ჯაფარიძე თემურ
გაზიარება

*** "საქართველოზე ნურაფერს მეტყვი" 

საქართველოზე ნურაფერს მეტყვი,
მამძიმებს მეტად მისი ტანჯვები,
თუმცა კი მიყვარს და უფრო მეტიც,
მაგრამ ეს გრძნობა არის დამსჯელი.
ნურაფერს მეტყვი საქართველოზე,
ნურაფერს მეტყვი, მე იგი მტანჯავს.
ნეტა ქართულ სულს არ დაველოცე
მსოფლიო ხედვის მიღმა რომ დარჩა.
მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ წავშლი,
სადღაცა არის მარადისობაც.
მარადისობის რომელ რთულ აზრში
მართლდება, ნეტა, ქართული ყოფა.
რითი მართლდება ამდენი ტანჯვა,
ჭარბ ტკივილისგან გამარტივება.
სულის გაყიდვა, ერთგულთა დასჯა,
მალული გლოვა და ატირება.
და ბედნიერი მსოფლიოს გვერდით
არარაობად მიჩნევა თავის.
რითი მართლდება, რომელი ხვედრით
დაკარგულობის ეს განცდა შავი.
მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ წავშლი,
სადღაცა არის მარადისობაც.
მარადისობის რომელ რთულ აზრში
მართლდება ნეტა ქართული ყოფა.

??????