ხაიაური ალაზა
გაზიარება

შინმოუსვლელო ბიჭებო 

ეს მერამდენედ... ჩახჩახა
მზით გაიპენტნენ ტყემლები,
თქვენ კი არა და არ ჩანხართ
მოყმენი პირტიტველები...
შინმოუსვლელო ბიჭებო,
სისხლი დაგიშრათ მჩქეფარე,
დაუმტკავლელი ბეჭებით
მამულს რომ გადაეფარეთ...
რომ მტერი წამოგვედავა –
კერას უმალვე მოსცილდით,
კოცნიდით ცოლ-შვილს, დედ-მამას,
ნააკვნარ მიწას კოცნიდით.
`კაი ყმა ომში მოკვდება” –
სულს ამ საკმეველს უკმევდით,
აღიმართენით სალ კლდედა –
ჯაგარმოუსვლელ გულ-მკერდით.
სუნთქვის ქარიშხლით დაშალეთ
შავი ღრუბლების ტივები,
დარჩით სიცოცხლედამშრალნი –
სატრფოთა დაუტირები...
მკლავები ომში ნაქნევი
მიწას მწედ გადაერია,
და ყვავილები მაგ თქვენი
დაღვრილი სისხლის ფერია...
დაღუპულთ (ღონემიხდილნი)
ვიცით ამაოდ ელიან,
ნეტავ მას, ვისაც სიკვდილით
სხვისთვის გზა გაუკვლევია!
არ გყავდათ ფიცრის გამთლელი,
არც ჯვარ-წარწერა გებადათ,
თუმცა ჩაგიქრათ ნათელი
აენთეთ ვარსკვლავებადა!
ხომ მოგიშუშათ იარა
მიწამ, ნატყვიარ-ნახმლევი?
ხომ არა გაგიგიათ რა
სად ამოსულნი სად ხმებით...
ქართული გაზაფხულები
ხომ გიჭიკჭიკესთ მერცხლებმა?
ხომ გათბობთ – გულზე ულევი
ყვავილის ანაკვერცხლება?..
თქვენს სადიდებლად აზავთდა
ხალხის გული და გენია,
ეს მთები თქვენ რომ დაგზარდათ
კვლავ არწივთ ასაფრენია!
უცხო მიწაში ძილ-წოლა
მწარეც არის და მოთმენაც,
ფესვებით რაც შეიწოვა
ხე იმას გაიფოთლება.
ღრუბლებს მისდიეთ ხმალდახმალ –
ცა არ გვქცეოდა წყვდიადად,
გწამდეთ, თქვენ გტირით ხანდახან
თუ თვალი მოუწყლიანდა...
ეს ლექსიც ამ ცის ცრემლია
თქვენ რომ მზის ნათელს გაფენდათ,
მარადისობა გქცევიათ
მებუკე-მედაფდაფედა!

??????