პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

სოფელი 

სალამი შენდა, მხარე ჩემო და უდაბურო, 
სავანე შრომის, სიმშვიდის და შთაგონებისა, 
სადაც დღეების დენამ უნდა დაისადგუროს
ჩემს მარტვილ ბედთან ჩაკონებითა. 
შენი ვარ: დავთმე გარყვნილების სახლი მეფეთა, 
ძვირფასი ლხინი, დროს ტარება, გზაც აბურდული 
და ვამჯობინე მუხრანის ხმა, სიჩუმე ველთა, 
სადაც ვიფიქრებ მარტოობით შემოსუდრული. 
შენი ვარ: მიყვარს ჩრდილები ბაღის, 
ვყნოსავ ყვავილებს გულმოდგინებით. 
მიყვარს მინდორი, მოფენილი სურნელ ზვინებათ, 
და წმინდა წყარო, ბუჩქებში რომ მიჰქრის სილაღით. 
ყოველ სურათის მოძრაობა მახარებს ცალკე: 
ვხედავ ორი ტბის ლაჟვარდოვან, გაფენილ სარკეს, 
სად ხშირად მოჩანს მებადურის აფრა ტიალი, 
იქ ბორცვებია და ყანები გამოხატული, 
შორს სჩანს ქოხები მიმოფანტული, 
ცვრიან ნაპირზე ჯოგის ძოვა და ხეტიალი. 
ქარის წისქვილებს აკრავს ხორბლით სავსე ფარდული, 
სჩანს ყველგან შრომის ორომტრიალი. 
ამაოების ბორკიები დავტოვე, მინდა 
ჭეშმარიტების ძიებაში სიამე ვნახო, 
თავისუფალ სულს მიაჩნია კანონი წმინდად, 
ბრბოს არ ვუსმინო, თუნდ ხმამაღლა გოდებით მძრახოს, 
ხოლო ვედრება მორცხვი იყოს სულისთვის ახლოს 
და არ შემშურდეს, არასდროს ბედი 
ყალბი დიდებით შემოსილი ვერაგის, ყბედის. 
საუკუნეთა ქადაგებო, თქვენ გეკითხებით!
განმარტოების სიდიდეში 
მე უფრო მესმის თქვენი სიტყვები: 
ეგ ხმაა მტერი ჩემი სიზანტისა, 
ჩემში შრომისთვის ცხელ სურვლს ჰბადებს, 
და მოვლინება თქვენი მადლისა
სულის სიღრმეში ნაყოფს ამზადებს. . .
მაგრამ სასტიკი მოფიქრბა ახალ კვალს მაჩენს 
მწიფე ყანისა და მაღლობთა შორის, 
კაცობრიობის მეგობარი დაღვრემით ამჩნევს, 
რომ ყველგან მეფობს ჩამორჩენის, სირცვილის შმორი: 
იღვრება ცრემლი, გაისმის კვნესა, 
განგებამ ხალხს რომ მიუჩინა და მიაკუთვნა; 
მაგრამ გულცივ და უსამართლო ბატონებს დღესაც 
არ ესმით ხალხის. . . მებატონემ დაისაკუთრა
შრომა, სახლ-კარი, დრო და ოფლი მიწის მონისა. 
სხვის გუთანს მისდევს მათრახებით წინ გაგდებული 
ბრბო მონების, რომ ყანა ხნას - გამდიდრებული, 
გულდახურული მებატონისა. 
მძიმე უღლის ქვეშ მშრომელები სიკვდილს ხვდებიან, 
იმედს და სწრაფვას გადაექცა გული საფლავად. 
აქ ქალწულები იფურჩნებიან
გარყვნილ ვერაგის ჟინმოსაკლავად. 
მოხუც მამების ვაჟიშვილები 
სახლის იმედად გამოზრდილები, 
სოტვებენ კერას და მიდიან ახალ წვალებად - 
სასახლის კართან ჩუმ მონების გასამრავლებლად. 
ნეტავ ხმამ შესძლოს გულთ ანთება, აგრიალება . . .
რად არის მკერდში უნაყოფო ალმურის დენა, 
რად არ მერგუნა მრისხანებით მეტყველი ენა!. . .
ვიხილავ განა, მეგობრებო, ხალხს დაუჩაგვრელს, 
რომ მეფის ნებით აღარ იქნეს მონობა მეტი, 
რომ სამშობლოში ბოლოს მაინც სხივებად ჩადგეს 
თავისუფალი განათლების ძვირფასი სვეტი. 

1819

??????