ჩერქეზიშვილი ნიკა
გაზიარება

დღენაკლულთა 

ფანჯრები დაგმანეთ, 
კარები აჭედეთ - შიგნიდან, 
მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით, 
როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა 
მაშინ... 
და 
შინ თუ შემოგეჭრნენ - 
ჩაბარდით. 
ასეა - 
რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა, 
სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს -
სუყველას, 
უკლებლივ, 
ურყევ გარანტიას იძლევა - 
ათიდან ათია შანსი იმისა, 
რომ გადარჩეს -
ყველა, 
ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ. 
(ჰაერი, ჰა-ე-რი) 
ვაგრძელებ - 
ვინც ამოიქოლავს 
თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე, 
ცხვარივით, 
მორჩილად, 
თან - იყო, 
თან - არა იყო რა, 
დამთავრდა, 
გვეყოფა, 
ვიკმაროთ, 
მოვეშვათ -
გულგრილად
ყურებას 
დამფრთხალი ჩიტების, 
მოკლული ბავშვების... 
დაიწყოს, 
ოღონდაც, 
ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ, 
დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები, 
გავშრებით,
რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება, 
რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი, 
რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები, 
რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი, 
ვიქნებით პირველი... 
და მერე - 
მესამე, 
მეხუთე, 
მეშვიდე - 
ცამდეა სავალი, 
დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი, 
მკვდრებს თუ დაგვინახავთ, 
ცოცხლები, 
იქნება, 
შეშინდეთ, 
უყურეთ ჩვენს ცხედრებს, 
მიწაზე გულაღმა დაფენილს, 
რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები, 
რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს... 
იქნება, 
შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ, 
მობრუნდეთ, 
გამოგვყვეთ 
შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს - 
თაობას, 
რომელიც ვერ მოკლეს, 
ვერაფრით დამალეს, 
ვერაფრით ჩაახშეს, 
ვერ მოსპეს, 
ვერ გამოუთხარეს 
ძირი და ვყვირივართ,
ვცოცხლობთ, 
ვწერთ, 
და მალე, 
და მალე.........

სხვა თუ არაფერი, 
ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.

??????