გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

დაგვიანებული ნაბიჯი წერილები ე-ლენს 

ოთახი ერთი დიდი გამოქვაბული იყო, რომელსაც გასასვლელი კარი არ ქონდა...
მწვანე კედლები, კუბოკრულპლედგადაკრული მოქანავე სავარძელი, მაგიდა, მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი ფურცლები, ფანქრები, წიგნები, ნამწვით სავსე საფერფლე და....
იმ ჭიქაში ყავა არასოდეს ილეოდა...
არც ადგილს უცვლიდა,
უნდოდა ოთახის ყველა კუთხიდან დაენახა,
შეხებით კი იშვიათად ეხებოდა.
ჭიქის პირი ტუჩს უწვავდა,
შეხება - გულს... 
ტკივილი კლავდა....
ეს ჭიქა ე-ლენმა აჩუქა,
ალბათ სურდა, რომ ყოველთვის მის გვერდით ყოფილიყო....
ხშირად უფიქრია, ნამსხვრევებად ექცია ჭიქა, 
მაგრამ სურვილი კლავდა...
ე-ლენის სურვილი,
მის ცხოვრებაში ასე მოულოდნელად შემოჭრილის...
მისი აჩრდილი ყველგან დაყვებოდა, ოთახი სავსე იყო მისი სურნელით, ამიტომ არასოდეს აღებდა კარებს, ეშინოდა რომ აჩრდილი კარს მიღმა დაიდებდა ბინას.
ჩუმად იმეორებდა: ე-ლენ! ე-ლენ! ე-ლენ! რადგან ეშინოდა, რომ დაავიწყდებოდა...
არ იცოდა, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა,
საკუთარი თავი დაკარგა თითქოს, ე-ლენმა ხომ სარკეში ჩაახედა და მისი მეორე (იქნებ ნამდვილი) მე დაანახვა...
ყავის ჭიქიდან საყვედურშეპარული და სითბოთი სავსე თვალები უცქერდა,
უყვარდა ე-ლენი,
ე-ლენსაც უყვარდა,
მაგრამ გამოქვაბულადქცეულ ოთახს კარი აღარ ქონდა...
დრო ულმობლად ამსხვრევდა იმედებს.

ის წერდა ე-ლენს და აღარ ასათაურებდა წერილებს

წერდა და ხევდა...
მაგიდაზე უზარმაზარი ფურცლების გროვა იყო,
ყველა დღე თითო ფურცელს უმატებდა...კალენდარივით ახევდა დღეებს და წარსულში უმიზნოდ დაბორიალობდა.
არავის არ გავდა,
არავინ იყო,
ერთი იყო
და მასში რამოდენიმე ადამიანი ცხოვრობდა....
ხანდახან თავადაც ერეოდა ვინ იყო: აზარტული მოთამაშე, სევდიანი მელექსე, ღამეული ადამიანი თუ....ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, სიცოცხლე რომ ესესხა ცხოვრებას.
არა, 
ე-ლენის გამო იყო ყველაფერი.
მან გამოააშკარავა და სარკეში ისე ნათლად დაანახა თავი, თავადვე შეშინდა....
ტანში ჭიანჭველებმა დაურბინა....
ე-ლენმა ნიღაბი ჩამოხსნა და შეშინებულ თვალებში აირეკლა...
მისი დაკარგვის შეეშინდა,  უნიღბო სახეს რომ დაინახავდა.
ე-ლენმა კი გაუღიმა და...
მიხვდა, 
ე-ლენს ისეთი უყვარდა, როგორიც იყო.
საკუთარი თავი შეზიზღდა.... 
ვენებდაწყვეტილ სხეულში სიცოცხლე მდორედ მიედინებოდა, ღამენათევი თვალები კედლებზე მიკრულ ადამიანებს მისჩერებოდა და უკვე ვერ თუ არ იხსენებდა წარსულს...
როგორ უნდოდა, მიეტოვებინა ე-ლენს...ისევ ჩარჩენილიყო უფანჯრო ოთახში და სადღაც შორიდან შემომავალი მუსიკისათვის მოესმინა, გაბრუებულიყო მათრობელა სითხით და ვეღარ ეგრძნო ცხოვრების სიმუხთლე....
ე-ლენს სიცოცხლის სიყვარული შემოჰქონდა მასში,
სამაგიეროს კი არაფერს ითხოვდა და ბავშვური თვალებიდან სიყვარულს და სიმშვიდეს აფრქვევდა....
ეს კი ჭკუიდან შლიდა, რადგან იცოდა, ვერ აჩუქებდა ე-ლენს სიყვარულს...
ამიტომ წერდა,
წერდა და ხევდა...
წერდა საკუთარი სიცოცხლის ისტორიას, ცხოვრებას რომ ესესხა.
და იყო ერთი - მარტოსული და მრავალსახე, სიცოცხლემისჯილი, ვენებდაწყვეტილ სხეულში სიცოცხლე მდორედ მიედინებოდა, ღამენათევი თვალები კედლებზე მიკრულ ადამიანებს მისჩერებოდა და  წარსული დროის მოსაგონებლად საათი ნელა ნელა ითვლიდა უკანასკნელ წამებს.

თვალები დახუჭა, არ სურდა ის სამყარო დაენახა, რომელშიც ცხოვრობდა, 
ვეება ცისფრად შეღებილ კედელზე უსახური მარტოობა მარტობდა. 
იყო და არც იყო.
მზერა გაციებულ თვალებში იმედის უკანასკნელი სხივი ქრებოდა.
ჯიუტად დუმდა და სიგარეტის კვამლს აყოლებდა ფიქრს, რომელიც ჰაერში იფანტებოდა,
მოგონებები ეხვეოდა, სხეული ეკაწრებოდა და თითოეული ნაკვთი სტკიოდა,
იცოდა ამ ტკივილის წამალი
და მაინც ჯიუტად დუმდა.
იცოდა, როგორ ელოდა ე-ლენი
თუ თავად ელოდა ე-ლენს?
რატომ ჩაკეტა ყველა გზა მისკენ მიმავალი?
რას გაურბოდა გიიომი?
იქნებ იმ ტკივილს ვერ პატიობდა საკუთარ თავს, ე-ლენის თაფლისფერ თვალებში რომ ჩააბუდა?
დუმდა გიიომი...
მისი სამყარო ერთ პატარა ოთახში ეტეოდა, მაგიდაზე ობლად მიტოვებული ფურცლები ეძახდნენ...
დუღდა გიიომის სული ძალადაკარგულ სხეულში
ერთი ნათელი წერტილით...
სადღაც, მის ახლოს ცხოვრობდა ქალი, რომელიც არასოდეს მიატოვებდა.
იცოდა, სჯეროდა და ელოდა...
--
.....თვალები რომ გაახილა, პირველი რაც იყო მზის სხივი დაინახა....გაუკვირდა, ვერ მიხვდა, როგორ შემოაღწია მზის სხივმა მის ბნელ ოთახში, თვალი აარიდა და კედლისკენ გადაბრუნდა, ცხვირში არყის სუნი იგრძნო, სხეული საშინლად ქონდა დამძიმებული, პირი გამშრალი....

იატაკზე ვისკის ცარიელი ბოთლი შენიშნა...
საშინლად მოუნდა თუნდაც ერთი წვეთი მათრობელა სითხე,
და სიგარეტი,
მერე ერთი ჭიქა ყავა

ე-ლენი გაახსენდა...

მისი სხეულის სითბო ისე ცხადი იყო რომ მზის სხივს თვალი გააყოლა, ასე ეგონა მასთან ერთად შემოვიდა ე-ლენი.

ხელის ფათურით სიგარეტს დაუწყო ძებნა...ვერ ნახა, ოთახში საშინელი არეულობა სუფევდა, ისეთი, როგორიც მის ფიქრებსა და სულში.

მონოტონური ზუმერი მოესმა, უკვე მერამდენედ, აღარ ითვლიდა, აღარც პასუხობდა...გაურბოდა იმას, ვისთანაც ყველაზე ახლოს სურდა ყოფნა. 

დამძიმებული სხეული ძლივს გადმოიტანა საწოლიდან, თმების გასწორება არც უცდია, არც ამოღამებული თვალებისათვის სურდა სიცოცხლის მიცემა, ვისკი უნდოდა, დათრობა და გონებიდან ყველა სატკივარის წაშლა...

არ გამოსდიოდა...

საწერ მაგიდასთან მივიდა, ეს ერთადერთი ადგილი იყო -  მხოლოდ მისთვის გასაგები სიმშვიდის თუ სიმარტოვის კუნძული...

და მიხვდა, რაც აწვალებდა...

კუთხეში ობლად მიტოვებულ ფურცლებს გაურბოდა....

ყველა ფურცელი წარსული დღეების ქრონოლოგია იყო, ვერგამხელილი და გაუგზავნელი წერილები, რომელსაც ადრესატი ელოდა:

მინდა მოგწერო და თან არ მინდა, რადგან არ ვიცი რა დავარქვა ამ ჩემს წერილებს: შენზე ფიქრები თუ გაუმხელელი სიყვარულის ქრონიკა ე ლ ე ნ !

??????