ნაფეტვარიძე გიორგი
გაზიარება

* * * "ნახვამდის" 

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
ხშირ-ხშირად მომწერეთ ქაღალდი,
ნუ ტირით, პატარა დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ,
ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

ვინ იცის, გნახავთ თუ აღარა,
წინ გზაა შორი და მკაცრი,
ალვის ხემ თავი ძირს დახარა,
ცრემლებს ღვრის მოხუცი ნაძვი.
მშობლების ძვირფასი ჭაღარა
ღამე მინათებენ თვალწინ!...
ვინ იცის, მოვალ თუ აღარა, -
წინ გზა დევს უნდო და მკაცრი.

სულ კუშტად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი,
მე მივალ, მე მივალ, არასდროს
აღარ ჩამოგივლი გვერდით.
მე შენი ღიმილი არ მახსოვს,
არ მქონდა, არ მქონდა ბედი,
სულ მწყრალად მიცქერდი, ლამაზო,
ახლა გამიღიმე ერთი.

სურათი მქონოდა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ?
რა მხდალი, რა გაუბედავი,
რა მწარე ბედისა დავრჩი,
ისევ შენ, მშობელო დედაო,
იმედად მიმყვები ჯარში.
სურათი მოგეცა ნეტავი,
ტყვია რას მიზამდა მაშინ!

ნახვამდის, დედილო, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო,
დედა, შენ მომწერე ქაღალდი,
ნუ ტირით, ძვირფასო დებო!
მამები გიცავდათ აქამდი,
კავკასის მაღალო მთებო!
ახლა ჩვენ მივდივართ, ნახვამდის,
მშვიდობით, ლამაზო ჩემო!

გზის პირად პატარა ნაკადი,
ნაკადთან პატარა ჩერო,
იქ გითხარ პირველად "ნახვამდის",
ახლა კი მშვიდობით, ჩემო...

??????