კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

შაირ-სიტყვანი 

1.
გამომივლია ცხოვრება
ისე, ვით ველი დიღმისა,
გამომყოლია ვალები
უქმად ნაფლანგი სიყმისა.
ტალღებზე ატივტივებულს
არ-რა მცოდნია სიღრმისა,
რა გაიგება გამოღმა
ამ წუთისოფლის მიღმისა!
2.
სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა,
ვისთვის კი – ნათლის სვეტია,
ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს,
ზოგისთვის – ცოტაც მეტია.
ჩემი ნატანჯი ტანიდან
სული ვერ ამოეტია,
ამ ტიალ წუთისოფელში
თურმე სიკვდილიც ბედია.
3.
ანასებური
ცაზე პატარა ვარსკვლავი
სულ ციმციმებს და ციმციმებს,
ალბათ არც დარდი აწუხებს,
არც საკუთარი სიმძიმე,
ცალკე გაკიდეგანებულს
არ აკრთობს სიცხე-სიცივე.
– რა აციმციმებს ნეტავი?
– რა ვი, უნდა და ციმციმებს.
4.
გოგოვ, ვისი ხარ ეგეთი?
ან ვინა გყავდა ნათლია?
მაგ სატანფეხო მასალას
რომელ ალვის ხეს ათლიან?
ეგ შენი თითო წამწამი,
მე მგონი თითო ადლია.
ბებერს რო მესურვილები,
ცოდვა კი არა, მადლია!
5.
ხევსურულივით
ერთ ქალა დამისწორფერდა
ძუძუკოკობი, ბატარა,
ხან სამოთხეში მაფრინა,
ხან ჯოჯოხეთში მატარა,
მაუნდა – ბალღად მაქცივა,
მაუნდა – დევ-გმირს მადარა,
ერთ ყლუპად დამაცლევინა
მთელი სიცოცხლის მათარა.
თუ მკითხავთ: რაად გინდაო?
მე გიპასუხებთ: რად არა?!

??????