მედულაშვილი ზეზვა
გაზიარება

მტერ-მოყვარეებს 

რაც კი რამ მწამდა, ყველა გაწამდა
წელთა და წამთა შავი ჭორებით.
ვისგან და როგორც გული გამწვავდა,
ყველას უკლებლივ გეამბორებით.
რისი ამბორი! გკოცნით და გტლოშნით,
ვინც გამათეთრეთ თქვენი სიშავით,
ვინც ჩემს დაქანცულ და ისეც მოშლილ
სულს თითო მაინც დასდეთ ნიშანი.
ვინც მხვდებით დღეს და მხვდებოდით გუშინ
დადარაჯებულ სიტყვით, ღიმილით _
ყველას, სულ ყველას გისტუმრებთ გულში
ძველ სიყვარულით, თუმც სიმძიმილით.
ლექსი თუ გული, ძმობა თუ გრძნობა,
ლუკმა თუ აზრი თქვენ გიწილადეთ,
დავკარგე ცნობა, დაგწამეთ ბრძნობა,
და თავსა ზედან დაგსვით პილატედ,
თქვენ ჯვარზე გაკვრა არ გიჭირთ სხვისი,
გიყვართ სხვის ბედზე ხელის დაბანა,
თქვენი საქმეა ქირქილი მქისი,
თქვენ კარგად იცით ეს ანაბანა.
თქვენ გამიმრავლეთ თმაში ჭაღარა,
ეს თქვენგან ვისხამ შუბლზე ნაოჭებს,
თქვენმა სამსალამ გული დაღარა,
თქვენ გამისტუმრებთ სასაფლაოზე,
ხომ დამადევნებთ ნიანგის ცრემლებს.
ხომ ასრულდება თქვენი მიზანი!
და მაინც ყველას მე შემოგევლეთ,
და მაინც ყველას კოცნას გიგზავნით,
შეღონებული თქვენი ელდებით,
მალე გავხდები ზეცის ხიზანი.
მე გაპატიებთ! ნუ აღელდებით!
მე ჰაეროვან კოცნას გიგზავნით!

??????