ჭიჭინაძე გივი
გაზიარება

*** "მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში: 

მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში,
მთებმა მოიხსნეს თოვლის ბექთარი.
გზას მისდევ უხმოდ და სადღაც ეშხით
შემოგანათებს ია ფერმკრთალი.
ჯაგებში ბრდღვინავს მშიერი დათვი
და თავზე შინდის ყვავილი ათოვს.
რად მაკლდებაო თვალში სინათლე –
ბებერი მგელი შეჰყმუის მნათობს.
სურს მოზღვავებულ სიკეთედ იქცეს, –
წყარო მოგელის ტყე-ტყე, ბორცვებთან.
რომ არ გაგითბო ამხელა სივრცე,
მზე ქალწულივით დაიმორცხვებს და
ისე დატოვებს პატარა სოფელს...
გვიან შინისკენ მიგყვება ბინდი,
სარს შეუსწორებ მორღვეულ ღობეს
და ვაშლის ხეებს გახედავ რიდით.

??????