ქელეხიძე ნანა
გაზიარება

მდუმარი ფერები  

შენ  მეკითხები, ღმერთი თუ მწამს,
მე კი მხარზე  მოგდებულ ნაბადივით დამაქვს სიკვდილი.
ყინულმოდებულ წყალში ვრეცხე კეჭევლა კრაველივით  და
ვპენტე  თხილის  გლუვი  რიკნებით,
ფთილა-ფთილა  ზოგი წენგოში ვღებე,
ზოგი  შენს სუნთქვაში,
რომ  ავიკრიფე შენი ტუჩებიდან ფიჭვის ხავსივით,
ზოგიც საკუთარ, ნაცარმოყრილ სისხლში ამოვავლე და
წითელ მიწად დავყარე დახრილ ხეებთან.
სანამ  შენ  სადღაც ლოცულობდი,
მხრებიდან წერა  ცხელი ცვარივით ჩამოგაწურე და მოვანამე.
ქარს ყვირილი მოჰქონდა ხევში და
ერთად გვანარცხებდა აქაფებულ ლოდებს.
კანი სველი საღებავივით დახეთქვამდე ხმებოდა
და  უხმოდ ჟონავდა  ჩამქრალი მზერიდან-
მოდი...
ოღონდ მოდი...
თუნდაც  სიკვდილივით მოდი და დამიმალე შიშველი ხელები,
თორემ ღონე,
უკვე ღონე წაერთვა უშენო დღეებს,
წაერთვა და დაელია ბოლომდე...
ექვსჯერ  მოვთელე,
ექვსჯერ  ავილეწე,
ექვსჯერ ავირიე...
თავში  ცხენებივით,
ძუაგამონასკვულ  ცხენებივით დარბიან დამფრთხალი ფიქრები და
გაზაფხულებს  ვეღარ იგნებენ.
და სანამ სინათლე ზოზინით არ ჩაუყვა ციცაბო დაღმართს
ვთელე და ვთელე სიკვდილი დაღლილი მკლავებით.

ნუღარ მეკითხები, ღმერთი თუ გწამსო,
როცა, მდუმარი ფერებით მოჩითული
შენი  გადარჩენა  მხრებით  დამაქვს.

??????