გაბაიძე გიორგი
გაზიარება

შუქნაკლული ლამპიონები 

ჩვენ ერთმანეთის ორეულებად დავძრწით ქალაქში,
ქუჩებში სადაც ლამპიონებს შუქი აკლიათ,
მუცლადყოფნისას იგი უკვე იყო ზვარაკი,
და იოანე მაშინათვე იყო ნათლია.


მხატვრებიცა ვართ და ფერების არევაც ვიცით
სამი ფერისგან ათასფერი ძალგვიძს ვაქციოთ,
მერე შევავსოთ ამ ფერების სიამით შპრიცი,
და შევამატოთ ჩვენი სისხლის კვების რაციონს...


ქალაქის კუთხე-კუნჭულებში მოხეტიალეს,
შეგხვდება ზოგჯერ საკუთარი თავი შიშველი,
ვერ ამოვიცნობთ შეუმოსავ – ოხერტიალებს...
და ეს არცნობა საჭირო დროს ვეღარ გვიშველის.


მიტოვებული თეატრივით არის ცხოვრება,
მიყრილ-მოყრილი თოჯინების სახლი - საერთო,
გაყოფილი აქვს ყველას თვისი ჩინი-წოდება,
ჯამბაზებივით ცდილობენ რომ მუდამ გაერთონ.


ერთფეროვნებას ვერ ვგუობთ და სულ ახალს ვეძებთ,
ვიკერავთ ახალ სამოსს, ნიღაბს და თვით გრძნობებსაც,
ზევით მივიწევთ – ფრთებს შევისხამთ როგორაც შევძლებთ,
ამით კი უფრო ქვევით მივალთ...
ხო, არ მოგესმა!


ვუყურებთ... ასე ოთხკუთხედი საგნის ამარა
შევრჩით და გვჯერა, როგორც უწინ გვჯეროდა კერპის,
შავმა ღრუბელმა ჩამოლაქა თეთრი კამარა
და ვუცდით ჩვენი შავი ყუთი რა სიბრძნეს გვეტყვის.


ღიმილი, მხოლოდ ღიმილიღა მომეფინება,
როცა გავხედავ ჩემს ცხოვრებას მატრაბაზი-ვით,
როგორ მღრღნიდა და მიყენებდა ნდომის ცდუნება,
მე კი ვიყავი ყურმოჭრილი მისი ვაზირი.

??????