ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

წერილი სოფლიდან 

უგზოობაა... გზაზე კაცის კვალი არა ჩანს,

თოვს და ამ თოვლით მარტოობას ვუგებ ობელისკს.

ერთ მუჭა სოფელს ირგვლივ მთები უდგას დარაჯად

და ყოველ ღამით მუჭა-მუჭა მიაქვთ სოფელი!

 

ამინდებია... უამინდოდ თოვს და ცა ორად

იყოფა. წყვილად წრიალებენ ტყეში ტურები.

ჩემთან ქოხები ღამის ნისლში სხედან საომრად

და თოფებივით მოუმართავთ საკვამურები...

 

ღამე ფხიზლობს და ღამეს ათევს. და თოვს ადათით,

ჰოდა, სოფელში ყეფას იწყებს შიში მალ-მალე,

თენდება უკვე, ქარი ცაზე ჩუმად გადადის

და ახლა ისევ მთის კილოზე ყივის მამალი.

 

გარიჟრაჟია. სოფელია. მთაა. ფერდობი...

ქარი კი ცაზე ღრუბლის ნახირს მიერეკება.

შენთან გათენდა თბილისურად და მზით ერთობი,

ჩემთან სოფელში ითარეშეს ისევ ლეკებმა

და მზე ღილივით ააწყვიტეს სოფლის ალიონს!..

 

უგზოობაა... გზაზე კაცის კვალი არა ჩანს,

თოვს და ამ თოვლით მარტოობას ვუგებ ობელისკს.

ერთ მუჭა სოფელს ირგვლივ მთები უდგას დარაჯად

და ყოველ ღამით მუჭა-მუჭა მიაქვთ სოფელი!

 

16 თებ. 2012 .

??????