პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

დავეხეტები ქუჩის ხმაურში 

დავეხეტები ქუჩის ხმაურში, 
თუ ეკლესიის მესმის ლოცვები, 
ან ყმაწვილ კაცტა აურზაურში 
ვარ ანთებული ჩემი ოცნებით. 

მე ვამბობ, წელტა გრიგალი მიდის, 
და თუმცა ირგვლივ ხალხი ბევრია, 
ყველას დაგვფარავს სამარის ლოდი 
და ალბათ უკვე ვინმეს ჯერია. 

დავაკვირდები ახოვან მუხას - 
ეს პატრიარქი ტყეების დღესაც 
ჩემს საუკუნეს გაუძლებს მწუხარს, 
როგორც გაუძლო ჩემ წინაპრებსა. 

თუ ბავშვს ვეხები გამოსარჩლებით, 
მისთვის მშვიდობის თქმა დამჭირდება: 
ვეტყვი - მივდივარ, შენ კი დარჩები, 
მე გახრწნა მელის, შენ კი დიდება. 

როცა დღე მიდის და წელიც გადის, 
ჩემი ფიქრებიც მათთან დადიან, 
და სასიკვდილოდ მოსული ვადის 
მე გამოცნობა დროში მწადია. 

სად მომეწევა სიკვდილი ბნელი? 
ომში თუ ზღვაში, თუ წყალთა შინა, 
თუ მზეობელად ქცეული ველი 
ცივი ცხედარის გახდება ბინა. 

ხომ სულ ერთია, უგრძნობელ სხეულს 
სამარის ჭია სად შეესია, 
მაგრამ მე მაინც მიწას შეჩვეულს 
რომ მიმაბარონ, უმჯობესია. 

დაე ცხოვრება სამარის კართან 
გადაისალოს ცოცხალ ვარდებად, 
სადაც გულცივი ბუნების კალთა 
უკვდვის ეშხით აელვარდება. 

1829

??????