მეშველიანი სოსო
გაზიარება

არაფრის გამოხატვა 

(ნინო დარბაისელს)

თევზივით ვგდივარ, უცხო ნაპირზე. 
სულის თხევადი უფსკრულიდან გამორიყული 
და მშრალ ქვიშაში გამოხვეული. 
ოცნებასავით დაჩუტული მთვარე თუ ამჩნევს 
მოლუსკივით რომ დასრიალებს ჩემი სხეული. 

ჩუმად, წვეთ-წვეთად, დავიცალე არსებობიდან, 
დაცარიელდა, გამდინარე ცნობიერებაც. 
... 
რა მნიშვნელობა შეიძინა? 
უცნაურია! 
ერთ სიტყვიანმა წარწერამ ”Hebron” 
სახელწოდებამ სასტუმროსი, 
შუაღამისას, 
ამ უკაცრიელ ზღვის ნაპირებ რომ გადმოჰყურებს. 
ვეება ლურჯად მოციმციმე ექვსი ასოთი, 
“Hebron” 
ცარიელ ღრძილში ჩარჩენილი კბილის ნერვივით, 
უსამშობლობა ამტკივდა, 
თუმცა, 
ეს ტკივილი ხომ არაფრისთვის, არაფერია. 
ზღვის მლაშე სუნთქვა მეღვრება პირში 
და მაინც ისე ვამოძრავებ ლორწოვან ენას, 
თითქოს ჩემივე მწიფე ფრაზებს ვაგემოვნებდე… 
-ხვდები, რამდენად უსუსური ხარ, 
იმ სამყაროში, რომლის გულიც ლავაში ფეთქავს?..... 
სისულელეა! 
ყველაფერი სისულელეა. 
ამას ჯობია უფრო ხშირად გაიმეორო 
“ვინაა კიდევ სხვა, მეორე, 
რომ ასწორებს თავის ცხოვრებას? 
... 
განა ბერი? 
საბჯე ჯოხით თავისივე აჩრდილს რომ ჩეჩქვავს, 
ვინაც ერთგულად მოაცილა საყდრის კარამდე”….. 
რომ პირში ისევ გემო იგრძნო შენივე სისხლის. 
შენ კი, ნაკვები უცნაური ფანტაზიებით, 
მხოლოდ სახეზე სუქდები, 
მორჩა! 
შეეშვი ჰიჩკოკს, 
ამ გენიალურ კოშმარებთან რა გაქვს საერთო? 
და ამ არაფრის (თუნდაც კარგად) გამოხატვისთვის, 
ხდები პოეტი? 
უსამშობლობა აგტკივდა, ვიცი, 
ცარიელ ღრძილში ჩარჩენილი კბილის ნერვივით.

??????