იქნებ რცხვენიათ_ 
ოცნების ლაჟვარდს 
რომ ვერ შეუწვდათ ხელი ბავშვური?. . .
ვერ შესძლეს ფრენა და მხრების გაშლა 
და შორს მიმავალს მიმზერენ შურით! 

შენ, უდღეურო, გონჯო სტრიქონო, 
არ მენანები დასალეწადა, 
ვაგლახ, ამ გულმა რაღა იღონოს, 
თუ ვერ თქვა ენამ, როგორც მეწადა! 
წავიდეთ, 
ვკითხოთ ოცნების დედას, 
იქნებ გვასწავლოს გზა წაღმართული. 
ვინ იცის, ახლაც ამაოდ ვბედავ, 
ვერ გამოვწალდე სიტყვა ქართული! 

იქნებ, ვშრიალებ, როგორც ხენეში - 
ხე მარტოხელა და ხე უხილო, 
იქნებ ამ დიად საუკუნეში 
თვალი ერთ ლექსსაც ვერ ავუხილო?! 

წავიდეთ, 
ვკითხოთ ოცნების დედას: 
იქნებ მიმიღოს უთქვენოდ ზენამ, 
დგას იგი ლექსთა და ფიქრთა ზედა, 
მწამს, 
თქვენს გამოთქმას შეუნდობს ენას! 

1946 წ. 

??????