წერეთელი ნუგზარ
გაზიარება

პოეტებზე ფიქრებიდან 

პაოლო იშვილის,
ტიციან ტაბიძის ხსოვნას
გული სულ მწყდება, რომ არ გიცნობდით,
თქვენთან ერთხელაც ვერ ვიქეიფე,
ავჭალაში კი მწვადი იწვოდა
და ქარი შლიდა ღრუბლის შლეიფებს.
დუქნის წინ მდუღარ არყის ქვაბიდან
მოწანწკარებდა ცხელი არაყი,
ყვითელი ფერის ღრუბლის ქაფიდან
ცას ედებოდა მთვარის ვარაყი.
გამთენიისკენ ტყვიაც წიოდა,
ღამე სიკვდილით იყო საშიში
და ტანში ღვარად შემოდიოდა
ჭაჭის არაყი, როგორც ჰაშიში.
გამოსავალი არსად არ არი –
გარდა ცივ მტკვარში თავის დახრჩობის,
სიკვდილს თესავდა ღამის ტრამალი
და ცივი ქარი სროლას ახშობდა.
ღამეს უბეში ქვები უწყვია,
დარდი მოგგვარათ ძაღლმა მყეფარმა,
ჩოფურაშვილის დუქანს ჭუჭყიანს
სახავთ დროებით თავშესაფარად.
სხვა რამ სადგომი ყველგან მოშლილა,
არავის ძალუძს სიტყვის შეწევნა,
სიკვდილ-სიცოცხლის ისეთ ომში ხართ,
საცაა ტყვია წამოგეწევათ.
ყველგან ლანდივით დაგდევთ ლავრენტი,
ბევრი გამოდგა სულით გამცემი,
ქვეყნის სიყვარულს რახან ავლენდით,
აღარ გინდოდათ ცქერა დაცემის.
თქვენ კი გიმუხთლეს, თქვენ კი გაგწირეს,
სიკვდილის მბრუნავ ბორბალს მიბმული,
წაიღეთ ჩემი გულის ნაწილიც
და ვერასოდეს ვერ დამიბრუნეთ.
თქვენ ახლაც ჩემი მოვალენი ხართ
იმ სიყვარულით დაუვიწყარით,
სულის სიმები კვლავაც შეირხა
დარდით ვერაფრით აურაცხავით.
გული ტკივილით ძველით კვნესოდა,
კუთხე ტიროდა ბებერ ავჭალის
დანისპირივით მკერდში გესობათ
განაწამები ქრისტეს სამსჭვალი.
ჩოფურაშვილის გაქრა დუქანი
და ამნაირი გვარიც აღარ ჩანს,
გაქრება ღამე მთვარით მსუქანით
და სხვაც გაქრება თუ რამ გადარჩა.
დარჩებათ მხოლოდ სიტყვა ქართველებს,
თუკი ისიც არ გადაივიწყეს,
და დარჩენილსაც როცა გვართმევენ,
თქვენი სახელით ლაპარაკს ვიწყებ.
ცას შერჩენილი ცრემლი ჩამოდის
საუკუნოვან წვიმის წვეთებად,
ისევ წამლეკა ამ საღამოთი
მამულიშვილთა სულისკვეთებამ.

??????