ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

ქურმუხული 

...და იქ, სადაც ქურმუხი

უერთდება ალაზანს

ორი კუთხის სიყვარულს

ითავისებს ხეობა...

ორი მშვიდი მდინარე

წნავს ბუდეს და კალათას

და შიგ გაზრდილ სამშობლოს

დაუკარგავს მხნეობა!

 

აქვე თამარ დედოფლის

წმინდა ცრემლი მოცურავს,

უტირია მირონი

კახის ძველ ეკლესიას.

ალაზანი მშვიდია...

თითქოს მისთვის დრო სულ არ

გასულა და ჰერეთი

ისევ ერეკლესია.

 

სამშობლოსკენ ხმაურით

მიიჩქარის ქურმუხი...

ეჰააა! საქართველოში

დაბრუნება ეღირსა,

მაგრამ იქვე, შირაქთან,

დგას თათარი ქურუმი

და გაქცეულს უყვირის:

-ძმაო, ჰარა გედირსან*?!

 

და იქ, სადაც ქურმუხი

მშვიდად ხვდება ალაზანს,

ორი კუთხის სიყვარულს

ითავისებს ბუნება...

დრომ ჰერეთი მეზობლის

სკაში მოაკალათა,

ჰოდა დედა ფუტკარი

სახლში ვეღარ ბრუნდება!

 

2005 .

 

-------

*ჰარა გედირსან (აზ.) - საით მიდიხარ

??????