გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

ათი ექსკლიუზივი

არა თვითმკვლელობას!

გამოსვლა ოცი...
ფიქრები  ათში...
მცნება - ათი

და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა...

ჯარში არ უმსახურია. იმალებოდა. დეზერტირი იყო. ახლა კაცია, მხოლოდ ერთი  განსხვავებით: მას თან იარაღი აქვს. უვლის და დაატარებს ყველგან. კოლტი - „Colt Paterson“ 1836 წლის. კალიბრი 0,36 დიუმი (9 მმ). მსოფლიოში პირველი პისტოლეტი, რომელსაც ჰქონდა დამცველი, რუსეთში უსახსოვრეს მის წინაპრებს. ხელსახოცსაც დაატარებდა. უვლიდა შვილივით. რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მამის გარეშე აღზრდილს და დაუოჯახებელ  ჭაბუკს, სხვა, მეტი არაფერი დარჩენოდა მოსავლელი. მეგობრებიც, ჯანმრთელები და თვალებანთებულები თან დაჰყვებოდნენ ყველგან. ეშინოდათ? - ალბათ?! მაგრამ რისი? აუცილებლად გავიგებთ. განვაგრძოთ მისი გაცნობა.
დაიბადა საქართველოში. აბა მეტი სად? - გაგეცინათ არა? შესაძლებელია! - თავად ამბობდა: - სხვებთან ერთად დავიბადე საქართველოშიო, მაგრამ მე მათ ვაჯობე, ჩემზე ადრე ჩემს სახლში კოლტი უყვარდათ! ეს მხოლოდ ქართველს შეუძლიაო. ერთმა მეგობარმა კითხვა დაუსვა: - ღმერთი? ღმერთი არ უყვარდათ? - რაზეც პასუხად შემდეგი წინადადებები მოისმინა: - უყვარდათ ალბათ, შეიძლება არც... რა ვიცი მე?! კომუნისტები იყვნენ ჩემები, მათი წინაპრებით კი არც დავინტერესებულვარ. ვიცი, რომ ქართველი იყო. მათ აშკარად ეყვარებოდათ. ეგ შუა თაობა მიშლის ნერვებს და ამიტომ მათი პატივისცემით „გამსჭვალული“ დავატარებ კოლტს. - შენცა ხარ რაა... - შეაგება ზერელედ წარმოთქმული ფრაზები მეგობარს მეგობარმა. დედა დილით დაბრუნდა სამსახურიდან. გაჭირვებული… წელზე ფეხები შემოუწყვია, ხელებს კი ცომში აფლობდა, რათა შვილისთვის სწავლის საფასური გადაეხადა. ეზრდებოდა დედას ბიჭი და თან კოლტს ყოველდღე აპრიალებდა. ბზინავდა მოკლედ... თურმე დედაც უვლიდა მას. თექვსმეტი წლის ასაკში აჩვენა შვილს ის.
- დედა რა მაგარია?
- ჰო შვილო, ანტიკვარია.
- ტყვიები აქვს? - აქ დაიბნა მშობელი. ბოლოს: მაინც მიაგნებსო.
- კი აქვს. მხოლოდ ათი ცალი. - ტყვიებიც ისე ბზინავდა, როგორც თავად კოლტი.


***

„არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“
რჯლ.5:7

ის უყვართ და პატივსაც სცემენ, უყვართ ქეიფი და დროსტარება მასთან. ძალიან თბილია და ერთგული.
სათევზაოდ წავიდნენ ბიჭები. სანოვაგეც თან წაიყოლეს. ხილიც არ აკლდათ მათ კალათს. გზად მიირთმევდნენ და ღლაბუცობნენ. სიცილ-კისკისი... უდარდელია ახალგზრდობა, მაგრამ დასამახსოვრებელი.
ტკბილი და მწარე...
თბილია და ცივიც.
სევდაა და სიხარულიც.
ფიქრია და უვიცობაც.
მდინარეში ყველამ ანკესები ჩაჰკიდეს. - კარგია სტუმრად სუფელში. - აღნიშნა მასთან სტუმრად მყოფმა ერთ-ერთმა მეგობარმა.
-    აბა ბიჭო! მაგარია ჩემი...
-    დედას ვფიცავარ,ვ ერ ვიტან თევზაობას თქვენი ხათრით წამოვედი. ბუნებაში გასვლა მირჩვენია.
-    აბა ახლა სად ხარ შე... - ისევ ატყდა სიცილი.
-    წყნარად რაა, თქვე... დაფრთხა თევზები.
-    ღადავი სჯობს თევზაობას. აი შენ ჩემი ანკესი და მიხედე. მე, აი იქ, მთაზე ავალ.
-    არ ჩამოვარდე. დასრიალდები. მარტო ვერ გაგიშვებ. დაიცადე და ერთად ავიდეთ. შესთავაზა სოფლისა და კოლტის მეპატრონემ.
-    კარგი რა.. ვინ ჰგონივარ? ალპინისტის შვილი მაინც არ ვიყო.
-    ეგ მყინვარწვერი არ არის შე ჩემა...
-    შენ დაგილაშქრავს ეს მთა?
-    აბა რა! მე ხომ აქ გავიზარდე.
-    ძროხა მოგიწველია?
-    ეეე... ახლა ატრაკებ და ნუ მეკაიფები ხო?! - ვერ შეიკავა სიცილი!
-    ქალის გირჩევნია თუ ძროხისა ჯიგარ?
-    რა თქმა უნდა ქალისა.
-    მერე აქ სოფლეში გყავთ ქალები?
-    ქალები შენ რად გინდა ბიჭო? გოგოს დასჯერდი. სხვისას ნუ ნატრობ. - ვეღარ ჩერდებიან. კისრის ვენები დაებერათ სიცილისაგან.
-    ე... ბიჭო, მოედო, დაგაჩე დროზე!
ხუთ კილომდე დაიჭირეს. ხის შამფურზე ააცვეს და შეწვეს. საგზლად წამოღებული წითელი ღვინოც ხარბად შესვეს. ახალგაზრდებში, აბა რა გამოლევს სადღგრძელოებს...
-    წამო, რა ავიდეთ მაღლა?
-    წავიდეთ. თქვენ წამოხვალთ?
-    ჩვენც წამოვალთ. აბა აქ რას ველოდოთ? რა ვაკეთოთ?
-    მშვენიერია!
მსვლელობაში დაიქნცნენ ახალგაზრდები. ერთი ფრთა მთის შუაგულში დარჩა. „კოლტმა“ და კიდევ სამმა გზა განაგრძეს. დალაშქრეს სიმაღლე. ავიდნენ დათქმულ ადგილზე. გადმოჰხედეს ციდან დაბლობს...  ხეობაში გაჭვირვალე მოძრავ ძაფს ერთმანეთზე მიუკერებია მთათა კიდეები.
გზაში მსვლელობისას, მეგობარმა შენიშნა მეგობრის იარაღი. არაფერი უთქვამს.
დაისვენეს.
ვერ მოითმინა და უთხრა:
-    შეგიძლია მანახო ეგ იარაღი?
-    იარაღი გაქვს?
-    ჰო აქვს. მეც შევნიშნე.
-    რა იარაღია?
-    კოლტია.
-    ვაჰ ჩემი საიდან კოლტი ძმაო? ეგ სიძველე საიდან აღმოჩნდა შენთან?
-    არ ვიცი. ჩემი წინაპრების დანატოვარი განძია.
-    აქ რისთვის წამოიღე?
-    ჯერ არ ვიცი.
-    რად გინდა?
-    არ ვიცი-მეთქი!
-    გინდა მე გავისვრი? ტყვია არის შიგნით?
-    ტყვია არ ექნება შე... ვერ იშოვი ტყვიას.
-    კი მაქვს.
-    მართლა?
-    ჰო, ოღონდ ერთი.
-    ერთი რატომ ძმა?
-    სულ ათი ცალი მაქვს. ნახე და დააკვირდი რა... ხო მაგარია?
-    აუ, მაგარია ძაან. ვისვრი მე, კარგი?
-    არა. ეგ ჩემთვისაა!
-    ვერ გავიგე?!
-    დამიბრუნე და მიხვდები.
დაუბრუნა მეგობარმა ტყვია. მოათავსა ის ბარაბანში „კოლტმა“.
წამები...
მხოლოდ ათი...
დატრიალდა ბარაბანი. ისმის ხმაური ბედის.
თბილი საფეთქელი.
ცივი ლულა.
მხოლოდ სასხლეტის ხმა...
არ გავარდა.
მე არ მყავს სხვა ღმერთი შენს გარდა უფალო! - წარმოსთქვა შიშნარევი ხმით, მაგრამ მშვიდი სახით. ანფასით მეობრებისკენ მაყურებელმა.
პირველი გამოცდა.
ათში ერთი გასროლა.
***
„არ კააკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ხაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.“
ლევ.26:1 რჯლ 5:8 ფსალმ 96:7

გავრცელდა საქციელი ხალხთა მეხსიერებაში.
ქალაქში ამაყად დადიოდა. მეგობრებში და არა მარტო მეგობრებში. მათი წყალობით მას ყველა იცნობდა. მეტსახელი - აბა რა მოფიქრება ამას სჭირდებოდა? - კოლტას ეძახდნენ. რიდით განიმსჭვალენ. მასთან დაახლოებას ცდილობდნენ. ვაჟკაცს შიში დაუძლევია, მას არაფრის ეშინია. - სიკვდილთან მთაზე მარტო დარჩაო. - გაიძახოდნენ სტუდენტები. ფარული ვნებები მოეძლათ გოგონებს. დღე სუსტი ფერებით იმოსებოდა. დღეში დადიოდა ადამიანი, რომელსაც  ძლიერ ფერებში ხატავდნენ. მისი ანფას-პროფილი ფოტოობიექტივების ტყვედ იქცა. ეძებდნენ ყველგან და დასდევდნენ უკან. მისი გულის გაცრეცილი კედლები შეილესა. მან სიკვდილს თვალები არ დაუხუჭა! უყვარდათ ჯექსონი და კოლტა.
კერპი გახდა!
მისი კერპი კი უსულო საგანი იყო - კოლტი წინაპრების. რომელსაც თან დაატარებდა ყველგან. განივად იწვა საწოლზე. არაფრს ფიქრობდა. ერთ ხვდებოდა: - ისევ ათი ცალი მუჭში. დაყარა ლოგინზე და უცქერს ნაქირავებ ბინაში წარსულიდან დივიდენდის ანგარშზე გადმოსულ სალდოს.
ნაშთი გარდამავალი სიცოცხლეში.
უფალი მთაში დაბარში...
ცდა თუ ფიზიკის კანონები?!
შეჯიბრება - მოპაექრე მხარეები: სიცოცხლე და სიკვდილი.
წამოდგა.
დატრიალდა ბარაბანი. ისმის ხმაური ბედის.
თბილი საფეთქელი.
ცივი ლულა.
მხოლოდ სასხლეტის ხმა...
არ გავარდა.
კოლტი ბალიშ ქვეშ ამოიდო და გაწონასწორებული მიეცა ძილს.

***
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სალი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
ლევ.19:20 რჯლ5:11 მათ.5:33

 მოგონებები აწუხებს გმირს. ინეტულობა სტანჯავს. გიჟდებიან თაობები. მას ეფიქრება, თან  ეღიმება. ბაკუნობს გული ნაბიჯების ხმაზე. გვერდზე მისი
-    იცი რას მივხვდი? - თან ხელებს საშველად უხმობს ემოციებისთვის. უნდა რომ გამოხატოს ისინი.
-    რას?
-    მე ჯანმრთელი ვარ!
-    ეგ რა მისახვედრი იყო ძამი? ღმერთმა კარგად გამყოფოს!
-    არა ეგ არა. სული მაქვს ჯანმრთელი.
-    შეიძლება?! რადგან შენ ფიქრობ...
-    არა ღმერთი ფიქრობს ჩემზე.
-    მხოლოდ შენზე? ჩემზე არა?! - მიმიკებს იჭერდა მეგობარი მეგობრის სახეზე
-    არა ეგოისტი არ ვარ. შეიძლება და ან ძმაც მყავდეს.
-    ეგ საიდან მოიტანე?
-    მამაჩემს რა, კუდში დავდევდი თუ იცი? - თვალებ დაგაჩული სახით წარსდგა კოლტის მეგობარი მის წინაშე, წარმოთქმული წინადადების შემდეგ.
-    მერე? ეძებ მათ?
-    შენ გაგიჟდი? ეგ მაკლია... მეკაიფები არა?
-    არა, ეგოისტობაზე გიჭერ. ტყუილი მითხარი ორი წამის წინ არ ვარ ეგოისტიო.
-    მაშინ გაგიმეორებ: არ ვარ ეგოისტი. ვაკონკრეტებ: მარტო ჩემი თავი არ მიყვარს, ღმერთიც მიყვარს. ე.ი რა გამოდის? ეგოისტი ვარ?
-    ძლიერი არგუმენტია, სულელური, რომ არ იყოს.
-    ღმერთი ყველას უყვარს.
-    რატომ ყველას. შენც უკიდურესობაში იჩეხები?
-    პირიქით მინდა შენ ამოგიყვანო.
-    ნუ ეცდები. იცი შენ, მე ყოველთვის თან მაქვს ჩემი კოლტი.
-    ერთხელ იქნება გაისვრის.
-    არ გაისვრის. ღმერთს ვუყვარვარ!
ისევ სიჩუმეა შენობებს შორის. ტოტებჩამოყრილი ტირიფები ბუნების ძალის დახმარებით უხვეტავენ გრძელ თვლუწვდენელ გზებს.
-    ვცადოთ? გამომართვი კოლტი. - გაუწოდა მეგობარს სიცივე...
-    გაგიჟდი? სულ მთლად...
-    აიღე და დაატრიალე ბარაბანი. - ბრძანებით კილოში წარმოთქმულმა ფრაზებმა, აიძულა მეგობარი დაეკმაყოფილებინა ის შინაარსი რაც გათვალა მეგობარმა. გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა.
ხელთ ეპყრა მეცხრამეტე საუკუნის ჯალათი  მეგობრის. ტკბებოდა მისი ყურებით. აათამაშა და შემდეგ აკოცა.
-    მოასწრებ მასთან თამაშს. დროზე დამიმიზნე.
ახლოს მივიდა მეგობართან და უკვე შემართული კოლტის ლულას შუბლი მიაბჯინა. გაიყინა მეგობრის სისხლი მეგობრის ძარღვებში... ერთურთს უცქერდნენ თვალებში. გაგრძელდა სიჩუმის წუთები... ირგვლივ არავინ არის. მხოლოდ ორი ერთმანეთის პირისპირ მდგომი მეგობარი იბრძვის.
თბილი შუბლი.
ცივი ლულა.
თბილი საფეთქელი
კოლტმა დაიღრიალა...
მის ფეხრთ მეგობარი გაიშოლტა.
კოლტი ტირიფთან ახლოს მეგობართან ერთად დაეცა.
ცივი მზერა მეგობრის სხეულზე.
ფართოდ გახელილი ჯერ კიდევ თბილი თვალები. ის დაიხარა. თითებით თვალები დაუხუჭა. კიდევ ერთხელ გაასეირნა მეგობრის სხეულზე ცივი თვალები და უთხრა: - ეს მე ვარ მეგობარო და ის ახლა მხოლოდ ჩემია!
იარაღი ყოველთვის ცივია!

***
დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი.
გამ.31:13.რჯლ5:12.ეზეკ.20:12.მათ.12::2.

შაბათ დღეს დაიჭირეს. მძიმე თვე იყო გამომძიებლებისთვის და შაბათი სიხარულის. კოლტისთვის მეტად რთული. შაბათ დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ესტუმრა. დედამ უქირავა. სახლი გაუყიდია სოფელში.
-    გამარჯობა!
-    გაგიმარჯოს. ვინ იქნებით, პროკურორი?
-    დედაშენის თხოვნით ვარ აქ.
-    დედა სად არის?
-    აქ არის ქალაქში. შენს ნაქირავებ ბინაში.
-    თქვენ ადამიანების გესმით?
-    ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობ გავუგო, იგივეს ახლა შენთან ვაპირებ.
-    ჯერ არ დაგიწყიათ.
-    მაშინ დავიწყოთ! სად იყავით?
-    ტირიფებთან...
-    კონკრერტულად.
-    კონკრეტულად ცის ქვეშ, ტირიფებთან ახლოს. თან ნიავი უბერავდა ჩემთან ერთად.
-    იარაღი სად არის?
-    რომელი იარაღი?
-    რომლითაც გასროლა მოხდა.
-    დღეს რატომ მუშაობთ?
-    ვერ გავიგე?
-    დღეს ხომ შაბათია.
-    კითხვაზე მიპასუხე!
-    რომელზე? ჯერ არ დაგისვამთ.
-    მაშინ ასე ვიტყვი: სად არის იარაღი, რომლითაც მოკალი მეგობარი?
-    ეგ უკვე კითხვაა.
-    კითხვა ის იყო. შენ ეს კითხვა აირჩიე.
-    მე არა, უფალმა მთხოვა: - დღეს უქმეაო და იქნებ კითხვებს არ უპასუხოო.
-    იქნებ უფალს უთხრა, რომ შენი ბედი წყდება.
-    იცის და იცინის.
-    რატომ? დაგცინის?
-    აბა, როგორ გეკადრებათ? ჩემი მეგობრის საქციელზე იცინის. მე არაფერ შუაში ვარ.
-    მასზე რატომ იცინის?
-    სისულელე გააკეთაო და სუსტი აღმოჩნდა მისი სულიო.
-    იქნებ აბრალებ მას და ის უფროა გმირი ვიდრე შენ?
-    ეგ არ უთქვამს. ჩვენ უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ.
-    სად?
-    ჩემთან აქ საკანში.
-    იქნებ საკუთარ თავს ესაუბრებოდი?
-    არ არის გამორიცხული, მაგრამ მე ხომ მისი სიყვარული მამხნევებდა.
-    რაში დაგეხმარა?
-    ყველაფერში. გზა თავისუფალია და ჩემია.
-    რომელი გზა?
-    რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ისევ მე მელის.
-    იქნებ არც დამთვრდეს?!
-    დამთავრდება აუცილებლად.
-    როდის?
-    პლიუს-მინუს რამოდენიმე წელში.
-    მოკლედ ფსიქოლოგად არ გამოგადგები. შესაბამისად მინდა მივიღო პასუხი კითხვაზე: იარაღი სად არის?
-    არ ვიცი. ის უიარაღოდ იყო.
-    როგორ თუ უიარაღოდ?!
-    სანამ მე მივცემდი.
-    იარაღი შენ მიეცი?
-    დიახ.
-    რატომ?
-    აინტერესებდა, ჩემი წინაპრების დანატოვარი.
-    რა იარაღი იყო?
-    კოლტი ათას რვაას ოცდათევსმეტი წლის გამოშვება, ცხრა მილიმეტრიანი.
-    მერე რა მოხდა?
-    მოსაფსამად წავედი. მხოლოდ ხმა გავიგე.
-    მერე?
-    მერე რა?! დავბრუნდი და მკვდარი დამხვდა.
-    იარაღი სად წაიღე?
-    იარაღი არ დამხვდა. იქ ვერ ვიპოვე.
-    როგორ თუ ვერ იპოვე?
-    როგორ და ჩვეულებრივად. არ დამხვდა.
-    სად წავიდა?
-    არაფერი ვიცი...
-    გასაგებია. ორ დღეში გადაგიყვანებენ ციხეში. წინასწარ ორთვიან პატიმრობას შეგიფარდებენ. ამ პერიოდში თუ მოვახერხებთ იქნებ დაგიხსნა.
-    მადლობელი დაგრჩებით.
-    ხო… ბოლო კითხვა:  შენ მოკალი?
-    არა. მე არ მომიკლავს. მან თავი მოიკლა. იქნებ ჩემი კოლტი მონახოთ და დამიბრუნოთ? დედას ეწყინება.
-    ჰმ?!...
დასუსტდა დღეები და დროც გახანგრძლივდა. უხდებოდა შემოდგომას დღის ხანმოკლეობა. ყვითელ ფერს უჩივის ის და სახსრების ტკივილს, რაც ქარით იყო გამოწვეული.
ორ ადამიანს ციოდა საკანში. მას და კაცის მკვლელს.
ციხეში მეშვიდე დღეს დაისვენა მან.
გისოსებს უფრთხის და ემალება. არ იხედაბა სარკმლიდან. დამხობილა „კოიკაზე“. ასე ეძახდნენ ციხეში საგანს რომელზეც ისვენებდნენ.


***
პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
რჯლ5:16.მათ15:4.მარკ7:10.ეფეს6:2-3.

გაყიდა ყველაფერი და ქალაქს გამოემგზავრა, როდესაც შვილზე თავზარდამცემი ამბავი შეიტყო. დასახლდა ნაქირავებში, რომელიც შვილს ეკუთვნოდა. ფული მისცა გამომძიებლს, ცოტა შემოინახა - ქირისთვის და საყოფაცხოვრებო აუცილებლობისთვის. ინანა ის დღე, როდესაც შვილს იარაღი აჩვენა. აბა როგორ იფიქრებდა, რომ მას მოჰპარავდა და ქალაქში წამოიღბდა? - ფიქრობდა, ნანომდა, სწუხდა და ოხრავდა.
შვილი იწვა საკანში. არ ელოდა დედას, არც ვინმე სხვას. ფიქრისთვის და სასაუბროდ საკმარისი დრო გამონახა.
-    „ეძიებდე და ჰპოვებდეო“, ხომ გაგიგია ძმაოჯან?
-    რის თქმას აპირებ „მალაკასოს“?
-    იმისას, რომ მალე დედაშენი მოგინახულებს, გუშინ მესიზმრა, დროა უკვეოოო!
-    ეეე. შენ რამე არ შეგეშალოს ბიჭო?
-    არ ძმაოჯან. უბრალოდ შენც ნორმალურად მიპასუხე. არ დაიღალე უკვე? მერამდენე დღეა „მედერსკები“ გითხარი: ხო გაგია-თქო და შენც მიპასუხე რა: - კი-თქო. მეც გავაგრშელებ. იქნებ რა მაქვს სათქმელი?
-    ჰოდა, მოკეტე და თქვი!
-    თუ მოვკეტე როგორღა ვთქვა?
-     ჭრელად. მიყვარს „ფერებში მცურავები“
-    ეგ სად ამოიკითხე? იცნობ ეგეთს?
-    კი, „იტოგში“ აფრენს რა...
-    მართლა?
-    ჰო რა გაგიკვირდა?
-    არაფერი. არ მითხრა თავი მოიკლაო.
-    არა. არ მოუკლავს. მე მოვკალი.
-    ღადაობ?!
-    არა.. მაგის გამო ვზივარ აქ.
-    პირველი იყო?
-    არა მესამე. შენი?
-    არცერთი. მე მკვლელი არ ვარ. ჩემმა გმირმა თავი მოიკლა.
-    როგორ თუ მოიკლა?
-    ჩვეულებრივად. ბახ და მოკვდა კაცი.
-    სად?
-    წიწვებში. მაპატიე ტირიფებში.
-    მე შენ გეტყვი რამეს ნიშნავს ეგ ჩემთვის. ხე ხეა. ორივე გამოდგება კობოსთვის.
-    ისე მართალი ხარ! მაგრამ იქნებ ჩვენზე არჩევანი და სიცოცხლეშივე ვიფიქროთ სიკვდილზე?
-    კარგი რა... ნუ დამგრუზავ. სიკვდილის ერთი... დედა მენარება.
-    მეც ამის თქმას ვაპირებდი. არ დამაცადე: დრო ვიპოვე დედაზე, რომ მეფიქრა-თქო!
-    მერე... იფიქრე?
-    რისთვის?
-    შენ, ბიჭო, ცოტა, იცი დაემსგავსე იმ შეზოფენიკს მე რომ მოვკალი?! მეტს კი არაფერს აკეთებდა ის საწყალი. იქნებ ნერვებზე თამაშს თავი დაანებო და შესაბამისად მეოთხე „ტრუპსაც“ არ ამკიდებ. გეხვეწები კარგი?
-    ჰო გასაგებია! მოკლედ ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ მასთან დავაშავე.
-    ჰოო?
-    ჰო, დარწმუნებული ვარ დავაშავე, მაგრამ არ მახსოვს რა... ასი პროცენტით დავაშავე.
-    ეგრე იცის წარსულმა დავიწყება. რამდენი რამ დამიშავებია, განა ყველა ყაჩაღობა და ქურდობა მახსოვს, მაგრამ, ფაქტია მკვლელობებს ვერ ვივიწყებ.
-    რატომ? ისინიც ხომ წარსუშლი მოხდა?
-    აბა, როგორ დავივიწყებ? თავს არ მანებებენ! ჩემი ღამის სტუმრები არიან. აბა დილით კი არ გამოგეცხადებიან. გავერთობი მაინც კაცი. მშვიდად ვისაუბრებ და იქნებ დალაგებული პასუხიც გავცე ყველა მათგანს. არა და არა... მხოლოდ ღამით, მეც მეშინია და რას ვეუბნები დღისით არც ეგ მახსოვ. მოკლე მათ შორის ის „მცურავი“ გადამეკიდა. წუხელიც არ მომასვენა. სულ არ რცხვენია. დედაჩემთან ერთად გამომეცხადება და უყვება ჩემზე საშინელებებს. არაკაცია იქაც.
-    იქნებ გეშლება ძმაოჯან. მე კიდევ პირიქით ვფიქრობ: ისინი შენი სულისთვის კამათობენ და ამას წყალი არ გაუვა!
-    მართლა?
-    ჰო ეგრეა.
-    დამამშვიდე ხო იცი!
-    არ არის საჭირო მადლობა.
-    არც ვაპირებ გითხრა.
-    შენი საქმეა.
-    დედშენზე რას მეტყვი?
-    ჩამოსულია და აქ არის.
-    რა რა გითხრა?
-    ის და ადვოკატი კამათობენ ჩემს ბედზე.
-    ვაა... როგორც ჩემს სულზე?
-    ჰო... თითქმის ეგრეა.
-    მერე რა გადაწყვიტეს?
-    ჯერ არაფერი. მალე სასამართლო იქნება. მე კი მას გული ვატკინე. მამას საერთოდ არ ვიცნობდი. მხოლოდ სურათებით.
-    იცი დავიღალე და ძილი მინდა. იქნებ მომეცეს საშუალება და დავიძინო.
-    დაიძინე, ძილინებისა!
-    აჰა! - გასცა პასუხი და ზურგი შეაქცია კოლტას.
დარჩა, საუბრით გაბრუებული, ისევ ფიქრებთან მარტოხელა მოხუცივით.
გასრულის ხმა არსად ისმის.
ციხე შიგნიდან იხურება!
ის ქალაქიდან მოშორობით დგას და სუფთა ჰაერია.
ქალაქში ბინძური ჰაერია!
დედა - მძულხარ!
რისთვის მშობე თუ მე სიკვდილს დავეძებ?
დედა - მიყვარხარ!
რისთვის მკლავ თუ მე სიცოცხლეს დავეძებ?


***
არა კლა.
რჯლ5:17.მათ5:21;19:18.მარკ.10:19.რომ.13;9

რა აზრი აქვს უკვე მოჰკლა. სინანულშია აზრიო!
მაშინ მოძღვარი გვჭირდება.

-    სად არის მოძღვარი?
-    აქ ვარ შვილო ჩემო!
-    იგვიანებთ მოძღვარო!
-    ფეხით გეახელით.
-    თქვენი ვირი სად არის?
-    ბალახობს, შვიო ჩებო კარებთან.
-    იუმორის გრძნობა ჰქონიათ მოძღვარო.
-    არც თქვენ ხართ ჯოჯოხეთის კარიბჭისაგან შორს.
ბნელ დერეფანში მიიკვლევდა გზას მამაო. მიაცილებდნენ საკნებთან ატუზული „მიცვალებულთა“ თვალები.
-    გიხდებათ მამაო კაბა, თვით სრულყოფილება ხართ!
-    უფალმა გისმინოს შვილო. ამინ!
-    ჩემი არ ესმის მამაო. - ჰყვირის მომდევნო მორბენალი და დაოფლილი ენა!
-    კარგად არ ლოცულობ შვილო ჩემო!
-    ფული მჭირდება „შვილო ჩემო“ - მოიპარა უფლის სიტყვები ბარაბამ.
-    მამა, ჩვენი შენს გვერდითაა. მას მიმართე თხოვნით, გიხსნას წამებისაგან.
-    მე ჯვარზე არ გავუკრივართ, მამაო.
-    რათ გინდა შვილო ჩემო, ისედაც ხელ-ფეხ შებოჭილი ხარ!
-    თქვენსას მიმიღებთ მამაო? - სინანულის სიტყვებთან შეჩერდა მოძღვარი და მისმინა თხოვნა.
-    შენთვის კარი ღიაა შვილო ჩემო. უფლის სახლის კარი შიგნიდან არ იკეტება! - გრძელდება მოგზაურობა უფლის სიტყვისა!

***
არ იმრუშო
რჯლ.5:18.მათ5:27.

სწავლა ჩვეულ რიტმს არ ჩამოერჩენილა. სრული დატვირთვით პოლიტიზირდებიან ან აპოლიტიზირდებიან. საწყლები ისინი ვინც არავის წარმოადგენენ. უვიცებს ამსგავსებენ და არც კი ჰკადრულობენ მათ.
 
აბა ვინ ხდება ბომონდის წევრები? - ულტრა თანამედროვე ნაციონალისტები და მემრჯვენე ცენტრისტები. ასევე მოსაფერებელი ბიჭუკები გვირაბებს-შინა შავბნელ საქმეში გართულები. ვინმართავს ჯილაგს? დამყნობილი ბაიანისტები! უცხო სიტყვათა მატარებლები, „გენიოსები“, პოლისტილოსები, გურმანები, მემარტინეები, მწრუპავები, მღუპავები, ახალგაზრდა შვიდათიანი „უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები“, ფორმიანი გონდოლები და ბოლოს ყველა ჩამშვები. - იმრუშა ჯილაგმა!
დაუსრულებელი ფიქრები და შემეცნებითი პოპულარიზაცია საკუთარი თავის ვიწრო საახლობლო წრეში, ერთი ადამიანის შემადგენლობით. მოსაწყენია და უინტერესო.
განათლების სავანეში შემოპარული ჭორ-მართალი, ელვის სისწრაფით მოედება ხოლმე ზემოთ ჩამოთვლილ პორტრეტებს. არჩევა ადვილია, მაგრამ გარჩევა თქვი შენ?! რომელია სიმართლე? დიდად არ აღელვებდა საკანში მყოფ პატიმარს, რომელიც ხვალ თუ ზეგ შესაძლებელია ისევ გარეთ აღმოჩნდეს მისი ბედსიმართლეობის წყალობით. თუ მოენატრათ უბრალოდ ხალხს? უცნაური სიმშვიდით დაატარებდა იქით-აქით დამძიმებულ, მოშიშვლებულ თავს. მას ხომ კოლტი აქვს და ის საქმეს აკეთებს. დანესტილ საკანში ჩვეული განათება განათლებაში გაცვალა და წიგნები მოითხოვა. -ჩამოვრჩი მასალასო.  - ჰკადრა ზედამხედველს.
მოგორავდა საკანთან გორგოლაჭებიანი მაგიდა და თან ასოებიც იკვეთებოდა წიგნზე, რომელიც ერთობლიობაში წიგნის სათაურს გაგაცნობდათ. რა საინტერესოა, რით დაიკმაყოფილებდა კოლტა ჟინს კითხვისას. არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის  კოდექსები მოუტანეს. - გავიგეთ, ბიჭი ფილოლოგიას ეცნობი ინსტიტუტში. შესაბამისად ერკვევი იმედია სხვადასხვა კანონებში, გადახედე. იქნებ რამე სასარგებელი მოუტანო ქვეყანასო. - ლიბერალური უნდათ გახადონ. რა თქმა უნდა წიგნებისთვის ხელი არ მოუკიდია. მიაგდო ისევე უსუსურად უნიტაზთან ახლოს, როგორც თავად მისი შემქმნელებს სცემდა პატივს. არაფერი გაეგებოდა ამ საქმის, მაგრამ წიგნებია. შეეცოდა და ისინი მის ლოგინზე დაალაგა სათითაოდ. ვერაფერი გასართობი მონახა პატიმარმა ფიქრების გარდა. დაიღალა და შესცივდა. ნერვებმა უმტყუნეს. თითქოს აქტიურია, მაგრამ მეორის უფუნქციობამ, საერთოდ შეშალა ჭკუიდან. ვერც ვერაფერს უბედავს. საკმარისად უფროსია მასზე. ელემენტარული პატივისცემის გრძნობით ეპყრობა მკვლელს. - ღამე არ მძინავსო. - ეუბნებოდა. სიმართლე კი სხვა იყო. გვერდით საკანებში მყოფ პატიმრებსაც უფრთხობდა ძილს.

ფიქრობდნენ ავტობუსებში, სკოლებში, სამსახურებში და ა.შ... საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბანკომატის აპარატებივებით არიან: შეაგდებ მასალას - ბარათს და გამოგიყოფს ენას. - წაიკითხე, ზედ აწერია! არჩევანი შენზეა. ჩამონათვალში რა  ჭორებს არ შეხვდებით.
განშორების ადგილებს ცოტა თუ სტუმრობს ვინმე. არაფერია საინტერესო. მხოლოდ ცრემლები და მოსაწყენი დაუგვირგვინებელი ისტორიებია. აქვე ერთი პატარა ხის ტოტზე აზრები თამაშობედნენ. ჩვენი კოლტია.
-    ეს ჩემი პირველი ხეა სადაც ჯერ ვილოთავე ბიჭებთან და მერე ვიმრუშე. მაგრამ მე ხომ მეუღლე არ მყავს.
ცუდი ბიჭი.
ესეც მრუშობისგან ნაშობი გზააბნეული ფიქრები!

***
არ იქურდო.
რჯლ.5:19

ქურდებთან აბა საიდან სიახლოვე? - დაიჭირეს ყველა. სტალინურ კანონებს თითქოს ბრძოლა გამოუცხადეს, მაგრამ ზოგს მაინც უხდება ყალიონი და ზოგს კიდევ ულვაში ცხვირს გვემოთ. რაშია საქმე იცით? - უკვე ცხვირჩამოშვებულებს არ უჩანთ ეგ ულვაში და თუთუნი შემოაკლდათ ხარისხიანი, ამიტომ ყალიონიც არ არის საჭირო. ისედაც ცხადია ყველაფერი... იდეების ქურდობა უყვართ, რადგან საკუთარი არაქართულია. აღიზარდა ბიჭი კოლტა თვითნება და ამაყი. ფიქრები თავისუფალი ტკივა. დაბერილ ვენებში ისმის მგზავრების ხმაური. ნაცნობმა ხმამ  გაასწრო სხვებს და პირველი მივიდა გულთან. შეჩერდა მასთან. წითელმა სითხემ სხივისფერი გულის კედლებთან დალექილი მოპარული სიყვარული წაიკრა თვალებზე და ჩუმად შეიპარა შიგნით. მას შემდეგ მოსვენება დაკარგა მოამაყე გულმა.
ვის რა მოპარა?
ან რისთვის წაართვა?
იქნებ გაამართლა?!
სასამართლოზე ვიტყვი.
ამბობს და მიდის ციხის კარებთან.
ახლობელია მისი იქ... კოლტას ეძახიან. ახლობელზე მეტია. მას მოპარა ის რაც ხვალ გამოადგება. - უნდა დავიხსნა ჩურჩულებს გზაში. ციხისკენ მიმავალ გზატკეცილზე ტირიფები არ არიან. ფიქრებივით შიშველია მის წინ მიმავალი მომავალი. ჩქაროსნულ მატარებელს წააგავს ის და გაჩერებასაც არ აპირებს შემდეგ სადგურზე. მოპარული გრძნობა მიაქვს მასთან! იქნებ ასეც არის საჭირო!

ბედისფერი ბადე ხურავს ოზონის შრედ დედამიწას!
ის გახვრეტილია!
რა მოხდა სინამდვილეში?
ეს ისტორია ხომ წარმოსახვა იყო მათი.

***
დაბრუნდა დღე - ტირიფების.
მთის მწვერვალი და გასროლა.
წამები...
მხოლოდ ათი...
დატრიალდა ბარაბანი. ისმის ხმაური ბედის.
თბილი საფეთქელი.
ცივი ლულა.
მხოლოდ სასხლეტის ხმა...
არ გავარდა.

ტირიფები...
სამნი იყვნენ - ორნი და ქურდი გოგო.

დატრიალდა ბარაბანი. ისმის ხმაური ბედის.
თბილი საფეთქელი.
ცივი ლულა.
მხოლოდ სასხლეტის ხმა...
არ გავარდა.
-    ისევ არ გავარდა. მაგარი ვარ რაა...
-    ჰო ეგრეა ძმაო. შენ არ იცი შიში რა არის.
-    იქნებ მე ვცადო? - გაყინული მზერა იგრძნეს გვერდიდან მომავალი. გოგოს თვალები იხუჭებოდა. მათ ხელის გულებს მოეფერა და თავიც დახარა.
-    იქნებ არ გინდა? - შეხედა მას.
-    მართალი ხარ! ვერ გავბედავ. ეს ისე ვთქვი...
-    იქნებ გავაგრძელოთ თამაში? მიეცი იარაღი შენს მეგობარს. - გაუწოდა იარაღი კოლტმა.
-    მიდი მესროლე!
-    შენ ხომ არ გააფრინე?
-    მომადე შუბლზე და მესრულე. ორივე ცივია. ლულაც და შუბლიც. ბედისწერა ვარ მისი ან შენი ან შენი მეგობრის. არჩევანი შენზეა.
-    რას ამბობ?
-    არ გესმის? მესროლე-მეთქი! მე დავიღალე.
-    ესროლე, რა მიდის შენი? გოგო გთხოვს არ უნდა შეუსრულო?
-    შენ ესროლე.
-    აბსურდია. შენ გთხოვა.
-    მიდი! - ვერ ითმენს პატარა ქურდბაცაცა.
-    რატომ დამდევს სიკვდილი ყველგან. იქნებ მითხრათ?
-    მე ვერაფერს გეტყვი ძმაო...
-    მე გეტყვი. შენი სიკვდილი მე ვარ. იქნებ მე მომკლა და მოვრჩეთ. მშვიდი ცხოვრება გვინდა სამივეს.
ახლოს მივიდა გოგო ბიჭთან და უკვე შემართული კოლტის ლულას შუბლი მიაბჯინა. გაიყინა ბიჭის სისხლი გოგოს ძარღვებში... ერთურთს უცქერდნენ თვალებში. გაგრძელდა სიჩუმის წუთები... ირგვლივ არავინ არის. მხოლოდ ორი ერთმანეთის საპირისპირო მდგომი სქესი იბრძვის. მესამე მოსაფსამად წავიდა.
თბილი შუბლი.
ცივი ლულა.
თბილი საფეთქელი
კოლტმა დაიღრიალა...
მის ფეხრთ ბიჭი გაიშოლტა.
კოლტი ტირიფთან ახლოს ბიჭთან ერთად დაეცა.
ცივი მზერა ბიჭის სხეულზე.
ფართოდ გახელილი ჯერ კიდევ თბილი თვალები. ის დაიხარა. თითებით თვალები დაუხუჭა. კიდევ ერთხელ გაასეირნა ბიჭის სხეულზე ცივი თვალები და უთხრა: - ეს მე ვარ  და  ახლა მე მისი ვარ!
იარაღი ყოველთვის ცივია!

***
„არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.“
რჯლ5:20

-    თქვენ იქ იყავით გოგონა?
-    დიახ!
-    რა დაინახეთ?
-    მან თავი მოიკლა.
-    თქვენი მეუღლე სად იყო? - მათ ციხეში დაიწერეს ჯვარი. გახსოვთ ციხისკენ მიმავალი გზა? მაშინ ჯვრისწერის დღე დათქვეს.
-    ბუნებრივმა მოთხოვნილებამ შეაწუხა.
-    თუ თავი მოიკლა, მაშინ იქნებ გვითხრათ. იარაღი სად გაქრა?
-    მე გადავაგდე მდინარეში.
-    რატომ?
-    არ მინდოდა მეუღლეს დაბრალებოდა.
-    ბატონო მოსამართლე! მეტი შეკითხვა არ მაქვს.

***
„არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“
რჯლ.5:21.რომ7:7;13:9.

დაბერილ ვენებში ისმის მგზავრების ხმაური. ნაცნობმა ხმამ  გაასწრო სხვებს და პირველი მივიდა გულთან. შეჩერდა მასთან. წითელმა სითხემ სხივისფერი გულის კედლებთან დალექილი მოპარული სიყვარული წაიკრა თვალებზე და ჩუმად შეიპარა შიგნით. მას შემდეგ მოსვენება დაკარგა მოამაყე გულმა.
ისინი ორივე ქურდები იყვნენ.

***
ტირიფებთან
-    აქ დავმალე.
-    ამ ხის გვირაბში?
-    ჰო, კარგად შეყავი ხელი.
კოლტი პატრონთან დაბრუნდა.
ის ანტიკვარია!
მავნე ჩვევას ვერ გადაეჩვია.
როდის გავარდება?
ალბათ მეათე გასროლა იქნება.
მაგრამ ეშინიათ...


19 მაისი 2010 წელი.

??????