სამხარაძე-ჯღამაძე ეთერ
გაზიარება

მოლანდება თამარის ხიდთან 

ო, რა სიჩუმეა,
ო, რა სიმშვიდეა,
დუმილი ქვათა და კირთა...
წარსულის კურცხლები
ცას ახლაც ჰკიდია
ბესლეთში,
თამარის ხიდთან...
ნისლებმა აფრები
აუშვეს უცებ და
გამოჩნდნენ ლანდები
მქრქალი...
დარახტულ რაინდებს
წინ მოუძღვება
ცხენზე ამხედრებული
ქალი...
მოგვიახლოვდა,
გაშალა ხელი
და ხიდთან
შველივით შედგა,
მირიადწლოვანი,
ოცნება მწველი
და საქართველოს დედა.
გადაიწერა სამჯერ პირჯვარი,
ის ქალღმერთს ჰგავდა
იმ წამს...
არ ჩამაყოლო, ღმერთო,
მტრის ჯავრი,
თქვა და
ემთხვია მიწას...
ხმალ-აბჯარასხმული,
სამშობლოს ჯავარი,
აღმძვრელი ათასთა
ფიქრთა,
დიდხანს ლოცულობდა
ღვთაება თამარი
ბესლეთში,
თამარის ხიდთან...
დაღამდა,
ცამ ფრთხილად დაუშვა
ფარდები, _
შემკული დაფნით და
მზითა,
კვლავ ზღაპრულ ცხენებზე
ამხედრდნენ ლანდები
ბესლეთში,
თამარის ხიდთან...
და მშვენიერი
დასრულდა სიზმარი,
შევხედე,
ცა ცრემლებს ღვრიდა...
ო, ღმერთო! _
ის ღამე,
ის წუთი,
ის წამი,
ათას წლის სიცოცხლედ ღირდა...
კეთილო მგზავრებო,
შეჩერდით,
შეჩერდით,
ბესლეთში,
თამარის ხიდთან...

??????