ქოჩაკიძე პეტრე
გაზიარება

ფულის სუნი 

-Что  за  имя  Бурчули,  невозможно  выговорить – უთხრა ბურჭული კულიას ეფრეიტორმა ლოხოვმა, რომელსაც სხვა საფიქრალი ეტყობა არაფერი ჰქონდა და თანაც აკვირდებოდა როგორ ხერხავდნენ ბურჭული კულია და იაკობ შლეხტი, უკვე მერამდენე ხეს, ანდა რა უნდა ჰქონოდა საფიქრალი ხანტი-მანტიის ოლქის პატიმართა დასახლებაში, რომელსაც რატომღაც “Пионерское” ერქვა. ისე კი ჰყავდათ პიონერებივით ბანაკში ალბათ ხუთი ათასი კაცი და აჩეხინებდნენ და ახერხინებდნენ  ციმბირის თვალუწვდენელ ტყეებს.
- Бурчули,  это  по мегрелскый  мальенкий  тапор. – გადაუთარგმნა თავისი სახელი ბურჭულიმ.
- Да  ты  что  блинь,  тапор тебя  зовут? – არ ეშვებოდა ლოხოვი.
- ნაჯახიც ხარ და შლანგიც შენი... – შეაგინა ბურჭულიმ ქართულად.
- Что  что, что ты  сказал?
- Ничего  товаришщ  начальник,  я  перевел  с мегрелсько  на  грузинский
- Ну  и  как  будет  на  грузинском?
- რა ჯანდაბა უნდა იაკობ, მე ამის... – უთხრა ბურჭულიმ ასურეთში გაზრდილ გერმანელ ებრაელს, იაკობ შლეხტს, რომელიც მისი საქმის ამხანაგიც იყო და ასე ამხანაგურად იხდიდნენ სასჯელს იმის გამო რომ არაყს ხდიდნენ განავლიდან და მერე ისე გათავხედდნენ, ბოთლებში ჩასხმაც დაიწყეს და იარლიყიც მიაწებეს  “Чистая  русская  водка”.
- На  грузинском  мальенкий  тапор “ цули”  називается. – თქვა და -50 გრადუსში ფურთხი გაყინული რომ გადმოუგდია  “Пионерское”- ში ბურჭულის პირიდან, ისე გადმოუვარდა “ცული” და ახლა ვიღა დაუბრუნებდა უკან პირში?
- Цули так цули, цули  луще  чем  Бурчули! – თქვა ლოხოვმა და იმ დღიდან მოყოლებული გახდა ბურჭული კულია, ცული კულია!
- მე ჩემი ბედის დიდა ფხ... – შეიგინა ცული კულიამ …მეგრულად. – რამდენჯერ ვუთხარი ჩემს ბიძაშვილს, შენ რომ გადაიკეთე გვარი და გახდი გულია, მეც გადამიკეთე თქვა, მარა არ ქნა არაფრით, მე მწერალი კაცი ვარ და იმიტომ გადავიკეთეო და შენ ჩვენი გვარი უნდა გააგრძელოო.
- ეს რომელი მწერალია ბურჭული? – შეეკითხა იაკობ შლეხტი, ვითომ არ იცოდა ვიზე იყო საუბარი.
- რომელი და დიმიტრი იოსებოვიჩ გულია! – ამაყად თქვა ცულიმ, კულიების საგვარეულოს ყველაზე ცნობილ წარმომადგენელზე და რანაირად არ დაუჯერებდა ბურჭული საქვეყნოდ ცნობილ დიმიტრი გულიას! – კულია არ მეყოფოდა ახლა ცულიც გამხადა ამ მათხოვარმა ლოხოვმა!                        ზონაში არ წამოგცდეს სადმე!  
- არა ბურჭული, ხომ იცი ჩვენ ძმები ვართ და...
- მაგნები მერე против  нас  წავლენ და кто  против  нас,  тот  пидарасс. შეახსენა "ჟელეზნი"ლოზუნგი  ებრაელს კულიამ. 
იმ საღამოს ისედაც დაღლილ, გაუბედურებულ და “კლიკუხა” აკიდებულ ბურჭულის, კაი ბიჭებმა ზარის გაკეთება დაავალეს. მარტო ბურჭულის შეეძლო ყველაზე მაგარი კამათლის გაკეთება, კაცი ვერ მიხვდებოდა ბურჭულის გაკეთებულ ზარს. ერთხელ “ზონაში” თავისივე გაკეთებული კამათლით,        ქ. ტაგანროგელ საოპერო დასის სოლისტს, გვარად სოკოლოვსკის, ზარში ხუთი ათასი სიმღერა მოუგო. სოკოლოვსკი სასჯელს იმის გამო იხდიდა რომ ოპერა “ბორის გოდუნოვის” მთავარი მოქმედი გმირის, თავად გოდუნოვის სასცენო კოსტიუმი, თავის ქურქიანად გაყიდა ორი ბოთლი არყისთვის. პრემიერაზე კი ჰალსტუხში და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი გამოვიდა სცენაზე. 
იჯდა თუ იწვა, იძინებდა თუ იღვიძებდა ბურჭული, სოკოლოვსკი კაცურად აბარებდა წაგებულ სიმღერებს, ხოლო შლეხტი კი უთვლიდა ჩაბარებული სიმღერების რაოდენობას. ისე შეაწუხა მთელი “ზონა” ბურჭულის “ცოცოხალმა რადიომ” რომ ძველმა ბიჭებმა დაიბარეს და უთხრეს: - კულია “რასხოდი” უთხარი შენ რადიოს, თუ არა გაგხერხავთ შუაშიო.
დაჯდა ბურჭული კამათლის გასაკეთებლად. ჯდომაც უცნაური იცოდა სკამზე, მუხლებს თავისკენ მოქაჩავდა და ქუსლებს სკამის კიდეზე შემოაწყობდა, ამ პოზაში შეუდგა კამათლის დამზადებას. შუა პროცესში კამათელი ხელიდან გაუვარდა და იაკობ შლეხტს უთხრა:
- ნახე ერთი, შენთან ეგდება მანდ!
- ვერ უყურებ ბურჭული სად აგდია. – უთხრა იაკობმა.
ბურჭულიმ ასანთი გაკრა და... მაშინ მოხდა ყველაზე დიდი აღმოჩენა XX საუკუნეში, ყოველ შემთხვევაში რუსეთში მაინც. შლეხტის თითქმის სახესთან მიტანილ, ცეცხლმოკიდებულ ასანთს, ბურჭულიმ საჯდომიდან გამოვარდნილი გაზი მიაყოლა და ... 
უცებ ლურჯად განათდა იქაურობა ორ წამში. იაკობ შლეხტს, აღარც წარბები ჰქონდა და აღარც წამწამები. დარჩა რიჟა იაკობა ასე შეტრუსული. ბურჭულის კი, იქ საიდანაც თავისივე გვარის გაზი გამოუშვა, ბამბის შარვალზე ისეთი ცეცხლი მოეკიდა, პიონერთა კოცონი გეგონებოდა.
მთელი ღამე უბერავდა უწამწამწარბებო და ცხვირის ნესტოებშიც კი ბალან შეტრუსული იაკობ შლეხტი კულიას გაზგამანაწილებელში სულს.
დილით, გამთენიისას, “პიონერთა ბანაკის” ზედამხედველობამ, სხვა “პიონერებთან” ერთად, ფიჩხის შესაგროვებლად წაიყვანა ფეხებგაჩაჩხული კულია და სახედამწვარი შლეხტი. ასე დაყავდათ “პიონერთხელმძღვანელებს” ყოველ სისხამ დილით უკვე შვიდი წელი.
ГАЗ – 53 –ის ძარაზე მდგომ ბურჭულის, წუხანდელი მისი პირველად ნანახი გაზის ფერივით ლურჯმა აზრმა გაუელვა თავში. 
- ბიჭო, იაკობ, ჩვენ რომ დაგვათრევენ ტყის საჭრელად და რომ ყარს იქაურობა, ალბათ მიწიდან ამოდის ის მყრალი სუნი ხომ?
- კი ბურჭული, მიწიდან ამოდის, მაქვს მე ნანახი ის ადგილი, ახლოს ვერ მიხვალ ისეთი სუნია, გეგონება მილიონმა კაცმა გააფუჭა ერთად ჰაერი. რატომ მეკითხები?
- რატომ და თუ ჩემ გაზს მოეკიდა ცეცხლი, იმ გაზს არ მოეკიდება?
- მოეკიდება ალბათ მარა...
- რა მარა? – შეეკითხა ბურჭული
- რა და რო მოუკიდო მერე რა ჩააქრობს იმას? ბურჭული რა გინდა, ძლივს “სროკს” ვამთავრებთ და კიდევ გინდა ათი წელი დაგვიმატონ?
- არა, არა, მაგი არ მიფიქრია. მარა...
- რა მარა! რა მოგაფიქრდა მითხარი ერთი!
- რა და თუ ცეცხლი მოეკიდა ჩაის ვერ აადუღებს? ანდა გოჭს ვერ შეწვავს?
ებრაელი ცოტა დაფიქრდა და...
- ისე რატომ არა, ცეცხლმოკიდებული აადუღებს და კიდეც შეწვავს.
- ჰოდა, თუ შეწვავს მაშინ, ( ეს იყო ყველაზე დიდი მაშინ) ვერ გავყიდით მე და შენ მაგ გაზს?
რადგან  გაზს ცეცხლს არ აკიდებინებდა კულია  და მარტო გაყიდვა იყო საჭირო, მომენტალურად ამუშავდა გერმანელი ებრაელის ტვინი.
- ბურჭული, ბიჭო! მე და შენ განავალს ვყიდით “პაჩტი’ და გაზს რავა ვერ გავყიდით?! – თქვა შლეხტმა და მიხვდა  რომ ისეთი საქმე იწყებოდა, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირში, რომლისთვისაც ჯერ არავის არ ჰქონდა ჩავლებული და კულია და შლეხტი იქნებოდნენ მართლაც ამ საქმის პიონერები.
- “სროკი” ზუსტად რამდენ დღეში გვიმთავრდება? – შეეკითხა ბურჭული შლეხტს. 
შლეხტი იმასაც კი ანგარიშობდა თუ რამდენი გრამი განავალი შეიძლება გამოყოს ადამიანმა დღის განმავლობაში, მერე შესყიდული განავლის წონის რაოდენობას გაყოფდა გამოყოფილი წონის რაოდენობაზე და მიიღებდა ხალხის იმ რაოდენობას, რამდენიც ეხმარებოდნენ თავიანთი “პროდუქციით” კულია- შლეხტს პროდუქციის შექმნაში, ანუ არყის გამოხდაში.
- დღეში კი არა საათში! – ამაყად უპასუხა შლეხტმა.
- ხო, რამდენ საათში? – გაუმეორა კულიამ.
- 2328 საათში! – უპასუხა მოანგარიშე შლეხტმა.
- ეს რამდენი დღეა მაინც?- აღარ დაღალა ტვინი გენიალური იდეის ავტორმა.
- რამდენი და სამი თვე და შვიდი დღე.
- ხო და ეს სამი თვე და შვიდი დღე სულ მაგაზე უნდა ვიფიქროთ ეს გაზი აქიდან რაფერ წევიღოთ, თუ არა, გაყიდვით ხომ ვიცით რო გავყიდით! – ეჭვგარეშე იყო გაყიდვის თემა ნამდვილად! – ხომ იცი არავინ არ უნდა გაიგოს ეს, თუ არა кто против  нас 
- тот  пидарасс! – აღარ დაამთავრებინა შლეხტმა კულიას სათქმელი.
სამი თვე სხვა საფიქრალი არაფერი აღარ ჰქონდათ, ყველანაირად შეისწავლეს ბუნებრივი გაზის გამოყენების არიალი, მაგრამ ტრანსპორტირების საკითხი რჩებოდა ღიად.
- ბურჭული, ტიკებით რომ წავიღოთ რას იტყვი ა? – შეეკითხა შლეხტი, რომელიც ბავშვობაში, აბრამ შლეხტს, მის ბიძას ეხმარებოდა თეთრწყაროში ასურეთიდან ტიკებით ჩამოტანილი ღვინის გაყიდვაში.
- მერე, ეს ღვინო ხომ არ არის, ერთი ტიკი რომ ეყოს მომხმარებელს? – იკითხა არქიმედე კულიამ.
- არ არის მარა, აპა სხვა რით უნდა წავიღოთ, პირში ხო არ ჩევიგუბებთ? – თქვა იაკობმა.
- კი ბატონო, ტიკებით წავიღოთ გასაყიდათ მარა, თხა და ღორი სად ვიშოვოთ ხანტიმანტიაში? – იკითხა იდეის ავტორმა.
- რათ გვინდა თხა და ღორი, ცხენირემისგან გავაკეთოთ ტიკი და უფრო მეტი გაზი არ ჩავა იმხელა ტიკში? – ეს უკვე მეორე, არც თუ ისე დიდი, მაგრამ ტიკებში მაინც ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო.
- მართალი ხარ შენ იაკობ, მაგისგან ტიკი რომ გავაკეთოთ, მატარებლის ვაგონივით იქნება ალბათ, იმხელაა ეგ შობელძაღლი ლოსი.
გადაწყდა! ბუნებრივი გაზი, რომელსაც ძალიან აქოთებული სუნი აქვს, მაგრამ იწვის და ჩაის ადუღება და გოჭის შეწვაც შეუძლია, ტიკებით უნდა წაეღოთ სარეალიზაციოდ! 


სასჯელის გასვლის თანავე, მათი ცნობილი რეცეპტით დამზადებული ორი ბოთლი არყით, ხანტი-მანტიის ოლქის მონადირეებისგან შეიძინეს ორი ცხენირემის ტყავი, რისგანაც ორი ტიკი გააკეთეს, აქედან ერთს შლეხტი წაიღებდა ტიუმენში სასინჯად, ხოლო კულია, მეორე ტიკს საქართველოში მოუსინჯავდა კბილს.
დაგაზული ტიკებით ჩავიდნენ ქ. ტიუმენში! ქალაქის არცერთმა სასადილომ არ უთხრა უარი გაზის შეძენაზე, ვინაიდან, ბევრად იაფი და მოსახერხებელი იყო შეშასთან და ნავთთან შედარებით. მართალია სუნი მყრალი ჰქონდა,  მაგრამ ჩაისაც უცებ ადუღებდა და საჭმელსაც უცებ ამზადებდა.
ეს დიდი გამარჯვება იყო! 
ტიუმენის რკინიგზის სადგურში დაემშვიდობნენ პირველი მეგაზეები ერთმანეთს.
ბურჭულის ბედზე მატარებლის ვაგონის კუპეში ქართველი დაემგზავრა.
- ამ სიშორეს რამ ჩამოგიყვანათ? – შეეკითხა ბურჭული.
- მანდარინა გავყიდე და – უპასუხა თანამგზავრმა.
- თქვენ რეიზა ხართ აქეთ? – ახლა ბურჭულის კითხა მგზავრმა.
- მე გეოლოგი ვარ და ვმუშაობ ამ მხარეს.
- კაი, და. – მოეწონა ბურჭულის გეოლოგიური განათლება მგზავრს.
- მე ბურჭული მქვია, თქვენ?
- ხასან ვერულიძე, ქობლეთიდან! – თქვა ხასანმა და ხელი გაუწოდა ბურჭულის.
- სასიამოვნოა. – უთხრა ბურჭულიმ და ჩამოართვა ხელი ხასანს.
- აი რამხელა ტიკია ჭო! აქიდან საქართველოში მიგაქვთ ღვინო?
- არა, ეს ტიკი ბუნებრივი გაზითაა სავსე. – აუხსნა ბურჭულიმ.
- რაით ჭო? – ვერ გაერკვა ხასანი.
- ბუნებრივი გაზით ხასან, ბუნებრივით! – აუხსნა ბურჭულიმ და დაიწყო მოყოლა თუ როგორ შეუძლია ამ გაზს ჩაი აადუღოს, გოჭი შეწვას და ათასი სიკეთის მოტანა რომ ეს ბუნებრივი გაზი ბევრად იაფია ვიდრე შეშა და ნავთი და ვინც შეიძენს მოგებული დარჩება, მერე გაახსენდა გეოლოგი რომ იყო და თქვა:
- სწორედ ამ გაზის აღმოსაჩენად ვმუშაობდი შვიდი წელი ამ მხარეს! ახლა საქართველოში უნდა ჩავიტანო რომ დაიწყონ ქართველებმა გაზის მოხმარება.
- ფარა უნდა გადვიხადო ჭო? – იკითხა ვერულიძემ.
- აპა, უფულოდ ვინ მოგცემს ბუნებრივ გაზს! – აუხსნა ბურჭულიმ.
- ჭო, ერთი დემიგდე ყური. ბუნებაი მე გაზს მაძლევს და ფარა რეიზა უნდა გადვიხადო?
ეს იყო ქართველის პირველი აზრი ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით!
ნამდვილად არ უნდა მეთქვა ბუნებრივი გაზი რომაა – მიხვდა ბურჭული და იმასაც მიხვდა საქართველოში სიტყვა “ბუნებრივი” აღარ უნდა ეხმარა.
- ნეტა ჩემი გაზით ყოფილიყო ეს ტიკი სავსე და მიმეყიდა ამ “ჟმოტი” აჭარლისთვის! – ინატრა კულიამ.
  ქ. ჩელიაბინსკამდე ისე ჩავიდნენ, გაზზე სიტყვა აღარ დაუძრავს მეგაზეს. ვერულიძე, ჩელიაბინსკში დარჩა მისი ბაღანაის ინსტიტუტში მოწყობის  საკითხთან დაკავშირებით, ბურჭული კი, ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვიდა საქართველოში.
თბილისიდან მოუსინჯავ “პოჩვას.” – იფიქრა მატარებლიდან გადმოსულმა და ისტორიულად, ღვინით სავსე ტიკების ქვეყანას, ტიკების ისტორიაში პირველად, გაზით სავსე უცხო ტიკი შემატა.
ბუნებრივმა გაზმა, გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა, განსაკუთრებით                          
გასვენების პურმარილის “პოვრებთან.” გაზის ხარჯვას ბურჭული თავკაცობდა მაგრამ რამდენად ჭიჭოთაც არ უნდა ეხარჯა გაზი, ტიკი მაინც ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ბურჭული კი ნელ-ნელა იბერებოდა გასვენების ლობიო ნაჭამი.
ერთ დღეს, როცა გაზის ტიკმა ბოლო გასვენება ჩაამთავრა და მთლიანად დაცარიელდა, ლობიოს გაზით სავსე ბურჭულის, სავსე აზრი დაებადა თავში!
- ჩემი გაზით რომ გავავსო და ისე გავყიდო? მარა არ ეყოფა ერთი კაცი ამხელა ტიკის გავსებას და გასვენების ხალხს ხომ ვერ დავპატიჟებ მომეხმარეთ ტიკის გავსებაში თქვა?!
რაღაც უნდა ეღონა და იღონა კიდეც!
- ყველაზე ბევრ ლობიოს რაჭველები  მოიხმარენ და ფულს თუ გადავუხდი, მაინც უფულოდ უშვებენ გაზს და ტიკს რატომ არ გამივსებენ ვითომ!
იფიქრა და თავისივე ნაფიქრალის შესამოწმებლად, მეორე დღესვე წავიდა  რაჭაში. იქ ცნობილ გასვენებების თავკაცს – ბონდოუკა აბუთიძეს შეხვდა.
- მე საქმიანი წინადადებით ვარ თქვენთან! – დაიწყო ბურჭულიმ.
- სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა დაკავებული ვარ ბოშო და სხვა დღეებში...
- ამ საქმეს, “ტოჩნად” ის დღეები ჭირდება თქვენ რომ ხარ დაკავებული, ზოგჯერ შეიძლება სხვა დღეც გამოერიოს. – აუხსნა ბურჭულიმ.
- რა საქმეა ასეთი? – იკითხა ბონდოუკამ.
- გაზი უნდა შეაგროვო ამ ტიკში. – უთხრა ბურჭულიმ და დაკეცილი ლოსის ტიკი გაშალა ალბათ სამ მეტრზე.
- ეს რა არის ბოშო, ტიკია თუ ავტობუსი? – იკითხა აბუთიძემ და ვერაფრით ვერ გაერკვა რა გაზის შეგროვებას სთავაზობდა ეს კაცი, არადა, დამზადების სამინისტროსთვის მოცვს, ანწლს და მაყვალსაც ქვე ქე აგროვებდა ბონდოუკა აბუთიძე.
- კარგად ამიხსენი ბოშო! რა გაზი უნდა შევაგროვო რაჭაში და ისიც მითხარი რა ფერია ე გაზი და ჩვენთან თუ ხარობს?
- მაგას ფერი არა აქვს, მარტო სუნი აქვს, კარგადაც ხარობს თქვენთან. – აუხსნა ბურჭულიმ.
- უფრო კარგად სად ხარობს, დაბლობხე თუ მაღლობზე? – იკითხა ბონდოუკამ.
- რიონის პირას! – სწრაფად თქვა ბურჭულიმ და მიხვდა რომ აბუთიძემ ვერ გაიგო რა გაზზე იყო საუბარი. – ლობიოს ჭამის მერე რომ გაზი გამოდის, ის გაზია შესაგროვებელი და ფულს ვიხდი მაგის შეგროვებაში მე! – თქვა ბურჭულიმ.
რაჭველი ჩაფიქრდა და...
- რას ლაპარაკობ ბოშო! ერთი მაგის დამჭერი კაცი მანახე და მე გადაგიხდი იქეთ ფულს!
- ხო და ამ ტიკში უნდა დავიჭიროთ მაგი ჩვენ! – თქვა ბურჭულიმ.
- კაი ბოშო მარა, რისთვის გინდა მაინც ე დაჭერილი? – იკითხა ისევ ბონდოუკამ.
- მეტელურგიაში იხმარება თუჯის სადნობად და რადგან რაჭველები სუფთა ჰაერზე ცხოვრობთ, გაზიც სუფთა გაქვთ! – თქვა ბოლოს იმ იმედით რომ მეტ კითხვას აღარ დასვამდა ბონდოუკა.
- მეტი რა გზაა ბოშო, ქვე მეტალურგებს თუ ჭირდებათ, ქე გოუმართავთ ხელს რაჭველები.
მოილაპარაკეს! ერთ კვირაში ბურჭული ისევ ავიდოდა რაჭაში და                  
ბონდოუკა დაახვედრებდა ტიკს სავსეს!
ერთი კვირის შემდეგ ისევ შეხვდნენ კულია და აბუთიძე ერთმანეთს.
- რა ქენი, აავსე ტიკი ხომ? – შეეკითხა ბურჭული.
- რაჭველებს დიდი ხათრი გვაქვს საბჭოთა მეტალურგების, ქვე შენი ჭირიმე, მარა, არ გამევიდა მაგ საქმე ბოშო. – უთხრა რაჭველების სახელით ბონდოუკა აბუთიძემ.
- რატომ ვითომ, რატომ არ გამოვიდა? ხომ მოვილაპარაკეთ “პაჩტი”. – გაუკვირდა ბურჭულის.
- იმიტო არ გამევიდა რო, ძნელად შედის ტიკის თავი უკანალში და ქვე ქე დეეჩვევი კაცი მერე მაგას და ფულს იქეთ მიცემ სხვას. 
არ არის ჩვენი საქმე ეგ და ბოდიში მოუხადე რაჭველებისგან მეტალურგებს. – თქვა ბონდოუკა აბუთიძემ, თანაც ისე არგუმენტირებულად რომ აზრი აღარ ჰქონდა მეორეჯერ შეთავაზებას.
დაჩუტულები წამოვიდნენ ბურჭული და ტიკი რაჭიდან. ეხლა ერთი გამოსავალი რჩებოდა. საქართველოს გეოლოგიური სამმართველო თუ დააყენებდა დასაბუთებულ შუამდგომლობას მთავრობასთან, ბუნებრივი გაზის რუსეთიდან შემოტანის შესახებ.
გეოლოგიურ სამმართველოში, ბურჭულიმ მისი თანაქალაქელი, სოხუმელი კაჭარავა ნახა, რომელსაც ბოლომდე არ გაანდო ბუნებრივი გაზის შემოტანის ამბავი, მხოლოდ ის უთხრა რომ დასავლეთ ციმბირში რაღაც გეოლოგიურ აღმოჩენას მიაგნო და ახლა ისეთი გეოლოგი ჭირდებოდა, რომლის სიტყვას წონა ექნებოდა ყველგან.
- ზევახ შერვაშიძეზე დიდი გეოლოგი საქართველოში  არ არსებობს,                                                  პარიზში აქვს სორბონას უნივერსიტეტი დამთავრებული, - თქვა კაჭარავამ.          - მთავარია სანდო კაცი თუ არის და ჩემ გეოლოგიურ აღმოჩენას ხომ არ                                    წამართმევს? - იკითხა ბურჭულიმ.                                            - მაგას ბიჭო, კაცობის და ცოდნის გარდა ყველაფერი წაართვეს      კომუნისტებმა. - ჩურჩულით თქვა კაჭარავამ, - ცოტა უცნაური კაცი კია, სორბონას უნივერსიტეტში სწავლის დროს, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დადიოდა ლექციებზე და არაფრით არ იცვამდა ევროპულ ტანსაცმელს.
ერთხელ პარიზში, ასე გამოწყობილი იჯდა რესტორანში და მისი მამულიდან გამოგზავნილ  იზაბელას ღვინოს მიირთმევდა, გვერდზე სუფრიდან დაუცინიათ მისი ჩაცმულობის გამო, ზევახს ხმა არ ამოუღია, ვითომ არ ესმოდა ფრანგული, დაუძახნია “ოფიციანტისთვის” და მოუტანინებია  ტაშტი, გაავსებინა ფრანგული შამპანიურით, რასაც ისინი სვამდნენ, გაუხდია აზიაცკები, ჩაუწყვია ფეხები  და გაუგრძელებია იზაბელას სმა.
ერთხელ კიდევ, პარიზელ გოგონებთან ერთად, ლონდონში ჩასულს კაზინოში უთამაშია და იმდენი ფული მოუგია რომ მერე კაზინოც მოუგია მეპატრონისთვის, გამოსვლისას “შვეიცარმა”, ვინც კარები გამოუღო ზევახს, კაზინო უჩუქნია და როგორც ამბობენ,  დღესაც კი უზარმაზარი ფოტო არის ზევახ შერვაშიძის იმ კაზინოშიო.
- ქართველის გარდა ვინ იზამდა აპა მაგ სისულელეს! – თქვა ბურჭულიმ. სტუდენტი კაცი ამხელა კაზინოს რომ მოიგებ და “შვეიცარს” აჩუქებ, სულელი ხარ, აპა რა! – დაუწუნა საქციელი კულიამ შერვაშიძეს.
გეოლოგიური სამმართველოს ბიბლიოთეკაში ნახეს კაჭარავამ და კულიამ ზევახ შერვაშიძე.
- გისმენთ ყმაწვილო! – თქვა ძალიან სიმპათიურმა, ოთხმოც წელს გადაცილებულმა მოხუცმა.
- მე, პატივცემულო... - დაიწყო ბურჭულიმ მოყოლა თავის აღმოჩენაზე, ბუნებრივი გაზის რუსეთიდან საქართველოში შემოტანის პერსპექტივაზე და გაზის გამოყენების არიალზე.
- დაამთავრეთ ყმაწვილო? – შეეკითხა შერვაშიძე.
- კი პატივცემულო. – უპასუხა ბურჭულიმ.
- მაშინ ეხლა მე მომისმინეთ!                                              დედამიწა ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია როგორც ადამიანი, ისევე სუნთქავს, ისევე იკვებება და ისევე გამოჰყოფს ყველაფერს როგორც ადამიანი, მათ შორის გაზსაც! რუსეთს, ყველაზე დიდი გაზდაგროვება აქვს მსოფლიოში. დედამიწისთვისაც იმ ადგილს იგივე სახელი ჰქვია, რაც ადამიანის იმ ნაწილს, საიდანაც გაზი გამოდის, შესაბამისად, ადამიანის გამოყოფილ გაზს და დედამიწის გაზსაც ერთნაირი სახელი აქვს, ამიტომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, აირს რომელსაც ადამიანის ორგანოდან გამოყოფილი გაზის სახელი ჰქვია, ჩემი რწმენით არ გამოგვადგება!
- რატომ პატივცემულო?? – იკითხა ადამიანისთვის ამ გაზის სახელის მქონე გვარის კულიამ. – თუ ამ გაზის გამოყენება შეიძლება გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად და რავიცი კიდევ რამდენ რამეში. – არ თმობდა ბურჭული.
- ყმაწვილო! მე-18-ე საუკუნეში ინგლისელები გაზს ღებულობდნენ ნახშირიდან, ჩვენთან კი ღმერთის წყალობით ეგ სიმდიდრე იმდენია, თანაც ქვანახშირი, რომლის წვის შედეგად გამოიყოფა თითქმის 96% სუფთა მეთანის გაზი, მინარევების გარეშე და ბევრად კარგად იწვის ვიდრე ნახშირი, ხოლო ნაცარი, რომელიც წვის შემდეგ რჩება, სოფლის მეურნეობისთვის არის მისწრება. ასე რომ საქართველოს იმ რაოდენობის თავისი გაზის მიღება შეუძლია რომ მის მოსახლეობასაც ეყოფა და გაყიდის კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ქართველებს რუსეთიდან, ადამიანის გაზის მოსახელე აირის ყიდვა და ხვეწნა მუდარა – დამიკელით, იაფად მომყიდეთ!
არ ამბობდა რომის იმპერატორი, ვესპასიანე მართალს, როდესაც ფული იშოვა პისუარებზე გადასახადების შემოღებით – [პეკუნია ნონ ოლეტ] ფულს სუნი არ უდისო. – უდის ყმაწვილო სუნი, უდის!! და კაცსაც იმ საქმის სუნი უდის, რისგანაც ფული იშოვა! მთელი ცხოვრება ვერ იცილებს კაცი მერე იმ სუნს!
მაპატიეთ ყმაწვილო, თქვენ რა გვარის კაცი ბრძანდებით? – შეეკითხა ბურჭულის შერვაშიძე.
- მე დიმიტრი გულიას ბიძაშვილი ვარ. – ამაყად უპასუხა ბურჭულიმ იმ იმედით რომ აუცილებლად ეცოდინება საქვეყნოდ ცნობილი ჩემი ბიძაშვილი და მისი ხათრით მაინც არ მეტყვის უარს რუსეთიდან გაზის შემოტანის შუამდგომლობაზეო.
ამ გვარის და სახელის გაგონებაზე, ზევახ შერვაშიძე, ორივე ხელებით მაგიდას დაეყრდნო, იდაყვები განზე გაშალა და არწივს დაემსგავსა.
- შენ ე. ი. დიმიტრი კულიას ბიძაშვილი ხარ?? იმ კაცის , რომელმაც მე, აფხაზ შერვაშიძეს დამწერლობა მომიგონა? იმ ლაწირაკ კულიას, რომელმაც თვრამეტი წლის ასაკში დამწერლობა შეუქმნა ვითომ აფხაზებს? იმერლებს! კახელებს! გურულებს რატომ არ შეუქმნა?! თუ აფხაზები იგივე ქართველები არ არიან, ა?? – აღარ ცხრებოდა ზევახ შერვაშიძე. – ეს იმათ შეუქმნა გამყიდველმა კულიამ დამწერლობა, ვითომ აფხაზები ვართო რომ იბრალებენ! ზღვასთან გაზრდილი კაცი ზღვას “Аморе”-ს  და  ნავს  “ Алодка”-ს რომ დაუძახებს , ის არის აფხაზი?!
ისიც კი იკადრა, მაგ მართლა კულიამ, სოხუმსაც “აკუა”  დაარქვა!! აკუა მაგას და!!!... – ყვიროდა ზევახ შერვაშიძე.
ამის მომსმენი ბურჭული, “ზონაში” შერქმეული სახელივით გაიპარა გეოლოგიური სამმართველოს ბიბლიოთეკიდან. სოხუმში ჩასულს კი ტელეგრამა დახვდა სახლში:  Срочно  приезжаий    директор  Тюменьгазпром  Я. Шлехть.

??????