გიგო რიონელი (გიორგი გახოკიძე)
გაზიარება

ლურჯი პლანეტა ექსკლიუზივი

  ლურჯ სივრცეზე მიმოფანტულ თეთრ ღილებს დროდადრო ოქროს სხივები ამაგრებენ ადგილზე. მათ ქვემოთ, პლანეტის თავზე, დიდი მოლბერტი დაკიდულა და ელის მხატვარს…

  ღამემ პარტნიორობა გაუწია ფეხის ნაბიჯებს. ახალგაზრდა ჭაბუკის ნატეფრალები ყურში გაჩრილი მუსიკის ჰანგებზე იხატებოდა დედამიწის ზედაპირზე...
ღამეში ჩაკარგული ჭაბუკის სახე მეტყველებდა ტკივილს, რომელიც თანმდევი იყო გონებისა. ფიქრებს ამოფარებული და გულისწყრომას აყოლილი ახალგაზრდა შეუჩერებლივ მიაბიჯებდა ადამიანების მიერ შექმნილ კვადრატებს შორის... ზორბად აშოლტილი კორპუსები მფარველობდნენ მის ჩრდილს რომელიც დროდადრო იკვეთებოდა ღამის ქუჩებში ლამპიონების წყალობით.
  - სად მივდივარ? იქნებ არც არსად?! უბრალოდ გავიხლართე იმ ეკლიან მავთულებში, რომლითაც თვით შეგნება არის გამომწყვდეული. არ ძალმიძს ვებრძოლო რეალობას თუ პირიქით?! იქნებ ბრძოლის უნარი გაასმაგებული მაქვს და მხოლოდ იარაღს ვეძებ ამ წუთისოფელში? ეს ჰანგები რაც ახლა ჩამესმის ყურში, იქნებ შესაფერისი არ არის? იქნებ ჯაზს მოვუსმინო? მართალი ვარ! დღეს ჯაზი შეეფერება ჩემს განწყობას. ისეთივე დატვირთულია, როგორც ჩემი გონება სხვადასხვა ფიქრებით. ღმერთო, ალბათ არ მესმის, თუ რა ჩავიდინე... არ უნდა წამოვსულიყავი სახლიდან… მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, გაჭირდა ცხოვრება. ღამეს დაემსგავსა. უმოძრაოა ყველაფერი. ან იქნებ მე ვარ ღამე და შავით გამეხებულმა არც კი ვიცი საით მიმაქანებს უქონლობა.
  მიყვარს, ძლიერ მიყვარს... ამას სიმართლეს ვამბობ. ახლა მარტო ვარ. ახლოს მხოლოდ ტროტუარები და შენობებია, რომლებიც ჩემთან ერთად მოძრაობენ. თავში რაღაც მიღიტინებს. ნეტავ რა უნდა იყოს? გულძმარვაც დამჩენდა, ეს ალბათ ჩემი ლოთობის ბრალია.
  ერთადერთი ჩემი მხსნელი და მშველელი.
  წვეთით განიქარვე დარდები.
  იქნებ სასმისით ვეურჩები ყოფიერებას და ამით ვამტკიცებ, რომ ერთი დამპალი მოვლენა ვარ, რომლესაც არ უმართლებს ცხოვრებაში. არა! უბრალოდ სამყარო ააყროლეს და მეც მისი სუნი მცემს. ერთი პატარა ჩანახატი ვარ ქმნილებათა შორის, რომლებიც, დიდი მმართველის დიდ ტილოზე მოქცეულან. მეც ალბათ წონით განვისაზღვრები და არა ფორმით… ვატყობ ზედმეტად ვპესიმისტობ. არც თუ ისე გაბოროტებული ვარ, რომ საკუთარ თავს ვერ ვუშველო. რატომ წამოვედი, ან რატომ გავბრაზდი? ვის გავუბრაზდი? ოჯახს? რას ვერჩოდი? ახლა როგორ არის ჩემი სიხარული უჩემოდ? ალბათ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს. გაცილებით მშვიდად იქნება ჩემს გარეშე. აბა, როგორია სახლში გყავდეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის თავის საშინელ განცდებსა და უსახსრობაზე ყბედობს? იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. მართალი ვარ, ჩემი ბრალი არ არის. განათლებული ვარ, ეს კი არა და ალბათ ზედმეტიც ვიცი ბევრი რამ, რაც გაცილებით უპრიანი იქნებოდა, რომ არ ვიცოდე. როგორია, რომ იცი თუ რას გიმზადებს კანონები, რომლებიც უაზროდ მოაყარეს სახელმწიფოს, ისევე როგორც საჭმელში შემთხვევით ზედმეტი მარილი მოგივიდეს და ოჯახმა პირიც კი არ დააკაროს... სამწუხაროდ ხელისუფლება შეგნებულად ამლაშებს სამშობლოს. მეც შეგნებულად დავდივარ ამლაშებულ სამშობლოში, სადაც თეთრ ხორკლიან ნაკვალევს ვტოვებ. არ ვღირვარ არაფრად, რადგან ცოცხსაც ვერ ვაგნებ, რათა მოვხვეტო უხვად მოყრილი მარილი და უფსკრულში გადავუძახო. განა მე მარტო გავხდები რამეს?.. განადგურებული ჭაბუკი საოცარ სითბოს აფრქვევდა ღამეში.
  ელავდა ცაზე.
  ანათებდა არემარეს წამიერად.
  ქუხდა ზეცა.
  იზლიქებოდა ღამეში თეთრი მტვერი.
  სიმლაშე აჭარბებდა სიტკბოს. შაქარზე ფასმა იმატა. ძვირი უჯდება სახელმწიფოს. გაცილებით იოლ ხერხს და იაფ ფასეულობას მიაგნეს, რაც მათ კეთილდღეობას საოცრად უწყობს ხელს, თუნდაც ფეხს.
ეს მარილია.

  მლაშე მიწა.
  კომპასი - სამყარო მექანიზმში.
  ფონენდოსკოპი - სმენა მექანიზმის...
  წნევა უარყოფილი და მხოლოდ მონოტონური...

  ცივილიზაცია, რომელიც მიექანება მეცნიერული ეკიპირებისაკენ. ცივილიზაცია, რომელიც იმოსება ჭარბად დამუხტული უარყოფითი მუხტებით.
გაუცხოებულ გარემოში მოსიარულე, ღამის აჩრდილად ქცეული, ძალა გამოცლილი ჭაბუკი, მხოლოდ ერთს ნატრობდა: იქნებ გზად ვინმეს გამოლაპარაკებოდა,
ოღონდ მანამდე აუცილებლად სასმელი უნდა ეშოვა და გულისწყრომის მიზეზი ჩაეხრჩო მწარე სითხეში.
  მლაშე მიწაზე გადაადგილებამ დაღალა ჭაბუკი:
  უსასრულო ქუჩები;
  გაურკვეველი მიმართულება.
  სამყაროს მექანიზმში გაჩხერილი შეუმჩნეველი ფოლადის მილი... რომელიც დაქვეითებული სამყაროს მიზეზად იქცა.
  მექანიზმმოშლილი ვექტორულობა და სხვა დანარჩენი...
  ფონენდოსკოპს საჭიროებს ორსული დედამიწა.
  მონოტონურად სცემს მისი გული!

* * *
  ტკივილი ოთახში...
  გაქცეული ტკივილი.
  დაბრუნებული წარსული.
  მივიწყებული მომავალი.
  ღვარად მდინარი სასწაული.
  ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

  ჭაბუკა* ჩაკეტილა ოთახში და ცრემლად იღვენთება, სანთელი კი იწვის და ივსება, ფორმას იბრუნებს. იქვე, მის გვერდით ლოგინზე ქმრის მიერ ნაყიდი ტყავკაბა** იწვა. მასზე შეიწმინდა ცრემლები და გულში ჩაიკრა: - მაპატიე საყვარელო! გთხოვ დაბრუნდი, გთხოოვ! იქნებ სხვა რამ იფიქრო ჩემზე. იფიქრო თუ როგორ მიყვარხარ, მენატრები, უშენოდ სიცოცხლეს ფასი არა აქვს. დაბრუნდი, რადგან იქნებ მეც არსად წავიდე და დავრჩე შენს ხატებად. იქნებ შენი საქციელით მეც დამკარგო. ფარჩიც*** მაგიდაზე დევს და სავსეა. შენ გელოდება. იქნებ ერთად შევსვათ მომავლის სადღეგრძელო და მომიტევო ჩემი ანჩხლობა. ტკივილს მარტო ვერ გავუმკლავდები ძვირფასო, შენ მჭირდები! დავაბრუნოთ წარსული და ცარიელი ქვევრი ისევ ამოვავსოთ. მდის ღვარად ცრემლები და ცრემლს იქით სასწაულს ვხედავ, ვგრძნობ რაღაც მოხდება, არაფერი მოგივიდეს ძვირფასო, გთხოვ დამიბრუნდი!

  ნაქირავებ ერთ ოთახში სანთელმა სრულყოფა დაასრულა და წვა დაიწყო, იღვენთებოდა ცრემლებად. ჭაბუკას ცრემლები გაუშრა.
სანთელი ჩაქრა...
  კარის ჭრიალის ხმა გაისმა.
  - არის აქ ვინმე? - გაისმა მეზობლის ხმა.
  - აქ ვარ. - ამოილუღლუღა ჭაბუკამ.
  - შუქი რატომ გაქვს ჩამქრალი? - არ ესიამოვნა ჭაბუკას მიკნავებული ხმის ტემბრი მეზობელს.
  - სახელმწიფოს ვალი გვაქს, ფულიც არ არის.
  - ბავშვი სად არის?
  - დღეს ჩავაბარე ბავშვთა სახლში. - თითქოს სხვის ბავშვზე ამბობდა.
  - ღმერთო! ეს რა მესმის. შენ გაგიჟდი გოგო?
  - ალბათ... ქმარიც დავკარგე.
  - სად არის?
  - სახლიდან წავიდა.
  - როგორ თუ წავიდა?
  - ვუთხარი ბავშვზე… და წავიდა სახლიდან…
  - ღმერთო! თქვენ გამაგიჟებთ მე!... კიდევ კარგი თქვენი მშობლები ცოცხლები, რომ არ არიან…
  - პირიქით მეზობელო. ცოცხლები რომ მყავდეს იქნებ ეს არ ჩამედინა.
  - მშობლებში რა გინდა ეძებო? ამით რას მიაღწევ? ქმარი გყავს ლობუტი, არაფრის მაქნისი, უქნარა. ხელის განძრევა ეზარება.
  - სხვის საქმეში ბრძენი ხარ რაა... - უთხრა და ისევ ატირდა ჭაბუკა.
  - შესაძლებელია, მაგრამ სამართლიანი ვარ. ვერაფერი უნდა იშოვო კაცმა? არ იცი, რომ ოჯახს ბევრი უნდა და გაუფრთხილდე უნდა კაცი? საშინელებაა მოკლედ, საშინელებაა... - გაანათლა ვითომ მეზობელმა თავისი მჭერმეტყველობით ახალგაზრდა ქალი.
  - იქნებ საერთოდ არ შემოსულიყავი? გთხოვ წადი და დამტოვე მარტო.
  - მარტო ვერ დაგტოვებ, საშინლად გამოიყურები.
  - ფაფუჭი მომაწოდე!
  - ეგ რა უბედურებაა?!
  - ჩუსტი, ადამიანო ჩუსტი. კართან ძევს.
  - აჰა... ჩაიცვი.
  - მადლობა.
  - შეგიძლია დამოტოვო? გთხოვ წადი. უნდა წავიდე.
  - სად უნდა წახვიდე?
  - უნდა მოვძებნო.
  - ვინ უნდა მოძებნო? არ სჭირდება მაგ უქნარას მოძებნა. თვითონ გეახლება უკან.
  - მეშინია!
  - ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობ?
  - კი. უნდა დავიბრუნო, მაგრამ ჯერ უნდა მოვძებნო.
  - კარგი ბატონო, მაგრამ მარტო არსად გაგიშვებ.
  - მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მე მარტო უნდა წავიდე. გთხოვ სახლში დაბრუნდი და დამტოვე. ჩემი საქმისა მე ვიცი. ტკივილი ჩემია და სხვისი არასოდეს გახდება.
  - გზა მშვიდობისა, ბედნიერად გევლოს!
  - მადლობა მეზობელო.

* * *
  მეძებარი დაკარგულისა.
  უსასრულობა არაფერშია.
  თვალჭუტია სამყარო.
  მაფრთხილებელი ხმა.
  მეორადი ძიება.

  დაკარგულის ძიებაში ფიქრებმა იფხიზლეს ჭაბუკას გონებაში: - რატომ მთავრდება ყველაფერი? ეს ღვთის ნებაა. წარმოიდგინე, რომ არ სრულდებოდეს მრწამს ამოფარებული ბოროტება, ფარისევლობა, მაშინ ხომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვან, გამოფატრულ, უფერულ, უჰაერო დღეს დაემსგავსება, სადაც აზრი არ ექნება ბრძოლას სიკეთისთვის, აზრი არ ექნება სიმართლეს, დაკარგავს მნიშვნელობას ყველაფერი. ხეც კი ფოთოლს არ მოისხამს, მზეც მხოლოდ ცხელი იქნება. მას ლექსებს აღარ უძვნიან. მთვარე შთაინთქმება. ვერც მას შეასხამენ ხოტმას, ქალის გული დაღამდება, სისხლი გაწყალდება და კიდევ?! კიდევ ღმერთო?! გაქრით ფიქრებო, მომეშველე უფალო და საღ აზრს მაზიარე! იქნებ გავიხსენო შენი სითბო შენზე მაძებარმა.
  ერთხელ გიპოვე, მეორადად გეძებ. თვალჭუტია სამყაროში მეც ცალი თვალი მაქვს ახელილი და მხოლოდ ცალ მხარეს დაგეძებ, გულის მხარეს. გულთან ახლოს მინდა ისევ გიპოვო! არ გაძღა ჩემი ღაწვები ცრემლებით, საით მივდივარ? არც ვიცი, უბრალოდ გეძებ. გეძებ და ვიცი გიპოვი ცოცხალს ან მკვდარს, მაგრამ მაინც გიპოვი! მაფრთხილებელი ხმა თან დამდევს და ჩამძახის მანუგეშებელ სიტყვებს: - შენ მას მიაგნებ! - მე მჯერა ცის, მე მჯერა ხმის, მე მჯერა მისი! დაგეძებ რათა პატიება გთხოვო და ერთად დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული შვილი.
  გთხოვ, მაპატიე...
  გთხოვ, მაპატიე!

* * *
  ხმის ძალა...
  სინათლის სიჩქარე...
  ზღვის ნიჟარა ყურს აკრული...
  ხმა ტალღური და აქაფებული...
  ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

  გადაჰკრა სასმელი და დაელოდა ხმას.
  ნაბიჯი არ გადაუდგამს. მარილიანმა მიწამ გაცვითა ცანდალი.* იწყეს ძრომიალი მარილის გორგლებმა ცანდლებში. შეაწუხა ჭაბუკი უსიამოვნო შეგრძნებამ და ცანდალი განაგდო შორს. უკვე ტერფები შეახო თეთრ მიწას და ცას ახედა.
  - განაგრძე! - ჩაესმა ხმა.
  - ეს ნიჟარა აქ საიდან გაჩნდა? - გაკვირვებული თვალებით დააცქერდა მიწაზე გდებულ ზღვის ნიჟარას. ხელში აიღო. ყურთან მიიტანა. იქიდან ხმა:
  - მოვდივარ! - ხმა თითქოს ეცნო და შიშისგან ხელიდან გაუვარდა ლამაზად დაგრეხილი ნიჟარა.
  - იქნებ აიღო! - ისევ ჩაესმა ხმა. - მოჰკიდა ხელი. ისევ ყურთან მიიტანა. კვლავ ჩაესმა ხმა: - მოვდივარ! - უკვე ნათლად შეიცნო ჭაბუკას ხმა. - ეს ჩემი მეუღლეა. სად მოდიხარ სიხარულო? არ დამღუპო... ვინმემ რამე არ გავნოს. ღმერთო რა ვქნა?
  - წადი, დაბრუნდი, მოძებნე! მარტო ვერაფერს იპოვი. - ჩაესმა ხმა.
უკან მობრუნებულმა გზად ეკლესია იხილა. ეს აქ არასოდეს, მინახავს საიდან გაჩნდა? განა იგივე გზით არ ვბრუნდები უკან? არა, ალბათ სხვა გზით მივდივარ! მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ყველაფერი იგივეა სახლები აშოლტილი, ქუჩები დაშოლტილი და გართხმული. არაფერია შეცვლილი, მხოლოდ ეკლესიას ვხედავ, რომელიც ბრწყინავს და მეძახის: - შემოდი და შემდეგ განაგრძე. - ეკლესია ქუჩის მეორე მხარს იდგა. - აქ უნდა გადავიდე. არაფერი მოდის მოძრაობა შემწყდარა. ძალიან კარგი... მშვიდად გადავალ, მაგრამ ნასვამი ვარ. ნასვამი ხომ ვერ შევალ შიგნით? - შემოდი! - ისევ ხმა… ზეციდან! ტროტუარიდან გადმოდგმული ტერფი ქუჩის ზეგანს შეახო და მოძრაობაც განაგრძო.
თუმცა შეწყდა ყველაფერი ძლიერ შუქზე, რომელიც წითლით შეიღება.
  თავგახეთქილი ესვენა ეკლესიის შუაში. წამოდგა, მიმოიხედა ირგვლივ. შიგნითაც ბრწყინავდა უფლის სახლი. - ღირს მყავ უფალო შენი ხილვისა? - იკითხა, დატალღური ხმითა და აქაფებული სულით, განათებულ სივრცეში.
  - ღირს გყავ!
  - ეს რა ჰკიდია აქ?
  - ეს მოლბერტია! მასზე, ცოდვების ამსახველი დიდი ტილო. იქნებ სურვილი გაქვს მომიყვე?
  - ვერ შევძლებ.
  - მაშ დახატე! იქნებ ამით უფრო თავისუფლად ამეტყველდე.
ხელში ფუნჯი მოიმარჯვა და ხატვა დაიწყო.
  - უფალო, მე ხომ მარტო არ ვარ. მე მეუღლეც მყავს. იქნებ მის ნაცვლად ვილოცო და კიდეც დავხატო.
  - სამწუხაროა მაგრამ ვერ შეძლებ. ის აქაა. თავად დაგეხმარება.
  - აქ არის?
  - დიახ! გაიხედე მარცხნივ. ახლოა შენს გულთან. მან მოგძებნა.
შეცივდა ჭაბუკს. სულმა თავი მარცხნივ იბრუნა და იქვე მდგომ ნაზ არსებას მოჰკრა თვალი.
  - შენ აქ საიდან?
  - მანქანაში მე ვიჯექი.
  - შენ დამეჯახე?
  - არა მე გვერდით ვიჯექი.
  - მძღოლი?
  - მძღოლი გადარჩა.
  - ვინ იყო?
  - ერთი უცნობი კეთილისმყოფელი ქალბატონი.
  - რაღა კეთილი?! შენ აქ არ უნდა მოსულიყავი.
  - შევპირდი საკუთარ თავს, რომ გიპოვიდი თუნდაც მკვდარს.
  - მე მკვდარი ვარ?
  - ჩვენ ორივე მკვდრები ვართ!

* * *
  ტილო ფერებში.
  ნათელი კედლებში.
  ხატება ნათელში.
  გასვლა კარიდან...
  ადამი და ევა.

  ღამეში მანათობელი ეკლესია... შიგნით დაკიდული მოლბერტი. დაზაფრული სულები. სინათლეში გაბნეული ცოდვები კრებით სახეს იღებენ. ტილოზე მოსმული ფუნჯი. ორი ხელით შესრულებული ნახატი. სათქმელად გასაჭირი, მაგრამ ნახატში ასახული ცოდვა...

  - ვერ შეძელი. იქნებ მე დამხატო?!
  - შორს ხართ დიდო მმართველო, ვერ ვხედავ სახეს!
  - შენც ფუნჯს გრძნობით, სიყვარულით მოუსვი. დღემდე ასე ხატავდი, ვიცი ეგ მე...
  - მაგრამ დღეს ხომ...
  - რწმენა დაკარგე ჩემი?
  - არა...
  - არა და... ორი წუთის წინ სიცრუე წაშალე ჩემი ტილოდან. დაგავიწყდა არა?
  - დიახ უფალო! - ვეღარ იცრუა.
  - დამხატე!
  - ვერ დაგხატავთ უფალო! - სიმართლის თქმა არჩია ლურჯი პლანეტის სტუმარმა. - საღებავი დამთავრდა. იქნებ გათენებას დაველოდოთ. მხოლოდ შავი ფერი დამრჩა.
  - ახლავე გათენდება!

  და იქმნა ნათელი!

  - მაგრამ ახლა მხოლოდ თეთრი ფერი მაქვს.
  - საინტერესოა, იქნებ იშოვო?
  - როგორ?
  - რა, ხსნას ისევ ჩემში ხედავ?
  - დიახ!
  - რამდენჯერ გამიხსენე ოცდაათი წლის მანძილზე გულით?
  - ალბათ ერთხელ?! დარწმუნებული არ ვარ... შესაძლებელია უფრო მეტჯერ.
  - დედაჩემს რამდენჯერ აგინე?
  - არც ერთხელ.
  - სტყუი! ყოველდღე აგინებდი, როცა სხვის დედებს ყველა უღლებაში იხსენიებდი...
  - მაგრამ, მე ხომ კაცი არ მომიკლავს?
  - ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ასე გულით გინდა სამოთხეში მოხვდე?
  - ჰო, მინდა!
  - მაშინ დამხატე!
  - ჯერ ისევ დილაა... და ისევ მხოლოდ თეთრი ფერი მაქვს.

  და იქმნა ბნელი!

  - მაგრამ ახლა მხოლოდ შავი ფერი მაქვს.
  - როგორც მახსოვს შენი ხურჯინი ნიჭით საკმაოდ გავავსე... რისთვის დაატარებ მთელი ცხოვრებაა?
  - ნიჭით ვცხოვრობდი, ფუნჯით ვხატავდი, გულით ვყვარობდი.
  - იქნებ მეც შემიყვარო და გულით დამხატო. არ გინდა ფერები.

  ევა ჩუმად უსმენდა მათ. იცრემლებოდა.

  - იქნებ სიმართლე დახატოს უფალო?
  - არ ვარ წინააღმდეგი.
  - დახატე სიმართლე ადამ!
  - რა დავხატო ევა? ის თუ როგორ შეჭამე ვაშლი და მეც როგორ გამოგართვი დასაგემოვნებლად? ან ის თუ როგორ განსრისხდა უფალი? ეს ხომ ყველაფერი იცის?
  - მეტი არაფერია სიმართლე?
  - არაფერია. დანარჩენი ყველაფერი ცოდვაა.
  - მაშ როგორ?! დანარჩენი თუ ცოდვაა, სიმართლეც ცოდვებშია?
  - დიახ ცოდვებშია. ცოდვა დიდი სიმართლეა, რომელსაც ვერ ვამბობთ. გვიჭირს ჩვენ ადამიანებს სიმართლის თქმა.
  - აბა, დახატავთ?
  - ვერ დავხატავთ დიდო მმართველო.

* * *
  - იქნებ მე დაგხატოთ უფალო?
  - შეძლებ ევა?
  - შევეცდები.
  - გამოართვი ადამს ის და იწყე ხატვა.

* * *
  - ფუნჯში საღებავი გაიჭედა.
  - ნეტა რატომ არ ხატავს? - გაუკვირდა ადამს?
  - შენ გველი გიჭირავს ევა. ეგ ფუნჯი არ არის.

  ევამ შეჰკივლა და ხელიდან გველი გააგდო.

* * *

  ფუნჯში გაჭედილი საღებავი.

  - დაგიგროვდათ ცოდვები. ვერა ხედავთ, რომ ტილოზე ადგილი აღარ არის?
  - კი ვხედავთ.
  - მაშ რატომ გიკვირთ, რომ ფუნჯში საღებავი გაიჭედა?
  - არა უფალო, ფუნჯი გაქრა, აღარ გვაქვს. ის გველად იქცა.
  - მართლა? ნეტა რატომ? ამაზე თუ იფიქრეთ? იქნებ დრო დამთავრდა თქვენთვის და ვერ გრძნობთ. ფიქრები თქვენი ერთმანეთს ჰგავდა გზაზე. ხეტიალში დაბადებული ჩვილი აზრები, ზრდას ვერ ასწრებდნენ ისე უარყოფდით და ჩემგან შველას ითხოვდით. განა რასაც მე გთხოვთ ასრულებთ? სამწუხაროდ ფუჭია თქვენი ლოცვაც და ვედრებაც. ერთ დღიანი ვედრება მეორეში ვერ გადაგაქვთ, რადგან მას ღამით ძილში ტოვებთ ეულს და დილით გაღვიძებულთ, მხოლოდ ერთურთის ლანძღვა-გინებით კავდებით. გავიწყდებათ ჩემს მიერ ნაჩუქარი სიცოცხლე, გავიწყდებათ ჩემს მიერ ბოძებული ლურჯი პლანეტა.
  მიყვარხართ ძალიან, თბილია ჩემი სურვილი, მიხილოთ ისევ ლურჯი საბურველის ქვეშ...
  დამელოდეთ!
  მე მალე მოვალ!
  გაფრთხილდით და შემოდით ჩემს სახლში! იქ ყველაფერი დაგხვდებათ, რათა მოემზადოთ და ღირსეულად შემხვდეთ.

  ყველაფერი დამთავრდა.
  ყველაფერს აქვს დასასრული…
  კარები გაიღო...
  მოლბერტი გაქრა და კიბე გაჩნდა!
  ღილები მოსწყდა ლურჯ სივრცეს და სვლა იწყეს...
  ისევ თენდება...
  ისევ ღამდება...
  ადამი და ევა მიწისკენ მიმავალ კიბეს ჩაუყვნენ.

* * *
  გზაზე
 
  - საით?
  - მაპატიეთ?!
  - საით მიხვალთ, იქნებ დაგეხმაროთ?
  - დიდი მადლობა, ნუ შეწუხდებით!
  - რა შეწუხებაა? დაბრძანდით. - ხალგაზრდა ქალი მძღოლს გევრდით დაუჯდა.
  - რა გქვიათ?
  - ევა.
  - ვინმეს ეძებთ?
  - თქვენ რა იცით?
  - არ ვიცი, უბრალოდ შეგატყვეთ სიარულში, ნელი ნაბიჯებით ყურადღებით აკვირდებოდით არე-მარეს.
  - საოცარია, მაგრამ მართალი ხართ. სისწრაფეში საოცრად დაკვირვებული ყოფილხართ.
  - შესაძლებელია. უბრალოდ დიდი დრო გავიდა რაც საჭესთან ვზივარ.
  - ძალიან კარგი. ბევრს დახმარებიხართ?
  - საკმაოდ. ბევრი უსიამოვნებაც შემხვედრია. თქვენ მაინც არ მითხარით თუ რამ გამოგიყვანათ შუაღამეს ქუჩაში.
  - მეუღლეს ვეძებ. ფრთხილაააად მამაკაციიიიიი!
გვიანი მუხრუჭების ხმა...
  მძღოლი საღსალამათი გადარჩა. ერთი ნაკაწრიც კი არსად ჰქონდა. უბრალოდ გონება დაკარგა. გონზე მოსულმა სასწრაფოდ გამოაღო კარები, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ასფალტზე გაწოლილი ადამიანისაკენ. ჩაიმუხლა და ტირილს მოჰყვა.
  - ღმერთო ეს რა დამემართა? ღმერთო შენ მიშველეე! ცოცხალი ხართ? გამეცით პასუხი გთხოვთ! - წყვდიადი სუფევდა ირგვლივ. მხოლოდ ცალფარიანი მანქანა ანათებდა მძღოლსა და დაზარალებულს. - გთხოვთ, ხმა ამოიღეთ. - არაფერს ამბობდა ჭაბუკი. ყური ახლოს მიიტანა მძღოლმა მამაკაცის გულმკერდთან და სმენად იქცა. გული არ ძგერდა.
  - ღმერთო მოვკალი, მოვკალიიიი!!! ეს რა დამემართა, რა შევცოდე ღმერთო, რატომ მე... რატომ?
  გაუთავებლად მოთქვამდა ქალბატონი. სახეს იკაწრავდა სიმწრისგან. არაფერი შველოდა მას, სასწაულის გარდა. უცებ მისი მგზავრი გაახსენდა. ისევ მანქანაში ჩაჯდა და ევას დაუწყო ჯანჯღარი, მაგრამ უშედეგოდ. ისიც...
  საშინელმა შიშმა და ტკივილმა შეიპყრო მძღოლი. არ იცოდა რა ეღონა.
დაბნეულობისაგან ისევ შეუწუხდა გული და გვერდით სავარძელში, ევას მხარზე ჩამოჰკიდა თავი.
  - ოოჰ ეს რა იყო? როგორ მტკივა თავი? - გაახილა ევამ თვალი. - სად ვიყავი? აქ რას ვაკეთებ?
  - ეს ვინააა? ღმერთო ეს ხომ... ქალბატონო, ქალბატონო? - ძვრა ვერ უყო მძღოლს ევამ. საქარე მინიდან მანქანის წინ დაგდებული ცხედარი დაინახა ევამ. შეიცნო ის და სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. მძღოლის თავი კი ევას სავარძელში დაგორდა.
  - ადამ გთხოვ, ადამ! გაიღვიძე, გაიღვიძე! - ემუდარებოდა ჭაბუკს მეუღლე.
  - სიხარულო გიპოვე, ცოცხალსაც მოგაგენი, ვიცი ცოცხალი ხარ, ვიცი! - დაიმედებული ბუტბუტებდა ევა ადამის ყურთან.
  ცალი თვალის ხუფი შეირხა ადამის სახეზე. გამოჩნდა მის თვალებში, ამოწვერილი მზისგან განათებული ლურჯი ცა.
  - ევა ცოცხალი ხარ?
  - კი სიხარულო, ცოცხალი ვარ.
  - მეც ცოცხალი ვარ?
  - კი, შენც ცოცხალი ხარ.
  - სად ვიყავი? ბავშვი სად არის?
  - არ ვიცი ადამ, სად ვიყავით, ან ახლა სად ვართ, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი ვნახეთ და დავბრუნდით ან იქნებ არც არსად წავსულვართ. არ ვიცი…

  - შენც ნახე? მე მეგონა...
  - მეც მეგონა...
  - ჩვენ ისევ მოვედით.
  - ისიც მოვა... უფალი, მალე მოვა ადამ! იცი ადამ, მე ორსულად ვარ. მეორე ვაჟი გვეყოლება. მას აბელი დავარქვათ.

  სიცრუე - შველა და ერთგულება.
  სიმართლე - შიში
  დიდი მმართველი.
  დასასრული მალეა,
  მომავალი აქვეა!
  უფალო შეგვიწყალენ!!!


  10 აგვისტო 1979-2009 წ.წ.

----------------------------------------------------


* ჭაბუკა - ახალგაზრდა ქალი.
*ტყავკაბა - ბეწვიანი ჩასაცმელი
*ფარჩი - მომცრო საღვინე
* ცანდალი - ერთგვარი ფეხსაცმელი.

??????