წიკლაური ხვთისო
გაზიარება

ჩემი წარსული 

თავისი ვალი მთხოვა მდინარემ,
გზები ძახილით დამატყდნენ თავზე,
ზღვებმა მაისის დღე,
მოცინარი,
წამართვეს ლურჯი ჩიტებით სავსე.
მსხვერპლს მოითხოვდა ფიქრიც,
დამღლელი,
ლამაზ ცაზე და ლამაზ ნისლებზე...
და აისები,
როგორც ნაღმები,
სკდებოდნენ მთებში და მაფხიზლებდნენ.
დრომ არ გაუშვა ხელუხლებელი
ბავშვობა –
თეთრი მთების ზღაპარი,
დრო თავზე გვადგა ყოვლისმხედველი
და ვერაფერი გამოვაპარეთ.
ფერით და სუნით, დამათრობელი,
ბევრი ნაყოფი ჩაბარდა მიწას...
წარსული ასე მახსოვს, რომელიც
მდინარედ,
გზად და ფიქრებად იქცა.

??????